optionen handel.

ჩვენი ღირებულებები

ნინო ბაისონაშვილი  გადმოსაწერი ვერსია

საზოგადოების ღირებულებათა კვლევა სახელწოდებით “ჩვენი ღირებულებები” დაიგეგმა და ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ კურსის “სამოქალაქო განათლება” ფარგლებში (კურსის ხელმძღვანელი ნ. ჭიაბრიშვილი) და მასში მონაწილეობა მიიღო 11 უნივერსიტეტმა და 534 რესპოდენტმა, რომელთა ასაკი 18–25 წელია.

რესპოდენტთა ანონიმურობა საშუალებას გვაძლევს ვირწმუნოთ მათი გულახდილობა და, შესაბამისად, კვლევის შედეგების ობიექტურობა და სანდოობა.

რესპოდენტებისათვის შეთავაზებული კითხვარი 11 კითხვისაგან შედგებოდა და მათ ონლაინ რეჟიმში შეეძლოთ თავიანთი მოსაზრების გამოხატვა. მონაცემთა თავმოყრისათვის გამოვიყენეთ www.webanketa.com–ის მიერ შემუშავებული ძალზე მოხერხებული სისტემა.

საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში ღირებულებათა კვლევამ არაერთგვაროვანი და საგულისხმო შედეგები აჩვენა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქართველი სტუდენტების მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეულ ღირებულებათა სპექტრი აშკარად ჩამოყალიბებული აქვს, რაც საზოგადოებრივი დესტერეოტიპიზაციის შესახებაც გვაძლევს თავისებურ მინიშნებებს. მაგალითად: თბილისში მდებარე 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის 534 გამოკითხული სტუდენტი ტრადიციებს შორის ყველაზე ადვილად უარს ქელეხზე ამბობს (გამოკითხულთა 67.56%). სიმპტომატურია, რომ ქელეხის შემდეგ გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ქალიშვილობის ინსტიტუტს ასახელებს (31.09%). რესპოდენტების საშუალო ასაკი 18-25 წელს შორის მერყეობდა და ყველაზე მაღალი აქტივობით 21 წლის სტუდენტები გამოირჩნენ (27.32%).

რაც შეხება თავად უნივერსიტეტებს, კვლევაში მონაწილეობის მიღების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფიქსირდა 18.43%, რაც შეიძლება მიეწეროს ფაქტს, რომ ღირებულებათა კვლევის ინიციატივა სტუდენტებს შორის ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. ილიას უნივერსიტეტის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უმნივერსიტეტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 16.31%. აქტივობის თვალსაზრისით, გამოკითხულთა მიხედვით მესამე პოზიციაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია 15.36%, რასაც მოსდევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11.32%

მართალია გენდერული თანასწორობის იდეას მხარს გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა უჭერს 61.8%, თუმცა აქ არსებითია იმ ფაქტორის გათვალისწინებაც, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მდედრობითი სქესის წარმომადგენელია 66.17%, რაც უფრო მეტად მეტყველებს გენდერული თანასწორობის მიმართ ქალების დამოკიდებულებაზე, ვიდრე მამაკაცებისაზე. გამოკითხულთა 69.7% მიიჩნევს, რომ ქალებს ნებაყოფლობით ჯარში სამსახურის გავლის უფლება უნდა ჰქონდეთ და პასუხის გაცემა მხოლოდ 11.71%-ს უჭირს, ხოლო ამ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი აზრი მხოლოდ 18.59%-ს აქვს.

განსხვავებით გენდერული საკითხებისგან, სადაც რთულია გადაჭრით დასკვნის გამოტანა და შედეგებისთვის ცალსახა შეფასებების მიცემა, უნდა ითქვას, რომ ადამიანის სხვა უფლებებისა და თავისუფალი თვითგამოხატვის კუთხით საკითხი შედარებით მარტივად დგას. მსგავსი თემების წამოწევისას, ბუნებრივია, გენდერი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ფოკუსი ხდება საზოგადოება, რომელიც გარკვეულ პოზიციაზე დგას უცირესობების და ადამიანის ფუნ– დამენტურ უფლებებთან თუ თავისუფლებებთან მიმართებით. რესპოდენტთა 82% აღიარებს ადამიანის უფლებათა უნიკალური დეკლარაციის შესავალ დებულებას და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია და არავის აქვს მისი ღირსების და პატივის ხელყოფის უფლება. 68.91% უმცირესობათა თვითგამოხატვის უფლებას ცნობს. დასავლური კულტურის უდიდეს მონაპოვრად 34.91%-ით ადამიანის უფლებები აღიარეს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სტუდენტების ღირებულებითი სისტემის ცვლილებაზე, ტრადიციების მიმართ მათი არც თუ მგრძნობიარე დამოკიდებულება მოწმობს მათი გონების ადაპტაციას ცივილიზებული სამყაროს სხვა მონაპოვართან: მაგალითად დემოკრატია, ტოლერანტობა, თანასწორობა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება და სხვა. ადამიანის უფლებებს წესრიგის, თვითგამოხატვის უფლების და საჯარო მართვაში მონაწილეობისთვის მინიჭებული პრიორიტეტები მოსდევს.

