optionen handel.

ღირებულებები, დამოკიდებულებები და ეკონომიკური ქცევა ქართულ საზოგადოებაში

გიორგი გულიკაშვილი, თათია კალატოზიშვილი  გადმოსაწერი ვერსია

ეკონომიკურ სოციოლოგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკურ რწმენებს, ატიტუდებსა და ეკონომიკურ ქცევას შორის კორელაცია, რაც გულისხმობს შემდეგს -  თუ როგორ არის დაკავშირებული ადამიანის ეკონომიკური მოქმედება მის კოგნტურ სტრუქტურებთან, როგორებიცაა: წარმოდგენები, ღირებულებები, დამოკიდებულებები და ა.შ. ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ანალიზი ემყარება პიროვნული, სოციალური და დემოგრაფიული ცვლადების ერთობლიობას.

 ეკონომიკური ქცევისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისას მნიშვნელობას ანიჭებენ შემდეგ ცვლადებს: დროის პერსპექტივა, დაკმაყოფილების გადადების უნარი (Delayed Gratification), მიღწევის მოთხოვნილება, (Need for Achievement), კონტროლის ლოკუსი და სამართლიანი სამყაროს აღქმა. მოცემული ცვლადების კორელაციის საფუძველზე იკვეთება ორი პატერნი: ინდივიდში ცვლადების ან მაღალი ან დაბალი მაჩვენებლების თანხვედრა. სოციოლოგებმა და სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდიდან დაიწყეს ეკონომიკური ქცევის შესწავლა ემპირიული კვლევების საფუძველზე ქცევითი ეკონომიკის (Behavioral Economics) მიდგომის გამოყენებით . აღმიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით არ ტარდება კვლევები საქართველოში, ამიტომ ჩვენი დაინტერესება ამ საკითხისა და შედეგებისადმი მაღალია. ეკონომიკურ ქცევასთან დაკავშირებული თეორიული მასალის მიმოხილვის  შემდეგ სტატიაში წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის შედეგები და ანალიზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ თუ რა სახის ურთიერთმიმართება არსებობს ეკონომიკურ ქცევასა და ზემოთ აღნიშნულ ცვლადებს შორის ქართულ საზოგადოებაში.  .

ძირითადი საძიებო სიტყვები: ქცევითი ეკონომიკა, კონტროლის ლოკუსი, მიღწევის მოთხოვნილება, დროის პერსექტივა, ეკონომიკური ქცევა.

შესავალი

ეკონომიკური ქცევა, ეკონომიკური სოციოლოგიის ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენდა. სოციოლოგიური და სოციალურ - ფსიქოლოგიური განსაკუთრებით აქტიური, ემპირიული კვლევენის საგანი ჯ. კატონას, ა. ფერნჰემისა და დ. მაკლელანდის კვლევების შემდეგ გახდა. მათ საფუძველი ჩაუყარეს ეკონომიკური სამყაროს სოციალურ-კონსტრუირებასთან დაკავშირებულ მრავალ ემპირიულ კვლევას. ამ მიდგობას ქცევით ეკონომიკას ( Behavioral Economics) უწოდებენ. ქცევითი ეკონომიკა, ეკონომიკურ ქცევას განიხილავს ეკონომიკურ ღირებულებებთან, რწმენებთან და დამოკიდებულებებთან კავშირში. აღნიშნული მიდგომის გამოყენებით, სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელთაც აჩვენეს კავშირი ადამიანთა კოგნიტურ სტრუქტურებსა და მათ მიერ განხორციელებულ ქცევას შორის და სხვადასხვა პატერნები გამოვლინდა.

ეკონომიკური რწმენების, ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და ეკონომიკური ქცევის ანალიზი ეფუძნება ბაზისური, პიროვნული და სოციოდემოგრაფიული ცვლადების ერთობლიობას.ეს ცვლადებია:

დროის  პერსპექტივა  და  დაკმაყოფილები  გადადების  უნარი

ადამიანებს, რომელთაც აქვთ უნარი გადადონ სურვილის დაკმაყოფილება (Delayed  Gratification), რომელთაც   შეუძლიათ ნაკლებად მნიშვნელოვანი მიზნების გადადება  უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი, თუნდაც შორეული მიზნების გამო, ასევე აქვთ დროის ხანგრძლივი პერსპექტივა. ასეთი ადამიანები ორიენტირებულნი არიან თავიანთ მომავალზე და ცდილობენ თავიანთი ცხოვრება დაგეგმონ. მათ უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ და  შეუძლიათ საკუთარი სურვილების გაკონტროლება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა. (მიშელი,2004)

