optionen handel.

სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა უსაფუძვლო გამდიდრების თვალსაზრისით

ავთო ნაცვალაძე  გადმოსაწერი ვერსია

მოცემული თემა ეხება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლს – სხვისი სამართლებრივი სიკეთის განკარგვის შედეგებს, მასთან დაკავშირებულ პრობლემებს სამოქალაქო სამართალში, ასევე განხილულია ის წინაპირობები, რომლებიც აუცილებელია მოცემული მუხლის გამოსაყენებლად.უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელ ნორმათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სხვისი სამართლებრივი სიკეთის განკარგვას. უსაფუძვლო გამდიდრების არსის გასაგებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ამ მუხლის სწორად აღქმა და მისი სწორი გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით.

ამ მუხლის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი დაკავშირებულია სამართლის სხვადასხვა ინსტიტუტებთან. მაგალითად იგი კავშირშია სამოქალაქო სამართლის ისეთი ქვედარგის ნორმებთან როგორიცაა საოჯახო სამართალი, სანივთო სამართალი, თავისთავად ვალდებულებითი სამართალი... იგი ფართოდ გამოიყენება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. სწორედ ამაში გამოიხატება სსკ-ის 982-ე მუხლის განხილვის აქტუალობა.

თემაში განხილულია თუ რა არის სამართლებრივი სიკეთე, რა სახის სამართლებრივ სიკეთეებზე ვრცელდება სსკ-ის 982-ე მუხლი, რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მოცემული გარემოება ამ მუხლის გამოსაყენებლად, რა სამართლებრივი ურთიერთობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის გამოყენების საფუძველი, რას გულისხმობს კანონმდებელი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფაში, რის საფუძველზე უნდა ეკუთვნოდეს სამართლებრივი სიკეთე უფლებამოსილ პირს, ამავე დროს თემაში მოყვანილია შედარება სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლთან, აქვე ვიმსჯელებთ სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლზე 982-ე მუხლის ჭრილში. თითოეული ამ საკითხის განხილვას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ამ მუხლის სწორი აღქმისა და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე სწორად მორგებაში.

უსაფუძვლო გამდიდრების მონაწილე მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. მისი წარმოშობის საფუძვლებს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 976-991 მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, მაშინ როცა ერთი პირი მეორე პირს გადასცემს რაიმე ქონებას ვალდებულების გარეშე, შეცდომით ან შეგნებულად ხდება სხვისი ვალის გასტუმრება, სხვის ქონებაზე სამუშაოების გაწევა... აქვე აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრება შეიძლება გამოიხატოს სხვა საშუალებებითაც, რასაც სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს, ამას უთითებს სსკ-ის 991-ე მუხლი.

უსაფუძვლო გამდიდრება კი თავის მხრივ შეიძლება გამოიხატოს სარგებლის მიღებაში ან ქონების დაზოგვაში. “კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება. ხოლო მოვალე ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და, შესაბამისად გამდიდრდა.”1 უსაფუძვლო გამდიდრების მუხლების მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სიმყარის შენარჩუნება და იმ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც არსებობდა უსაფუძვლო გამდიდრებამდე. იგი ძირითადად მიმართულია კრედიტორის ინტერესების დასაცავად. სწორედ ასეთ მიზანს ისახავს უსაფუძვლო გამდიდრების თავში შემავალი სსკ-ის 982-ე მუხლიც.

სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: პირი რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. მე-2 ნაწილის თანახმად კი, ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისგან მოითხოვოს დაუყოვნებლივ ანაზღაურება.

საინტერესოა ამ მუხლის განხილვა დავიწყოთ თუ რა სახის სამართლებრივ სიკეთეზე ვრცელდება სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ვინაიდან თემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი სიკეთე, საჭიროა ორი სიტყვით შევეხოთ მის დეფინიციას, კერძოდ კი რა შეიძლება მივიჩნიოთ სამართლებრივ სიკეთედ და რის საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას იგი.

