წარმატებული პერსონის სოციალური კონსტრუქცია თანამედროვე ქართულ რეალობაში

თამარ ნოსელიძე, ნატალია ბერიაშვილი

თანამედროვე საზოგადოებაში წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ეფექტური იმიჯია. იმიჯი არის ინდივიდის საზოგადო, სახალხო სახე,  გარკვეულ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პიროვნების ადგილს და სტატუსს საზოგადოებაში. იმიჯი ასევე განაპირობებს სოციუმის დამოკიდებულებას ინდივიდისადმი, რადგან საზოგადოების წევრები ხშირად ინდივიდის წარმატებულობის საზომად, ინდიკატორად, სწორედ მის იმიჯს იყენებენ. ამიტომ, ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ წარმოუდგენიათ თანამედროვე საზოგადოებაში წარმატებული ადამიანების იმიჯი.

კვლევის მიზანი პასუხს გასცემს  შემდეგ კითხვებს, რომელი ტიპის კაპიტალი ასოცირდება წარმატებულობასთან და ვინ ითვლებიან საქართველოში წარმატებულ ადამიანებად. კვლევის საგანი რელევანტურია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქტორები, რომლებიც სოციუმის წევრების მიერ მიიჩნევიან და აღიარებულნი არიან წარმატებულებად, ახდენენ საზოგადოებაში ქცევის წესების მოდელირებას, რადგან ისინი წარმოადგენენ წარმატებულობის მოდელებს, მათ მიერ დემონსტრირებული ქცევის მოდელებიც ათვისებას ექვემდებარება.

ჩვენი კვლევის მიზანი თეორიული ხასიათისაა. მისი დანიშნულებაა იმ ინდიკატორების დადგენა, რომელთა მიხედვითაც ქართულ რეალობაში აფასებენ წარმატებულობას და იმ ატრიბუტების გამოვლენა, რომლებიც შეადგენენ წარმატებული ადამიანის იმიჯს.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა თუ ყველაზე მეტად რომელი ტიპის კაპიტალი ასოცირდება წარმატებულობასთან და რა არის წარმატებული ადამიანის ატრიბუტები თანამედროვე საზოგადოებაში, რაც მრავალმხრივ შესწავლასა და ანალიზს მოითხოვს. თუმცა შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ წარმატებულობასთან სოციუმში ასოცირდება ეკონომიკური, სიმბოლური და პოლიტიკური კაპიტალი, შესაბამისად, ის ატრიბუტები, რომლებიც შეადგენენ წარმატებული ადამიანის იმიჯს, იქნება ეკონომიკური მდგომარეობა, ცნობადობა და ავტორიტეტი. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და მხოლოდ სოციოლოგიური კვლევა გასცემს პასუხს ამ კითხვებს.

რაც შეეხება მეთოდოლოგიას, კვლევაში გამოყენებული იქნება სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები, კვლევითი ტექნიკა – ფოკუს ჯგუფი.

კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ახალი ინფორმაცია და გავაანალიზოთ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში რა ქმნის წარმატებული ადამიანის იმიჯს, ვის აღიარებს საზოგადოება როგორც წარმატებულ ადამიანს და ვინ მიჩნიათ ქართულ რეალობაში წარმატებულობის მოდელად.

ძირითადი  საძიებო  სიტყვები: წარმატება, იმიჯი, პოპულარობა, დიდება, აღიარება.

წარმატება არის წმინდა სოციოლოგიური საკითხი, რადგან ის ეხება ჯგუფში ინდივიდების ურთიერთობას და ზოგადად ინდივიდის ჩამოყალიბების პროცესს, რაც გარკვეულწილად დაკვირვებადი პროცესია.

მთავარი კითხვაა რა არის წარმატება, რა მიმართებაა ნიჭსა და პოპულარობის, დიდების მოპოვებას შორის? ნიჭის შედეგი არის თუ არა პოპულარობა? თუ არა რატომ არა, რა გავლენას ახდენს ან ვერ ახდენს ბუნებრივი უნარები პოპულარობის მოპოვების პროცესზე.

ეს კითხვა როგორც მინიმუმ სოციოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, ეს კითხვა ისმის ასევე ისტორიაში, ფსიქოლოგიაში. ეს კითხვა გვიჩვენებს რა კავშირია საზოგადოებასა და სოციალურ წესრიგს შორის. საზოგადოება ქმნის ინდივიდს თუ პირიქით, ინდივიდი ქმნის საზოგადოებას.

