optionen handel.

ეკონომიკური განვითარების მოდელები ქართულ სახელმწიფო იდეოლოგიაში

გიორგი ხარიბეგაშვილი  გადმოსაწერი ვერსია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრეზიდენტების: ზ.გამსახურდიას, ე.შევარდნაძის და მ.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განსხვავებული გაგება ჰქონდა (მესიანიზმი, სტაბილურობა, ძლიერი სახელმწიფო). სამივე შემთხვევაში, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად, სხვადასხვა ტემპით იზრდებოდა ეკონომიკური უთანასწორობა, რის შედეგადაც 2012 წლისთვის  საქართველოში  ჯინის კოეფიციენტი 41%-ს გაუტოლდა.

 

 წინამდებარე კვლევის მიზანია, საქართველოს მაგალითზე შეისწავლოს თუ რა კავშირია ოფიალურად არტიკულირებულ სახელმწიფო იდეოლოგიასა და ეკონომიკურ უთანასწორობას შორის. მიშელ ფუკოს თეორიული პერსპექტივის გამოყენებით და ცოდნის არქეოლოგიური მეთოდით შევეცდებით აღვადგინოთ ქართული სახელმწიფო იდეოლოგიის ის პარადიგმა მოდელები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ქართული საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური ფასეულობების კონსტრუირება და უთანასწორობის ზრდა. კვლევაში, სახელმწიფო იდეოლოგიებთან მიმართებში  გაანალიზებული იქნება, საქართველოს პრეზიდენტების მიერ დაწერილი წიგნები, საჯაროდ წარმოთქმული სიტყვები და სხვადასხვა დროს ჩატარებული ინტერვიუები. ამასთან ერთად, აღწერილი იქნება თუ როგორ ახდენდა გავლენას ოფიციალური პოლიტიკური დისკურსი საქართველოში ისეთი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების ფორმირებაზე, როგორებიცაა: თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა.

იდეოლოგია

სხვადასხვა ისტორიული ეპოქა ცოდნის განსხვავებულ სტრუქტურებს მოიცავს. ისტორიული მეხსიერების შრეობრივი ანალიზისას ჩვენ ვაწყდებით წყვეტას, ხოლო ისტორიის მსვლელობა წარმოგვიდგება არა როგორც მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, არამედ როგორც მრავალგანზომილებიანი სივრცე. ყოველ სტრატაში ჩვენ ვნახულობთ a priori მიჩნეულ რწმენებს, წინასწარაკვიატებული იდეებს ან ვარაუდების სისტემას. ისინი ქმნიან ერთგვარ ეპისტემეს, პარადიგმებს, რომლებიც შესაძლებელს ხდიან მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ცოდნებს, სამყაროს გაგებებს და ქმნიან შემეცნების საზღვრებს, რომელთა მიღმაც რაიმეს მოაზრება შეუძლებელია. ფრანგი პოსტსტრუქტურალისტი მოაზროვნის მიშელ ფუკოს სიტყვებით რომ ვთქვათ ეპისტემე შესაძლებელს ხდის დისკურსს. დისკურსი შეიძლება გავიგოთ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულ მეტყველებად, რომელიც მიბმულია გარკვეულ ეპოქასთან და რომელიც ნებით თუ უნებლიედ რაღაც გამონათქვამებს პრესავს. სწორედ დისკურსის ფრაგმენტულ, წყვეტილ ისტორიას აღწერს ცოდნის არქეოლოგია და მიუთითებს ამ პროცესის არაერთგვაროვნებაზე, ნახტომებზე და დაბრკოლებებზე. [1]

იდეოლოგია თავისი შინაარსით ჰგავს ეპისტემეს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იდეოლოგია უფრო ვიწრო ცნებაა და უფრო პოლიტიკურ დისკურსში ვხვდებით, ეპისტემეს კი - მეცნიერების. მიშელ ფუკოს განმარტებით, იდეოლოგია იმავე როლს ასრულებს აზროვნებისათვის, რასაც გრამატიკა ენისათვის: „იდეოლოგია მთელ ცოდნას წარმოდგენათა სივრცეში ათავსებს და მოიცავს რა მას მთლიანად, მისი მაორგანიზებელი კანონების ცოდნას აყალიბებს. ამ აზრით ის არის ცოდნა, ყოველგვარ ცოდნათა შესახებ“.

პროფესორი გარი ჩაფიძის იდეოლოგიის განმარტება ნათლად ასახავს ამ ცნების ზოგად და თანამედროვე გაგებას: „იდეოლოგია ცხოვრებისეულ მოვლენათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე შექმნილ შეხედულებათა და დებულებათა სისტემაა, რომელიც გამორიცხავს წინააღმდეგობებს ამ სისტემის ელემენტებს შორის.“ გ.ზედანიას განმარტებით იდეოლოგიად უნდა მივიჩნიოთ ის სიმბოლური ფენომენები, რომლებიც ემსახურებიან ბატონობის მიმართებების შექმნასა და შენარჩუნებას. ენობრივი მახასიათებლები, სიტყვიერი და წერილობითი, შეიძლება განვიხილოთ როგორ საზრისის მატარებელი სიმბოლური ფორმები, რომლებიც „სოციალურ კონტექსტებშია ჩაწნული და ცირკულირებს სოციალურ სამყაროში...იდეოლოგია გაიგება, როგორც ღირებულებებისა და რწმენების ერთობლიობა, რომელთა პროდუცირება და გავრცელება ხდება სახელმწიფოს მიერ და რომელთა მიზანია სოციალური წესრიგის რეპროდუცირება მისადმი ინდივიდების ერთგულების უზრუნველყოფის გზით.“

თანამედროვე საზოგადოებაში იდეოლოგია განიხილება როგორც სეკულარული რწმენათა სისტემა, რომელიც ბატონობის ლეგიტიმაციას ახდენს. ისინი ქმნიან საზრისის ჩარჩოებს, რომელთა შიგნითაც ადამიანები ახდნენ ორიენტირებას. იდეოლოგია შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ წესრიგს, ახდენს რა სოციალურ ურთიერთობების კვლავწარმოებას კოლექტიურად გაზიარებული ღირებულებების საზოგადოებაში გაზიარებით.

ალთიუსერი, თავის ნაშრომში „იდეოლოგია და სახელმწიფო იდეოლოგიური აპარატები“ იდეოლოგიის გავრცელების ინსტიტუტებად მიიჩნევს ოჯახს, ეკლესიას, მასობრივ კომუნიკაციის სისტემას, პროფკავშირებს და კულტურულ, პოლიტიკურ  აქტივობებს. [2]

იდეოლოგია ბატონობის ინსტრუმენტიცაა, ის ერთი ჯგუფის ინტერესებს წამოწევს წინ და სხვა ჯგუფების ინტერესების ნიველირებას ახდენს. ის გამოიყენება რაიმე პოზიციის გასამართლებლად. როგორც ძველი ბერძენი მოქანდაკე ცდილობდა თავისი ხელთქმნილება მაქსიმალურად მიემსგავსებინდა იდეების სამყაროში მყოფი იდეალისათვის, დღესაც პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთი დისკურსი მაქსიმალურად შესაბამისობაში ამყოფონ იმ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან, რომელსაც იზიარებენ. როგორც კარლ მანჰაიმი წერს: “იდეოლოგია უტოპიის მსგავსად ყოფიერებისადმი ტრანსცენდენტურად წარმოიდგინება“.  იდეოლოგია თავის მარადიულობაზე პრეტენზიას იმით იძენს, რომ ის პრინციპულად მიუღწეველია: „იდეოლოგიებს ჩვენ ვუწოდებთ ყოფიერების მიმართ ტრანსცენდენტურ იმ წარმოდგენებს, რომლებიც დეფაქტო ვერასოდეს აღწევენ მათი შემდველობის განხორციელებას. ისინი ხშირად იქცევიან ხოლმე ცალკეულთა სუბიექტური მოქმედების მოტივად, მათი გულწრფელი რწმენიდან გამომდინარემ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მოქმედების პროცესში ხდება მათი აზრობრივი შემცველობიდან გადახვევა.“ [3]

დანიელ ბელის განმარტებით: „ის, რასაც ადამიანები მათივე თქმით აღიარებენ, ყოველთვის არ შეიძლება პირდაპირი გაგებით გავიგოთ და იდეების უკან  ინტერესთა სტრუქტურა უნდა ვეძებოთ. საჭიროა დავაკვირდეთ არა იდეების შინაარსს, არამედ მათ ფუნქციას.“[4]

იდეოლოგია დისკურსს კი არ იწვევს, არამედ როგორც მიზანი შესაძლებელს ხდის დისკურსს, როგორც მისსავე საშუალებას.