სამართლებრივი სიკეთის განხილვისათვის აუცილებელია მიმოვიხილოთ მისი წარმოშობის წინაპირობები – ეს წინაპირობები კი საზოგადოებრივი და სამართლებრივი ურთიერთობებია.

“სამართლებრივი ურთიერთობა საზოგადოებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სახეა. საზოგადოებრივი ურთიერთობა არის კავშირი ადამიანთა შორის, რომელიც მყარდება მათი საქმიანობის პროცესში. ასეთი ურთიერთობა შეიძლება იყოს ეკონომიკური, საოჯახო, პოლიტიკური, მორალური, რელიგიური და ა.შ. ზოგიერთი ამ ურთიერთობიდან საჭიროებს სამართლებრივ რეგულირებას, ზოგიერთი კი არა. ურთიერთობამ შეიძლება მიიღოს სამართლებრივი ხასიათი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქცევის აქტი სოციალური მნიშვნელობისაა, ხოლო თუ სახეზეა აზრი და გრძნობა, რომელიც ასახული არ არის მოქმედებაში, მაშინ შეუძლებელია ვილაპარაკოთ მათ სამართლებრივ ბუნებაზე. სამართლებრივი ურთიერთობა არის სამართლის ნორმის საფუძველზე წარმოშობილი კავშირი პირთა შორის, რომლებთაც აქვთ ნორმით გათვალისწინებული უფლება მოვალეობები.” 2

იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი ურთიერთობა საზოგადოებრივი ურთიერთობის საფუძველზე წარმოიშობა, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა სამართლის ნორმის საფუძველზე, სამართლებრივი სიკეთის წინაპირობაა სამართლის ნორმა. შესაბამისად სამართლებრივი სიკეთე არის სამართლის ნორმით დაცული ობიექტი და წარმოიშობა მის საფუძველზე. მიუხედავად ასეთი მსჯელობისა, არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ კი შეიძლება სახეზე იყოს კანონმდებლის მიერ დაშვებული ხარვეზი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა მუდმივად ვითარდება და განიცდის წინსვლას. ასეთი ხარვეზის არსებობისას მოსამართლე იყენებს კანონისა და სამართლის ანალოგიას, რაც განმტკიცებულია როგორც მატერიალურ ისე პროცესუალურ კანონმდებლობაში. მაშასადამე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს სამართლის ნორმის გარეშეც. შესაბამისად სამართლებრივი სიკეთეც შეიძლება არსებობდეს სამართლის ნორმის გარეშე, თუმცა იგი უნდა იყოს სოციალური მნიშვნელობის. ამასვე განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამოქალაქო საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ სამართლის ნორმა არ არსებობს, ან იგი ბუნდოვანია.

მაშასადამე დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლებრივი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას როგორც სამართლის ნორმის საფუძველზე, ასევე მის გარეშეც.

სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენების საფუძველი შეიძლება წარმოიშვას როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე. უსაფუძვლო გამდიდრება თავისი ბუნებით წარმოადგენს მხარეთა არასახელშეკრულებო ურთიერთობას. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოიშობა ვალდებულება. მიუხედავად ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ხელმყოფს ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცეს ესა თუ ის ნივთი, თუმცა შესაძლოა განახორციელოს ისეთი მოქმედება, რაც სცილდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (მაგალითად, შემნახველმა ისარგებლა მიბარებული ნივთით, ხოლო სარგებლობის უფლება მას არ გააჩნდა). შესაბამისად ხელყოფის ფაქტის ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობა.

იუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი სიკეთე შეიძლება წარმოიშვას სამართლის ნორმის საფუძველზე ან მის გარეშე, სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ბუნებრივია არ შეიძლება გავრცელდეს ყველა სახის სამართლებრივ სიკეთეზე, რადგან, იმისათვის რომ ეს უკანასკნელი გახდეს ამ მუხლით დაცული ობიექტი, სახეზე უნდა იყოს ამმუხლით დადგენილი მთელი რიგი გარემოებები. შესაბამისად მას წაეყენება გარკვეული წინაპირობები, რომლებიც ქვემოთ დეტალურად იქნება განხილული.

