„მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა საპენსიო ასაკის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“
რუსუდან პატარიძე, ქეთევან ომანაძე, ნინი კაპანაძე, თეონა კოკიჩაიშვილი. ანა კომლაძე, თეონა ბოლქვაძე, დარეჯან გიგიბერია, ქეთვან კახეთელიძე, ია აღდგომელაშვილი, ნიკოლოზ ჩარგეიშვილი
სადაზღვევო სფეროში საპენსიო ასაკის მოსახლეობა და ბავშვები ყველაზე დიდ რის-ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, მოსალოდნელი დიდი ხარჯების გამო თავს არიდებენ. სადაზღვევო კომპანიას ყოველთვის ურჩევნია შედარებით ჯანმრთელ, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს მოემსახუროს, რადგან მათი ავად გახდომის რისკი დაბალია.
აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყნებში მოსახლეობის ამ ნაწილის სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო ფარავს. საქართველოში მოქმედებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სამედიცინო მომსახურების გარკვეულ სახეებთან ერთად მოიცავს სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის ფარგლებში.
სადაზღვევო სფეროში საპენსიო ასაკის მოსახლეობა და ბავშვები ყველაზე დიდ რის-ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, მოსალოდნელი დიდი ხარჯების გამო თავს არიდებენ. სადაზღვევო კომპანიას ყოველთვის ურჩევნია შედარებით ჯანმრთელ, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს მოემსახუროს, რადგან მათი ავად გახდომის რისკი დაბალია. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყნებში მოსახლეობის ამ ნაწილის სამედიცინო მომსახურებას სახელმწიფო ფარავს. საქართველოში მოქმედებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სამედიცინო მომსახურების გარკვეულ სახეებთან ერთად მოიცავს სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის ფარგლებში.
მიუხედავად სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაფარვისა, პენსიონერთათვის ