პასუხი კითხვაზე რა არის განმანათლებლობა


მათე თევზაძე  გადმოსაწერი ვერსია

განმანათლებლობას განმარტავენ, როგორც მე-18 საუკუნის ევროპის ფილოსოფიურ, ლიტერატურულ და საზოგადოებრივ მიმდინარეობას. ამ პერიოდის მოაზროვნეები ცდილობდნენ, რომ რელიგიებისა და ტრადიციების მოთხოვნებისაგან დამოუკიდებლად ეაზროვნათ და მხოლოდ გონების კრიტიკული ანალიზის შედეგად გამოეტანათ დასკვნები სამყაროში არსებული რეალობისა თუ უბრალოდ ნებისმიერი სადავო საკითხის შესახებ.

ეს ინტელექტუალურ-საზოგადოებრივი მოძრაობა ცდილობდა განთავისუფლებულიყო შუა საუკუნეების და შემდგომი პერიოდის დოგმატური ფილოსოფიის მკაცრი ჩარჩოებისაგან, რომელიც ხშირად სახელმწიფოსა თუ ეკლესიის მხრიდან ხორციელდებოდა.

განმანათლებლობის აზროვნების წესსა და ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა ორი ძირითადი მიმდინარეობა: რაციონალიზმი და ემპირიზმი. რაციონალიზმს სათავე დაუდო ცნობილმა ფრანგმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და მოაზროვნემ რენე დეკარტმა; მისივე ცნობილი სიტყვებია: ’’ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ’’1; ემპირიზმის ფუძემდებელი იყო ინგლისელი მეცნიერი ფრენსის ბეკონი. მისი აზრით, ბუნებისა და, ზოგადად, გარემომცველი რეალობის შემეცნება შესაზლებელი იყო ცდისეულად, ანუ ემპირიულად; ამ დროს, რაციონალისტები შემეცნების იარაღად მკვეთრად გონებას ანიჭებდნენ უპირატესობას. ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I’’ ჩვენ გავეცანით რამდენიმე გამორჩეულ, განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსების კონკრეტულ ნაშრომებს, მათ შორის, ჯონ ლოკის, ჟან ჯაკ რუსოს ( მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ ეპოქის შვილი იყო, მას ხშირად არც თვლიან მხოლოდ და მხოლოდ განმანათლებლად), ადამ სმითისა და სხვ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად ისინი ემპირიზმის მიმდევრები გახლდნენ, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ასე ცალსახად ვერც ვისაუბრებთ.

ემპირისტებისა და რაციონალისტების ასეთი მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, ასპარეზზე გამოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მოაზროვნე -იმანუელ კანტი, რომელიც თანამედროვე ფილოსოფიის ვექტორს კრიტიკული აზროვნებისაკენ მიმართავს. რა თქმა უნდა, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ კანტამდელ ფილოსოფიას კრიტიკულობა არ გააჩნდა ან იგი ძალზე მცირე იყო მაშინდელ ლიტერატურაში; თუმცა კანტის შემოქმედებაში მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

იმანუელ კანტმა სცადა და მოახერხა კიდეც ის, რომ ფილოსოფია ემპირისტებისა და რაციონალისტების დაპირისპირებით შექმნილი ჩიხიდან ნაწილობრივ მაინც გამოეყვანა. იგი არ აკნინებს გონების როლს შემეცნების, ანუ განმანათლებლობის პროცესში, თუმცა გამოყოფს და აღნიშნავს იმ თეზისსაც, რომ გარემომცველი სინამდვილის სრულად შემეცნება ჩვენი გონებისათვის შეუძლებელია და მიუწვდომელია. მიუხედავად იმისა, რომ მეტეფიზიკურ სამყაროს მეცნიერულად ვერ შეიმეცნებ, კანტის აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი არა არსებობს. მისი თვალთახედვით, მეტაფიზიკა უნდა განვიხილოთ, როგორც ზნეობის ნაწილი, ამ უკანასკნელს კი კანტი დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ეთიკური არსებობის საკითხში, რომელსაც განიხილავს მის მეორე ფუნდამენტურ ნაშრომში ’’პრაქტიკული გონების კრიტიკა’’ (1788). არ შეიძლება არ ვახსენოთ კანტის კიდევ ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესზე. ესენია: ’’წმინდა გონების კრიტიკა’’ (1781) და ’’მსჯელობის უნარის კრიტიკა’’ (1790).