ერთი შეხედვით 982-ე მუხლი შეიძლება გავრცელდეს იმ სამართლებრივ სიკეთეებზე, რომლებიც წარმოადგენს უფლებამოსილი პირის საკუთრებას, თუმცა ამას ეს მუხლი პირდაპირ არ აღნიშნავს. შესაბამისად სამართლებრივი სიკეთე შეიძლება ე.წ. აღმჭურველი ნორმის საფუძველზე აძლევდეს გარკვეული სახის უფლებას უფლებამოსილ პირს. მაგალითად 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მეუღლე და ნივთზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება, ერთი მეუღლის მიერ უძრავი ნივთის განკარგვის შემთხვევაში მეორე მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეუღლეს არ მოუხდენია თავისი უფლების რეალიზაცია და არ დარეგისტრირებულა სათანადო წესით ნივთის თანამესაკუთრედ, მას ნივთის განკარგვის შემთხვევაში მაინც რჩება განკარგვიდან მიღებული სარგებლის ნახევრის მოთხოვნის უფლება. ამ შემთხვევაში სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს როგორც თანასაკუთრების უფლება ნივთზე, ასევე მეორე მეუღლის მიერ ნივთის განკარგვის შედეგად მიღებული სარგებლიდან ნახევრის მოთხოვნის უფლება. ეს სწორედ ისეთი შემთხვევაა, როდესაც ხელმყოფის მიერ ნივთის განკარგვის მომენტში ფაქტობრივად არ ვრცელდებოდა თანასაკუთრება, რადგან მეორე მეუღლეს არ მოუხდენია თავისი უფლების რეალიზაცია და არ დარეგისტრირებულა ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, თუმცა ეს უფლება არსებობდა კანონის თანახმად. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხელყოფილი სიკეთე არ წარმოადგენდა უფლებამოსილი პირის საკუთრებას, იგი კანონის თანახმად მეორე მეუღლეს გააჩნდა კანონის საფუძველზე.

იმისათვის, რომ სამართლებრივი სიკეთე გახდეს სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილით უფლების დაცვის ობიექტი, პირველ რიგში საჭიროა სახეზე იყოს სიკეთის ხელმყოფი პირის უსაფუძვლო გამდიდრება. მართალია ეს პირობა არ გამომდინარეობს სსკ-ის 982-ე მუხლიდან, თუმცა რადგან მუხლი მოქცეულია უსაფუძვლო გამდიდრების თავში, მასზე უნდა გავრცელდეს ის წესები, რაც დადგენილია უსაფუძვლო გამდიდრებისთვის. სსკ-ის 982-ე მუხლით დაცული სიკეთე უსაფუძვლო გამდიდრების შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე თუ კონკრეტული შემთხვევა შეგვიძლია მოვარგოთ სსკ-ის 982-ე მუხლს და ამ მუხლის გამოყენების ყველა წინაპირობა არსებობს, გარდა უსაფუძვლო გამდიდრებისა, მაშინ ამ მუხლის გამოყენება არ უნდა მოხდეს.

კანონი ჩამოთვლის იმ საშუალებებს, რომლებითაც შეიძლება მოხდეს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. ესენია - განკარგვა, დახარჯვა, სარგებლობა... თუმცა კანონის მიხედვით ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, თავად მუხლი არ არის ჩაკეტილი. შესაბამისად უფლების ხელყოფა შეიძლება განხორციელდეს ისეთი საშუალებებითაც, რასაც კანონი სრულად არ ჩამოთვლის. აქედან გამომდინარე ეს მუხლი იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას.