იდეოლოგიასა და სოციუმის ქმედებებს შორის დამაკავშირებელ რგოლად კულტურისაგან გარედან თავს მოხვეული ჯერარსია. ამგვარად, იდეოლოგიას როგორც ძალაუფლების განზომილებას, შეუძლია ჯერარსში მოქცეული ინტერსუბიექტური ღირებულებები მოქმედებაში მოიყვანოს და სოციუმის ქცევად მატერიალიზდეს ან  დისკურსად არტიკულირდეს. ინდივიდის დონეზე ჯერარსის სფერო მოქმედებს როგორ კატეგორიული იმპერატივი, ხოლო საზოგადოების დონეზე, როგორც ნორმათა ერთობლიობა. ამგვარად, მათ აქვთ პრეტენზია ჭეშმარიტების საზომის როლი აიღონ. როგორც „ჭეშმარიტების რეჟიმები“ იდეოლოგიები მიემართებიან ღირებულებების პრიორიტეტიზაციისაკენ, გვამარაგებენ ინტელექტუალური რუკებით და ხელს უწყობენ ბატონობის შენარჩუნებას მმართველი ელიტისა თუ კლასის ინტერესების ლეგიტიმაციით.

 

 

ღირებულება

რა მიმართებაა იდეოლოგიასა და ღირებულებას შორის?  სად არის სუბიექტის ადგილი ღირებულებისა და იდეოლოგიის ურთიერთმიმართებისას? შეუძლებელია ღირებულებასა და სინამდვილეს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდეს, რადგან სინამდვილე იმანენტურია, ღირებულება კი ტრანსცენდენტული. ღირებულებასა და სინამდვილეს შორის მიზან-საშუალებრივი დამოკიდებულებაა და  ჯერარსის სფეროში შედის. ღირებულება კი არ არსებობს,  არამედ მნიშვნელობს, იგი ამით მოგვაგონებს საზრისს.

რიკერტი გამოყოფს სამი სახის ღირებულებებს: ინდივიდუალურს, რომელიც ცაკლეული ინდივიდის შეფასებაზეა დამოკიდებული, ინტერსუბიექტურს ანუ საყოველთაოდ აღიარებულს და ობიექტურს, რომელიც არაა დამოკიდებული შეფასებებზე. სწორედ ინტერსუბიექტურის სფეროს მიეკუთვნება კულტურული ღირებულებებიც და რამდენადაც ისინი ვლინდებიან მხოლოდ კულტურაში და არა ბუნებაში, შეგვიძლია დავასკვნათ რომ მას ჭეშმარიტი ყოფიერება არ გააჩნიათ. ამგვარ ღირებულებებს საყოველთაო ემპირიული ხასიათი აქვთ. [5]

ღირებულება კულტურის საფუძველია. მისი გაუფასურება თუ შეცვლა სხვა ღირებულებით ყველაზე რთულია. როგორც გირტ და გერტ იან ჰოფსტედეები შენიშნავენ „ცვლილება ზედაპირზე ბობოქრობს, ღრმა შრეები მდგრადია და კულტურა ხელახლა აღდგება ფერფლიდან ფენიქსის მსგავსად.“  მიუხედავად ამისა, მისი შეცვლა მაინც ხდება და ეს როგორც წესი დაკავშირებული ახალ სოციალპოლიტიკურ გარემო პირობებთან შეჯახებასთან. [6]

 

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდად არჩეული იქნა ცოდნის არქეოლოგია და მიშელ ფუკოს კონცეფცია ეპისემეების ცვლაზე. ცოდნის არქეოლოგია ცდილობს გვიპასუხოს კითხვებზე: რა გავლენას ახდენს სოციალურ გარემოზე ენა, ლოგიკა და ეპისტემე? როგორ გამოავლენს ძალაუფლება თავს ცოდნის ფორმით? რა გავლენას ახდენს ცოდნა-ძალაუფლების იმპლიკაციური ერთობა შემმეცნებელი სუბიექტის ფორმირებასა და საზოგადოებრივი წესრიგის ჩამოყალიბებაზე?  როგორ იყენებენ ამგვარ ცოდნას გაბატონებული კლასები ძალაუფლების შესანარჩუნებლად? თავად ამ ცოდნის კონსტრუირება რა გზებით ხორციელდება? სად გადის a priori  აღებული კულტურული წინამძღვრების საზღვრები? როგორ ხდება ეპისტემედან მეორეზე გადასვლა?

ემპირიულ მასალად აღებული იყო, საქართველოს პრეზიდენტების მიერ დაწერილი წიგნები, საჯარო გამოსვლები, გაკეთებული განცხადებები და  ინტერვიუები. იმისათვის რათა მომხდარიყო არსებული მასალის სტრუქტურულად გადმოცემა, გამოყენებულ იქნა ჯ.ტომპსონის იდეოლოგიის მოდუსების კონცეპტუალური ჩარჩო.

ჯ.ბ. ტომპსონის მიხედვით, იდეოლოგია მოქმედებს ხუთი ძირითადი მოდუსის გავლით: ეს მოდუსებია: ლეგიტიმაცია, სიმულაცია, უნიფიკაცია, ფრაგმენტაცია და რეიფიკაცია.

ლეგიტიმაციაში ვგულისხმობთ ბატონობის პრეტენზიას ლეგიტიმურობაზე, იმას თუ როგორ, რაზე მიმართებით ახდენს ლიდერი საკუთარი ბატონობის გამართლებას: იქნება ეს რაციონალიზაცია, უნივერსალიზაცია თუ ნარატივიზაცია.

სიმულაციის მოდუსი გულისხმობს ბატონობის დაფარვას, ძალაუფლების თუ ძალადოების თვითუარყოფას, მის კამუფლაჟს.ამისათვის ეს მოდუსი იყენებს წანაცვლებას, ყურადღების გადატანას მარგინალიზებული მნიშვნელობის მქონე საკითხზე ან „სხვაზე,“ როგორც მტერზე. სიმულაციის ჩვეულ სტრატეგიას მიეკუთვნება ევფემიზაცია, ანუ საზოგადოდ უარყოფითად აღქმული სოციალური ფაქტების პოზიტიურ ტერმინებში გამოხატვა.

უნიფიკაციაში იგულისხმება სიმბოლურ დონეზე ერთიანობის პროდუცირებას. მას იყენებენ კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბებისას.

ფრაგმენტაციისას ხდება ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის განსხვავებაზე ხაზგასმა, დიფერენციაცია.

რეიფიკაციის მოდუსში იდეოლოგია მოქმედებს როგორც სიტუაციური მნიშვნელობი მქონე მოვლენის ბუნებრივის და მარადიულის რანგში ამყვანი. ამ დროს ხდება ხდება პროცესების აბსტრაგირება, გასაგნება, ხოლო სუბიექტიდან მოვლენაზე ყურადღების გადატანის მიზნით ადგილი აქვს დისკურსში  ზმნის ვნებითი გვარის გამრავლება.[7]

 

 

ეთნონაციონალისტური კონსერვატიზმი საქართველოში და ზ.გამსახურდიას მესიანისტური დისკურსი.

განვიხილოთ, რა საზრისს დებენ კონსერვატორები იდეოლოგიის ცნებაში. ჰეივუდის განმარტებით: „კონსერვატორები იდეოლოგიას ტრადიციულად რაციონალიზმის თვითდაჯერებულობის გამოხატულებად განიხილავდნენ. იდეოლოგიები არასაიმედო და საშიშია. ისინი, რეალობისაგან მოწყვეტით, ისეთ ამოცანებსა და პრინციპებს სახავენ, რომელთაც რეპრესიებამდე მივყავართ ან განუხორციელებელია“

კონსერვატორები ადამიანს განიხილავენ არასრულყოფილ, ზნეობრივად მახინჯ არსებად, რომლის ძირითადი საზრუნავი უსაფრთხოებაა. მის მისაღწევად კი საჭიროა თანამედროვეობის წარსულ იდეალებზე, ტრადიციით გამყარებულ მეთოდებზე დაყრდნობა. საზოგადოება წარმოდგენს ორგანიზმს და პიროვნებაზე მაღლა დგას. მას აერთიანებს ტრადიცია, ავტორიტეტი და მორალი. კონსერვატიზმისათვის ნიშანდობლივია პატერნალიზმიც, ითვლება, რომ ხელისუფლება ერის მწყემსია და მან უკეთ იცის რა სჭირდება „სამწყოს.“  ცხადია ასეთ პირობებში ადგილი აღარ რჩება სამოქალაქო ინიციატივისა და ხელისუფლების კონტროლისათვის.

