optionen handel.

ქართული საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი და საერთაშორისო ასპექტები

ბესიკ ქვარცხავა  გადმოსაწერი ვერსია

კონკრეტულად: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ბრალდებული ბრალის აღიარებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარის თქმის სანაცვლოდ გარკვეულ კომპენსაციას იღებს, რადგან ის ყველა მხარეს ათავისუფლებს გაჭიანურებული და გადატვირთული სასამართლო პროცესისაგან. შეთანხმების ტექსტს სასამართლო განიხილავს და ამტკიცებს შეთანხმებას ან უარს ამბობს მის დამტკიცებაზე. მოსამართლემ ასევე უნდა დაადასტუროს, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით, დაშინების, მოტყუებისა და ძალადობის გარეშე ფორმდება, რომ ბრალდებულმა კვალიფიციური იურიდიული დახმარება მიიღო. (მუხლი 212) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ორი სახის საპროცესო შეთანხმებას იცნობს

 

- ესაა ბრალზე და სასჯელზე შეთანხმება. ბრალზე შეთანხმების დროს ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ხოლო სასჯელზე შეთანხმების დროს არ ეწინააღმდეგება წაყენებულ ბრალს, თუმცა ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.(მუხლი209)

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ გახლავთ „წმინდა ქართული ნოვაცია“. ეს ისნტიტუტი პირველად დაინერგა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ცნობილია მისი შემოღება განპირობებული იყო სისხლის სამართლის საქმეების სიმრავლით და სასამართლოში დავისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობით. საქართველოსა და საფრანგეთის საპროცესო კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ამ საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42- მუხლის“ იურისტმა დიმიტრი ხაჩიძემ როგორც აღნიშნა: „საფრანგეთის მოტივაცია ამ ინსტიტუტის შემოღებისა, ძირითადად გახლდათ ორგანიზებულ დანაშაულების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლა“ .3

 

„საპროცესო შეთანხმება სხვადასხვა ფორმით არსებობს ისეთი განსხვავებული სამართლებრივი მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა, ინდოეთი, კანადა თუ ბულგარეთი. აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეთა 90-95% საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ხოლო ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 25%-ს აჭარბებს.“4

 

        

სამეცნიერო კვლევის პრობლემა

 

 

 

ნაშრომში დასმულია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის გამოვლენისა და განსაზღვრის მიზნით სამართლებრივ მეთოდოლოგიური პოზიციის შემუშავების პრობლემა.

 

პრობლემის არსი

 

 

 

ნაშრომში განხილული პრობლემის არსს წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში სამართლებრივ-მოთოდოლოგიური პოზიციის განსაზღვრა.

 

ნაშრომის თემა

 

 

 

სამეცნიერო ნაშრომის თემა არის „ქართული საპროცესო შეთნხმების ინსტიტუტი და საერთაშორისო ასპექტები“ თემა წარმოდგენილია ნაშრომში პრობლემათა კომპლექსის სახით.

 

თემის აქტუალობა

 

თემის აქტუალობას განაპირობებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის სამართლებრივად მარეგულირებელი ნორმების არასრული და თანამედროვე მოთხოვნების მიმართ არადამაკმაყოფილებელი დონე.

 

თემის მიზანი

 

თანამედროვე ქართული შიდა სახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის სისტემაში საპროცესო შეთანხმების ცნების არსობრივი დატვირთვის განხილვა, ანალიტიკური შესწავლა, შედარებითი ანალიზი სხვა სახელმწიფოებში მოქმედ სისტემებთან მიმართებაში, სამართლებრივ ჭრილში შეფასება და ხსენებული ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმების შინაარსობრივი შევსების ანალიზი საკანონმდებლო სრულყოფის მიზნით.

 

სამეცნიერო სიახლე

 

  1. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი წარმოდგენილია შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ჭრილში და მის მიმართ კომპლექსური ხასიათის სამართლებრივი-მეთოდოლოგიური შემუშავება.
  2. საპროცესო შეთანხმების კანონმდებლობაში ნორმატიული რეგულირების გარშე არსებული საკითხების სამართლებრივ-თეორიული გადაწყვეტა.
  3. საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი ინსტიტუტის ახლებური გააზრება და მისი მნიშვნელობის უნივერსალური მოდელის პარამეტრების განსაზღვრა.
  4. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის წარმოჩენა ქართულ პრაქტიკაში პრობლემატურ ფენომენად და მის მიმართ სამართლებრივ-თეორიული პოზიციის შემუშავება.

 

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რამოდენიმე პრობლემატური საკითხი. ნაშრომი შედგება შესავლის სამი პარაგრაფისა და დასკვნისაგან.

 

ნაშრომს თან ერთვის:

 

  • ციტირებული ლიტერატურის ნუსხა;

 

 

 

  • ბიბლიოგრაფია;

 

სარჩევი;

 

პარაგრაფებში თანმიმდევრულად არის განხილული ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და რომლებზეც პასუხის გაცემა წარმოადგენს წინამდებარე ნაშრომის ამოცანას.

 

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი ინსტიტუტი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით არ შეიცავს ხარვეზებს და შეესაბამება დღევანედ დღეს არსებულ რეალობას, რაც მცდარი მოსაზრებაა, ვინაიდან მარტო წინამდებარე ნაშრომზე მუშაობის პროცესში წამოიჭრა მრავალი პრობლემატური და ნორმატიული რეგულირების გარეშე არსებული საკითხი რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ისე საკანონმდებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით.

 

ნაშრომის პირველ პარაგრაფში განხილულია საპროცესო შეთანხემბის ინსტიტუტის მოკლე ისტორიული ექსკურსი, საქართველოს კანონმდებლობაში მისი შემოღების საფუძვლები და არსი. ასევე მოცემულია იურისტების მოსაზრებები აღნიშნულ ინსტიტუტთან მიმართებაში როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული თვალსაზრისით.

 

ნაშრომის მეორე პარაგრაფი ეხება საპროცესო შეთანხმების საკანონმდებლო მიმოხილვას, მის ევოლუციას, შედარებით ანალიზს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო რეგულირებასთან მიმართებაში. დასმულია რამდენიმე პრობლემატური საკითხი და რომელთა ნაწილზეც მიღებულია კონკრეტული პასუხი და ასევე მოცემულია ავტორისეული ხედვა რომელსაც ახლავს კონკრეტული წინადადებები საკანონმდებლო ნორმების სრულყოფის მიზნით.

 

ნაშრომის მესამე პარაგრაფში მოცემულია ოფიციალური სტატისტიკური მასალები, რესპოდენტების მოსაზრებების და არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სახით (ანგარიშები). ამ მონაცემების საფუძველზე განხილულია ზოგადი სიტუაცია, დასმულია მრავალი პრობლემატური საკითხი რომლებიც გამოტანილია ცალკე და საჭიროებს დამატებით კვლევას, ანალიზს და გადაწყვეტას საკანონმდებლო დონეზე.

 

ნაშრომის დასასრულს მოცემულია დასკვნა, რომელშიც ჩამოყალიბებულია თანმიმდევრულად წინამდებარე ნაშრომში განხილული პრობლემატური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც ავტორის აზრით აუცილებლობას წარმოადგენს და ასევე ავტორისეული ხედვა საკანონმდებლო ნორმების სრულყოფის მიზნით.

 

 

ახლა კი რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობაში ზემოაღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღების მიზანს. წინამდებარე ნაშრომის შედგენისას მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის, მოცემული ინტერვიუების და სტატისტიკის, არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და სხვა ოფიციალური ანგარიშების გაცნობის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ კუთხით იურისტების აზრი მრავალფეროვანია, მაგრამ თუ პირობითად ორად დავყოფთ არსებულ „სტატუსქვოს“ ვღებულობთ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის მხარდამჭერ და მოწინაღმდეგე საზოგადოებას. ამ უკანასკნელში მოიაზრებიან ადვოკატები, უფლებადამცველები და არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები პირველში შედიან: ძირითადად პროკურორები და მოსამართლეები.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპროცესო შეთანხმების შემოღების საფუძვლები იყო: სისხლის სამართლის პროცესების ნაკლები გადატვირთულობა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების კონტექსტში და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს წარმომადგენელმა ირინე ურუშაძემ, როგორც აღნიშნა: „საპროცესო შეთანხმების უმთავრესი დადებითი და უარყოფითი მხარედ შეიძლება დასახელდეს: სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება ეს როგორც მრავალჯერ თქმულა პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმებასთან მიმართებაში და მეორეს მხრივ დადებითი ფაქტორი ეს არის სასჯელაღსრულების დაწესებულებების ნაკლები გადატვირთულობა. რაც შეეხება უარყოფითს, - საპროცესო შეთანხემება დღეს საქართველოში გამოიყენება როგორც ბიუჯეტის შევსების წყარო და ასევე ერთი და იგივე შემადგენლობების დანაშაულზე შეიძლება დაინიშნოს ათი ათასი და ასი ათასი ლარი ჯარიმის სახით. პროკურატურა არ იძლევა განმარტებას რა, სასჯელის პროპორციულობის შესახებ დანაშაულთან მიმართებაში.“5

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა ელენა ფილეევამ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს „ფულის კანონიერი გამოძალვა უწოდა“.6

 

ხოლო, კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი დიმიტრი ხაჩიძეს თქმით: „თეორია ძალიან განსხვავდება პრაქტიკისაგან, რადგანაც სისტემა არის ძალიან ვერტიკალური“.7

 

პარაგრაფი II

 

 

 

საპროცესო შეთანხმების საკანონმდებლო რეგულირება

 

 

 

2004 წლის თებერვალში საქართველოს სამართლებრივ სისტემაში საპროცესო შეთანხმების შემოღება უჩვეულო მოვლენა იყო ქართული კანონმდებლობისათვის, ვინაიდან და რადგანაც ერთის მხრივ ქართული სისხლის სამართალი არ იცნობდა მსგავსი სახის მოდელს, რომელიც ამერიკიდან დამკვიდრდა სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) და მეორეს მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი დაფუძნებული იყო აბსოლუტურად წინააღმდეგობრივ მოდელზე საქმის არსებითად განხილვის კუთხით ვიდრე საპროცესო შეთანხმება წარმოადგენს.

 

 

 

საპროცესო შეთანხმებამ საქართველოში დამკვიდრებიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია: „საპროცესო შეთანხმება ამჟამად საკმაოდ დაშორდა თავის პირვანდელ სახეს“.8

 

 

 

სანამ უშუალოდ ამ სისტემის საკანონმდებლო მიმოხილვაზე გადავიდოდეთ შევეხოთ განსხვავებას საპროცესო შეთანხმებისა და მის შემოღებამდე მოქმედ საქმის სასამართლოში განხილვის წესს შორის.

 

 

 

საპროცესო შეთანხმების კანონმდებლობის სამართლებრივი ანალიზი საქართველოში გვიჩვენებს რომ მისი შექმნა უკავშირდება პროცესის ეფექტურობას, სწრაფ მართლმსაჯულებას, სასჯელაღსრულების

 

 

 

5

 

 

 

დაწესებულებების ნაკლებად გადატვირთულობას და ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. რთული სათქმელია თუ რამდენად დამაჯერებლად იბრძვის საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი მისი შემოღების საფუძვლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

 

 

იურისტი მერაბ ჩიქოვანი აღნიშნავს რომ: „ეს ინსტიტუტი ძალზედ საჭიროა როდესაც ნამდვილად არის დასაზოგი სახელმწიფო რესურსი სწრაფი მართლმსაჯულებისთვის“.9

 

 

 

განსხვავება საპროცესო შეთანხმებასა და მის შემოღებამდე მოქმედ საქმის სასამართლოში განხილვის წესს შორის არსებითია. კერძოდ ამ ახალი ნოვაციის შემოღებამდე წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გამოძიება საქმის მასალების მიხედვით ადგენდა საბრალდებო დასკვნას და საქმეს არსებითი განხილვისათვის უგზავნიდა სასამართლოს. შემდგომ სასამართლოს წარუდგენდნენ, როგორც წინასწარი გამოძიებაში მოპოვებული ასევე, სასამართლოში მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც ხდებოდა საბოლოო განაჩენის გამოტანა. საპროცესო შეთანხმების შედეგად ეს პროცედურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. საბრალდებო დასკვნის ნაცვლად პროკურატურა სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ სასამართლო პროცესზე აღარ ხდება მტკიცებულებების გამოკვლევა და შესაბამისად არც მხარეებს აქვთ უფლება წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები სასამართლო პროცესზე. საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში (2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი სსსკ-ით დაზარალებული პროცესზე წარმოადგენდა მხარეს) დაზარალებულს ელახებოდა კანონით გარანტირებული უფლება წარუდგინოს მოსამართლეს დამატებთი მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება იმდენად ანგარიშგასაწევი აღმოჩნდეს, რომ პროცესზე საქმის არსებითი განხილვა არსებითად შეიცვალოს. როგორც ჟურნალი „ლიბერალი“ აღნიშნავს:

 

 

 