კვლევის დიზაინი: თვისებრივი კვლევა: ფოკუს ჯგუფი, პირისპირ ინტერვიუ

კვლევის ინსტრუმენტი _ ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი

სამიზნე ჯგუფი: 20 – 30 წელი

რა არის წარმატება?  ამ კითხვას სწორად რომ ვუპასუხოთ უნდა გავაერთიანოთ თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციის, ჯგუფთან მიმართების კონცეფციები საზოგადოების ცხოვრებაში. წარმატება არის თვითგანვითარების უნარი სოციალურ გარემოში და  უმაღლესი ფორმა პერსონალური ცხოვრების,რომლის საფუძველი უნდა ვეძებოთ მხოლოდ სოციალურ ფუნციაში. თვითგანვითარება, თვითრეალიზება  სოციალურ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში იძლევა წარმატებულობის განცდას. დიდი მნიშვნელობა არ აქვს როგორი სუსტი ან თავმდაბალიც არ უნდა იყოს ინდივიდი,მის ცხოვრებაში წარმატების გაცნობიერება მაინც დიდ როლს თამაშობს. ადამიანი მთელი სისრულით მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს ცხოვრებას და საკუთარ თავს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახდენს თავის რეალიზებას. მაგალითად, ჯარისკაცი, რომელიც ებმევა ბრძოლაში არ ფიქრობს სარგებლის მიღებაზე, ასევეა მისიონერები, სოციალური აგიტატორები, მკვლევარები, ხელოვანები და ა.შ. ამას არ განსაზღვრავს კლასები, ეს ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე. თუ ადამიანი არ არის განსაკუთრებული უნარების მქონე, თუმცა არის შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით უდგება საქმეს, რომელსაც ასევე აფასებს ღირსეულ საქმედ, იგი ასევე განიცდის წარმატებას.

წარმატებას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა, თუმცა პირდაპირპროპორციულ გავლენას არ ახდენს საზოგადოების ცნობიერებაზე. წარმატებული ადამიანების  ცხოვრების წესი,სიმბოლოები ახდენს გავლენას ჩვენს არაცნობიერზე (მათი იდეალები, მათი სასიყვარულო ისტორიები, გამბედაობა და ცხოვრების ხედვა.)  ვის ცხოვრებაშიც ეს ყველაფერი მაქსიმალური რაოდენობით არის თავმოყრილი, ის უახლოვდება წარმატებულობის იდეალს.

წარმატება არის ეფექტური მონაწილეობა სოციალურ ცხოვრებაში. მხოლოდ თავისი სოციალური ფუნქციების სრულყოფილად შესრულება აქცევს ადამიანს კარგ მოქალაქედ.

რაც შეეხება პოპულარობას, პოპულარობა უფრო ფართო გაგებით არის ლიდერობა. პიროვნების იმიჯი მოქმედებს როგორც სიმბოლო, რომლის მეშვეობითაც პიროვნების იდეალური ტიპის ან უფრო სწორად იდეის ფორმირებას ვახდენთ. იმ იდეების რომლებიც  უკვე მოგვიანებით ინტენალიზდება საზოგადოების ცნობიერებაში. პიროვნებებიც იდეების მსგავსად ახდენენ გავლენას ჩვენს ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, აზროვნებაზე, ამიტომ ისინი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ სოციალური ნორმების და ქცევის წესების ფორმირებას, ისინი წარმოადგენენ მაგალითს სხვების ცხოვრებისათვის.

პოპულარობა წარმოიქმნება თავის დამკვიდრების პროცესში. იგი თავის ძალისხმევას მიმართავს ადამიანების მართვაზე, მას არ აქვს ერთი კონკრეტული სახე და არ ეკუთვნის ერთ დროს, არამედ იგი აგრძელებს გარდაქმნას ისევ და ისევ, ვიდრე არ იქცევა ტრადიციად და მყარად არ მოიკიდებს ფეხს ადამიანების ცნობიერებაში.

რეალური პოპულარობა(დიდება) არ არის გარდამავალი, დროებითი, ის მოდის მსგავსად არ შეიძლება შეიცვალოს და გადავიდეს. ინდივიდს, რომელსაც ერთხელ აქვს განცდილი პოპულარობის გრძნობა, შემდეგ მუდმივად აქვს პოპულარობის მოთხოვნილება.