სსკ-ის 982-ე მუხლის ფორმულირება იწყება ერთი პირის მიერ მეორე პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით. ხელყოფა ხშირ შემთხვევაში გამოიხატება უფლების დაკარგვაში, უფლების დარღვევაში, სარგებლის მიუღებლობაში... ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში სახეზე იყოს ზიანის ფაქტი, რისი მტკიცების ტვირთიც უფლებამოსილი პირის მოვალეობაა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს მიუღებელ შემოსავალშიც. მაგალითად “შემნახველმა მიბარებული ნივთით მიმბარებლის ნებართვის გარეშე ისარგებლა. მართალია ამ დროს ქონება არ დაზიანებულა და მესაკუთრის ინტერესი არ შელახულა, მაგრამ შემნახველმა თავისი სიკეთე დაზოგა სხვის ხარჯზე.”3 სსკ-ის 767-ე მუხლის თანახმად კი შემნახველს არა აქვს უფლება ისარგებლოს მისთვის მიბარებული ნივთით მიმბარებლის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში ხელყოფა იმაში გამოიხატება, რომ მოსარგებლემ ნივთის გამოყენებით გარკვეული სარგებელი მიიღო, რასაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მიიღებდა საპასუხო შესრულებით (ანაზღაურებით) უფლებამოსილი პირის მიმართ. სწორედ ასეთი საპასუხო შესრულების მიღების შესაძლებლობაში გამოიხატება სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. ამ შემთხვევაში კი მოსარგებლემ ისე მიიღო სარგებელი ნივთის გამოყენებით, რომ არცუფლებამოსილი პირის თანხმობა გააჩნდა და მისთვის არც აუნაზღაურებია მიღებული სარგებელი. სწორედ ხელყოფის შედეგად მიადგა უფლებამოსილ პირს ზიანი, რაც მიუღებელ შემოსავალში გამოიხატა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია სახეზე იყოს ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანი.

სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა უფლებამოსილი პირის თანხმობის არარსებობა ნივთის გამოყენებაზე. თანხმობა კი შეიძლება არსებობდეს წინასწარი ან შემდგომი. თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს უფლებამოსილი პირის თანხმობა და იგი სსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე განაცხადებს რომ ხელმყოფის მიერ დადებული გარიგება არ არის ნამდვილი და სსკ-ის 59-ე მუხლის (ნებართვის გარეშე დადებული გარიგება) მიხედვით მოითხოვს მის ბათილობას. მაგრამ თუ დავუკვირდებით სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არსს, მაშინ მივხვდებით რომ სამართლებრივი სიკეთის განკარგვის დროს ეს მუხლი შეიძლება გავრცელდეს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილ პირს არ შეუძლია შეეცილოს ხელმყოფის მიერ მესამე პირთან დადებულ გარიგებას. ანუ სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენებისას ხელმყოფის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგება ნამდვილია და მესამე პირი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, რაც შეეხება ხელმყოფს, იგი შეიძლება არაკეთილსინდისიერადაც მოქმედებდეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილ პირს გააჩნია უფლება მოითხოვოს ხელმყოფის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგების ბათილობა, მაშინ უფლებამოსილი პირის შეცილების საფუძველი იქნება გარიგების ბათილობა და არა ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად აღარ დადგება სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენების აუცილებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სამართლებრივი სიკეთის განკარგვისას ვრცელდება ისეთი სახის გარიგებებზე, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული არ არის უფლებამოსილი პირის თანხმობაზე.