12 ოქტომბერს სწორედ ამგვარი ფაქტის წინაშე დადგა „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ნიკა გელაშვილის ოჯახი. დაზარალებულები არ იზიარებენ წინასწარი გამოძიების დასკვნას. ოჯახის ადვოკატებს, მერაბ ჩიქოვანს და გაგი მოსიაშვილს სასამართლოსთვის წარდგენილი ჰქონდათ შუამდგომლობა, რის მიხედვითაც პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ დამატებითი მოწმეები.ბრალდებულის აღიარებით ჩვენებაზე მოულოდნელად გაფორმებულმა საპროცესო შეთანხმებამ დაზარალებულ მხარეს ეს შესაძლებლობა წაართვა. ფორმალურად მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა, მაგრამ დაზარალებული ოჯახი ამ მორიგების მიღმა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ, კანონით, დაზარალებული და პროკურატურა ერთ მხარეს წარმოადგენს, საპროცესო შეთანხმებაზე ექსკლუზიური უფლება პროკურატურას აქვს.0

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ის იურისტი დიმიტრი ხაჩიძემ აღნიშნა:

 

 

 

„როგორც ვხედავთ, საპროცესო შეთანხმების დადების დროს დაზარალებულის უფლებამოსილება არა თუ მნიშვნელოვნად იკვეცება, არამედ საერთოდ ქრება. დაზარალებულს უფლება ერთმევა წარმოადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობანი, გამოთქვას აზრი პროცესის მწარმოებელი ორგანოს მოქმედებაზე, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლის, პროკურორისა თუ სასამართლოს მოქმედებაზე“.1

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შესაძლებლობას, საქმის არსებითი განხილვის გარეშე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შესახებ. (მუხლი209). ამავე მუხლის მიხედვით საპროცესო შეთანხმების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი გარემოება „შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე.“ სასჯელზე შეთანხმების დროს ბრალდებული არ აღიარებს იმ დანაშაულის ჩადენას რომლისთვისაც ედება ბრალი, მაგრამ ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე ან მისგან სრულად განთავისუფლებაზე. თუმცა კანონმდებელი წინამდებარე მუხლში დებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ბრალზე ან/და სასჯელზე შეთანხმების შედეგია პირის ნასამართლობა. ბრალზე შეთანხმებისას პირი აღიარებს დანაშაულს.

 

 

 

საპროცესო შეთანხმების შეთავაზება, როგორც ბრალდებულის, ისე პროკურორის უფლებამოსილებაში შედის. (მუხლი209) აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია, სასამართლო კამათის დაწყებამდე მხარეებს შესთავაზოს წერილობით საპროცესო შეთანხმების დადება. საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლებელია მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით. (მუხლი210) ხოლო საპროცესო შეთანხმების დადების დროს ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.

 

 

 

დავუბრუნდეთ ისევ ბრალდებულს, რომელიც დამცველთან სათანადო იურიდიული კონსულტაციის შემდგომ საპროცესო შეთანხმების დადების მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოს (პროკურატურას) წერილობითი განცხადებით. განცხადების შესაბამის ორგანოში წარდგენის შემდგომ პროკურატურა იხილავს ამ განცხადებას. კანონში არ არის განმარტებული კონკრეტულად თუ რა ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროკურატურამ საპროცესო შეთნხმების შესახებ. ვფიქრობთ, აღნიშნული ვაკუუმი კანონში აფართოებს პროკურატურის უფლებამოსილებას ვინაიდან თეორიულად სავსებით შესაძლებელია ამ შემთხვევაში დაირღვეს ბრალდებულის ინტერესები და კანონით გარანტირებული უფლება „სწრაფი მართლმსაჯულების“ კონტექსტში: „ბრალდებულს აქვს უფლება სწრაფი მართლმსაჯულებისა ამ კოდექსით დადგენილ ვადებში“.

 

 

 

ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საპროცესო კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშია შესაძლებელი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების დადება. „არ არსებობს არანაირი დათქმა თუ რა სახის დანაშაულებზე არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება. (“რასაც ვხვდებით მაგალითად იტალიის საპროცესო კანონმდებლობაში”3)

 

 

 

ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აღნიშნავს რომ:

 

 

 

„მოქმედი კანონმდებლობით პროკურორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული საპროცესო შეთანხმების დადება. ამ შემთხვევაში იბადება ლოგიკური კითხვა რა დანაშაულების კატეგორიებზე შეიძლება გაფორმდეს საპროცესო შთანხმება, - კანონმდებლობა არ იძლევა განმარტებას რაში შეიძლება დაიდოს საპროცესო შეთანხმება და რაში არა. ძირითადად რეგულირდება პრაქტიკის სახით. ნებისმიერი საქმე თავისი არსებით არის უნიკალური, მაგრამ ზოგადი განმსაზღვრელი რამ მაინც უნდა არსებობდეს“ .4

 

სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ:

 

ა) ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაში მას ედება ბრალი;

 

ბ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

 

გ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

 

დ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას;

 

ე) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი კონსტიტუციური უფლებები: დაცვის უფლება, ბრალის აღიარების შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; საქმის არსებითი განხილვის მოთხოვნის უფლება;

 

ვ) საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის (განსასჯელის) იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს;

 

ზ) ბრალდებული (განსასჯელი) ეთანხმება საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

 

თ) ბრალდებულისა და პროკურორს შორის შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში;

 

ი) ბრალდებული და მისი დამცველი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია შეამოწმოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სწორედ აღნიშნულ პრინციპს ემსახურება სსსკ-ის 213-ე მუხლი, რომ ბრალდებულის მიერ მხოლოდ დანაშაულის აღიარება (ბრალზე შეთანხმება) არ არის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის თაობაზე. აუცილებელია, რომ არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები იმ ბრალის დასადასტურებლად, რაშიც ბრალდებულს ედება ბრალი.

 

სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს:

 

ა) დასაბუთებულია თუ არა ბრალდება;

 

ბ) კანონიერია თუ არა შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი;

 

გ) რამდენად ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება; განსხვავებით ამერიკის ერთ-ერთი შტატის საპროცესო შეთანხმების საკანონმდებლო

 

რეგულირებისაგან,    როგორც  არასამთავრობო  ორგანიზაცია    „საერთაშორისო  გამჭვირვალობა

 

საქართველო“-ს ანგარიშშია აღნიშნული:

 

„საქმეზე People v. Holmes კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო ღია სხდომაზე დასმული შეკითხვა „ჩაიდინეთ თუ არა ის დანაშაული, რასაც ჩვენებაში ასახელებთ?“ ბრალდებულის მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, საკმარისი ფაქტობრივი მტკიცებულებაა საპროცესო შეთანხმებისათვის“.5

 

პროკურორის შუამდგომლობით მიმართვის შემდეგ სასამართლოსადმი (საპროცესო შთანხმების დადების თაობაზე) სსსკ-ის 213-ე მუხლის თნახმად სასამართლომ შეიძლება მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:

 

 

 

ა) გამამტყუნებელი განაჩენი;

 

 

 

ბ) საქმის პროკურორისთვის დაბრუნება;

 

 

 