წინარე შესავალი ჩავთვალე, რომ უკეთესად გადმოსცემდა ჩემს ნააზრევს 1784 წელს ბერლინის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის მიერ გამოქვეყნებული საპრემიერო კითხვის: ’’რა არის განმანათლებლობა’’ და მისდამი კანტის ცნობილი პოზიციის (პასუხის) შესახებ.

’’განმანათლებლობა - ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია.’’2 - ასე იწყებს გერმანელი მოაზროვნე მის პასუხს განმანათლებლობის შესახებ. ის იყენებს ამ ეპოქის მთავარ ლოზუნგად წოდებულ ძველ ლათინურ გამონათქვამს: ’’Sapere Aude! გაბედე საკუთარის განსჯის გამოყენება! - ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი.’’3უნდა ითქვს, რომ ამ ფრაზას პირველად გადმოგვცემს რომაელი ფილოსოფოსი და პოეტი ჰორაციუსი ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში თავის ’’წერილებში’’ (’’ Epistles’’).

კანტი უმწიფრობის მთავარ მიზეზებად ასახელებს სიზარმაცესა და სილაჩრეს და არა განსჯის უნარის ნაკლებობას. ის ასევე დასძენს, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანთათვის, სამწუხაროდ, კომფორტულია. მისი თქმით, თუ ჩვენ გვექნება წიგნი, რომელიც განსჯასა და აზროვნებას შეგვიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გაგვიწევს და ექიმი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი კვების რეჟიმსა და ყოველდღიურ რუტინას, მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ დაგვჭირდება და ვერ ვიქნებით თავისუფლად მოაზროვნე ქმნილებები, გონიერი არსებები. ’’არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა - სხვები ჩემ მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს.’’4 ამ შემთხვევაში, კანტის ეს მოსაზრება შეგვიძლია დავუკავშიროთ ქრისტიანულ სწავლებასა და პრინციპებს, სადაც ადამიანის ერთ-ერთი საუნჯე ისაა, რომ მას აქვს მინიჭებული თავისუფალი ნება და, შესაბამისად, იგი მოაზროვნე არსებაა. კანტი არ უარყოფს არც მოძღვარს, არც წიგნს და არც ექიმს, უბრალოდ იგი თვლის, რომ ეს ყოველივე ჩვენი განსჯისა და კრიტიკული აზროვნების დახმარებით უნდა მივიღოთ და არა ისე, როგორც მექანიკურმა მანქანებმა.

კანტი თვლის, რომ იმ ადამიანებს, რომლეთაც იგი ’’მეურვეებად’’ მოიხსენიებს, აწყობთ ხალხის უმწიფრობის მდგომარეობაში დარჩენა და ცდილობენ რომ ნაბიჯი სიმწიფისაკენ, ანუ ზრდასრულობისაკენ მათთვის (ხალხისათვის) საშიშად და არასახარბიელოდ გამოიყურებოდეს. ავტორი მეტაფორულად იმასაც გვიხსნის, რომ არც ისეთი საშიშია წაქცევა, რადგან რამოდენიმე დაცემით ისინი სიარულს ისწავლიან, ანუ თავისუფალ აზროვნებასა და განსჯას.