რაც შეეხება 982-ე მუხლის მე-2 ნაწილს, აქ ისეთი შემთხვევა გვაქვს სახეზე, როდესაც უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს ხელმყოფის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგების ბათილობა, ხოლო მისი გაბათილების შემდეგ შეუძლია ხელმყოფს მოსთხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება. დაუყოვნებლივ ანაზღაურებას შესაძლოა ფართო ინტერპრეტაცია გავუკეთოთ, თუმცა საჭიროა მისი სწორი განმარტება. თუ გაბათილებული გარიგების შედეგად გადაცემული იყო უფლებამოსილი პირის კუთვნილი ნივთი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც უფლებამოსილ პირს ნივთი უკან უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად ნივთის უკან დაბრუნებისა, უფლებამოსილ პირს შეიძლება წარმოეშვას ზიანი. ზიანი კი შესაძლოა მიუღებელ შემოსავალშიც გამოიხატოს. დაუყოვნებლივ ანაზღაურებაში შეიძლება მოვიაზროთ ისეთი ზიანიც, როდესაც გარიგების ბათილობის შემდგომ შეუძლებელია ნივთის უკან დაბრუნება, შესაბამისად ხელმყოფს ეკისრება ამ ნივთის ღირებულების ფულადი თანხით ანაზღაურება.

საინტერესოა მიმოვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა მუხლი სსკ-ის 982-ე მუხლთან მიმართებაში. კერძოდ კი გამოვყოფ სსკ-ის 1160-ე მუხლს. საკითხს, რომელიც შეეხება ერთ-ერთი მეუღლის მიერ საერთო თანაზიარ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გარიგების დადებას მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე, დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლთან დაკავშირებით. სსკ-ის 1160-ე მუხლის მიხედვით ერთი მეუღლის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორე მეუღლის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: მან არ იცოდა გარიგების შესახებ ან არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი. რეალურად პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე დებს საერთო თანაზიარ საკუთრებაზე მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე ისეთ გარიგებას, რომლიდანაც იგი სარგებელს არ იღებს. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს ჩუქება, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვა... ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ქონების განმკარგავი მეუღლე არაკეთილსინდისიერად მოქმედებდეს და ამის შედეგად მოხდეს მეორე მეუღლის საკუთრების ხელყოფა. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? შეუძლია თუ არა მეორე მეუღლეს მოითხოვოს სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება ქონების განმკარგავი მეუღლისგან? ამაზე პასუხი არის, რომ მას შეუძლია მოითხოვოს მეორე მეუღლისგან ზიანის ანაზღაურება, რომელიც შეადგენს ქონების ღირებულების ნახევარს. აქ შეიძლება დაისვას კითხვა, რაში გამოიხატება ქონების განმკარგავი მეუღლის უსაფუძვლო გამდიდრება? უსაფუძვლო გამდიდრება გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მან განკარგა სხვისი ქონება და დაზოგა თავისი, ეს ყოველივე კი მას გაცნობიერებული ჰქონდა და ითვალისწინებდა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც დადგებოდა ამ გარიგების შედეგად. ამავე დროს უნდა არსებობდეს სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენების ყველა წინაპირობა.

სსკ-ის 982-ე მუხლთან მიმართებაში ინტერესს იწვევს გადახდის განვადებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობების განხილვა. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა, რომ შემძენი საკუთრების უფლებას შეიძენს მას შემდეგ, რაც სრულად გადაიხდის ნასყიდობის ფასს, ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლება მას შემდეგ გადავა, რაც მყიდველი სრულად დაფარავს ნასყიდობის საფასურს. მანამდე კი მყიდველი არ ჩაითვლება მესაკუთრედ, მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის საგანი მის მფლობელობაშია.

პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მყიდველი განკარგავს ნასყიდობის საგანს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას სრულად არ დაუფარავს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხა. ასეთ დროს ნასყიდობის საგნის განმკარგავი პირი არაუფლებამოსილია, ხოლო შემძენი მესამე პირია. სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მესამე პირის კეთილსინდისიერების ფაქტს. კეთილსინდისიერების ფაქტი კი განსხვავებულად წყდება უძრავ ნივთებსა და მოძრავ ნივთებს შორის წარმოშობილი ურთიერთობებიდან. თუ დადგინდა მესამე პირის კეთილსინდისიერება, მაშინ უფლებამოსილი პირი ვერ მოითხოვს არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებული გარიგების გაუქმებას. შესაბამისად მას შეუძლია დაეყრდნოს სსკ-ის 982-ე მუხლს და მოსთხოვოს არაუფლებამოსილ პირს მისი თანხმობის გარეშე დადებული გარიგებიდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხოლო თუ დადგინდა მესამე პირის არაკეთილსინდისიერების ფაქტი, უფლებამოსილი პირი სხვა საფუძვლით მოითხოვს ნასყიდობის საგნის დაბრუნებას.

სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობა დგება სსკ-ის 197-ე მუხლში მოხსენიებული წინაპირობების არსებობისას. მაგალითად თუ სსკ-ის 194-ე მუხლის თანახმად მოძრავი ნივთების გადამუშავების შედეგად ისინი ერთმანეთს შეერწყნენ და თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით მიჩნეულია მთავარ ნივთად, მაშინ მისი მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრების უფლებას საკუთვნებელზედაც. სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი პირს, რომელიც სსკ-ის 193-195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. სსკ-ის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ ამ მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი გარიგების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა მესამე პირს, მაშინ უფლებამოსილ პირს მესამე პირის (შემძენის) მიმართ მოთხოვნა არ წარმოეშობა. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა გავცდეთ სანივთო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებს და გამოვიყენოთ სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვითაც უფლებამოსილ პირს (ვისი ქონების გადამუშავებაც მოხდა) წარმოეშობა მოთხოვნა ქონების განმკარგავი პირის მიმართ, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. ამ შემთხვევაში სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა გამოიხატება იმაში, რომ დაირღვა უფლებამოსილი პირის საკუთრების უფლება და მას ამის სანაცვლოდ არ მიუღია შესაბამისი კომპენსაცია.

საინტერესოა განვიხილოთ სსკ-ის 982-ე მუხლი უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელების დროს. კერძოდ კი, როდესაც ვალდებული პირი უფლებამოსილი პირისათვის ცნობების გარეშე განკარგავს ნივთს, რომელზეც ვალდებულ პირს გააჩნდა უპირატესი შესყიდვის უფლება. ამ შემთხვევაში სახეზეა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რაც გამოიხატა უფლებამოსილი პირის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლების დაკარგვაში. ასეთი უფლების დაკარგვის დროს ბუნებრივია უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ედავოს ვალდებულ პირს, თუმცა საინტერესოა რა საფუძვლით? ფაქტია რომ იგი ვერ დაიწყებს დავას ასეთი გარიგების ბათილობაზე, რადგან ქონების განკარგვა ვალდებული პირის შეუტყობინებლად არ იწვევს გარიგების ბათილობას, ვინაიდან ამას კანონი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილის გამოყენების წინაპირობებს, სახეზე უნდა იყოს უფლებამოსილი პირისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, რისი მტკიცების ტვირთიც ამ უკანასკნელს აკისრია. თუმცა საკითხავია, უფლებამოსილი პირის კუთვნილი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით გამდიდრდა თუ არა უსაფუძვლოდ ვალდებული პირი. სწორედ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ დგინდება უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი, შესაბამისად ამ კონკრეტული შემთხვევისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ის 982-ე მუხლი. უფლებამოსილ პირს ისღა დარჩენია დაამტკიცოს ზიანის მიყენების ფაქტი და იდავოს ზიანის ანაზღაურების საფუძვლით სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

აქვე ავღნიშნავ, რომ წინამდებარე ნაშრომში მოყვანილი ურთიერთობები მცირედი ჩამონათვალია, რაც შეიძლება წარმოიშვას სსკ-ის 982-ე მუხლთან დაკავშირებით.

