optionen handel.

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა

ბექა ტაბატაძე, თამო სინაძე, თიკა ტატუნაშვილი, გიგი გუჯაბიძე, ნინო ქერდიყოშვილი, ნინო გეგენავა, გიორგი ელიზბარაშვილი, თამთა ხარაზიშვილი, თამარ სულაძე, თეო ბარჯაძე, მარიამ თათარაშვილი

 გადმოსაწერი ვერსია

საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უკავია. ამავე დროს, სახელმწიფო საპენსიო სისტემით არსებული საპენსიო განაკვეთები, ბოლო წლებში პენსიის ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, კვლავაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საარსებობ მინიმუმს, რომელიც 2012 წლის იანვრის მდგომარეობით საშუალო მომხმარებელზე 139,3 ლარს შეადგენს. პენსიის ოდენობა კი 67 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის 110 ლარს შეადგენდა.

 

მიუხედავად სახელმწიფოს მზარდი სოციალური ვალდებულებებისა, პენსიონერთათვის გასაცემი პენსიები საკმაოდ მწირია. თავის მხრივ ასეთი სახით  საპენსიო სისტემა ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს[1]. აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტის როლის ზრდა.

გარდა სახელმწიფო საპენსიო სისტემისა, საქართველოში უკვე მერამდენე წელია არსებობს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სისტემები. არასახელმწიფო საპენსიო სისტემაში მოქმედებს დაგროვების პრინციპი. ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სტაბილური შემოსავლის არსებობას, საპენსიო ფონდის მონაწილე მთელი შრომითი საქმიანობის პერიოდში აკეთებს შენატანებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე. მისი პენსიის ოდენობა საპენსიო ასაკის მიღწევისას დაგროვილი თანხის ოდენობით განისაზღვრება. იგი თავად განსაზღვრავს გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შესაძლებლობა აქვს თავად ადევნოს თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია ქვეყანაში არსებული არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, მის წინაშე მდგარი პრობლემების შესწავლა.

ნაშრომის მიზანი

ნაშრომის მიზანია საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო სისტემის განვითარების ტენდენციების კვლევა, მისი ძირითადი თავისებურებების გამოვლენა.

არასახელმწიფო საპენსიო სისტემის მდგომარეობის შესწავლა საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავაანალიზოთ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რაც გაზრდის არასახელმწიფო საპენსიო სქემების როლს.

მეთოდოლოგია

დასმული ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა დოკუმენტების ანალიზისა და მეორადი ინფორმაციის შესწავლის მეთოდი. მეორად მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე მეორეული მონაცემების დამუშავება, რომლის წყაროს წარმოადგენს როგორც საკანონმდებლო, ისე საინფორმაციო-სტატისტიკური მასალები (საქსტატის, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროს და მოქმედი კერძო საპენსიო კომპანიების ბაზები), სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ანალიზი

საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევა 2001 წლიდან თარიღდება. პირველი კერძო საპენსიო ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას კერძო საპენსიო დაზღვევა არის ჯიპიაი ჰოლდინგი (შეიქმნა 2001 წელს)[2]. დაარსების დღიდან კომპანიისათვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საპენსიო დაზღვევის განვითარება.

საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის პროდუქტს მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია სთავაზობს. 2013 წლის მონაცემებით საქართველოში მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან[3] საპენსიო დაზღვევა გააჩნდა შემდეგ კომპანიებს: ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი (2013 წლამდე კერძო საპენსიო დაზღვევას აგრეთვე ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია იმედი ელ ინტერნეიშენალი[4]). შესაბამისად, საპენსიო დაზღვევის შესახებ განვიხილავთ აღნიშნული კომპანიების მონაცემებით.

პენსიის დანიშვნის წესი. ასაკობრივი ზღვარი

ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი 64 წლიდან. მომხმარებელს არ აქვს უფლება ამ ასაკზე უფრო ადრე დაინიშნოს პენსია, თუმცა აქვთ შესაძლებლობა პენსიის დანიშვნის ვადა გადაწიოს, მაგალითად, პენსია მიიღოს არა 64 წლიდან, არამედ 68 წლის ასაკიდან.

კერძო საპენსიო სქემაში დაზღვეულთა რაოდენობა

2012 წლის მდგომარეობით საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემით დაზღვეულთა რაოდენობა შეადგენდა 17 935 პირს[5]. ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 11 464 ადამიანი[6]. ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემაში დაზღვეული იყო 6471 პირი. სქემის მონაწილეები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები.

სადაზღვევო კომპანიების საპენსიო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. 2011 წელს ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო ფონდმა 2 856 973 ლარი შეადგინა, შედარებისათვის, სამი წლით ადრე იგი შეადგენდა 2 313 890 ლარს[7]. საპენსიო ფონდის წინა სამი წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ცხრილი: ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო ფონდის მონაცემები, 2008-2011 წ.

2008

2 313 890 ლარი

2009

2 258 123 ლარი

2010

2 712 945 ლარი

2011

2 856 973 ლარი

წყარო: ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/

არასახელმწიფო საპენსიო სქემის სახეები

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ თავი II, მუხლი 5-ის მიხედვით[8] არასახელმწიფო პენსიის სახეებია:

ა) მუდმივი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე;

ბ) განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.

მუდმივი პენსია არის ინდივიდუალური ან ერთობლივი. ინდივიდუალური პენსია მონაწილეს ერიცხება და ეძლევა გარდაცვალებამდე. პენსიის დარიცხვა და გაცემა წყდება მონაწილის გარდაცვალებისთანავე.

ერთობლივი პენსია მიეცემა საპენსიო სქემის წევრ მეუღლეებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ პენსიის ნახევარი მიეცემა მეორე მეუღლეს. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ ყოფილ მეუღლეს უფლება აქვს მიიღოს ერთობლივი პენსიის ნახევარი. ერთობლივი პენსიის შესახებ მეუღლეთა შორის წამოჭრილი დავა განიხილება სასამართლოს მიერ.

განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო უზრუნველყოფის ვადის დამთავრებამდე მიეცემა მის მემკვიდრეებს.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობს საპენსიო ასაკის მიღწევისას ორივე სახის პენსიას: უვადო (მუდმივ) პენსიას და განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსიას.

ა) ჯი-პი-აი ჰოლდინგი

ჯი-პი-აი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს პენსიის ორი სახეობას: უვადო ან ვადიანი პენსია, რომელიც შეუძლია აირჩიოს საპენსიო ასაკის დადგომასთან ერთად.

  • ვადიანი პენსიის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს დაენიშნება პენსია 5-იდან 10 წლის განმავლობაში. საპენსიო დანაგროვი შესაბამისად გადანაწილდება.
  • უვადო პენსიის არჩევისას მომხმარებელს პენსია დაენიშნება პენსიაზე გასვლიდან სიცოცხლის ბოლომდე. ამ შემთხვევაშიც დანაგროვი გადანაწილდება შესაბამისად.

ბ) ალდაგი ბი-სი-აი

ალდაგი ბი-სი-აი მომხმარებელს სთავაზობს პენსიის სამ სახეობას[9]:

  • ვადიანი პენსია - მომხმარებელი პენსიას იღებს პენსიაზე გასვლიდან იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მისი სურვილი იქნება;
  • მუდმივი პენსია - მომხმარებელი პენსიას იღებს პენსიაზე გასვლიდან სიცოცხლის ბოლომდე;
  • ერთჯერადი პენსია - მომხმარებელი პენსიაზე გასვლისას იღებს ერთჯერადად საპენსიო დანაგროვის რაღაც ნაწილს და დანარჩენს კი მუდმივი ან ვადიანი პენსიის სახით.

საპენსიო ფონდში გაწევრიანება

ალდაგი ბი-სი-აის საპენსიო ფონდში გასაწევრიანებლად მომხმარებელმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. თავდაპირველად იგი ავსებს საპენსიო დაზღვევის კითხვარს, აფორმებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც გაიხსნება პირადი საპენსიო ანგარიში. ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს საპენსიო ფონდის მონაწილის ბარათს.

პენსიის გაცემა

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ თავი II, მუხლი 6-ის მიხედვით, პენსია მონაწილეს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ განცხადების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში ანდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მან ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგა შრომის უნარი. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღების დრო.

საპენსიო დანაგროვის ფონდი

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ თავი III, მუხლი 7-ის „საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირება, ხარჯვა და შეფასება“ მიხედვით, საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებლის მიერ თავისი მონაწილის სასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომლებიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის (საინვესტიციო საქმიანობის) შედეგად მიღებული მოგების ან ზარალის გათვალისწინებით. მუდმივი პენსიების გაცემის მიზნით დამფუძნებელი აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე ქმნის მუდმივი პენსიების გასაცემ ფონდს, რომელშიც ჩაირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის ფონდის გაანგარიშებული ოდენობის თანხები პენსიის გაცემის დაწყების წინ, უკანასკნელი კვარტალის მონაცემების მიხედვით.

ჯი-პი-აი ჰოლდინგის კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანების შემთხვევაში მომხმარებელი სარგებლობს შემდეგი მომსახურებებით:

  • ეხსნება პირადი საპენსიო ანგარიში, სადაც დაგროვება მიმდინარეობს მომხმარებლის მიერ ამორჩეულ ვალუტაში, ლარში ან დოლარში;
  • შენატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 10 ლარს. შენატანების განხორციელება ხდება ნებისმიერი პერიოდულობით: ყოველთვიურად, ყოველკვარტლურად, ყოველწლიურად და ა.შ.;
  • მომხმარებლის საპენსიო ფონდი მუდმივად მუშაობს და ერიცხება სარგებელი ყოველწლიურად, პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი;
  • საპენსიო ასაკისთვის მომხმარებელს ექნება საპენსიო დანაგროვი, რომელიც საშუალებას მისცემს ჰქონდეს უზრუნველყოფილი და მატერიალურად დამოუკიდებელი სიბერე.

