სიცოცხლის დაზღვევის განუვითარებლობის მიზეზები საქართველოში

01თამარ წიგნაძე, თეონა ელიაშვილი
pdf

საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სიცოცხლის დაზღვევას 7.24 %-იანი წილი უჭირავს დაზღვევის ბაზარზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადგილი აქვს სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის გარკვეულ გამოცოცხლებას, რაც ნათლად ჩანს ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე, სადაც ასახულია სიცოცხლის დაზღვევის პროცენტული წილი, ბაზარზე მოზიდული პრემიების ოდენობის მიხედვით, 2008-2012 წლების პირველი ორი კვარტლის მონაცემებით:

 

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

მიუხედავად ამ ზრდისა, სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში ეს ბაზარი ჯერ-ჯერობით აუთვისებელია და მაინც, რა არის საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის განუვითარებლობის მთვარი მიზეზი? შესაძლოა არასტაბილური ეკონომიკა და საინვესტიციო ბაზრის დაბალი დონე ან უბრალოდ სადაზღვევო კულტურის არარსებობა ჩვენში… თუმცა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია, რომელთაც დამტკიცება სჭირდება, რაშიც მდგომარეობს ჩვენი კვლევის მთავარი აზრი.

სიცოცხლის დაზღვევის არსი

სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს დაზღვეულის გარდაცვალების ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის შემთხვევაში მზღვეველის მიერ, გარკვეული თანხის (სადაზღვევო თანხის) გადახდას დაზღვეულზე ან მესამე პირზე, სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.

სიცოცხლის დაზღვევა არის პირადი დაზღვევა, ვინაიდან ყველა შესაძლო დაზღვეული საფრთხე (სიკვდილი ან უბედური შემთხვევა) უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტულ პიროვნებასთან.

სიცოცხლის დაზღვევის დროს დაზღვევის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე. სადაზღვევო რისკი არის კონკრეტული პირის (დაზღვეული) სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი შემთხვევითი გადახრა საშუალოსტატისტიკური მაჩვენებლიდან. რისკი არის არა სიკვდილი, არამედ მისი დადგომის დრო ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევა. ამიტომ, დასაზღვევ რისკს აქვს სამი ასპექტი:

  • ახალგაზრდა ასაკში ან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებელზე ადრე გარდაცვალების ალბათობა;
  • გარდაცვალების ან გარკვეულ ასაკამდე მიღწევის ალბათობა;
  • სიბერეში ცხოვრების ალბათობა, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა, რაც მოითხოვს რეგულარული შემოსავლების მიღებას შრომითი საქმიანობის გარეშე.

იმის მიხედვით, თუ რას შევარჩევთ რისკის განსაზღვრის კრიტერიუმებად, გამოყოფენ დაზღვევის სამ ძირითად სახეს:

  1. რისკობრივი სიცოცხლის დაზღვევა
  2. დაგროვებითი სიცოცხლის დაზღვევა
  3. სიცოცხლის შერეული დაზღვევა

სიცოცხლის დაზღვევის ამ ფორმებს გააჩნია მთელი რიგი თავისებურებები. ისინი იცვლებიან სიტუაციიდან გამომდინარე. სწორედ, ამიტომ სადაზღვევო ბაზარზე შეგვიძლია ვიპოვოთ სიცოცხლის დაზღვევის სხვადასხვაგვარი პროდუქტები განსხვავებული ტარიფებით.

რისკობრივი სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს გარდაცვალების შემთხვევაზე დაზღვევას გარკვეული დროის განმავლობაში. სადაზღვევო პრემიების გადახდის სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

დაგროვებადი სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს გარდაცვალების შემთხვევაზე დაზღვევას დაზღვეულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სადაზღვევო პრემიების გადახდის სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში დროის ნებისმიერ პერიოდში.

შერეული სიცოცხლის დაზღვევა გულისხმობს გარდაცვალების შემთხვევაზე დაზღვევას და გარკვეულ ასაკამდე მიღწევაზე დაზღვევას. სადაზღვევო პრემიების გადახდის სანაცვლოდ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო თანხა დაზღვეულის, როგორც გარდაცვალების შემთხვევაში, თუ ეს მოხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ადრე გასვლამდე, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგაც, თუ დაზღვეული ჯერ კიდევ ცოცხალია.

სიცოცხლის დაზღვევის ბაზარი საქართველოში

საქართველოში  დღესდღეობით (ეროვნული ბანკის მონაცემებით) 10 სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც გვთავაზობს სიცოცხლის დაზღვევას: ალდაგი ბისიაი, ჯი პი აი ჰოლდინგი, იმედი L International, ირაო, აი სი ჯგუფი, არქიმედეს გლობალ ჯორჯია, პსპ სამედიცინო დაზღვევა, ალფა, ტაო  და ქართუ. თუ გადავხედავთ სიცოცხლის დაზღვევის ბაზარს ბოლო სამი წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ  2010 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ლიდერის პოზიცია, მოზიდული პრემიის ოდენობის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე,იმედი L-ს (2,083,403 ლარი) ეკავა, 2011 წელს კვლავ იმედი L ლიდერობს (3,773,216), ხოლო 2012 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით წამყვანი პოზიცია პსპ სამედიცინო დაზღვევას უჭირავს (9,100,039).