თუ პოპულარობის ფესვები არის ინსტიტუციური, მას აქვს უფრო დიდი პოტენციალი თავი ხანგრძლივად შეინარჩუნოს. ამის მაგალითებია ისეთი ცნებები როგორიცაა მაგალიათად ერი და სარწმუნოება.  „ჩვენ  ამერიკელები,  ვაფასებთ აბრაამ ლინკოლნს, ჯორჯ ვაშინგტონს, რადგან ისინი ასოცირდებიან ამერიკის ისტორიასთან, ისინი არიან სახეები, მაგრამ ისინი მით უფრო საამაყოები არიან ამერიკელებისთვის, რომ იყვნენ დიდი ადამიანები, რომლებითაც მსოფლიო იცნობს და აფასებს ამერიკას და შემდეგ უკვე დიდი ამერიკელები.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ხდებიან პოპულარულები არის ის, რომ მათ ცხოვრებაში არის ის სიმბოლური შტრიხები, რომლებიც საზოგადოებაში ასოცირდება  მიუწვდომელ საოცნებო იდეალებთან, მათ ცნობიერებაში ისინი ასოცირდება სიმამაცის გამოვლინებებთან, განსაკუთრებულ სასიყვარულო თავგადასავლებთან, ძალაუფლების ფლობასთან, ჭეშმარიტების ძიებასთან და ვიზუალურ თუ სულიერ სილამაზესთან. ჩვენ ვაფასებთ მათ, რადგან ადამიანი ბუნებით მიისწრაფვის იდეალებისაკენ.

რთულია იპოვო ისეთი წარმატებული ადამიანი რომელიც წარმატებულობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ყველას აქვს თავისი ცოდვები და ნაკლი, მაგრამ მათ აქვთ განსაკუთრებული თავდაჯერებულობა, მომავლის რწმენა, ვნება თავისი საქმის მიმართ და განსაკუთრებული ხედვა, რაც საშუალებას აძლევს მათ გააგრძელონ  წინსვლა.

ნიჭიერება, გენიალურობა წარმოშობს მიდრეკილებას დიდების მოპოვებისაკენ. დიდება არის მიღწევების აღიარება. სოციალურ გარემოში ინდივიდის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაზე გავლენას ახდენენ  მეგობრები, წიგნები, შესაძლებლობები. გარემოს, რომელშიც ინდივიდი ყალიბდება და ხდება მისი აზროვნების ფორმირება აქვს სოციალური საფუძველი, ხოლო ბუნებრივი უნარები და შესაძლებლობები არის უფრო ბიოლოგიური, ნიჭიერება არის გენეტიკური მოვლენა. საბოლოოდ, ამ ყველაფრის გამოვლინება ხდება ისტორიაში.

დიდების,პოპულარობის მიღწევა იძლევა განსაკუთრებულ პირობებს და ამ პირობების მიღება და დაბრკოლებების გადალახვა არის ადამიანის შესაძლებლობების ერთგვარი ტესტი. პოპულარობა იშვიათად მიიღწევა ნიჭის, ბუნებრივი უნარების გარეშე. ბუნებრივი უნარები არის პოპულარობის მიღწევის აუცილებელი პირობა. რაც შეეხება სოციალურ გარემოს, ის ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს, დადებითი ან უარყოფითი კუთხით.

მაღალი შემოსავალი არის პოპულარობის ერთ-ერთი  წინაპირობა. მაღალი შემოსავალი ბუნებრივ შესაძლებლობებთან ერთად ქმნის პოპულარობას მოცემულ დროსა და ადგილზე. პოპულარობის,დიდების მიღწევის გზებს განსაზღვრავს კონკრეტული ისტორიულ-სოციალური მდგომარეობა. ეს მდგომარეობა ყველა სხვადასხვა შემთხვევაში იმდენად განსხვავებულია, რომ კონკრეტული კრიტერიუმების გამოყენება გაგვიჭირდება წარმატების მიღწევის გზების შესაფასებლად.

ბუნებრივი, თანშობილი უნარები და ინტელექტის ხარისხი ქმნის რეპუტაცის და ავტორიტეტს. შესაძლებლობებთან ერთად აუცილებელია ენთუზიაზმი, სურვილი, რასაც მივყავართ საქმის ბედნიერ დასასრულამდე.