საპენსიო საპროცენტო განაკვეთი

მომხმარებლის მიერ შემოტანილი თანხები განთავსდება საინვესტიციო პორტფელში, რომლის ამონაგები წინასწარ არაა ცნობილი და რომელიც შეიძლება იყოს საბანკო საპროცენტო განაკვეთზე მაღალი. მომხმარებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები და მასზე დარიცხული საინვესტიციო მოგება მთლიანად აკუმულირდება მის პირად საპენსიო ანგარიშზე.

მაგალითად, 2011 წლისათვის ჯი-პი-აი ჰოლდინგმა კლიენტის წლიურ დანაგროვს დაარიცხა 9,3%.

ცხრილი: კლიენტის წლიურ დანაგროვზე დარიცხული პროცენტი, 2006-2011 წ. ჯი-პი-აი ჰოლდინგი

2006

10%

2007

11%

2008

11%

2009

10%

2010

10%

2011

9,3%

წყარო: ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/

ონ-ლაინ დახმარება

ა) ჯი-პი-აი ჰოლდინგი

აღსანიშნავია, რომ ჯი-პი-აი ჰოლდინგი მომხმარებელს სრულიად კომფორტულ პირობებს სთავაზობს საპენსიო ფონდის გახსნისათვის, მათ შორის ონლაინ დახმარებას, კერძოდ, მას შეუძლია საპენსიო დაზღვევის პოლისის შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად. მაგალითად, საპენსიო პოლისის შეკვეთისას მომხმარებელი გზავნის შესაბამის ინფორმაციას კომპანიის ვებ-საიტზე, ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, მიუთითებს პიროვნულ ინიციალებს, მობილურის ნომერს, ელ-ფოსტას და მისამართს. ხოლო რაც შეეხება ონლაინ დახმარებას, აქ მომხმარებელი პირდაპირ უკავშირდება ერთ-ერთ რომელიმე ოპერატორს და უსვამს მისთვის საინტერესო კითხვას. ონლაინ ჩეთი ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე.

ასევე ჯი-პი-აი ჰოლდინგის ვებ-საიტზე მოცემულია ე.წ. კალკულატორი, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გამოიანგარიშოს ჯამური შემონატანი,  დანაგროვი პირად ანგარიშზე და პენსიის ოდენობა თვეში. მაგალითად, თუ მომხმარებელი მიუთითებს პირველად შენატანს 10 ლარის ოდენობით და განიხილავს 5 - წლიან ვადიან საპენსიო დაზღვევას, დანაგროვი პირად ანგარიშზე ექნება 678 ლარი, ხოლო პენსიის ოდენობა თვეში 17 ლარი.

ბ) ალდაგი ბი-სი-აი

ალდაგი ბი-სი-აის ვებ-საიტზე მომხმარებელს შეუძლია საპენსიო ანგარიშის შემოწმება. საკუთარი პენსიის მიმდინარე ანგარიშის გასაგებად იგი ავსებს ველებს (პირადი ნომერი, საპენსიო ანგარიშის ნომერი, სახელი, გვარი) და შევსებულ ინფორმაციას გზავნის ელფოსტით.

დასკვნები

კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია  ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვეო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ ორ სადაზღვევო კომპანიას (ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი) გააჩნია კერძო საპენსიო დაზღვევა, რაც მიგვანიშნებს, რო ეს ბიზნესი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სადაზღვეო კულტურაც ეხლა ვითარდება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსახლეობის მხრიდან არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მცირე სტიმული შეინიშნება, რაც მის არასათანადო პოპულარიზაციაზე მიგვანიშნებს. ასეთი სადაზღვევო პროდუქტებისთვის საუკეთესო გამოსავალია კომპანიის მხრიდან მათში დიდი ინვესტირების ჩადება რაც მოხმარდება ამ პროდუქტის რეკლამირებას, რათა ეს პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდის ტემპის მატებას. თუ კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპი გაიზრდება მაშინ ეს პროდუქტი მიმზიდველი გახდება სხვა კომპანიებსთვისაც და კონკურენციაც შესაბამისად გაიზრდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

 


[1] რევაზ საყევარიშვილი. საპენსიო რეფორმა. „ანალიტიკური ცენტრი ეკონომეტრი“. აგვისტო 2010.

[2] ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/

[3] საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოში ლიცენზირებული მზღვეველები. http://nbg.gov.ge/index.php?m=486

[4]სადაზღვევო კომპანია იმედი ელ ინტერნეიშენალის ვებ გვერდი http://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEOHYPERLINK "http://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=19"&HYPERLINK "http://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=19"sec_id=19

[5] საქართველოს ეროვნული ბანკი. არასახელმწიფო საპენსიო სქემების სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012 წ. http://nbg.gov.ge/index.php?m=493

[6] ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/

[7] ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/

[8] საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ http://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/dazghveva/______.pdf

[9] ალდაგი ბისიაი-ს ვებ გვერდი  http://www.aldagibci.ge/index.php?m=87

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Saturday the 25th.