კონსერვატიზმი კარგად იგუებს რელიგიურ, ეთნიკურ ნაციონალიზმსა და ავტორიტარიზმს. ამის კლასიკური გამოხატულებაა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მიერ წამოყენებული პრინციპები: „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა და ეროვნულობა,“ რაც ცხადია პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ფრანგული რევოლუციის შემდეგ დამკვიდრებულ ბაზისურ ევროპულ ღირებულებეს: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობის“ ტრიადას.

სოლიდარობა შეიძლება განიმარტოს, როგორც კოლექტიური  ურთიერთპასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც განპირობებულია საერთო ინტერესებით, გამოიხატება თანამეგობრობისადმი სასიკეთო ქცევაში, თუნდაც ზოგჯერ საკუთარი ინტერესის საწინააღმდეგოდ და სცილდება ურთიერთსამართლიანობის ფორმალური მოთხოვნის ფარგლებს. (Hondrich et al, 1994; Carigiet 2003).

კონსერვატორებს თავისუფლებაში ესმით ნებაყოფლობით აღიარებული ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების ერთიანობა. თანასწორობა ბუნებითა და ღვთის მიერ დადგენილ იერარქიულობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღწეველი აბსტრაქციაა და ეკონომიკურ სარგებლიანობას ეწინააღმდეგება. [8]

80-იანი წლებიდან საქართველოში იწყება ეროვნულ-დისიდენტური მოძრაობა, რომელიც ანაცვლებს ქართულ მოსახლეობაში ყავლგასულ საბჭოთა კომუნისტურ იდეოლოგიას. გ.ზედანია აღნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან „იწყება მცდელობა, ჩამოყალიბდეს ახალი ნარატივი, რომლის სუბიექტიც იქნება არა კლასი, არამედ ქართველი ერი - მცდელობა, რომელსაც განსაკუთრებულული სისტემატურობით ახასიათებს ზვიად გამსახურდია. ამ უკანასკნელის ნაშრომები წარმოადგენს ანთროპოსოფიულ-ოკულტურ (შტაინერი, ივ-სენ დელვეიდერი), ფილოსოფიურ-სპეკულატიურ (ჰუმბოლდტი) კულტურულ-ისტორიულ (ვეფხისტყაოსნის ალეგორიული ინტრპრეტაცია) ნაზავს. მიზანი - მოსახლეობის მობილიზაცია და ახალი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია.“[9]

ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილოთ, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური დისკურსი, ვნახოთ თუ რა ფორმებში გამოიხატებოდა ეთნონაციონალისტური კონსერვატიზმი; მისი კონცეფციის არსი, ყველაზე უკეთ ჩამოყალიბებულია 1987 წელს გამოქვეყნებულ ჟურნალ ცისკარში, რომლის არტიკულირებაც მან პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს მოახდინა ლექციების ფორმატში.

ზვიად გამსახურდია იწყებს იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“-ს კომენტირებას და მის ეზოთერულ განზომილებაში ქართველი ერის მისიას ამოიკითხავს: „იოანე ზოსიმეს „ქებაი“ ეხება, არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოთერულ-ქრისტიანულ წრეებში.“  ამგვარად, უნიფიკაციისათვის ხდება ქართული ენის საკრალურობაზე ხაზგასმა. „ისტორიული მისია“ იმაზე მიუთთებს, რომ ყველა ვინც კი დაბადებულია ქართველად, უკვე ჩაბმულია ღვთაებრივ საერთო საქმეში, ყველა ქართველი ვალდებულია ეროვნული ერთობის სისხლი და ხორცი გახდეს.

ნარატივის ცენტრში დგას ქართველი ერი, როგორც ცოცხალი არსება, რომლის მისია იმაში მდგომარეობს რომ განიკითხოს დანარჩენი ერები, ყველას კუთვნილი ადგილი მიუჩინოს. ამით იგი ენაცვლება ღვთის სულიწმინდას: „სახარების მიხედვით, სულიწმინდის მისია არის კაცობრიობის ცოდვათა ანუ „ყველა ენათა“ ცოდვათა მხილება. იგივე მისია ეკისრება ქართველ ერს მომავალში, იოანე ზოსიმეს მიხედვით.“ გეოპოლიტიკურ პლასტში ეს ქართველი ერის ექსპანსიას გულისხმობს ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმართულებით. მან უნდა დაიბრუნოს ის განსახლების არეალი, რაც მას გამსახურდიას აზრით,  4 ათასი წლის წინ ეკავა. ქართველური ტომები მისი მტკიცებით ცხოვრობდნენ „პირენეებიდან ინდოეთამდე“ და მათი როლი მთელი კაცობრიობის სულიერი განათლება იყო. მიუხედავად შემდგომი დამცრობა-დაკნინებისა საქართველო შუა საუკუნეებშიც ინარჩუნებდა სულიერების შუქურის როლს: „დავით აღმაშენებლის დარის მონარქიც იმჟამინდელ მსოფლიოს არ ჰყავდა, არ ჰყავდა არც მისი განათლების დონით, მისი ცოდნის დონით და მისი მეცნიერული განსწავლულობით და არც, სხვათაშორის იმით, რომ ის აერთიანებდა ორ უზენაეს ხელისუფლებას თავის თავში - სასულიეროს და საეროს. დასავლეთ ევროპაში ჩვენ ამ დროს ვხვდებით მონარქებს, რომელთაც წერა-კითხვა ძლივს იცოდნენ.“ ამით, გამსახურდია დეფრაგმენტაციის დემონსტრირებას ახდენს, დიხოტომია გადის ეთნიკურად ქართველსა და არაქართველს შორის.

აქ თვალშისაცემია ნიცშესეული რესენტიმენტის გრძნობა, რაც აქტუალური ხდება პოსტკოლონიალური სამყაროს მცირე რიცხოვანი ერებისათვის: “ოდესღაც აღზევებული და მძლავრი ქართული მოდგმა და მისი ენა ოთხი ათასი წლის განმავლობაში დამდაბლებულია და დაწუნებული, მაგრამ ეს დამდაბლება მისთვის ქრისტესეული ნათლისღებაა სიკვდილისა და დაფვლისა, რასაც გარდაუვლად მოსდევს აღდგომა და ამაღლება. ქართული მოდგმაც აღდგება ამ ოთხდღიანი ნათლისღების შემდეგ, ხოლო მეორედ მოსვლისას კვლავ დაიბრუნებს უნივერსალური სულიერი ლიდერის და კაცობრიობის მსაჯულის პოზიციას.“ აქ ადგილი აქვს ასევე რეიფიკაციის მოდუსს. ქართული ენა და ქართველი ერი უზენაეს რანგშია აყვანილი.[10]

ზვიად გამსახურდია, ახალი ქართული პოლიტიკის ლეგიტიმაციისათვის ახდენს მის ონტოლოგიურ დაფუძნებას, ცდილობს ის გადააჭდოს მართლმადიდებლობას და ამით მისი საკრალიზაცია მოახდინოს. მისი გაგებით პოლიტიკა ჰიეროფანია უნდა იყოს, ღვთის ნების ხორცშესხმა დედამიწაზე: „ქართული ქრისტიანობა, თავისი არსით არის სამხედრო ქრისტიანობა. ეს არის მოყმეთა, მებრძოლთა ქრისტიანობა და ასევე შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო ერთი მთლიანი სულიერი ორდენი წმინდა გიორგისა და ასეთად აღიქვამდნენ მას ჯვაროსნები, ასეთად აღიქვამდნენ მას საქართველოში ჩამოსული უცხოელები და ამიტომ დამკვიდრდა ეს სახელი „გეორგია“.“[11] ამგვარად, საქართველო კი არ ახდენს სხვა ერების შევიწროებას და სამომავლოდ, პოლიტიკურ ექსპანსიას, არამედ ღმერთი თავისი სულიწმინდის მეშვეობით სჯის ურჯულო მოდგმას და თავის მეუფებას ავრცელებს დედამიწაზე.