გასათვალისწინებელია სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნება, რადგანაც არ არის ამ ნორმის ნათელი განმარტება, ზუსტად თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს. 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი საპროცესო კოდექსში იყო აღნიშვნა, რომ სასამართლო საქმეს პროკურორს უბრუნებდა საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად. 6

 

 

 

ბრალდებულს უფლება აქვს სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში, უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე. უარის განცხადებას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდებულის უარის განცხადებას სსსკ-ის 213 მუხლის მე-7 ნაწილში კანონმდებელმა უარის თქმის დაუშვებლობაზე მკაცრი შეზღუდვა დააწესა. „განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.“

 

 

 

ასევე სსსკ-ის 215 მუხლის მე-3 ნაწილში კანონმდებელმა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გასაჩივრების წესზე შეზღუდვები დააწესა. კერძოდ მსჯავრდებულს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განაჩენის გაუქმების თაობაზე, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ:

 

 

 

ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

 

 

 

გ)  საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო;

 

 

 

დ) სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა მოსამართლემ (სასამართლომ) უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული მოთხოვნა;

 

 

 

ეს მუხლი ბრალდებულს/მსჯავრდებულს უზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომ: „თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“ (საქართველოს კონსტიტუცია,მუხლი 42), როგორც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ის იურისტი დიმიტრი ხაჩიძე აღნიშნავს:

 

აქ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა საპროცესო შეთანხმების საფუძველი ბრალზე გარიგების გარდა, შესაძლებელია გახდეს შეთანხმება სასჯელზეც, ანუ როდესაც ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, მაგრამ ეთანხმება პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელს. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ სასჯელზე შეთანხმების საფუძველი შესაძლოა გახდეს დაცვის ეფექტური განხორციელებისათვის არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობა. შემდგომ ეტაპზე კი შესაძლოა მოპოვებული იქნეს ასეთი მტკიცებულებები. ბრალდებულისათვის სასჯელზე შეთანხმებაზე უარის თქმის, თავის დაცვის და საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის უფლების ჩამორთმევა, ვიქრობთ არამარტო გაუმართლებელია, არამედ ანტიკონსტიტუციურიცაა.7

 

ზემოაღნიშნულზე დამატების სახით უნდა ითქვას, რომ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის უფლების ჩამორთმევა არამხოლოდ ანტიკონსტიტუციურია არამედ, საქართველო, როგორც ევრასაბჭოს წევრი ქვეყნისთვის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამდენად ეს საკითხი აუცილებლად საკანონმდებლო გადაწყვეტას საჭიროებს, რომ სისტემამ იმუშაოს ეფექტურად კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში.

 

„პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი 1 თვის ვადაში საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თობაზე, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა.“(მუხლი 215 მე-4 ნაწ)

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად დაზარალებულს საპროცესო შეთანხმებასთან მიმართებაში ფაქტობრივად უფლებაუნარიანობა არ გააჩნია. დაზარალებულს უფლება არა არქვს, გაასაჩივროს საპროცესო შეთანხმება, დაზარალებულის საპროცესო განხილვში მონაწილეობის უფლება უგულებელყოფილია, თუმცა: „პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია.“ მაგრამ კონსულტაციის მიზანი დაკონკრეტებული არ არის. თუ შევეცდებით რომ გამოვიდეთ ტერმინის მნიშვნელობიდან წინააღმდეგობას ვაწყდებით ზემოაღნიშნული სიტყვისა მოქმედ კანონმდებლობასთან ვინაიდან ერთის მხრივ სიტყვა-ტერმინი კონსულტაცია განიმარტება, როგორც მოთათბირება და თუ ვთანხმდებით რომ ამ შემთხვევაში პროკურორი კონსულტაციას გადის დაზარალებულთან მაშინ მისი სტატუსი კონსულტაციის გავლის მომენტში ივარაუდება, რომ არის „კონსულტანტი“ რაც თავისთავად არ ჯდება, როგორც საპროცესო შეთანხმების, ასევე პროკურორის უფლებამოსილების სამართლებრივ ჩარჩოებში, მეორეს მხრივ კანონმდებლობაში აღნიშნულ კონსულტაციას რა მიზანი აქვს თუ რეალურად არანაირი სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია დაზარალებულს პროცესზე და მისი დამოკიდებულება საპროცესო შეთანხმებისადმი ვერ იქნება განმსაზღვრელი შეთანხმების დადების კუთხით. იურისტი მერაბ ჩიქოვანი როგორც აღნიშნავს: „საერთოდ რა არის კონსულტაცია გაუგებარია. გარკვეული ვალდებულებები შეტყობინების სახით დაზარალებულს აქვს მაგრამ რისთვის ჭირდება ეს შეტყობინება და კონსულტაცია, თუ დაზარალებული არ არის მხარე და რეალური ბერკეტები არ გააჩნია“. 0

 

„თავისუფლების ინსტიტუტის“  წევრი ლევან რამიშვილი:

 

დაზარალებული არ არსებობს პროცესზე, როგორც მხარე, შესაბამისად ვინც არ არსებობს იმის უფლებები ვერ შეილახება. ეს არის დასავლური კონცეფცია, რომ დაზარალებული უნდა არსებობდეს და ყველა რჯულის სოციალისტი დასავლეთში ცდილობას რომ ეს რაღაცნაირად შემოიტანოს დასავლურ პრაქტიკაში, მაგრამ ისტორიულად ან უნდა გქონდეს თავიდან ბოლომდე კერძო სისხლის სამართლებრივი დევნის სისტემა და მაშინ სახელმწიფო ბრალდება არ უნდა მონაწილეობდეს მართლმსაჯულების განხორციელებაში ან არადა თუ სახელმწიფო მონაწილეობს მაშინ კერძო არაფერ შუაში აღარ არის, უნდა იყოს თანასწორობა. არის ერთი მხარე, რომელიც თამაშობს თავდასხმაში და მეორე მხარე თამაშობს დაცვაში და ის ვითარება რომ აქ კიდევ მეორე მხარე მონაწილეობდეს ბრალდებულის წინააღმდეგ უთანასწოროა.1

 

საპროცესო შეთანხმება დაზარალებულს სამოქალაქო სარჩელის შეტანის უფლებას არ ართმევს. (მუხლი217)

 

 

 

თუ შევადარებთ უცხო ქვეყნების კანონმდებლობას,  როგორც ჟურნალი „ლიბერალი“ განმარტავს:

 

 

 

საპროცესო შეთანხმების განსხვავებული მოდელი მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში (ჯორჯია, სამხრეთ დაკოტა) საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებამდე პროკურორი აუცილებლად განუმარტავს დაზარალებულს, შეთანხმების დადების აუცილებლობას. დაზარალებული მოსამართლეს წერილობით წარუდგენს არგუმენტაციას, რატომ არის საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი და მოსამართლეს აქვს უფლება, გაითვალისწინოს დაზარალებულის მიდგომა და არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება.2

 

 

 

სსსკ-ის 218 მუხლის სახით გვაქვს დათქმა ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან სრულად განთავისუფლების შესაძლებლობაზე. მითითებული მუხლის ანალიზის შემდეგ ვღებულობთ შემდეგს: თუკი ბრალდებული ბრალის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების გარდა გამოვლინდება საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის განსაკუთრებული შემთხვევა. საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის სრულად განთავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე. სსსკ-ის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილი განმარტავს, რომ: „შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ცალსახად განპირობებულია ზემოაღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერეს.“ თუ პირი არ ითანამშრომლებს გამოძიებასთნ შეთანხმების პირობების შესაბამისად, შეთანხმება ჩაითვლება ბათილად. სავალდებულოა განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერდნენ ბრალდებული/მსჯავრდებული, მისი ადვოკატი და საქართველოს მთავარი პროკურორი.

 

 

 

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე საუბრისას ასევე საყურადღებოა ზიანის ანაზღაურების საკითხი. საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელ ნორმებში არსად გვხვდება ნორმა, რომელიც არეგულირებს საპროცესო შეთანხმების ოქმში ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეული შეთანხმების ასახვას. დიმიტრი ხაჩიძე აღნიშნავს:

 

 

 

რადგან კაონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად არაა მითითებული საპროცესო შეთანხმების ოქმში ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეული შეთანხმების ასახვის შესახებ შუამდგომლობაში, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ასახული უნდა იყოს შეთანხმების შინაარსი, აქედან გამომდინარე, შეთანხმების დადებისას ყურადღება უნდა მიექცეს გარემოებას, რომ შესაბამის ოქმში და შემდგომ სასამართლოს განაჩენში ასახული იყოს ბრალდებულის მიერ ანაზღაურებული ზიანის ოდენობა, რადგან თავიდან ავიცილოთ შემდგომი დავა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.3

 

პარაგრაფი III

 

 

 

საპროცესო შეთანხმების პრაქტიკა

 

 

 

 

 

ქართული საპროცესო შეთანხმების მოდელის მიმართ კრიტიკოსთა ძირითადი ყურადღება ფოკუსირებულია დაზარალებულის უუფლებობაზე და პროკურორის გაზრდილ უფლებაუნარიანობაზე მოსამართლის უფლებების შეკვეცის ხარჯზე.

 

 

 

„საპროცესო შეთანხმება საქმეების სწრაფად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა რაც სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან სასამართლოს ეფექტურობის ერთ-ერთ ინდიკატორად აღიქმება.“ ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში.4

 

 

 

ქართული საპროცესო შეთანხმება უშუალოდ იმ ქვეყნების სისტემების საკანონმდებლო გამოცდილებას ეყრდნობა, სადაც სასამართლო შეჯიბრობითობის პრინციპით მუშაობს, თუმცა განსხვავებაც არსებითია.

 

 

 

ამერიკის ზოგიერთ შტატში საპროცესო შეთანხმების განსხავებული მოდელი მუშაობს (ჯორჯია, სამხრეთ დაკოტა).

 

 

 

იტალიაში საპროცესო შეთანხმება ძირითადად გამოიყენება ორგანიზებული დანაშაულებთან ბრძოლაში (მაფია, ნარკოდილერები).

 

 

 

ესტონეთის კანონმდებლობაში განსაზღვრულია ის შემთხვევები როდესაც დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების გამოყენება.

 

 

 

საპროცესო შეთანხმება მისი შემოღების დღიდან სულ უფრო ხშირად გამოიყენაბა. საქართველოში საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეები ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. უზენაეს სასამართლოს მონაცემებით: 2005 წელს საპროცესო შეთანხებით 932 სამეზე იქნა გამოტანილი განაჩენი, 2006 წელს - 3791-ზე, 2007 წელს 8432-ზე, 2008 წელს - 9207-ზე, 2009 წელს 9073 საქმეზე, 2010 წლის 9 თვის განმავლობაში კი 9197 საქმეზე. (იხ.სტატისტიკა №1)

 

 

 

საპროცესო შეთანხმების გამოყენების სტატისტიკა №1

 

 

 

 

კანონმდებლობის თანახმად მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით და არა ძალადობით, მუქარით, ან მოტყუებით გაფორმდა. უნდა დარწმუნდეს, რომ ბრალდებულის ძირითადი უფლებები არ დარღვეულა. (მუხლი 212)

 

წინამდებარე ნაშრომის შედგენის პროცესში იურისტებს, რომლებსაც ვესაუბრეთ, აღნიშნეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა მოსამართლეები მტკიცებულებებს რეალურად ამოწმებდნენ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების წინა ეტაპზე.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ეკა ქობესაშვილის თქმით:

 

„პროკურორი როცა მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე მოსამართლეები ასეთი შემთხვევებიდან 99% აკმაყოფილებენ, ანუ საქმეს არ სწავლობენ იმ მიმართულებით არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ადამიანს დაუმტკიცდეს დანაშაული. მოსამართლე ამ შემთხვევაში ასრულებს თითქმის ნოტარიუსის ფუნქციას.6

 

ამასთან აღსანიშნავია სასამართლოს უმნიშვნელო უარი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. სასამართლომ უარი თქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე: 2006 წელს-10, 2007 წელს-15, 2008 წელს-15, 2009 წელს 17, 2010 წლის (9 თვის მონაცემებით) კი 11 საქმეზე.იხ №27

 

 

 

უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმებაზე სტატისტიკა №2

 

 

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ირინე ურუშაძეს თქმით: „ადვოკატი არის კარგი ვაჭარი, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი შეიძლება შემოგთავაზოს საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ანუ ადვოკატი ფასობს დღეს არა როგორც იურისტი, არამედ რამდენად კარგ საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს“.8

 

ეს საკითხი მომავალში დამატებით კვლევას და ანალიზს საჭიროებს, რასაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ხელშეწყობა, რომ კვლევისთვის გაცემულ იქნეს საჭირო ინფორმაცია კანონის დაცვით და სასამართლოს მხრიდან მასალების ხელმისაწვდომობა უნდა გახდეს იმის აუცილებელი წინაპირობა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა უფრო გამჭვირვალედ იმუშაოს და საზოგადოების ნდობაც ამაღლდეს არამხოლოდ ამ სისტემისადმი, ზოგადად სამართლიანი სასამართლოს კონტექსტში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად ჯარიმის დამატებით სასჯელად გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. სასჯელის მინიმალური ოდენობა განსაზღვრულია 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური ზღვარი კანონით რეგულირებული არ არის, ამდენად დამატებით სასჯელად ჯარიმის გამოთვლის წესი დანაშაულის სიმძიმის პროპორციულად, ძალზედ ბუნდოვანია.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი მარიამ გაბედავა აღნიშნავას, რომ:

