გენდერი, როგორც ნარატიული კატეგორია მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში

ნანა აბულაძე

წინამდებარე ნაშრომის მიზანია, გაირკვეს, რა მნიშვნელობა ენიჭება გენდერს, როგორც ნარატიულ კატეგორიას მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში. შედარებითი ანალიზისთვის შერჩეულია თითოეული ავტორის ოთხი მოთხრობა (მარიამ გარიყულის მოთხრობები: ვერ მიაღწია, შინ კი მიელოდნენ, ცაბუ, ნანიკო; მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები: უპატრონო, ეკა, ყბაჩამ დაიგვიანა, ცხრა ქალწული). ეს ტექსტები შეცდენისა და გაუპატიურების თემებზეა, ე.ი. პერსონაჟებს შორის არსებული იერარქიული მიმართებები, გარდა სოციალურისა და ეკონომიკურისა, გენდერულ ხასიათსაც ატარებს. ამის გამო გენდერის, როგორც ნარატიული კატეგორიის კვლევა მათ გასაანალიზებლად აუცილებელია. ნაშრომი ეყრდნობა ფემინისტური ნარატოლოგიისა და ფემინისტური თეორიის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს და მოიცავს როგორც ამბის, ასევე დისკურსის ასპექტების ანალიზს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ორივე ავტორის ტექსტებში იერარქიული მიმართება ქალ და მამაკაც პერსონაჟებს შორის ერთი და იგივეა – მამაკაცი პერსონაჟი ეკონომიკური და სოციალური სტატუსით უპირატესია ქალზე, რაც ქალზე ძალადობის წინაპირობაა. განსხვავება ის არის, რომ მარიამ გარიყულის მოთხრობებში იერარქიული წესრიგი ცვალებადია, ხოლო მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში მიმართებები მყარი და უცვლელია. ამ განსხვავების განმაპირობებელი ფაქტორი ქალის, მისი როლებისა და თვისებების  განსხვავებული რეპრეზენტაცია ქალ და მამაკაც ავტორთან.

არცერთ ავტორთან ქალი არ არის მთხრობელი, თუმცა მარიამ გარიყულის მოთხრობებში ქალი პერსონაჟები ფოკალიზატორები არიან. ამის საპირისპიროდ, მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტებში პერსპექტივა, უმეტესად, მამაკაცისაა. მარიამ გარიყულის მოთხრობებს ახასიათებს, აგრეთვე, პირობითი დასაწყისი და დასასრული, ღია ფინალი, რაც არ გვხვდება მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში.

კითხვის გაგრძელება >>>