დისკურსის ცენტრში ერის დაყენება პიროვნებას პერიფერიაზე გადაისვრის. მისი სიცოცხლე იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის ემსახურება ერის სულიერ მისიას: “ქართული ცნობიერების საფუძველია ქრისტიანულ ღირებულებათა პრიორიტეტი, სულიერის მატერიალურზე მაღლა დაყენება, ღვთის და ერისათვის თავგანწირვა და მარტვილობა, ქრისტიანული რაინდობა.“

ერთი შეხედვით, აქ სოლიდარობის მომენტი ჩანს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გამსახურდიას მსოფლმხედველობას, ნათელი ხდება, რომ აქ უპირობო ერთგულებას უკავია სოლიდარობის ადგილი, რადგან სოლიდარობა, ზოგადად ცალკე აღებულ ინდივიდებსა და ჯგუფებს მიემართება და არა ტრანსცენდენტურ ძალებს.

როგორც ვიცით ტრადიციულად აღიარებული ქრისტიანული ღირებულებები იყო: ერთგულება, მორჩილება, იერარქიულობა და მოშურნეობა. ცხადია მორჩილება თავისი აბსოლიტური სახით გამორიცხავს თავისუფლებას, იერარქიულობა - თანასწორობას, ხოლო მოშურნეობა - სოლიდარობას. საქართველოში სეპარატისტული მოძრაობის გაძლირების შემდეგ, არსანიშნავიია, რომ გამსახურდიამ რიტორიკა შეარბილა და აღიარა მოქალაქეთა უფლებრივ-პოლიტიკური თანასწორობა, თუმცა აქ არ კონკრეტდება რა განსხვავებათა მიუხდავად არიან ისინი თანასწორები. ცხადია აქ სრულიად გამორიცხულია ერთა თანაბარუფლებიანობა და მოქალაქეთა ქონებრივი უთანასწორობა. „მე არ მიმაჩნია ჯანსაღ მოვლენად მოდერნიზმი და ეკუმენიზმი. ამას უნდა ვებრძოლოთ და ვამხილოთ.“[12] შეიძლება ითქვას, რომ ამ ფრაზაში ჩანს გამსახურდიას არა მხოლოდ არამოდერნული, ტრადიციონალისტური პოლიტიკური პროექტი, არამედ ანტიმოდერნული ტენდენციაც.

ეკლესია და სახელმწიფო მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან. ეკლესიამ უნდა იტვირთოს ერის სულიერი მოძღვრის როლი, მნიშვნელოვან გავლენას უნდა ახდენდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საზოგადოების  ცხოვრებაზე, ხოლო სახელმწიფომაც თავის მხრივ უნდა აწარმოოს ზედამხედველობა ეკლესიის შიდა საქმეებზე, კერძოდ, მოახდინოს მისი წმენდა „უღირსთაგან“.

მნიშვნელოავანია ასევე გამსახურდიას მიერ  „მტრის ხატის“  ცნებისათვის ახალი მნიშვნელობის შეძენა და მისი სრული დემონიზაცია. მაგალითად ის ამბობს, რომ რაკიღა საქართველო ბოროტებასთან მებრძოლი წმინდა გიორგის ორდენია: „შეერთდნენ და შეკავშირდნენ დღეს საქართველოს წინააღმდეგ ბოროტების მსოფლიო ძალები. ამიტომ ცდილობენ ისინი დღეს საქართველოს სულიერად დაპყრობას, მის გადაგვარებას და განადგურებას.“ მტრად მიიჩნევა, მსოფლიო სავალუტო ფონდი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, „აფსუები“, ედუარდ შევარდნაძე და კომუნისტური პარტია, რომელსაც გამსახურდიას სიტყვებით რომ ვთქვათ: „არა აქვს არსებობის უფლება“.[13] (სიმულაციის მოდუსი)

გამსახურდია თავის გამოსვლებში მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკაზე დაჩქარებულ გადასვლას  და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოსახლეობაზე გადაცემა-პრივატიზაციას. ტრადიციულად, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ეკონომიკურ კოლაფსს უკავშირებენ შიდა და გარე სამხედრო კონფლიქტებს, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეკონომუკურ ბლოკადას, ჰიპერინფლაციასა და მძიმე კრიმინოგენულ სიტუაციას.  ეს ფაქტორები მიზეზებად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ამ მიზეზთა წარმოშობა სწორედ არტიკულირებული სახელმწიფო იდეოლოგიით და ისტორიული კონტექსტით გახდა შესაძლებელი. მაგალითად, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დასაწყისში, როგორც დღეს მისი მონაწილეები იხსენებენ, ეკონომიკაზე საუბარიც კი „სამშობლოს ღალატად“ ცხადდებოდა. იმ პერიოდში მოარული ხმებით, ქართველ ერს ღირსეული არსებობისათვის „ჩაი და ბორჯომიც ეყოფოდა.“ ცხადია ამგვარმა ინფანტილურმა დამოკიდებულებამ და  ბაზისური ევროპული ღირებულებების სრულმა იგნორირებამ არნახული მასშტაბით დასცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა შიმშილის ზღვარს ქვემოთ დააყენა.  „1993 წლისათვის საქართველოს მშპ 1990 წლის  შესაბამისი  მაჩვენებლის  მხოლოდ 27% იყო.  ამგვარი  დაცემა  არ  ჰქონია  საბჭოთა კავშირის არცერთ ყოფილ რესპუბლიკას ტაჯიკეთის გარდა.“  ეკონომიკურმა ვარდნამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის შედეგადაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით 1994 წელს ინფლაციამ 7840 პროცენტს გადააჭარბა[14] სეპარატისტული მოძრაობის თუ სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის დაძაბვაც ეთნოცენტრისტულმა პოლიტიკამ და მისმა საჯარო პროპაგანდამ გახადა შესაძლებელი.

 

ე.შევარდნაძის დისკურსი სტაბილურობის მისაღწევად ლიბერალური დემოკრატიის ფარგლებში.

თავისუფლება ლიბერალებისათვის უზენაესი ღირებულებაა, თუმცა ხშირად მასში მხოლოდ ნეგატიურ თავისუფლებას გულისხმობენ. ჯონ ლოკის მიხედვით თავისუფლება ბუნებით მინიჭებული ღირებულებაა და არა საზოგადოებრივად განპირობებული. საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია არსებობდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი თავისუფალი ბაზარი.

ლიბერალები თანასწორობაში ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას და პოლიტიკურ და ლეგალურ თანასწორობას მოიაზრებენ. რაც შეეხება სოციალურ თანასწორობას, ლიბერალების რწმენით, ის წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფლებასთან და შესაბამისად უსამართლობას უწყობს ხელს.[15]

ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური დისკურსს განაპირობებდა არა მხოლოდ ლიბერალური იდეოლოგია, არამედ მისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სისხლიანი ანარქიის გამეფებით გამოწვეული იმედგაცრუება.  მისი დისკურსი წარმოადგენს მცდელობას, ნებისმიერ ფასად მოახდინოს სახელმწიფოში სტაბილურობის აღდგენა. „ქვეყანა, რომელსაც წესრიგის დამყარება არ შეუძლია, დამოუკიდებლობის ღირსი არ არის“ სტაბილურობა ეხება არა მხოლოდ პოლიტიკურ სფეროს, არამედ ეკონომიკურსაც: „საჭიროა სტაბილიზაცია, ინფლაციისა და დევალვაციის დაძლევა. ეს კი მხოლოდ საფინანსო და ფულადი სისტემის რადიკალური რეფორმითაა შესაძელებელი. უნდა ავამოქმედოთ დამოუკიდებელი ფულადი - საკრედიტო მექანიზმი, ავამაღლოთ საბანკო სისტემის ეფექტიანობა.“ სტაბილიზაციის მიზნით შევარდნაძე გზას უხსნის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მოღვაწეობას საქართველოში, ასრულებს მათ რეკომენდაციებს და მოქმედებს თავისფალი ბაზრის დამემკვიდრების სასარგებლოდ.

ეკონომიკაზე სტაბილიზაციის მეორე გარანტად შევარდნაძე სახელმწიფო რეგულაციებს მიიჩნევს, რითაც დეკლარირების დონეზე უახლოვდება ევროპულ კეინზიანისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას: „თანამედროვე პოსტინდუსტრიული, პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის, რომ „ველური კაპიტალიზმის“ ეპოქა უკვე განვლილი ეტაპია. ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკა არ არსებობს სოციალური რეგულირების, სოციალურ ფენათა ინტერესების გათვალისწინების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური პროგრესის ინტერესები შეიძლება დაუპირისპირდნენ სამოქალაქო საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირების ინტერესებს“ სახელმწიფოს არსებობის მიზნად ცხადდება ადამიანისათვის საწყისი პირობების შექმნა თავის გამოსავლენად და ეკონომიკურად მოწყლვადი ჯგუფების დაცვა „ველური კაპიტალიზმისგან“.