რაც შეეხება კვლევის შედეგებს, მიღებული შედეგები საკმაოდ არაერთგვაროვანია, ვინაიდან თითოეულ რესპონდენტს აქვს წარმატებულობის საკუთარი აღქმა და გაგება.

რესპონდენტების აზრი ორად გაიყო, კითხვაზე თუ რა არის წარმატება, რესპონდენტების ნაწილმა განსაზღვრა როგორც სუბიექტური მოვლენა, ინდივიდის შინაგანი მდგომარეობა, პირადი კმაყოფილების მიღწევა და მათთვის  საზოგადოების მხრიდან აღიარება არ არის აუცილებელი, იმისათვის რომ ადამიანმა თავი წარმატებულად იგრძნოს. „წარმატებას კომპონენტი არ აქვს, წარმატება  არის  ის, რასაც  თითოეული  ადამიანი  წარმატებას  დაარქმევს“,  „წარმატება  არის ის  გრძნობა , რომელიც  გიჩნდება  როდესაც  აღწევ  დასახულ  მიზანს.“

რესპონდენტების მეორე ნაწილი თავიდანვე აღიარებს, იმისათვის რომ თავი წარმატებულ ადამიანებად იგრძნონ, მათთვის აუცილებელია მათი წარმატება აღიაროს საზოგადოებამ, ამ ნაწილისათვის წარმატება პირდაპირ ასოცირდება საზოგადოების მხრიდან აღიარებასთან. „ წარმატება არის სხვების მიერ დანახული შენი თავი“, „ადამიანი საკუთარ წარმატებას თვითონ ვერ აღიარებს, ის საზოგადოებამ უნდა აღიაროს წარმატებულად“.

თუმცა  კითხვაზე, თუ  რა  იქნებოდა  მათთვის   წარმატება, გამოიკვეთა  ტენდენცია, რომ წარმატება პირდაპირ ასოცირდება საკუთარი პროფესიით უმაღლესი თანამდებობის დაკავებასთან და სტატუსის მიღებასთან.  „კარიერული  კიბის  უმაღლეს  საფეხურის მიღწევა, პროფესიული  სრულყოფა“, „ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე“, ფიზიკოსი ვარ და მინდა ნასაში მუშაობა“, „იურისტი ვარ და მინდა გავხდე მოსამართლე“, „ვწერ და მინდა საბას მიღება, შემდეგ ნობელის პრემიის ლაურეატობა“.

რესპონდენტები პასუხობენ, რომ  სურთ კარგი კარიერა, საკუთარ პროფესიაში წარმატების მიღწევა, რაც საზოგადოების მხრიდან ნდობისა და აღიარების გარეშე შეუძლებელია.

წარმატების მიღწევისათვის აუცილებელ ნიშან თვისებებად მიაჩნიათ პირველ რიგში კარგი გონებრივი მონაცემები, ნიჭი, კარგი ვიზუალი, კარგი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ქარიზმა, პროფესიონალიზმი, თვითრეალიზების უნარი და იღბალი.

თუმცა, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში ახალგაზრდები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა იღბალი, გამართლება, შემთხვევითობა და ა.შ.

მატერიალური კაპიტალი ინტელექტის ხარისხთან ერთად წარმატების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა, ინტელექტი ქმნის რეპუტაციას და ავტორიტეტს. „ჩემთვის წარმატება პირდაპირ ასოცირდება იმასთან, თუ რამდენი მაქვს ჯიბეში“, „ზოგადად საქართველოში წარმატებას და პოპულარობას განსაზღვრავს ფული“, მაგრამ იგივე რესპონდენტი ამბობს, რომ მატერიალური კაპიტალის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა ინტელექტუალური, კულტურული კაპიტალი, ამიტომ მატერიალურ კაპიტალს არ ანიჭებს დიდ უპირატესობას კულტურულ კაპიტალთან შედარებით.

მაგალითისთვის, ინტერვიუებში დასახელებული იყო ისეთი სახელები, როგორიცაა: პაატა ბურჭულაძე, ილია ჭავჭავაძე, ირაკლი ჩარკვიანი, სასულიერო პირები, ლაშა ბუღაძე, ოთარ ჭილაძე, ნონა გაფრინდაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დუტა სხირტლაძე, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, გია დვალი, ნინო ქათამაძე, კახა ბენდუქიძე, ერეკლე დეისაძე.

რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ წარმატებულ და აღიარებულ ადამიანად დაასახელა ორი პიროვნება: ილია ჭავჭავაძე და ირაკლი ჩარკვიანი. ერთი შეხედვით ამ ორ ადამიანს საერთო არაფერი აქვთ და სრულიად სხვადასხვა ეპოქას ეკუთვნოდნენ, მაგრამ ილია ჭავჭავაძე იყო საზოგადო მოღვაწე, რომელიც იბრძოდა ისეთი ღირებულებებისათვის, როგორიცაა საქართველოს თავისუფლება, ქართული ენის სტატუსი, თვითმყოფადობის შენარჩუნება_ „ენა, მამული, სარწმუნოება“. ის ამ ყველაფრის გამო უპირისპირდებოდა არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოს, რასაც შეეწირა კიდეც. ის იყო მწერალი, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ქართული სახელმწიფო, ყოველშემთხვევაში ფორმალურად მაინც, დგას ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მის პორტრეტს საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძე მართლმადიდებლურმა ეკლესიმ წმინდანად შერაცხა.

რაც შეეხება ირაკლი ჩარკვიანს, ის იყო ადამიანი რომელიც ასევე უპირისპირდებოდა მის დროს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს. ის იყო ხელოვანი, შემოქმედი, რომელიც ქმნიდა არსებითად ახალს ქართული საზოგადოებისთვის, რომელმაც ასევე დატოვა ძალიან დიდი მემკვიდრეობა მუსიკაში განსაკუთრებით.

ძირითადად დასახელებული პიროვნებები არიან შოუბიზნესის, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები,ან პოლიტიკური მოღვაწეები. მაგალითად, შოუბიზნესიდან: ირაკლი ჩარკვიანი, პაატა ბურჭულაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, ნინო ჩხეიძე, დუტა სხირტლაძე. ხოლო პოლიტიკიდან გამოიკვეთა შემდეგი სახელები: ბიძინა ივანიშვილი, კახა ბენდუძე, ნიკა გილაური, სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ არავის არ გახსენებია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ პოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოთვლილი პიროვნებები დავაჯგუფეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ რესპონდენტებმა ისინი როგორც წარმატებული ადამიანები დაასახელეს აბსოლუტურად სხვადასხვა კონტექსტში. საზოგადოების წევრები, თავისმხრივ, წარმატებულ ადამიანებს ყოფენ ორ ნაწილად, „ვინ მიმაჩნია წარმატებულ ადამიანად მე და ვის ვაღიარებ და ვინ არის ჩვენს საზოგადოებაში წარმატებული, პოპულარული.“

პაატა ბურჭულაძე არის ადამიანი, რომელმაც თავის პროფესიაში მიაღწია წარმატებას, იცნობს მთელი მსოფლიო თავისი პროფესიით. მოღვაწეობს საქართველოს სახელით და არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელმაც სახელი გაუთქვა ქვეყანას. ასევე არის ქველმოქმედი ანუ  სასარგებლო ადამიანია ქართული საზოგადოებისათვის.

ნინო ჩხეიძე წარმოადგენს პოპულარობის იმ ტიპს, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეფუძნება მასებიდან წამოსულ მოთხოვნებს. იგი იღებს დაკვეთას მასებიდან და ასრულებს, ის არ სთავაზობს რაიმე ახალს საზოგადოებას, მისი საქმიანობა მთლიანად კომერციულ ინტერესებზეა გათვლილი. განსხვავებით ნინო ქათამაძისაგან, რომელიც თავად სთავაზობს მსმენელს ახალ მუსიკას, მისი მუსიკა არ არის მასებზე გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი მსმენელი ჰყავს, კარიერის დასაწყისში მის მუსიკას სერიოზულად მხოლოდ მუსიკალურ წრეებში უდგებოდნენ და მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული სეგმენტი წარმოადგენდა მის მსმენელს.

რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ის მსმენელს სთავაზობს  მუსიკას, რომელიც არის მარტივად აღქმადი და უფრო მეტად კომერციაზე გათვლილი .მას საპატიო ადგილი უკავია დღევანდელ ქართულ შოუბიზნესში.