რაც შეეხება სტუდენტების ხედვას საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ, შეიძლება ითქვას, აქაც აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს იმ სიკეთეებთან, რასაც ისინი ვესტერნული კულტურის მონაპოვრად აფასებენ. ესაა ისევ ადამიანის უფლებები, თავისუფალი თვითგამოხატვა და კანონის წინაშე თანასწორობა ყველაზე მაღალი, 66.41 %-ით, შემდეგ მოდის ტოლერანტობა, ქველმოქმედება, სოლიდარობა და მოხალისეობა (14.4%). მართალია, შეკითხვაზე “ყოფილხართ თუ არა მოხალისე“ გამოკითხულთა 52.4% უარყოფითად პასუხობს, თუმცა 47.6% ადასტურებს, რომ აქვს მოხალისეობის პოტენციალი.

როგორია სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა სამოქალაქო საზოგადოებისთვის: პირველ ადგილზე ისინი კანონის წინაშე თანასწორობას აყენებენ 75.23%, შემდეგ თავისუფალი თვითგამოხატვას 61.64%, კანონმორჩილება 53.45%, ქველმოქმედება 48.04% სოლიდარობა 46.74%, სიმპტომატურია მოხალისეობისთვის მინიჭებული კოეფიციენტი, მხოლოდ 23.46%. სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების შესახებ დასმული კითხვა კვეთს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს: ქართველი სტუდენტების სულ უფრო მზარდი ნაწილი იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლური სამყაროს მონაპოვარს: სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონისადმი პატივისცემა, რაც, ფაქტობრივად, იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს ახლო წარსულში. სიმპტომატურია, ასევე კვლევის შედეგები, რომელმაც მოხალისეობის დაბალი პოტენციალი და ოდნავ მაღალი სოლიდარობის გრძნობა უჩვენა. შედეგები მეტყველებს ახალი თაობის მენტალიტეტის ცვლილებებებზე და ამასთნ, სტუდენტთა საკმარის მზაობაზე მიიღონ, პატივი სცენ, დაამკვიდრონ ესა თუ ის ღირებულება, ან პირიქით – არსებობს არასაკმარისი მზაობა ზოგიერთი მათგანის მისაღებად. მაგალითად: სოლიდარობა, ქველმოქმედება, მოხალისეობა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა ქვეყანაში.

საგულისხმოა კვლევის შედეგები ტრადიციებთან დაკავშირებითაც. უძველეს ღირებულებათა გადაფასება ამ კვლევის ცალსახა შედეგია. სტუდენტები ყველაზე ღირებულ ტრადიციად სტუმარ–მასპინძლობას მიიჩნევენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი 82.68% მხარს უჭერს მის შენარჩუნებას. 36.13%–ისთვის მნიშვნელოვანია ქართული სუფრა, ამას მოსდევს ქორწილი – 24.39%, შემდეგ ქალიშვილობის ინსტიტუტი 22.35% და ბოლოს, ქელეხი – 4.1%. ნიშანდობლივია ასევე ისიც, რომ სტუდენტთა 9.87 % თვლის, რომ არც ერთი ქართული ტრადიცია არ არის ღირებული. რაც შეეხება ტრადიციების რანჟირებას მათი მნიშვნელობის და წონადობის კლების მიხედვით, შედეგები ასე გამოიყურება: ქელეხი 67.41%, ქალიშვილობის ინსტიტუტი 30.73% სხვა 22.53%, ქართული სუფრა და ქორწილი წარმოდგენილია თანაბარი 8.57%–ით. რაც შეეხება სტუმარ–მასპინძლობას, მას სულ რაღაც 2.05% ეწინააღმდეგება.

შეკითხვაზე ,,უშლის თუ არა ხელს ტრადიციები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას„ გამოკითხულთა 54.09% თვლის, რომ ნაწილობრივ, 31.13% თვლის რომ ხელს უშლის, ხოლო 14.79%–ის აზრით, ტრადიციები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას არ აფერხებს.

კვლევამ ,,ჩვენი ღირებულებები“ რამდენიმე არსებითი დეტალი გამოკვეთა. პირველი, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტთა განსხვავებული დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების თუ, ზოგადად, ღირებულებების მიმართ, რაც მიუთითებს იმ სივრცის მნიშვნელობაზე, სადაც მათ უხდებათ განვითარება. შემდეგ ტრადიციები, რომლებიც თანდათან კარგავენ მნიშვნელობას და საკრალურ ხასიათს, რაც საკმაოდ დიდხანს გაჰყვა ქართული საზოგადოების აზროვნებას, და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით შესამჩნევი პროგრესი და ამ მხრივ არსებული, დამკვიდრებული თუ შენარჩუნებული მენტალური პრობლემატიკა.

ნინო ბაისონაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 30th.