თუ გამსახურდია იდეოლოგიის ლეგიტიმაციას საქართველოს მითიურ წარსულზე აპელირებით ახდენს, შევარდნაძე 1995 წლის კონსტიტუციაზე მითითებით განსაზღვრავს ახალ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას: „მსოფლმხედველობა უნდა ეყრდნობოდეს და ითვალისწინებდეს საქართველოს მოსახლეობის მრავალეროვნულობას, სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურებებს, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას“. აქ მეორე, რეიფიკაციის მოდუსიცაა თვალშისაცემი, კერძოდ უკრიტიკოდაა მიღებული მოსაზრება ქართული ტოლერანტობის შესახებ და ისეა წარმოჩენილი, თითქოს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე ჩვენში დაპირისპირება არ ხდებოდა.

გამსახურიასეულ პრინციპს „საქართველო - ქართველებისათვის“ ანაცვლებს ადამიანი, ინდივიდი, მიუხედავად მისი ერონულ-რელიგიური იდენტობისა: „ჩვენ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას ვაშენებთ, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგშია აყვანილი.“[16] კლასობრივი დიხოტომიის უარყოფით და  ზოგაგად ჰუმანიზმზე ხაზგასმით,  მის დისკურსში მსჯელობის ცენტრში დგება ადამიანი, როგორც ასეთი: „პოლიტიკის საზომი ადამიანი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ის კომფორტს უნდა უქმნიდეს ადამიანს და მისგან არ უნდა მოითხოვდეს „მაღალი ინტერესებით“ ნაკარნახევ გაუსაძლის პირობებთან შეგუებას.“

1999 წლის დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულზე, შევარდნაძის სიტყვაში იკვეთება ადამიანის პრიმატი სახელმწიფოზე და თავისუფლების, როგორც ლიბერალური ღირებულების წინა პლანზე დაყენება: „საქართველოს არ სჭირდება სახელმწიფო სახელმწიფოსათვის. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო პიროვნებისთვის, მისი ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის.“[17]

შევარდნაძე მტრის ხატის წინააღმდეგ ბრძოლას უმთავრეს ამოცანად აცხადებს, თუმცა სიმულაციის მოდუსად გვევლინება აბსტრაქტული შინაარსის მქონე ცნება სისტემა, რომელიც ცხადია ხელშესახები რამ არ არის: „არსებულ ბოროტებათა ფესვები ცალკეულ ადამიანებში კი არ არის, არამედ სისტემაშია. და ადამიანები ამ სისტემისადმი იმიტომ არიან მტრულად განწყობილნი, რომ ის ულმობელია ადამიანის პიროვნებისადმი, რომ ტოტალიტარიზმის პირობებში შეუძლებელია ადამიანის უფლებათა, მისი თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა“

მტრის ხატის დაგმობა, მის დისკურსში მსოფლიო ერთიანობის, როგორც უნიფიკაციის მოდუსამდე მიდის: „გადარჩენის ეკოლოგიურმა იმპერატივმა წარმოაჩინა მრავალი მანამდე უჩინარი და გაუცნობიერებელი ფასეულობა, პირველ რიგში - სამყაროს მთლიანობის ფაქტორი...ჩერნობილის დღემ ზოგადსაკაცობრიო ღირებულება - ელვის უსწრაფესად დააყენა „კლასობრივ შეგნებაზე“ მაღლა“.

დეფრაგმენტაციის მოდუსში, შევარნაძეს შემოაქვს დეიდეოლოგიზაციის ცნება, როგორც გამთიშავი მექანიზმი, არა ეთნოსების, არამედ თითოეული ინდივიდის დონეზე: “დეიდეოლოგიზაცია, არსებითად არის, ჩვენს მსოფლგაგებაში, ჩვენს მსოფლმხედველობაში, ობიექტურობის დამოუკიდებელი მსჯელობის ხვედრითი წონის ამაღლება“.[18]

შევარდნაძის მმართველობის დასაწყისიდან განხორციელებულ რეფორმებს იდეოლოგიად ლიბერალური დემოკრატია და ე.წ. „შოკური თერაპია“ დაედო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შოკური თერაპია“ ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ იდენტური, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტრანსფორმაციული პროცესებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებს უდევს საფუძვლად. ერთი თვის დაყოვნებით „შოკური თერაპიის“ „ბალცეროვიჩისეული გეგმის“ გატარება პრაქტიკულად სახეშეუცვლელი რუსული ვერსიით საქართველოშიც დაიწყო[19]

უკვე 1995 წლიდან დაიწყო ეკონომიკის ნელი აღმასვლა და შემცირდა ინფლაციის ზრდის ტემპი. ჩამოყალიბდა მეტ-ნაკლებად  სტაბილური ეკონომიკური გარემო, რაც გამოიხატა ინფლაციის ტემპების შემცირებით,  სტაბილური  სავალუტო  კურსის  შენარჩუნებითა  და  განუხრელი  ეკონომიკური ზრდით.

უკვე 1995 წელს კეთდება შეფასება, რომ „საქართველოში მოკლე ხანში გადალახული იქნა „გრძნობათა ამბოხი,“ ემოციათა ქაოსი“, მიღწეული იქნა მენტალური სტაბილიზაცია, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა. ამ ვითარების გამოხატულება იყო ის, რომ „პოლიტიკურ ვნებათაღელვის ასპარეზი“ ქუჩიდან გადატანილ იქნა პოლიტიკურ აუდიტორიებში.“[20]

შევარდნაძეს და მის გარემოცვას მემკვიდრეობით გამოყვათ ნომენკლატურული პერიოდის საბჭოთა აზროვნების სტილიც, რაც პირველ რიგში გულისხმობდა უფსკრულს ნათქვამსა და გაკეთებულს შორის, თვალის დახუჭვას კანონდარღვევასა თუ გეგმის შეუსრულებლობაზე. შედეგად, 90-იანი წლების მერე ნახევრიდან საქართველოში ჩამოყალიდა გაბერილი ბიუროკრატიული სისტემა, კორუფციის არნახული დონე, ოლიგარქების მიერ მართული ეკონომიკა, შერჩევითი სამართალი, „ველური კაპიტალიზმისთვის“ დამახასიათებელი ჯანდაცვის სისტემა და საერთო ეკონომიკური სიდუხჭირე. თავისუფლება და თანასწორობა იყო მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, სოლიდარობა კი მინიმალური და ისიც გაუცემელი საპენსიო დახმარებით ამოიწურებოდა. ქონებრივი უთანასწორობა განაგრძობდა ზრდას, თუმცა ეს მიიღწა არა ბაზრის უხილავი ხელით, არამედ კლანისადმი მიკუთვნებულობებით და ოლიგარქიული ჯგუფებისმიერი პატრონაჟით.[21]

ნეოლიბერალიზმისა და სახელმწიფო ნაციონალიზმის შერწყმის მცდელობა - ძლიერი სახელმწიფოს მოდელი მ. სააკაშვილის პოლიტიკურ დისკურსში.

ნეოლიბერალიზმი მაქსიმალურ ეკონომიკურ თავისუფლებას, სახელმწიფოს მხრიდან სოციუმსა და ბაზარზე მინიმალურ რეგულაციებს ქადაგებს. ნეოლიბერალიზმში ბაზრის კანონები ლამის „ბუნების კანონების“ დონეზეა აყვანილი. ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტილება მთლიანად ინდივიდების კერძო პრეროგატივაა; მთავარია ის თავსდებოდეს კანონით გათვალისწინებულ ნორმატიულ ჩარჩოებში.  კოლექტივიზმი მიჩნეულია ინდივიდის ინიციატივის დამთრგუნველად. სახელმწიფოს ენიჭება მხოლოდ გუშაგის როლი, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურის შექმნით და სამხედრო ძლიერების გაზრდითაა დაკავებული.  ეკონომიკაში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ინფლაციის პრობლემის მოგვარებაზე და არა უმუშევრობაზე. ინფლაციის შემცირება მიიღწევა სახელმწიფოს ხარჯების შემცირებით და მათი შეზღუდვით. ყურადღება უნდა გადავიდეს მოთხოვნიდან მიწოდებაზე. სახელმწიფომ უნდა შექმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო მწარმოებლისათვის, თუნდაც ამას შეეწიროს მომხმარებლის გადახდისუნარიანობა და ქონებრივი თანასწორობა. იმისათვის რომ მოხდეს გადასახადების შემცირება სახელმწიფორმ სულ უფრო ნაკლები უნდა დახარჯოს სოციალურ უზრუნველყოფაზე და მოსახლეობას „ქამრების შემოჭერისაკენ“ მოუწოდოს. ნეოლიბერალიზმის თეორეტიკოსი რობერტ ნოზიკი სოციალური კეთილდღეობის დისტრიბუციას საკუთრების უფლების დარღვევად და „ლეგალურ“ ძარცვად მიიჩნევდა.