 

არ არსებობს რაიმე წყარო, რაც მიანიშნებს იმაზე თუ რა პრინციპით ხდება ჯარიმის დანიშვნა დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად ანუ კონკრეტული სახის დანაშაულზე ვთქვათ რა რაოდენობის ჯარიმა უნდა იყოს და როგორი სასჯელი უნდა იქნეს გამოყენებული. ესეთი მითითება არ არსებობს, თუ არსებობს ამაზე ჩვენ არაფერი ვიცით, იმიტომ, რომ არ არის საჯარო. ჩვენ იმ საქმეებიდან, რომლებიც შევისწავლეთ მაშინ გამოიკვეთა, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა არის. ეს ბადებს იმ პრობლემას, რომ პროკურორს აქვს ძალიან ფართო უფლებამოსილება. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკა არის ერთფეროვანი სასჯელის შეფარდებისას ამას ოფიციალურად რაიმე საფუძველი არ აქვს.9

 

 

 

გამამართლებელი განაჩენის დინამიკა №3 (2003-2009)

 

 

 

 

მეორეს მხრივ, საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის საჯარო. მარიამ გაბედავას თქმით:

 

2009 წლის მონაცემებით დაახლოებით არის 61 მილიონი. საპროცესო შეთანხმებების შედეგად დაკისრებული თანხა. ეს მოგვაწოდა პროკურატურამ. თუმცა არ არის მონაცემები იმაზე თუ რამდენი არის გადარიცხული ბიუჯეტში. ხაზინაში არ არსებობს ცალკე საბიუჯეტო კოდი იმისთვის რომ დაითვალონ საპროცესო შეთანხმებით შესული თანხა.1

 

როგორც კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტმა დიმიტრი ხაჩიძე იხსენებს: „თავდაპირველად საპროცესო შეთანხმებით მიღებული თანხები ირიცხებოდა სპეციალურ ფონდებში.“2

 

ასევე საყურადღებოა, რომ ბრალდებულს წინასწარ უწევს ჯარიმის გადახდა სანამ სასამართლო განაჩენს დაამტკიცებდეს საპროცესო შეთანხმების შესახებ. ეს ბადებს პრობლემას სასამართლოს გადაწყვეტილების სანდოობის ეჭქვეშ დაყენების კუთხით და მოსამართლის დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხზე მიანიშნებს. აუცილებელია, რომ შესწავლილი იქნეს ეს საკითხი და შემუშავდეს სხვაგვარი პრაქტიკა სამართლიანი სასამართლოს სანდოობის თვალსაზრისით. როგორც დიმიტრი ხაჩიძე აღნიშნავს: „დღეს ბრალდებულს ჯარიმის გადახდა უწევს წინასწარ, რასაც ჯარიმის უზრუნველყოფას უწოდებენ.“3

 

პროკურატურის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ზოგადი სახის, აუცილებელია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების განსაზღვრის შესახებ საუბარი იყოს გადაწყვეტილებაში, საუბარი იყოს იმ გარემოებებზე, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი, ასევე გახდეს საჯარო საპროცესო შეთანხმების შედეგად თუ რა ოდენობის ჯარიმა უნდა იქნეს დაკისრებული კონკრეტული სახის დანაშაულზე. საქართველოში გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი ძალიან მაღალია (იხ.სტატისტიკა №3) ასეთ დროს უდანაშაულო ბრალდებულიც სასამართლოსადმი უნდობლობას გრძნობს, ალბათობა იმისა, რომ სასამართლომ გაამართლოს მცირეა, როცა საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა არ იარსებებს ეს ბადებს მნიშვნელოვან პრობლემას. საპროცესო შეთანხმება არ უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ როდესაც ბრალდებული იძულებულია წავიდეს საპროცესო შეთანხმებაზე, როცა მას არ აქვს განცდა სამართლიანი სასამართლოსი და როდესაც ყოველგვარი იმედი აქვს გადაწურული, რომ სასამართლო მის უდანაშაულობას ან ნაკლებ ბრალს დაადგენს. შესაბამისად გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის რაოდენობამ თუ არ იკლო საპროცესო შეთანხმების ეფექტური ფუნქციონირება გართულდება. ეს საკითხი ამ მიმართულებით საჭიროებს დამატებით კვლევას და ანალიზს, რაშიც როგორც ზემოთ აღვნიშნე საჭიროა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მხარდაჭერა ინფორმაციის მეტი საჯაროობისა და გამჭვირვალობის კუთხით.

 

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა საქართველოში ხელი შეუწყო სისხლის სამართლის პროცესის სისწრაფეს, საპროცესო შეთანხმების გამოყენების შემთხვევაში პროცესი გაცილებით სწრაფად მთავრდება ვიდრე საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში, რაც ასევე ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეების ნაკლებად გადატვირთულობას სასამართლოში და მეტი დრო და რესურსი იქნეს გადანახული გაცილებით მნიშვნელოვანი სახის საქმეებზე. როგორც თავისუფლების ინსტიტუტის წევრი ლევან რამიშვილი განმარტავს: „იყოს არა სიმკაცრე სასჯელის არამედ სასჯელის გარდუვალობა, ნუ იქნება ყველაზე მკაცრი სასჯელი გამოყენებული, მაგრამ ყველა, რომელი მნიშვნელოვანი დანაშაულიც მოხდა რაღაც სახით სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემა შეეხოს და პასუხი მოსთხოვოს. საბოლოო ჯამში საზოგადოებისათვის ეს უფრო ეფექტური სისტემა არის, რომელიც ამ პრაგმატულ საწყისზე არის დაფუძნებული. მაქსიმალური ოდენობის დანაშაული იყოს გასამართლებული თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ყველას არ შეხვდეს უმკაცრესი, მაგრამ იყოს სასჯელის გარდუვალობა ამას უფრო მეტი პრევენციული ეფექტი ექნება საბოლოო ჯამში.4

 

 

 

დასკვნა

 

როგორც ყოველ ნოვაციას, ისე საპროცესო შეთახმებასაც ახლავს გარკვეული სახის ხარვეზები, რომელთა საკანონმდებლო გადაწყვეტა აუცილებლობას წარმოადგენს, რათა სისტემამ უფრო ეფექტურად და კონსტიტუციის ფარგლებში იმუშაოს. წინამდებარე საკითხები საჭიროებს მომავალში კიდევ უფრო მეტად დეტალურ შესწავლასა და სამართლებრივ ანალიზს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ის პრობლემები რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სამართლებრივი (შესაბამისი ნორმის არარსებობის და მცდარი ინტერპრეტირების კუთხით) და პრაქტიკული თვალსაზრისით.