მიღწევის  მოთხოვნილება  (need  for  achievement)

მიღწევის მოთხოვნილება (მაკლელანდი, 1961 ) გულისხმობს ინდივიდის მოტივაციას მიაღწიოს სოციალური სტანდარტების  მაღალ დონეს. მაკლელანდის მიხედვით,მათ ვისაც  აქვთ მიღწევის მაღალი მაჩვენელი ,  შეუძლიათ ინიციატივისა და მეწარმეობის უნარის გამოჩენა იმის მისაღწევად, რაც მათ უნდათ. ისინი საკუთარი ძალისხმევითა და შრომით ცდილობენ საკუთარი პრობლემების გადაჭრას და დროთა განმავლობაში საკუთარ ეკონომიკური მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებენ . (სმიტსი,2008)

კონტროლის  ლოკუსი,  სამართლიანი  სამყარო  და  მასთან  დაკავშირებული  რწმენები

კონტროლის ლოკუსი, ეს არის პიროვნების მოლოდინები, შეხედულებები  იმასთან დაკავშირებით,  შეუძლია თუ არა მას საკუთარი ძალისხმევით განსაღვროს, თუ როგორი იქნება ცხოვრება და გავლენა მოახდინოს სხვადასხვა მოვლენებზე. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათი ცხოვრების მოვლენები მათივე  ქცევის შედეგია, არიან ინტერნალები. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ცხოვრებას უმეტესად  ისეთი გარე ფაქტორები განსაზღვრავს, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება (ბედისწერა, შანსი, სოციალური მდგომარეობა და სხვა)  არიან ექსტერნალები. (როტერი, 1966)

„ინტერნალების“ აზრით  სამყარო პროგნოზირებადი და სამართიანი ადგილია, სადაც ადამიანები იმას იღებენ, რასაც ისინი საკუთარი ქცევით დაიმსახურებენ. „ექსტერნალებს“ მიაჩნიათ, რომ სოციალური სამყარო უსამართლოა და დამნაშავეა ადამიანის წარუმატებლობაში, ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაში  და ა.შ.

ზოგადად, ინტერნალი  საკუთარი თავზეა ორიანტირებული და მის  გაუმჯობესებას, უკეთესობისაკენ შეცვლას ცდილონს. ექსტერნალი ორიენტირებულია სოციალური სამყაროს , გარემოს შეცვლისაკენ, რათა შექმნას მისთვის მისაღები გარემო. (მეზვრიშვილი, 2003)

ზემოთ აღნიშნული კატეგორიები ერთმანეთს უკავშირდება შემდეგნაირად:

1. ერთმანეთთან კორელაციურადაა დაკავშირებული დროის გრძელვადიანი პერსპექტივა, მაღალი Need  For  Achievement მაჩვენებელი, ინტერნალური კონტროლის ლოკუსი და სამართლიანი სამყაროს რწმენა.

2. ძლიერი კორელაციაა დროის მოკლევადიან პერსპექტივას, დაბალი Need For Achievement მაჩვენებელს, ექსტერნალურ კონტროლის ლოკუსსა და უსამართლო სამყაროს რწმენას შორის.

არსებობს კავშირი აღნიშნულ კატეგორიებსა და სტრატიფიკაციულ სისტემას შორის. პირველი კატეგორიის რესპონდენტები ძირითადად საშუალო და ზედა კლასებში, მეორე კატეგორიისა კი დაბალი შემოსავლის ფენებს მიეკუთვნებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი კატეგორიის რესპონდენტენტები ძირითადად პროტესტანრული ეთიკის კულტურებში იყვნენ. (მეზვრიშვილი, 2003)

 

კვლევის ჰიპოთეზა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, რესპონდენტთა კოგნიტური სტრუქტურები ორ ძირითად პატერნს ქმნის. ჩვენი აზრით, ქართველ რესპონდენტთა დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელია მეორე პატერნი, კონკრეტულად კი დროის მოკლევადიანი პერპექტივა, დაბალი მიღწევის მოთხოვნილება, ექსტერნალური კონტროლის ლოკუსი და უსამართლო სამყაროს რწმენა. ასევე, მათ პასუხებში მოსალოდნელია მკვეთრად გამოხატული ფატალისტური შეხედულებები და ატიტუდები სამყაროს აღქმასა და საკუთარ წარუმატებლობასთან დაკავშირებით.