ნეოლიბერალიზმის ბაზისური თეზისის თანახმად, მოგების აბსოლუტიზაციას არაპროპორციული, მაგრამ საყოველთაო კეთილდღეობა მოაქვს.[22]

„სახელმწიფო მოქმედებს არაეფექტურად გადანაწილებაში. ის ამკვიდრებს უთანასწორობას, იმდენად რამდენადაც, ის გამოდის ნეო-ლიბერალური პოლიტიკის გატარებიდან. გამორიცხა რა სოლიდარობა თავისი მოქმედების ველიდან, სახელმწიფო თანდათანობით კარგავს ლეგიტიმურობას მოსახლეობის თვალში და მასთან ერთად ლეგიტიმურობას კარგავს მისადმი დაქვემდებარებული ყველა ინსტიტუტი. ასეთი ვითარება დღეს იწვევს ინდივიდის მხრიდან ჩაკეტვას კერძო სფეროში, რელიგიაში, „ახლადშექმნილ ტრადიციაში“ და ცდილობს გასვლას ქვეყნის გარეთ, რომელსაც გადაჭარბებული ღირებულება ენიჭება და რომელზედაც ოცნებობს ბევრი ახალგაზრდა.“(ბაუმანი ე, 2007)

მიხეილ სააკაშვილს ეკონომიკური უთანასწორობის გამომწვევად ოლიხოკრატიის სუსტ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ბატონობა  მიაჩნია.

„საშუალო კლასის ჩამოყალიბების ნაცვლად, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტემ და რეფორმების ნელმა ტემპმა მიგვიყვანა მცირე ფენის გამდიდრებამდე ყველა დანარჩენის გაღარიბების ხარჯზე.“   ამ სახელმწიფო ინსტიტუტებიდან სუსტია პრეზიდენტიც და მისი ძალაუფლების სიმცირე მიჩნეულია ოლიხოკრატიის და უკონტროლო სიტუაციის ხელშემწყობ ფაქტორად.

„რადგან მაღალ დონეზე მთავარი პოლიტკური გადაწყვეტილებების მიღება პარალიზებულია, ეს იწვევს გადაწყვეტილების მიღებას რამდენიმე დონით ქვევით, საშუალო და დაბალი მოხელეების კაბინეტებში. ამგვარი ვითარება კი გამორიცხავს ამ გადაწყვეტილებათა  უმრავლესობაზე ნებისმიერ საზოგადოებრივ კონტროლს, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ქვეყნის მმართველობის სრულ მოშლას  და აბსოლიტურად უმართავ პროცესებს“.  თუ შევარდნაძის ძალაუფლების საყრდენი პოლიციაა, სააკაშვილი მის ადგილას არმიას ათავსებს: „ძლიელი არმია არის თავისი არსით არის ქვეყნის სუვერენიტეტის და სტაბილურობის უმთავრესი გარანტი“

სააკაშვილი, შევარდნაძის ხელისუფლებას ადანაშაულებს ლიბერალიზმის ღალატში და ამხელს, რომ ისინი ისევ კომუნისტური იდეოლოგიის მატარებლებად დარჩნენ:  „საბჭოთა რეჟიმისაგან ჩვენ ჩვენ მემკვიდრეობით შემოგვრჩა კონფორმისტული იდეოლოგიის მატარებელთა მთელი კასტა. ეს ის ხალხია, რომელთაც ეზიზღებათ თავისუფლების ყოველგვარი გამოვლინება, რადგან თავისუფალი ადამიანი მათთვის საფრთხეა.“

ძალზედ აშკარაა სააკაშვილის დისკურსში რეიფიკაციის მოდუსის სიჭარბე, კერძოდ ხაზგასმა ქართველების დაბადებით, ძირძველ ევროპელობაზე: “ჩვენ ქართველები არა მხოლოდ ევროპელები ვართ, ჩვენ ვართ მგზნებარე ევროპელები. ჩვენში თაობები იზრდებოდა ისე, რომ საკუთარ შვილებს ევროპულ ენებს, ევროპულ კულტურას ასწავლიდა და ეს იმ პირობებში, რომ არანაირი იმედიც კი არ არსებობდა, რომ ოდესმე დანარჩენი ევროპის ცალი თვალით დანახვას მოსწრებოდნენ“.

სააკაშვილისთვის უმთავრესი ღირებულება არის მოქალაქის თავისუფლება, ყველაფერი კი რაც კოლექტივიზმს უწყობს ხელს უნდა აღმოიფხვრას: „ქართველი ერის შემდგომი წინსვლა წარმოუდგენელია ინდივიდუალიზმის განვითარების გარეშე და მომავალი საქართველო მოიაზრება სწორედ, როგორც თავისუფლი ინდივიდების გაცნობიერებული არჩევანის შედეგი.“ ძლიერი სახელმწიფო მას წარმოუდგება, როგორც თავისუფალი და ძლიერი სახელმწიფოს გარანტი: აქ ასევე შეგვიძლია ფრაგმენტაციის მოდუსიც დავინახოთ, თავისუფლებაზე ხაზგასმა და კოლექტიური სოლიდარობის ნიველირება ხელს უწყობს საზოგადოების ატომიზაციას. უკიდურესი ინდივიდუალიზმი გამორიცხავს ერის კლანებად, რელიგიებად და ეთნოსებად დაყოფას, რაც მას ძლიერი სახელმწიფოს გარანტად მიაჩნია. „პიროვნულ თავისუფლებას მივყავართ ჭეშმარიტ ეროვნულ თავისუფლებამდე.“ ძლიერი, რეფორმატორი, მზარდი ეკონომიკის  და არმიის მქონე სახელმწიფოს შექმნა, მისი აზრით არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ფესვებს:  „გაერთინებული ევროპისათვის ნაკლებად მიმზიდველია სუსტი საქართველო. მხოლოდ საკუთარ ფეხზე მყარად მდგომი ქვეყანა შეიძლება იყოს საიმედო პარტნიორი.“[23]

ნეოლიბერალური იდეოლოგიიდან გამომდინარე სააკაშვილი ემხრობა მაქსიმალურად არარეგულირებად ბაზარს და თავისუფალ ვაჭრობას: „მაქსიმალურად დავიცვათ ბიზნესი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან არასაჭირო ჩარევისაგან.“  უკვე პრეზიდენტობის პერიოდში სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს საქართველო აქციოს „ამ რეგიონის შვეიცარიად, სინგაპურის ელემენტებით.“ ცხადია, ევროკავშირის რეგულირებული ეკონომიკა გამორიცხავს „ახალი სიგაპურის“, როგორც არარეგულირებადი ქვეყნის ინტეგრაციას. ეს მაგალითი ამყარებს იმ არგუმენტს, რომ იდეოლოგიას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე პრაგმატულ პოლიტიკას თუ ფორმალური დემოკარტიის პრინციპებს.[24]

თუ შევარდნაძესთან, ნარატივის ცენტრში იდგა ადამიანი, სააკაშვილთან მის ადგილს იკავებს მოქალაქე, როგორც პოლიტიკური სუბიექტი და სახელმწიფოსთან მიმართებაში ორმხრივი ანგარიშვალდებულობის მქონე ინდივიდი. მოქალაქის ცნება ერთმანეთს უთანაბრებს ყველა სხვა განსხვავებული ნიშნის მქონე ადამიანს და ამით უნიფიკაციისმოდუსის დემონსტრირება ხდება: „ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთადერთი გზა ეს არის უმცირესობათა წარმომადგენლობისათვის იმის გათავისება, რომ მათი პირადი ბედნიერება უკავშირდება საქართველოს, როგორც პირველ რიგში ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს სიძლიერეს და მის მომავალს“, უნიფიკაციის როლში გამოდის ასევე ყველა განსხვავებული მოქალაქის გამაერთიანებელი ინტერესი - ძლიერი საქართველოს აშენება: „არის ბევრი პარტია, მაგრამ ერთია სამშობლო, არის ბევრი აღმსარებლობა, მაგრამ ერთია ჩვენი საერთო რწმენა. არის ბევრი ეთნიკური ჯგუფიმ მაგრამ ერთია ჩვენი ერი“