რესპონდენტების უმრავლესობა თანხმდება და ერეკლე დეისაძეს  მიიჩნევს ერთთვიანი პოპულარობის მაგალითად.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქაც ბიძინა ივანიშვილი დასახელდა წარმატებულ ადამიანად, როგორც დიდი მატერიალური კაპიტალის მფლობელი, როგორც ეტალონი იმისა, თუ როგორ მიიღწევა წარმატება, ხოლო კახა ბენდუქიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალური კაპიტალი მასაც საკმაოდ აქვს, უფრო მეტად მისი ინტელექტის გამო სცემენ პატივს და აფასებენ რესპონდენტები.

სასულიერო პირებს რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს წარმატებულ ადამიანებად,რადგან მათი სიმბოლური კაპიტალი მაღალია, ისინი დიდი ავტორიტეტით და პატივით სარგებლობენ საზოგადოებაში, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

ახალგაზრდები თანხმდებიან, რომ წარმატებული ადამიანები დიდ როლს თამაშობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაში და თვითონ მათ ცხოვრებაშიც. ერთ-ერთი რეპონდენტი ამბობს, რომ „სხვების გამოცდილებით გვიყალიბდება სურვილები, ჩვენ მაგალითს ვიღებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებიდან, ვიცით, რომ საქართველოში წარმატებულია ის ადამიანი, რომელიც წავიდა უცხოეთში, რაღაც განათლება მიიღო. ჩვენ ვიღებთ ამ ადამიანისგან  სტანდარტებს, ისინი  ადგენენ წარმატების კრიტერიუმებს.“ ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის მისაბაძმა ადამიანებმა დიდი როლი ითამაშეს მათი შეხედულებების  ჩამოყალიბებაში.

პროფესიები, რომლებიც რესპონდენტებისთვის ასოცირდება წამატებულობასთან არის: შოუბიზნესი, პოლიტიკა  და  ბიზნესი.

„მარტივი გზა,რომ მიაღწიო წარმატებას შოუბიზნესშია“, „ხელოვანი უნდა იყოს ან უნდა მღეროდეს ან ჰქონდეს კარგი ბიზნესი და ბევრი ფული და ყველა აღიქვამს წარმატებულად“.

რესპონდენტებს მიაჩნიათ,რომ გენეტიკურად ქალს და მამაკაცს წარმატების მიღწევის პოტენციალი თანაბარი აქვს, მაგრამ საოციალური გარემო ზღუდავს ქალის შესაძლებლობებს.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ  რესპონდენტების  უმრავლესობა  წარმატებულად მიიჩნევს და აღიარებს ადამიანებს, რომელთაც აქვთ მაღალი მატერიალური და კულტურული კაპიტალი, თუმცა უპირატესობა ენიჭება კულტურულ კაპიტალს, ხოლო მატერიალური კაპიტალი ინტელექტის ხარისხთან ერთად  წარმატების  მიღწევის  ერთ-ერთი  წინაპირობად  მიიჩნევა.

რესპონდენტები  აღიარებენ, რომ  წარმატებულ  ადამიანებს  მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოებრივი აზრისა და ქცევის წესების ფორმირებაში,ისინი წარმოადგენენ  მაგალითს  მათი  ცხოვრებისთვის.

ახალგაზრდები  თანშობილ უნარებს, ნიჭს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა მიიჩნევენ, რომ  შრომისმოყვარეობა, სოციალური ფაქტორები და იღბალი გადამწყვეტ  როლს  ასრულებს  წარმატების  მიღწევის  პროცესში.

ბიბლიოგრაფია

Charles Horton Cooley. Social Process.New York: Charles Scribner’s Sons (1918).

Charles Horton Cooley. “Genius, Fame and The Comparison of Races.” Pp 121-159 in Sociological Theory and Social Research: Being  Selected Papers of Charles Horton Cooley. Originally published in The Annals of the American Academy of Political and Social Science 9 (1897): 1-42.

Charles Horton Cooley. “Fame”. Chapter 11 in Social Process. New York: Charles Scribner’s Sons (1918): 35-42.

Charles Horton Cooley. “The Theory of Success”. Chapter 9 in Social Process.New York: Charles Scribner’s Sons (1918): 88-98

ელ.ფოსტა: tamari_noselidze@iliauni.edu.ge

nato_beriashvili@iliauni.edu.ge