 

ამ ხარვეზებიდან გამოყოფის სახით შეიძლება აღინიშნოს:

 

საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელ ნორმებში არსად გვხვდება ნორმა, რომელიც არეგულირებს, თუ რა ვადაში უნდა მიიღოს პროკურატურამ გადაწყვეტილება და აცნობოს ბრალდებულს, წერილობითი განაცხადის შეტანიდან შესაბამის ორგანოში, საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. ერთის მხრივ კანონში აღნიშნული ვაკუუმი აფართოებს პროკურატურის უფლებამოსილებას. მეორეს მხრივ, პროკურატურის მხრიდან პასუხის გაჭიანურების შემთხვევაში ირღვევა ბრალდებულის კანონით გარანტირებული უფლება სწრაფი მართლმსაჯულების კონტექსტში. საჭიროა საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შემთხვევა იქნეს რეგლამენტირებული კანონის დონეზე.

 

საპროცესო შეთანხმების სერიოზულ ხარვეზად უნდა მივიჩნიოთ, რომ არ არის კანონით განსაზღვრული თუ რომელი კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშია შესაძლებელი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. (თუ არსებობს რაიმე დათქმები ამის შესახებ საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი) აღნიშნული პროკურატურას ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. გასაგებია, რომ ყოველი დანაშაული არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან ამდენად შეუძლებელი იყოს კანონში ყველაფრის დეტალურად განსაზღვრა, მაგრამ აუცილებელია მოხდეს განსაზღვრა კანონის დონეზე იმ დანაშაულების სახეებისა, რომელზეც არ შეიძლება დაიდოს საპროცესო შეთნხმება. (სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, სქესობრივი დანაშაულები)

 

საყურადღებოა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წინამდებარე მუხლის, თანახმად ბრალდებულის უფლებები იკვეცება. თავის დაცვისა და საკუთარი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის უფლების ჩამორთმევა არ ჯდება, როგორც კონსტიტუციის ასევე არცერთი საერთაშორისო სტანდარტებში. ვფიქრობთ, ეს მუხლი საჭიროებს შესწავლას საკანონმდებლო დონეზე ნორმის სრულყოფის მიზნით.

 

საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტზე საუბრისას არ შეიძლება, რომ არ აღინიშნოს გარემოება დაზარალებულის უფლებამოსილების შესახებ. კანონმდებლობის თანახმად: დაზარალებულთან მიმართებაში პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია დაზარალებულთან და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება. გასაგებია, რომ დაზარალებულს აქვს უფლება იცოდეს საპროცესო შეთანხმების დადებაზე და რომ ამ მიმართულებით პროკურორს აქვს ვალდებულება შეატყობინოს აღნიშნულზე ბრალდებულს, მაგრამ ამ შემთხვევაში გაუგებარია კანონმდებლის მიერ ნორმაში ჩადებული სიტყვა/ტერმინი კონსულტაცია. საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელ ნორმებში არსად გვხვდება მისი ნათელი განმარტება თუ რა სამართლებრივი მიზანი აქვს კონსულტაციის მნიშვნელობას, დაზარალებულის შეკვეცილი უფლებამოსილებების ფონზე და როცა დაზარალებულს არ გააჩნია რეალური სამართლებრივი ბერკეტი საპროცესო შეთანხმების დადების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი საჭიროებს დახვეწას კანონმდებლობის დონეზე, რადგანაც ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელ ნორმებში არ არის. პრობლემა ზოგადად სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშია. დაზარალებულის პროცესზე უუფლებლობის კუთხით, რაც აუცილებლად საჭიროებს საკანონმდებლო გადაწყვეტას. საპროცესო შეთანხმების მარეგულირებელი ნორმების ჭრილში უნდა მოხდეს დაზარალებულის უფლებების გაზრდა. დაზარალებულს მიეცეს უფლება მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს არგუმენტაცია რატომ არის საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი და მოსამართლეს კი ექნება უფლება გაითვალისწინოს დაზარალებულის მიდგომა და არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება.

 

ასევე დაზარალებულის უფლებების მიმართულებით დღეს მოქმედი კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაზარალებულს შეუძლია სამოქალაქო სარჩელით აინაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც ერთის მხრივ დაზარალებულის მხრიდან ცალკე დამატებითი დროის და

 

 

 

სახელმწიფო  რესურსის  ხარჯვასთანაა  დაკავშირებული,     მეორეს  მხრივ,     რადგან  ზოგადად

 

სამართლებრივ მართლმსაჯულებას ახორციელებს სახელმწიფო და აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფო დაზარალებულის ინტერესების დამცველიც ხდება საჭიროა სახელმწიფომვე უზრუნველყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის დარღვეული სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფაც მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი პროკურატურის საქმიანობის ფარგლებს სცდება. გაუმართლებელია, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს პროკურორსა და ბრალდებულს/მსჯავრდებულს შორის, დამატებით სასჯელად განისაზღვროს ჯარიმის კონკრეტული ოდენობა რის საფუძველზეც ბრალდებულს შეაქვს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში და ამის მერე დაზარალებულმა თავისი კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად ცალკე მიმართოს სასამართლოს და ედავოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე რაც არსებითად ლახავს დაზარალებულის მორალური მხარეს. ამდენად, უმჯობესი იქნება სავალდებულო გახდეს შუამდგომლობაში საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ აისახოს ზიანის ანაზღაურების ოდენობა, რომელიც უნდა განისაზღვროს კომპეტენტური ექსპერტის დასკვნით.

 

მხედველობაში უნდა მივიღოთ ერთი გარემოებაც, - სსსკ-ის მუხლი 214.

 

თუ სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენს ან ბრალდებული თვითონ განაცხადებს უარს საპროცესო შეთანხმებაზე, დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