კენიგსბერგელი ფილოსოფოსის აზრით, აღსანიშნავია ის ასპექტიც, რომ ადამიანისათვის ’’უმწიფრობის ბორკილების’’ ახსნა და მისგან დამოუკიდებელი არსებობა საკმაოდ ძნელია, რადგან თითოეულ ადამიანს ღრმად აქვს ფესვები გადგუმული ამ მდგომარეობაში და ’’ამიტომაც ცოტანი არსებობენ, რომლებმაც საკუთარ გონზე მუშაობით წარმატებას მიაღწიეს უმწიფრობიდან გამოღწევისა და მტკიცე ნაბიჯების გადადგმის საქმეში.’’5თუმცა უნდა ითქვას, რომ კანტი ფრიად ოპტიმისტურად უყურებს საზოგადოების თვითგანათლების საკითხს: ’’მაგრამ ის, რომ საზოგადოებამ საკუთარი თავი გაანათლოს, უფროა შესაძლებელი; მეტიც, თუ მას თავისუფლება მიეცემა, ეს თითქმის გარდაუვალია.’’6 ეს კი, ავტორის აზრით, მოხდება მაშინ, როდესაც ამ ’’მეურვეებს’’ შორის გამოჩნდება რამდენიმე საღად და თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომლებიც საკუთარი უმწიფრობიდან გამოსვლის შემდეგ, თანამოძმეთაც მოუწოდებენ და გაავრცელებენ თავისუფლების ამ იდეალებს მათში.

განმანათლებლობა მიღწევადი, თუმცა რთული პროცესია და ამიტომ საზოგადოება მხოლოდ ნელ-ნელა შეძლებს ამ მდგომარეობის მიღწევასა და უმწიფრობიდან გამოსვლას. მიუხედავად კანტის პრინციპულობისა, იგი მაინც ფრთხილად ეკიდება პოლიტიკაზე საუბარს, რათა არ გააღიზიანოს პრუსიის მაშინდელი მეფე ფრიდრიხ II, რომელსაც იგი საკმაოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებს და განმანათლებლობის მხარდამჭერ მმართველსაც უწოდებს.

კანტის მიერ განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია გონების კერძო და საჯარო მოხმარება; აქედან იგი თვლის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გონების საჯარო მოხმარების შეზღუდვა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ადამიანებს შორის განმანათლებლობის მოტანა. რაც შეეხება მის კერძო მოხმარებას, ამ შემთხვევაში, ფილოსოფოსის აზრით, განმანათლებლობას საფრთხე არ ემუქრება, თუნდაც იგი რაღაც მხრივ შეზღუდულიც იყოს. ’’საკუთარი გონების საჯარო მოხმარებაზე საუბრისას ვგულისხმობ გონების ისეთ გამოყენებას, რომელსაც ადამიანი როგორც მეცნიერი მიმართავს მთელი მკითხველი საზოგადოების წინაშე. კერძო მოხმარებას კი იმას ვუწოდებ, რომელასაც მან მასზე მინდობილ სამოქალაქო პოსტსა ან თანამდებობაზე საკუთარი გონების გამოყენებისას შეიძლება მიმართოს.’’7; ამიტომ, სწორედ გონების საჯარო გამოყენებისას არის ადამიანი პასუხისმგებელი კაცობრიობისა და საკუთარი თავის წინაშე იმაზე, თუ რამდენად თავისუფალია მისი მსჯელობა და რამდენადაა იგი შეზღუდული გარეშე, აზროვნებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან. დამატებით, იმანუელ კანტი იმასაც აღნიშნავს, რომ როდესაც გონების პრაქტიკული გამოყენებისას აწყდები შინაგანი ზნეობისათვის მიუღებელ, ანუ როგორც ამას თვითონ უწოდებს, ’’შინაგანი რელიგიის’’ საწინააღმდეგო პრინციპებს, მაშინ შენი საქციელი აღარ იქნება მორალურად გამართლებული და შესაბამისი გონების საჯარო გამოყენებისას მიღებული პრინციპებისა; ამ შემთხვევაში ’’მას არ შეეძლება სინდისიერად შეასრულოს საკუთარი სამსახური და ის უნდა დატოვოს.’’8

გონების საჯარო და კერძო გამოყენებათა განსხვავებით, კანტი უარს ამბობს სახელმწიფოსადმი დაუმორჩილებლობაზე, რომელიც გამოიხატება გადასახადთა არ გადახდით და სხვ. მისი აზრით, ასეთი დაუმორჩილებლობა ვერ მოიტანს ჭეშმარიტ განმანათლებლობას. ’’რევულუციით ალბათ შეიძლება პიროვნული დესპოტიისა და მოგებასა ან ბატონობაზე მიმართული ჩაგვრის დამხობა, მაგრამ არასოდეს - ნამდვილი აზროვნების წესის რეფორმა’’9.