მეთოდოლოგია: გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევის მეთოდი - პირისპირ ინტერვიუ, კვლევის ინსტრუმენტი - სტრუქტურირებული კითხვარი, რომელშიც რესპონდენტებს თავიანთი დამოკიდებულება სხვა და სხვა დებულებებისადმი ლიკერტის სკალაზე უნდა დაეფიქსირებინათ. შემთხვევითი შერჩევა. გამოკითხულია 50 რესპონდენტი, რომელთა შერჩევაც მოხდა თანაბრად სქესის, ორი ასაკობრივი კატეგორიის (25-35წ; 36-50წ;), ცენტრალური და პერიფერიული უბნების მიხედვით.

დიაგრამის მიხედვით ცხადია, რომ 36-50 წლამდე რესპონდენტთა 40% სრულიად ეთანხმება დებულებას, რომ ცხოვრებაში წარუმატებლობა უიღბლობით არის გამოწვეული. როგორც ჩანს, შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტები უფრო რაციონალურად აზროვნებენ,  ვიდრე მეორე ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტები, რომლებიც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცრურწმენებსა და ფატალისტურ შეხედულებებს. მაღალი ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტები შესაძლოა თვლიდნენ, რომ მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს და შესაბამისად, წარუმატებლობას არა თავიანთ თავს, არამედ უიღბლობას აბრალებენ. ახალგაზრდების განწყობები უფრო ოპტიმისტურია, რადგან თვლიან რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. უფრო მაღალი ასაკის რესპონდენტები შესაძლოა განიცდიდნენ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის გავლენას, რომელიც ზღუდავდა მათ შესაძლებლობებს და უნარებს,  ყოველგვარ ინდივიდუალურს. აქედან გამომდინარე მათში სტიგმატიზირებულია გარემო ფაქტორების მნიშვნელობის უპირატესობა პიროვნულ ძალისხმევასთან შედარებით. ახალგაზრდებთან შედარებით მათი კონტროლის ლოკუსი ექსტერნალურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები უფრო ასაკოვან რესპონდენტებთან შედარებით ნაკლებად ფატალისტური შეხედულებებით გამოირჩევიან, თუმცა მათგან 30%-მდე ეთანხმება დებულებას, რომ მათ ცხოვრებას ბედი განსაზღვრავს, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი.

რადგან ჩვენი კვლევა ითვალისწინებს ზოგადად თბილისში  მოსახლეობის განწყობების შესწავლას და რესპონდენტების შემთხვევითი შერჩევა მოხდა როგორც თბილისის ცენტრალური უბნებიდან, ასევე პერიფერიიდან, საინტერესოა რა განსხვავებაა  თბილისის სხვადასხვა ლოკაციაში მცხოვრებ ადამიანებს შორის.  თბილისის პერიფერიაში ადამინები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იღბალს, პერიფერიებში მოსახლეობის 45 % სრულიად ეთანხმება დებულებას, რომ თავიანთ ცხოვრებას იღბალი წარმართავს, ცენტრალურ უბნებში კი 25% ამდე. უფრო ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა ცენტრშიც და პერიფერიაშიც ვინც ეწინააღმდეგება ამ დებულებას.

დიაგრამის მიხევით ცხადია, რომ ახალგაზრდებისათვის უფრო მისაღებია უხელფასოდ მუშაობა დასაქმების პერსპექტივით, ვიდრე შედარებით ასაკოვან ადამიანებში. მიღებული შედეგები ადეკვატურია იმ მოლოდინებისა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა არსებობდეს. ახალგაზრდები უფრო მეტად არიან მოტივირებულნი, ოპტიმისტურად განწყობილნი, ასევე,  მზად არიან გარისკონ და მიიღონ გამოწვევები. ისინი წარმატების მიღწევის მიზნით ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებენ. მაღალი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები აწმყოზე არიან ორიენტირებულნი და მათთვის არ არის რელევანტური მსგავსი ქმედება. ახალგაზრდების 35% ზე მეტი თანხმდება უხელფასოდ მუშაობას, მაღალი ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტების დაახლოებით 10%-ია თანახმა უხელფასოდ მუშაობაზე.