სიმულაციის მოდუსი აშკარად ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა პრეზიდენტი აცხადებს რომ უმძიმესი ზარალის მიუხედავად ომი საქართველომ მოიგო, ხოლო მოწინააღმდეგეთა მხარეზე მიმართული საომარი მოქმედებები ფასდება თავდაცვად და პატრიოტიზმად: „ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა თავიდან აგვეცილებინა ომი. არ გავაკეთეთ მხოლოდ ერთი რამ  - არ დავნებდით მტერს მაშინ, როდესაც მან ჩვენი საზღვრები გადმოლახა და ტოტალურ შეტევაზე წამოვიდა“[25]

ძალაუფლების ლეგიტიმაციას სააკაშვილი დავით აღმაშენებელზე მიმითითებით ახდენს:       2004 წლის 24 იანვარს, ინაუგურაციის წინა დღეს, სააკაშვილი დავით აღმაშენებლის  საფლავს ეწვია დასავლეთ საქართველოში. მას ამ სიმბოლური ნაბიჯით იმის თქმა უნდოდა, რომ ის ახალი მიხეილ აღმაშენებელი იყო. მან განაცხადა, „დავით მეფის საფლავზე ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ: საქართველო იქნება გაერთიანებული, ძლიერი, კვლავ გამთლიანდება და გახდება ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“

„მმართველი ელიტა ძირითადად ისევ რევოლუციურ განწყობაზე რჩება. ეს პატარა დინამიკური ჯგუფი ადამიანებისა ნაკლებად არის დაინტერესებული იმით, რომ ეთათბიროს ქართველ ექსპერტებს ან ფართო საზოგადოებას. თუმცა, საქართველო ბუნებით ისევ პლურალისტური ქვეყანაა, ახლა ეს პატარა ჯგუფი მართავს სისტემას, რომელსაც აკლია საშინაო შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი.

ეკონომიკური რეფორმის სარგებელი საზოგადოებაში არათანაბრად განაწილდა. უცხოური ინვესტიციები ძირითადად ეკონომიკის ისეთ სექტორებში წავიდა, როგორიცაა ბანკები და უძრავი ქონების ბიზნესი. ამიტომ ცოტა სამუშაო ადგილი შეიქმნა. პენსიები და სოციალური კეთილდღეობის სუბსიდიები ისევ დაბალი დარჩა. ვარდების რევოლუციის შემდეგ უთანასწორობა ქალაქსა და სოფელს შორის გაღრმავდა. სოფლების დაუძლეველი სიღარიბე დღეს საქართველოს ყველაზე სერიოზული სოცალურ-ეკონომიკური პრობლემაა.“[26]

2003-2009წ.  პერიოდში,  ზრდა იყო სტაბილური და შეადგენდა 0.318%-ს, 2010 წელს გვაქვს ზრდის პიკი 0.434%-მდე, ხოლო შემდეგ  მიმდინარეობს  მკვეთრი  კლება 0.2%-მდე2011  წლისთვის. თუ 2004 წლის დასაწყოსში საგარეო ვალი1,9 მლრდ. დოლარი(3,9 მლრდ. ლარი) იყო, 2010 წლის31 მაისს ეს მაჩვენებელი 3,5 მლრდ. დოლარი (6,2 მლრდ. ლარი) გახდა. 2009  წლის1  იანვრის  მდგომარეობით,  საშუალო  თვიური  ნომინალური  ხელფასი საქართველოში1995 წელთან  შედარებით 40-ჯერ,  ხოლო 2004 წელთან  შედარებით 3,4-ჯერ გაიზარდა  და 540 ლარს  მიაღწია.

2010 წლის გამოკითხვაში რეს პონ დენტთა 25–მა პროცენტმა თქვა, რომ არ აქვს ოჯახის გამოკვებისთვის საკმარისი ფული; 42–მა პროცენტმა კი თქვა, რომ შეუძლია საკვების ყიდვა, მაგრამ არ რჩება ფული ტანსაცმლისთვის. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვისას რესპონდენტებმა შვიდ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხთა შორის, ექვსი ეკონომიკური პრობლემა დაასახელეს. გამოკითხულთა 61 პროცენტისთვის ყველა-ზე სერიოზული საწუხარი იყო დასაქმება და 39 პროცენტისთვის – ფასების ზრდა. სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები სოლიდარობად მოიაზრებოდა და არა მოქალაქეთა უფლებად. 2006 წლიდან მოიხსნა უმუშევრობაზე დახმარება.

მსოფლიო ბანკის 2009 წლის სიღარიბის შეფასების ანგარიშით: მართალია, 2003 წლიდან მოყოლებული ეკონომიკაში საშუალო რეალური შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ამას დიდად არ უმოქმედია სიღარიბის შემცირებაზე. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს.  2003 წლიდან მოყოლებული ეკონომიკური და საჯარო სექტორის ყოვლისმომცველი რეფორმების შედეგად სამუშაო შემცირდა – უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაუქმდა, ვიდრე შეიქმნა.  მართალია, მშენებლობაში, საბანკო სექტორში, წიაღისეულის მოპოვებაში და სახელმწიფო სექტორში იმატა სამუშაო ადგილებმა და/ან ხელფასებმა. მაგრამ ამ სექტორებს დასაქმების საერთო ბაზრის მხოლოდ მცირედი წილი უჭირავთ“[27]

ეკონომიკური თანასწორობის სრული იგნორირება გამოწვეული იყო იმითაც რომ მას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა საბჭოთა რეჟიმის პირობებში და მის გატარებას თრგუნავდა ნეო-ლიბერალური დისკურსი, როგორც ნოსტალგიას კომუნიზმსა და „ბოროტების იმპერიაზე“.

შედეგები

 

 

.გამსახურდია

.შევარდნაძე

.სააკაშვილი

ლეგიტიმაცია

პოლიტიკა=ჰიეროფანია

კონსტიტუცია

დავით აღმაშენებელი

უნიფიკაცია

"ისტორიული მისია"

"სამყაროს მთლიანობა"

"ძლიერი სახელმწიფო"

ფრაგმენტაცია

ქართველი-არაქართველი

დეიდეოლოგიზაცია

ატომიზაცია

სიმულცია

"ბოროტების მსოფლიო ძალები"

სისტემა

ჩინოვნიკები, მოგებული ომი

რეიფიკაცია

"კაცობრიობის მსაჯული"

ქართული ტოლერანტობა

"მგზნებარე ევროპელები"

როგორც სქემიდან ჩანს, ხდება სრულიად განსხვავებული დისკურსების წარმოება. განსხვავება მითუმეტეს აშკარაა ქრონოლოგიურად ერთმანეთის მომდევნო დისკურსებს შორის (გამსახურდიას-შევარდნაძე) (შევარდნაძე-სააკაშვილი). უფრო მეტ შინაარსობრივ მსგავსებას ვიპოვით იდეოლოგიის მოდუსებში სააკაშვილსა და გამსახურდიათან. გარდა ამისა, ნარატივის ცენტრების ცვლა რეჟიმების შეცვლასთან ერთად ასე ხდება: კლასი -ქართველი ერი - ადამიანი - მოქალაქე. აქედან პირველი მათგანი მიუთითებს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, მეორე ეთნიკურ ჯგუფზე, მესამე - ზოგად ფილოსოფიურ კატეგორიაზე, მეოთხე - პოლიტიკურ აქტორზე. შევამჩნევთ, რომ პირველი და მეორე კოლექტივისტური საზოგადოების ფორმირებისკენაა მიმართული, მესამე და მეოთხე - ინდივიდუალისტურის.

ამგვარად, საქართველოს ოფიციალურ პოლიტიკურ დისკურსში ვხედავთ ორ მნიშვნელოვან „ეპისტემოლოგიურ წყვეტას“: პირველი, ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა პოლიტიკური სივრციდან მოხდა მემარცხენე დისკურისის განდევნა და მემარჯვენე დისკურსის მიერ მისი უალტერნატივბოს მტკიცება (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი). მეორე წყვეტას კი ადგილი ჰქონდა გამსახურდიას რეჟიმის დამხობის შემდეგ: კოლექტიური საზოგადოებიდან ინდივიდუალისტურზე გადასვლით.