როდესაც კანტი სვამს კითხვას, რომ ცხოვრობენ თუ არა იგი და მისი თანამედროვენი განათლებულ ეპოქაში; თვითონვე ცალსახად პასუხობს მას, რომ არ ცხოვრობენ, თუმცა იმას კი დასძენს, რომ ეს განმანათლებლობის ეპოქაა. უნდა გამოვყოთ ის ასპექტიც, რომ განმანათლებლობის მთავარ საკითხად კანტი მაინც რელიგიის სფეროს მიიჩნევს, რადგან ხელოვნებათა და მეცნიერებებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მმართველებს, ანუ ’’მეურვეებს’’ არ აქვთ დიდი ინტერსი მათი კონტროლისა. ამას გარდა, კანტი უმწიფრობას რელიგიურ საკითხებში ყველაზე საზიანოდ და ღირსების შემლახავად მიიჩნევს. რელიგიურ, ანუ რწმენის თავისუფლებას ავტორი არა მხოლოდ ამ ნაშრომში, არამედ მის სხვადასხვა შრომებში ნათლად უსვამს ხაზს ამ საკითხს. შეიძლება ვთქვათ, რომ რწმენა ზუსტად ის გონებრივი თუ მეტაფიზიკური სივრცეა, სადაც რაციონალური გონება ვერ წვდება და ვერ განიხლავს მას მეცნიერული გაგებით, ანუ ვერ შეიმეცნებს მას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ის ძირითადი საკითხები, რასაც კანტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა განმანათლებლობის განმარტებისას; თავდაპირველად, შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ ’’განმანათლებლობა - ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია.’’2 - ეს ფრაზა ლაიტმოტივის მსგავსად გასდევს მთელ ტექსტს. აქ მნიშვნელოვანი ის საკითხიცაა, რომ კანტი უმწიფრობას თვითონვე ადამიანს აბრალებს და არ ცდილობს ამ ადამიანთა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის სხვა რამისთვის გადაბრალებას. იგი აღნიშნავს, რომ ამ უმწიფრობის მთავარი მიზეზია სილაჩრე, სიზარმაცე და გაუბედავობაა. ასევე გამოყოფს იმ საკითხს, რომ საზოგადოების თვითგანათლება უფრო ადვილია ვიდრე ცალკეული ადამიანებისა, თუმცაღა ამის მაგალითებსაც ვხვდებით იშვიათად. იგი მიჯნავს ერთმანეთისაგან გონების კერძო და საჯარო გამოყენებასაც, რომლითაც ხსნის ბუნტისა და რევულუციების არააუცილებლობას და ასევე წარმოგვიდგენს გონების გამოყენების ორ განსხვავებულ ასპექტს. ბოლოსკენ, იგი მნიშვნელოვნად თვლის აღნიშნოს რელიგიის სფეროს თავისუფლების მნიშვნელოვნობა, რომელიც მეცნიერებასა და ხელოვნებასთან შედარებით უფრო კონტროლდება ’’მეურვეთა’’ და სახელმწიფოსა თუ ეკლესიის მმართველთა მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიის ისტორიკოსთა თვალსაზრისით, იმანუელ კანტი არც თუ ძალიან კარგად იცნობდა ანტიკურსა და შუა საუკუნეების ფილოსოფიას (რა თქმა უნდა, ეს ვერანაირად ვერ აკნინებს მის უდიდეს წვლილს ზოგადად ფილოსოფიის ისტორიაში თუ თანამედროვე კულტურაში), მაინც შეიძლება დავინახოთ ის, თუ როგორ ეხმიანება პლატონის შეხედულებები განათლების შესახებ მის აზრებს. ამ ყველაფერს უფრო კარგად გავაცნობიერებთ თუ მოვიყვანთ პლატონის ე.წ. ’’გამოქვაბულის მითს’’10; პლატონისათვის განმანათლებლობა ზუსტად იმ წყვდიადიდან გამოსვლაა, სადაც მხოლოდ საგანთა ანარეკლებსა და ჩრდილებს ვხედავთ, რადგანაც მიჯაჭვულნი ვართ ბორკილებით გამოქვაბულის კედლებს. ამას კანტთან შეესაბამება უმწიფრობის ცნება, რომელიც, ასევე, ბორკავს ადამიანებს რომ განათლდნენ და დაიწყოს მათში განმანათლებლობის პროცესი. ორივე მათგანთან ამ ბორკილებისაგან თავის დახსნის პროცესი საკმაოდ რთულია და იგი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. საბოლოოდ კი ადამიანები, ვინც მიაღწვენ მეტ-ნაკლებად მაინც განათლებულობას, ანუ პლატონთან ეზიარებინ მუდმივ იდეებს, შემდგომში იწყებენ ამ თავისუფლების სხვათათვის გაზიარებასა და გავრცელებას. რასაკვირველია, არის განსხვავებული ასპექტები და შეხედულებები ადამიანის გონების ჭეშმარიტი თავისუფლების შესახებ მათ თვალთახედვათა შორის; თუმცა ამ თავისუფლებას ორივე მათგანი აღიარებს და მისკენ მიისწრაფის კიდეც; ალბათ სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ ორი უდიდესი მოაზროვნის ღვაწლი კაცობრიობის წინაშე შეუცვლელი და ეპოქალურია.