არის თუ არა მიზნის მიღწევა დამოკიდებული წინასწარ დაგეგმვაზე?! აქ უკვე რესპონდენტების კლასიფიკაცია მოვახდინეთ განათლების მიღწეული დონის მიხედვით. საშუალო და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებს შორის განსხვავებულია დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, უმაღლესი განათლების მქონე პირები უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ დაგეგმვა მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან უკეთესად აანალიზებენ დაგეგმვის როლს მიზნის მიღწევაში. ნაკლებად განათლებული ადამიანები სულსწრაფები არიან და შედეგის მიღწევა უნდათ რაც შეიძლება სწრაფად, აქედან გამომდინარე ისინი არ ანიჭებენ უპირატესობას მიზნის მიღწევისკენ ეტაპობრივ, რაციონალურ წინსვლას. ასეთი ადამიანები ორიენტირებულნი არიან ეფექტური შედეგის მიღებაზე დროის ხანმოკლე პერიოდში. ასეთ ადამიანებს დროის ხანმოკლე პერსპექტივა აქვთ და ნაკლებად ფიქრობენ მომავალზე.

 

დიაგრამის მიხედვით ორივე ასაკობრივ კატეგორიაში მაღალია პროცენტული რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც თვლიან რომ დასაქმების მიზნით გამართლებულია პირადი კონტაქტების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ასაკოვანი რესპონდენტები უფრო მეტად ემხრობიან პროტექციონიზმსა და ნეპოტიზმს, ვიდრე ახალგაზრდები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პროტექციონიზმის დონე ყოველთვის ძალიან მაღალი იყო , რაც გავლენას ახდენს დღევანდელ მდგომარეობაზე და გარკვეულწილად დღესაც ნორმად ითვლება.  ახალგაზრდებში პროტექციონიზმისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ცოტა დაბალია. შესაძლოა ამის მიზეზი იყოს 2000იანი წლებიდან გარკვეული ხარისხით დასავლური ღირებულებების ინტერნალიზაცია ქართულ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი დასაქმებისა და კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დიაგრამის მიხედვით, თბილისის გარეუბნებში გაცილებით უფრო მეტად ემხრობიან და ამართლებენ პროტექციონიზმს, ვიდრე ცენტრალურ უბნებში.  შესაძლოა ეს იმით არის განპირობებული, რომ რეგიონის მოსახლეობა უფრო მეტად დეტერმინირებულია ადგილი დაიმკვიდროს ქალაქში, რის გამოც ისინი ნაცნობებს ხშირად მიმართავენ დასაქმების თხოვნით.

ფაქტორული ანალიზი 1: აღმოჩნდება, რომ რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ რიგით მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, წინასწარ დაგეგმვას მიიჩნევენ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ საფეხურად. ასევე მათთვის განათლება და პროფესიული უნარები დასაქმებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  იქიდან გამომდინარე, რომ განათლების დონის ზრდასთან ერთად, ადამიანს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ რწმენა უღრმავდება, მათ ექმნებათ წარმოდგენა, რომ მოქალაქეობრივი როლის შესრულებითა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიური ჩარევით, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ მთავრობაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ განათლება მოითხოვს დიდი დროისა და ძალისხმევის გაღებას უკეთესი მომავლის პერსპექტივით, ბუნებრივია, რომ რესპონდენტების ნაწილი წინასწარ,  რაციონალურ  დაგეგმვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განათლება, თავისი შინაარსით გულისხმობს გარკვეულ გათვლას და დაგეგმვას.  ეს ფაქტორი მიგვითითებს კონტროლის ინტერნალურ ლოკუსსა და დროის ხანგრძლივ პერსპექტივას შორის ძლიერ დადებით კორელაციაზე.

ფაქტორული ანალიზი 2: რესპონდენტები, რომლებიც ემხრობიან დებულებას, რომ პროფესიულ წარმატებას განაპირობებს ადამინის ძალისხმევა და შრომა, ისინი ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას, რომ ცხოვრებაში წარუმატებლობა უირბლობით არის გამოწვეული. მოცემული კორელაცია ლოგიკური ანალიზის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, ადამიანებს, რომელთაც მიღწევის მაღალი მოთხოვნილება აქვთ, არ ახასიათებთ ექსტერნალური ლოკუსის შესაბამისი შეხედულება ბედისწერაზე.