წიანმდებარე მუხლის ანალიზის შედეგად ვასკვნით, რომ: თუ ბრალდებული განაჩენის გამოტანამდე უარს იტყვის ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხემებაზე ან თუ სასამართლო გააბათილებს საპროცესო შეთანხმებას კანონით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება. ზემოაღნიშნული ნორმა აშკარა წიანააღმდეგობაში მოდის სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიზნებთან და ამოცანების გახორციელების თვალსაზრისით, რადგანაც ვთქვათ: ბრალდებულმა მისცა ჩვენება ბრალზე შეთანხმებით კონკრეტული დანაშაულის აღიარების შესახებ და ასევე ჩვენებაში გამოიკვეთა ისეთი დანაშაული, რომელიც, როგორც გამოძიებისთვის ასევე პროკურორისთვის არ იყო ცნობილი. მაგრამ შემდგომ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება ვინაიდან ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება რომ აღიარებს დანაშაულს არ დასტურდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. (საკმარისი სამართლებრივი მტკიცებულებების არ არსებობა) ან/და შემდგომ ბრალდებულმა განაჩენის გამოტანამდე უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე. ამის შემდგომ პროკურატურამ აღმოაჩინა დამატებითი მტკიცებულებები რომლებიც უდავოდ ადასტურებს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენებას დანაშაულის აღიარების შესახებ და ასევე იმ დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც საპროცესო შეთანხმების დადების დროს გახდა ცნობილი პროკურორისთვის. წინამდებარე მუხლის ანალიზის შედეგად თეორიულად პროკურორს ერთმევა უფლება ეს მტკიცებულებები გამოიყენოს ბრალდებულის მიერ მიცემული, იმ ჩვენების დასადასტურებლად, რომელიც საპროცესო შეთანხმების შედეგად იქნა მოპოვებული. სასამართლომ აღნიშნული მტკიცებულებები რომ ჩათვალოს დაუშვებელ მტკიცებულებად უკანონო არ იქნება, მაგრამ ობიექტური თვალსაზრისით პროკურორისათვის ამ უფლების ჩამორთმევა ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს სსსკ-ის ამოცანების განხორციელებას. მომავალში ეს ხარვეზი აუცილებლად საჭიროებს დამატებით ანალიზს, რომ სრულყოფილად იქნეს ჩამოყალიბებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

 

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: წინამდებარე საკითხები საჭიროებს მომავალში კიდევ უფრო მეტ დეტალურ შესწავლასა და სამართლებრივ ანალიზს.

 

განხილულ საკითხებთან მიმართებაში, მათი სამართლებრივი რეგულირების სრულყოფისათვის აუცილებელია, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ხელშეწყობა მეტი საჯაროობის თვალსაზრისით,

 

რომ უფრო დეტალურად იქნეს შესწავლილი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. ვინაიდან მარტო წინამდებარე ნაშრომზე მუშაობის პროცესში წამოიჭრა პრობლემური საკითხები სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თანამშრომლობის თვალსაზრისით. ამდენად თანამშრომლობის რაობა და გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და ზოგადად საპროცესო შეთანხმების ინსსტიტუტის გამართულობისათვის მთლიანად სასამართლო სისიტემის გამართულად მუშაობაა აუცილებელი, რომ მოხდეს საკანონმდებლო დონეზე საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი ინსტიტუტის ეფექტური ფუნქციონირება.

 

 

 

 

 

ბესიკ ქვარცხავა

 

 

 

დეკემბერი 2010 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი მიხედვით მუხლი 209

 

 

 

2 ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". გვ.5.

 

 

 

3 ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". გვ.6.

 

 

 

4 სამართალი. (2010წლის29მარტი). Retrieved 2010წლის08დეკემბერიfrom "ტაბულა": http://www.tabula.ge/article-1738.html

 

 

 

5 ურუშაძე, ი. (2010 წლის 01 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ბ. ქვარცხავა, & ლ. ჯგერენაია, Interviewers)

 

 

 

6 ფილეევა, ე. (2010 წლის 02 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ბ. ქვარცხავა, Interviewer)

 

 

 

7 ხაჩიძე, დ. (2010 წლის 13 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. (ბ. ქვარცხავა, Interviewer)

 

 

 

8 „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო",  (2010). საპროცესო შეთანხმება საქართველოში. თბილისი.

 

 

 

9 ჩიქოვანი, მ. (2010 წლის 05 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ქ. ბესიკ, Interviewer)

 

 

 

10 გოგუა, ნ. (2010 წლის 11 იანვარი). სამართალი. Retrieved 2010 წლის 15 ნოემბერი from "ლიბერალი": http://liberali.ge/node/1071

 

 

 

11 ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". გვ.25.

 

 

 

12 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. (2010).თბილისი:გამომცემლობა"RISE".მუხლი8.მე-2ნაწ.

 

 

 

13 ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი".(გვ 25)

 

 

 

14 ჩიქოვანი, მ. (2010 წლის 05 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ქ. ბესიკ, Interviewer)

 

 

 

15 (2010). საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. თბილისი.

 

 

 

16მუხლი 6794

 

 

 

17 ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". გვ.23.

 

 

 

18 ჭაბაშვილი, მ. (1973). უცხოსიტყვათა ლექსიკონი. თბილისი: გამომცემლობა "განათლება".

 

 

 

18(ლათ. Consultans) პირი რომელიც კონსულტაციას, რჩევა დარიგებას აძლევს ვისმე თავისი სპეციალობის მიხედვით.

 

 

 

20 ჩიქოვანი, მ. (2010 წლის 05 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ქ. ბესიკ, Interviewer)

 

 

 

21 რამიშვილი, ლ. (2010 წლის 09 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. (ბ. ქვარცხავა, & ლ. ჯგერენაია, Interviewers)

 

თბილისი.

 

 

 

22 გოგუა, ნ. (2010 წლის 11 იანვარი). სამართალი. Retrieved 2010 წლის 15 ნოემბერი from "ლიბერალი": http://liberali.ge/node/1071

 

 

 

23ხაჩიძე, დ. (2004). საპროცესო შეთანხმება. თბილისი: "კონსტიტუციის 42-ე მუხლი".გვ 18

 

 

 

24 საქართველო, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა. (2010). საპროცესო შეთანხმება საქართველოში. თბილისი.გვ.9

 

 

 

25 სტატისტიკა. (n.d.). Fromუზენაესი სასამართლო: http://www.supremecourt.ge/default.aspx?sec_id=129&lang=1

 

 

 

26 ქობესაშვილი, ე. (2010 წლის 08 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ბ. ქვარცხავა, Interviewer)

 

 

 

27 სტატისტიკა. (n.d.). Retrieved 2010 წლის 10 დეკემბერი from უზენაესი სასამართლო: http://www.supremecourt.ge/default.aspx?sec_id=129&lang=1

 

 

 

28 ურუშაძე, ი. (2010 წლის 01 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ბ. ქვარცხავა, & ლ. ჯგერენაია, Interviewers)

 

 

 

29 გაბედავა, მ. (2010 წლის 01 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ლ. ჯგერენაია, & ბ. ქვარცხავა, Interviewers)

 

 

 

30 საქართველო, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა. (2010). საპროცესო შეთანხმება საქართველოში. თბილისი.

 

 

 

31 გაბედავა, მ. (2010 წლის 01 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმება. (ლ. ჯგერენაია, & ბ. ქვარცხავა, Interviewers)

 

 

 

32 ხაჩიძე, დ. (2010 წლის 13 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. (ბ. ქვარცხავა, Interviewer)

 

 

 

33 ხაჩიძე, დ. (2010 წლის 13 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. (ბ. ქვარცხავა, Interviewer)

 

 

 

34 რამიშვილი, ლ. (2010 წლის 09 დეკემბერი). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი. (ბ. ქვარცხავა, & ლ. ჯგერენაია, Interviewers) თბილისი.

 

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Saturday the 24th.