ამ კითხვას ’’რა არის განმანათლებლობა?’’ შემდგომში სხვადასხვა ავტორებმა გასცეს განსხვავებული პასუხები და განიხილეს იგი სხვადასხვა ჭრილში, როგორც პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა და ა.შ. მაგრამ მათგან იმანუელ კანტის ნააზრევთან ყველაზე ახლოა მიშელ ფუკოს პასუხი, რომელიც გარკვეულწილად კანტის ნააზრევსაც ეყრდნობა და იმეორებს და განავრცობს იმ აზრს, რო განმანათლებლობა უფრო მეტად ეგზისტენციალური მოვლენა იყო ვიდრე პოლიტიკური და მან კანტის მეშვეობით დასაბამი მისცა კრიტიკული ფილოსოფიისა და აზროვნების მეტად განვითარებას, რაც ალბათ განმანათლებლობის მართლაც ღირსეული მონაპოვარია.

ასე რომ, ცნობილი ლათინური ფრაზა ’’Sapere Aude!’’ კარგი მოწოდებაა იმისა, რასაც კანტი გვაწვდის ამ კონკრეტულ ნაშრომში და ალბათ მის სხვა ფილოსოფიურ თხზულებებშიც, რადგან კრიტიკული აზროვნება, თავისთავად, არა რაიმეს აუცილებელ უარყოფას, არამედ მასზე გაბედულ და მიუკერძოებულ მსჯელობასა და აზროვნებას ნიშნავს.

იმანუელ კანტის მიხედვით

საინჟინრო ფაკულტეტი: „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ I კურსის ბაკალავრი:

ლექტორი: თენგიზ ვერულავა

ასისტენტი: თამაზ თოხაძე

2012-2013 წლის შემოდგომის სემესტრი

გამოყენებული ლიტერატურა:

ივან მარტინი. ფილოსოფიის ისტორია (წიგნი I). სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი, სამოქალაქო განათლების განყოფილება. თბილისი 2008. თარგმნა იტალიურიდან მარიკა სააკაშვილმა.

2;3;4;5;6;7;8;9. ი.კანტი ’’პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?’’ ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I’’ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა;

10. პლატონი ’’სახელმწიფო’’ მე-7 წიგნი. ’’შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I’’ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა;

11. ვიდეო ლექცია იმანუელ კანტზე, პროფ. გურამ თევზაძე.

Friday the 28th.