ფაქტორული ანალიზი 3: რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ განათლება და პროფესიული უნარები ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა დასაქმებისთვის, ამართლებენ შემოსავლის დიდი ნაწილის დახარჯვას კვალიფიკაციის ამაღლებაში. აქ იკვეთება დადებითი კორელაციური კავშირი, კონტროლის ინტერნალურ ლოკუსსა და დროის ხანგრძლივ პერსპექტივას შორის.

ფაქტორული ანალიზი 4:თუკი ადამიანს ბედისწერის , იღბალის სწამს და სჯერა, რომ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა მასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ისეთ ნაკლებად მიმზიდველ წინადადებასაც დათანხმდეს, როგორიც უხელფასოდ მუშაობაა. იგი ფიქრობს, რომ თუ იგი ცდის, შესაძლოა ბედმა გაუღიმოს და დასაქმდეს კიდეც.

კვლევამ აჩვენა კავშირი თეორიულ ნაწილში წარმოდგენილ ცვლადებს შორის, კონკრეტულად კი კონტროლის ლოკუსსა, მიღწევის მოთხოვნილებასა და დროის პერსპექტივას შორის. განსაკუთრებით თვალსაჩინოა კავშირი, კონტროლის ლოკუსსა და დროის პერსპექტივას შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, რესპონდენტთა დიდ დიდ ნაწილში ვხვდებით ფატალისტურ შეხედულებებს საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობასთან დაკავშირებით.შეიძლევა ითქვას, რომ ჰიპოთეზა დადასტურდა და თვალსაჩინოდ დაფიქსირდა ნაკლევად რაციონალური შეხედულებები, წარმოდგენები და დამოკიდებულებები, რესპონდენტთა დიდ პროცენტს, თეორიულ ნაწილში აღნიშნული, მეორე პატერნისათვის დამახასიათებელი კოგნიტური სტრუქტურები აქვს, როგორიცაა დროის ხანმოკლე პერსპექტივა, მოთხოვნილ დაკმაყოფილების გადადების უნარის ნაკლებოდა, სამყაროს არასამართლიანობის რწმენა და ა.შ. ამაზე გარკვეულწილად მეტყველებს ქართული საზოგადოების ცხოვრებაც . სამყარო საზოგადოების მიერ უმეტესად უსამართლოდ არის აღქმული, ადამიანები რევოლუციებისაკენ და გარემოს მუდმივი ტრანსფორმაციისაკენ არიან ორიენტირებულნი. თუმცა ამის მიუხედავად შეიმჩნევა გარკვეული ცვლილება საზოგადოების დამოკიდებულებებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მძიმე წარსულს და 90-იან წლებს, მივხვდებით, რომ საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლა და ღირებულებების გადაფასება დროს მოითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს განვითარების ევროპული კურსი აქვს არჩეული და იღებს ახალ ღირებულებებს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის წლების მანმავლობაში უცხო და მიუღებელი იყო, ბუნებრივია ღირებულებათა გადაფასების პროცესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა ახალგაზრდებში გარკვეული ცვლილება შეიმჩნევა და თაობათა ცვლასთან ერთად, ქართული საზოგადოების შეხედულებები, ღირებულებები და დამოკიდებულებები, მათ შორის ისინი, რომლებიც მათ ეკონომიკურ ქცევას უკავშირდება, სახეს შეიცვლის და ტრანსფორმირდება.

ბიბლიოგრაფია

Katona , G. “Essays on Behavioral Economics”, 1980. The University Of Michigan.

Mischel, W., & Ayduk, O. "Willpower in a cognitive-affective processing system: The dynamics of delay of gratification". In R. F. Baumeister & K. D. Vohs (Eds.), Handbook of self-regulation: Research, Theory, and Applications (pp. 99–129). 2004. New York: Guilford

მეზვრიშვილი, ლ.“ეკონომიკური სოციოლოგია“ თბილისი. 2003

Furnham, A. and Lewis, A.. “The Economic Mind”. Brighton: Wheatsheaf. 1986

Smeets, R.”Entrepreneurial Culture and Economic Growth” . American Journal Of Economics And Sociology, 2008. Vol. 67, No. 5 , pp. 915-939

Rotter, J.B. "Generalized expectancies of internal versus external control of reinforcements". Psychological Monographs. 80 (whole no. 609). 1966.

სოციოლოგიის ბაკალავრი – გიორგი გულიკაშვილი

ელ–ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Thursday the 30th.