2010 წლის მე-3 კვარტლის სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის ლიდერი კომპანიები მოზიდული პრემიის მიხედვით:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

2011 წლის მე-3 კვარტლის სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის ლიდერი კომპანიები მოზიდული პრემიის მიხედვით:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

2012 წლის მე-3 კვარტლის სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის ლიდერი კომპანიები მოზიდული პრემიის მიხედვით:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

რაც შეეხება, სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის მოცულობის ცვლილების დინამიკას
2010-2012 წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება
:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

როგორც ვხედავთ, სიცოცხლის დაზღვევა საქართველოში თანდათან ვითარდება, რაც გამოიხატება მოზიდული პრემიის ყოველწლიურ ზრდაში. საერთო ჯამში (2011 – 2012 წლებში), სიცოცხლის დაზღვევა იკავებს მეოთხე ადგილს სადაზღვევო ბაზარზე, ჯანმრთელობის, ქონებისა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობების შემდეგ:

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489

ექსპერტთა გამოკითხვა – კვლევის შედეგები

კვლევის ფარგლებში, გამოკითხულ იქნა დაზღვევის სფეროს ექსპერტები საქართველოში, რომელთა მიერ დასახელებულია სიცოცხლის დაზღვევის განუვითარებლობის მიზეზები საქართველოში, რომელთაგან შეგვიძლია გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები:

საზოგადოების მენტალიტეტი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ სკეპტიკურადაა განწყობილი სადაზღვევო ინდუსტრიის მიმართ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სიცოცხლის დაზღვევას ეხება, რადგან ის, თავისი არსით, დაზღვევის გრძელვადიან სახეს წარმოადგენს. პოლისის მოქმედება ვრცელდება 10-20 და მეტი წლების განმავლობაში. პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის, მაღალი ინფლაციის პირობებში, გრძელვადიანი ინვესტიციები არ არის მოსახლეობისათვის საინტერესო;

ინფორმაციის ნაკლებობა. სიცოცხლის დაზღვევის განვითარებას ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს ინფორმაციის ნაკლებობა. არ ხდება საზოგადოების ინფორმირება აღნიშნული სფეროს სარგებლიანობის შესახებ. როდესაც დაზღვეული, სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდეგ, უმოკლეს ვადაში, პირადად არ იღებს სარგებელს, მისთვის ეს ფულის გაფლანგვასთან ასოცირდება. მაშინ, როდესაც კონკრეტული პიროვნების გადაცვალების შემდეგ, სიცოცხლის დაზღვევის პოლისის არსებობისას, მრავალი ფინანსური პრობლემა ეხსნება მისი ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით, ოჯახის მარჩენალის სიკვდილის შემთხვევაში;

ეკონომიკური მდგომარეობა. სიცოცხლის დაზღვევა ყველა ქვეყანაში, შექმნილია, ძირითადად, მოსახლეობის საშუალო და მდიდარი ფენებისათვის, რომელთაც სურთ, შემოსავლების გარკვეული ნაწილი შეინახონ მემკვიდრეთათვის ან მოახდინონ მისი ინვესტირება დამატებითი შემოსავლების მისაღებად. ამჟამად, საქართველოში არ არსებობს ასეთი ფართო სოციალური ბაზა სიცოცხლის დაზღვევისათვის.  სიცოცხლის დაზღვევის დაგროვებითი და შემნახველი ფუნქციები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განვითარებული საინვესტიციო ბაზრების არსებობისას. საქართველოში ასეთი ბაზარი მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაშია.

დასკვნა

სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევა სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს სადაზღვევო ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას და სტაბილურობას, რადგანაც იგი ეფუძნება სადაზღვევო პრემიის კაპიტალიზაციის პროცესს. არასტაბილურობის და ფინანსური კრიზისის შესაძლებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ გასცენ გარანტიები გრძელვადიან პერსპექტივაში. საზოგადოების ნდობა მათ მიმართ, ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ არ არსებობს კანონმდებლობითი ან ეკონომიკური ინსტრუმენტები მეწარმეების და საზოგადოების წასახალისებლად, რომ დადონ სიცოცხლის დაზღვევის კონტრაქტები (მაგალითად, თანამშრომელთა სიცოცხლის დაზღვევა ან სიცოცხლის დაზღვევა სესხის ან იპოთეკის მიღებით).

ამდენად, სანამ ვდგავართ მწვავე ეკონომიკური და მენტალური პრობლემების წინაშე და ვიდრე, გარკვეულწილად მაინც, არ მოხდება მათი აღმოფხვრა, ნაკლებად უნდა ველოდოთ სიცოცხლის დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

  1. თ. ვერულავა. სალექციო კურსი სადაზღვევო საქმეში, სიცოცხლის დაზღვევა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. თ. ვერულავა. სიცოცხლის დაზღვევა. ვიდეოლექცია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2012.http://videochannel.iliauni.edu.ge/?p=26137
  3. ჯაყელი კ., დაზღვევისა და ჯანდაცვის ეკონომიკა, თბილისი: ჯანდაცვის ეკონომიკისა და დაზღვევის საქ. ღია ჰუმანიტ. ინ-ტი., 2009, 340 გვ.
  4. საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012.http://nbg.ge/index.php?m=489