დასკვნა

 

უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სსკ-ის 982-ე მუხლს. ეს მუხლი იცავს უფლებამოსილ პირს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებით. იმისათვის რომ სამართლებრივი სიკეთე გახდეს სსკ-ის 982-ე მუხლით დაცული ობიექტი, საჭიროა სახეზე იყოს ამ უკანასკნელით გათვალისწინებული მთელი რიგი პირობები. სამართლებრივი სიკეთე წარმოადგენს სამართლის ნორმით დაცულ ობიექტს, თუმცა სამართლებრივი სიკეთე შეიძლება არსებობდეს სამართლის ნორმის გარეშეც, მაშინ როცა დაშვებულია კანონმდებლის ხარვეზი და არ არის მოწესრიგებული ისეთი ურთიერთობა, რომელიც სოციალური თვალსაზრისით მოითხოვს სამართლებრივ რეგულირებას.

მოცემულ თემაში განხილული საკითხებიდან გამოიკვეთა, რომ არ არის აუცილებელი ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდეს უფლებამოსილ პირს, შესაძლოა რომელიმე სამართლის ნორმა ანიჭებდეს გარკვეული სახის უფლებებს უფლებამოსილ პირს.

იმისათვის რომ სამართლებრივი სიკეთე გახდეს სსკ-ის 982-ე მუხლით დაცული ობიექტი, სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგად სახეზე უნდა იყოს ხელმყოფის უსაფუძვლო გამდიდრება, ამავე დროს უფლებამოსილ პირს ეკისრება ხელყოფის შედეგად მიყენებული ზიანის დამტკიცების ფაქტი. ამ კომპონენტების არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვისაუბროთ სსკ-ის 982-ე მუხლის გამოყენებაზე. ასეთ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია იდაოს სამოქალაქო ნორმების სხვა მუხლებზე დაყრდნობით – სხვა საფუძვლით.

სამართლებრივი სიკეთის ხელყოფაში შეგვიძლია მოვიაზროთ საკუთრების ან სხვა რაიმე უფლების დაკარგვა, სარგებლის მიუღებლობა, უფლების დარღვევა... მისი სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია, რადგან იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული გარემოების დროს.

თემაში მოყვანილი მაგალითებიდან გამოიკვეთა, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ სამართლებრივი სიკეთის განკარგვისას სსკ-ის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ვრცელდება ისეთი სახის გარიგებებზე, რომელთა ბათილობის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია უფლებამოსილ პირს, ანუ ხელმყოფის მიერ მესამე პირთან დადებული გარიგება ნამდვილია. რაც შეეხება სსკ-ის 982-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ეს მუხლი ვრცელდება ისეთი სახის ურთიერთობებზე, როცა უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების ბათილობის მოთხოვნა.

 

ციტირებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,   მე-4  წიგნი,  მე-2  ტომი (ქ.   თბილისი:  გამომცემლობა “სამართალი”, 2001 წ.) გვ. 353
  2. გიორგი გ. თუმანიშვილი, შესავალი საქართველოს კერძო სამართალში (ქ. თბილისი, 2009 წ) გვ. 22
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,   მე-4  წიგნი,  მე-2  ტომი (ქ.   თბილისი:  გამომცემლობა

“სამართალი”, 2001 წ.) გვ 367

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მე-4 წიგნი, მე-2 ტომი (ქ. თბილისი: გამომცემლობა “სამართალი”, 2001 წ.)
  2. გიორგი გ. თუმანიშვილი, შესავალი საქართველოს კერძო სამართალში (ქ. თბილისი, 2009 წ)

განმარტებები

სამართლის ნორმა – სამართლის ნორმა აწესრიგებს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს შორის წამოჭრილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

განკარგვა – განკარგვა გულისხმობს გაყიდვას, გაქირავებას, იჯარით გადაცემას, უფლებრივად დატვირთვას...

ჩაკეტილი ნორმა – ეს ისეთი ნორმაა, რომელშიც გარკვეული სახის ჩამონათვალი ამომწურავია. აღმჭურველი ნორმა – ეს ისეთი სახის ნორმაა, რომელიც პირს ანიჭებს გარკვეული სახის უფლებას.

უფლებამოსილი პირის – 982-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილ პირად ითვლება ის პირი, რომლის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას ახდენს ხელმყოფი.

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Sunday the 26th.