შედეგების განხილვა

ფუკოს კონცეფცია რომ მოვიშველიოთ, ყოველ ისტორიული პერიოდისათვის ცოდნის განსხვავებული, ფარული სტრუქტურებია დამახასიათებელი. ეს სტრუქტურები ეფუძნება a priori აღიარებულ რწმენებს, როგორც აქსიომებს. მთელი დისკურსი მიმართულია იქით, რომ დაიცვას მისი საფუძვლადმდებარე ეპისტემე, მაგრამ ამას აკეთებს არა დასაბუთებით, (ვინაიდან აქსიომის დასაბუთება პრინციპულად შეუძლებელია) არამედ სიმულაციით, მისი თავისთავად ჭეშმარიტებად გამოცხადებით და ალტერნატიული ეპისტემეს დისკურსიდან განდევნით.

თუ ადამიანის ზოგად ეპისტემოლოგიური მსოფლმხედველობა და მეცნიერული პარადიგმის შეცვლა იშვითი მოვლენაა, რატომ ხდება პოლიტიკური იდეოლოგიებს ბევრად უფრო მეტი სიხშირით ცვლა? გარდა ამისა, შევნიშნავთ, რომ პოლიტიკური იდეოლოგიების ცვლა განსაკუთრებით დაჩქარდა და მათმა სიჭრელემაც იმატა  საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. რა იყო ამის მიზეზი?

ამ ორივე კითხვას, ვფიქრობთ ერთი მიზეზი უნდა აერთიანებდეთ: სეკულარულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ იდეოლოგიებს არ ჰქონდათ და არც შეიძლება ჰქონოდათ ლეგიტიმაციის ონტოლოგიურ დაფუძნებაზე პრეტენზია. თუ ღვთაებრივი ნება და ზეციური იერარქია უცვლელია, ხალხის კონსესუსით მიღწეული ნება გამოხატული კონსტიტუცით თუ არჩევნებით, არამდგრადია და მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს. ხალხის ნება და ინტერესი იცვლება, როგორც წესი სოციალ-პოლიტიკური გარემოებების ცვლილებებთან ერთად. ამისაგან განსხვავებით, მეცნიერული ინტერესი: შეიმეცნოს სამყარო და ეს მის სასარგებლოდ გამოიყენოს, მდგრადობით გამოირჩევა. უნდა ისიც გავიხსენოთ, რომ მეცნიერება დგას ერთადერთ ობიექტურ ღირებულებაზე: ჭეშმარიტებაზე, მაშინ როცა სეკულარული ღირებულებები ინტერსუბიექტურია. ამასთან ერთად, ამ ღირებულებათა სიმრავლე, შესაძლებელს ხდის პრიორიტეტების მინიჭების ფართო არჩევანს და კომბინაციების ფართო სპექტრს.

თუ მაიც მოხდა, რომ პოლიტიკა ჰიეროფანიად გამოცხადდა, როგორც ეს გამსახურდიას შემთხვევაში დავინახეთ, ეს მაინც რელიგიაზე მიბმით და მოდერნულობისთვის ომის გამოცხადებით ხდება. ცხადია, ასეთი პოლიტიკური დისკურსი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა საერთაშორისო დონეზე გაბატონებული იდეოლოგიების მხრიდან და ხდება მისი დაპრესვა, როგორც ატავიზმისა.

მემარცხენეობის პოლიტიკური დისკურსიდან განდევნა საქართველოში, გამოიწვია ერთი მხრივ დაგორვილმა ანტისაბჭოთა განწყობამ, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე კომუნისტური იდეოლოგიის  კრახმა. ვაშინგტონის კონსესუსის და ტეტჩერ-რეიგანის ნეო-ლიბერალურმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში მომხდარიყო ულტრა მემარჯვენე იდეოლოგიების დამკვიდრება და შენარჩუნება.

საქართველოში პოლიტიკური იდეოლოგიების ცვლა ხორცილდებოდა „ზემოდან“, დასავლეთში გაბატონებული, მეინსტრიმი იდეოლოგიების პირდაპირი დანერგვით, რათა მომხდარიყო ძალაუფლების ლეგიტიმაცია. თუ საერთაშორისო დონეზე მოხდება ალტერნატიული იდეოლოგიიების წინა პლანზე წამოწევა, ეს შესაძლებელს გახდის განსხვევბული პოლიტიკური დისკურსების კვლავწარმოებას, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო მასშტაბით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბარამიძე გ. და სხვ. ედუარდ შევარდნაძე - გონების მოქცევა საქართველოში
    1. ბელი, დ. იდეოლოგიის დასასრული დასავლეთში

 

  1. გამსახურდია, ზ.  საქართველოს სულიერი მისია.

 

  1. გამსახურდია,ზ.  „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ცისკარი. 1987წ.

 

  1. დე ვაალი, თ. საქართველოს არჩევანი

 

  1. ეტიენი, ჟ. ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს მისეული ხედვა.

 

  1. ზედანია, გ. იდეოლოგიის შესახებ დებატები XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში

 

  1. კოდუა, ე.  კულტურის სოციოლოგია

 

  1. მანჰაიმი, კ. იდეოლოგია და უტოპია

 

  1. პაპავა, ვ. ლეშეკ ბალცეროვიჩი და საქართველო

 

  1. სააკაშვილი. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის

 

  1. ფუკო, მ. სიტყვები და საგნები

 

  1. შევარდნაძე. ჩემი არჩევანი.

 

  1. ხადური, ნ. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ანალიზი და პერსპექტივები

 

  1. ჰეივუდი, ე.  პოლიტიკური იდეოლოგიები

 

  1. ჰოფსტედე, გ & ჰოფსტედე. გ.ი. კულტურები და ორგანიზაციები

 

  1. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?site=localhost&a=p&p=about&c=preziden&l=ka&w=utf-8

 

  1. http://zviadgamsakhurdia.blogspot.com/

 


[1] მიშელ ფუკო. სიტყვები და საგნები

 

[2] გიგა ზედანია. იდეოლოგიის შესახებ დებატები XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში

 

 

[3] კარლ მანჰაიმი. იდეოლოგია და უტოპია

[4] დანიელ ბელი. იდეოლოგიის დასასრული დასავლეთში

[5] ედუარდ კოდუა. კულტურის სოციოლოგია

[6] გირტ ჰოფსტედე და გერტ იან ჰოფსტედე. კულტურები და ორგანიზაციები

[7] გიგა ზედანია. იდეოლოგიის შესახებ დებატები XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში

[8] ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკური იდეოლოგიები

[9]გიგა ზედანია. იდეოლოგიის შესახებ დებატები XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში

[10] ზვიად გამსახურდია. „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ცისკარი. 1987წ.

[11] ზვიად გამსახურდია. საქართველოს სულიერი მისია.

[12] http://zviadgamsakhurdia.blogspot.com/

[13] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?site=localhost&a=p&p=about&c=preziden&l=ka&w=utf-8

[14] ნოდარ ხადური. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ანალიზი და პერსპექტივები

[15] ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკური იდეოლოგიები

[16] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?site=localhost&a=p&p=about&c=preziden&l=ka&w=utf-8

[17] ჟან-კლოდ ეტიენი: ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს მისეული ხედვა.

[18] ედუარდ შევარდნაძე. ჩემი არჩევანი.

[19] ვლადიმერ პაპავა. ლეშეკ ბალცეროვიჩი და საქართველო

[20] ბარამიძე გიორგი და სხვ. ედუარდ შევარდნაძე - გონების მოქცევა საქართველოში

[21] ნოდარ ხადური. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ანალიზი და პერსპექტივები

 

[22] ენდრიუ ჰეივუდი. პოლიტიკური იდეოლოგიები

[23] მიხეილ სააკაშვილი. გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსათვის

[24] თომას დე ვაალი. საქართველოს არჩევანი

[25] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?site=localhost&a=p&p=about&c=preziden&l=ka&w=utf-8

[26] თომას დე ვაალი. საქართველოს არჩევანი

[27] ნოდარ ხადური. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ანალიზი და პერსპექტივები

FreshJoomlaTemplates.com
Powered by ILIAUNI IT Dept.
Friday the 28th.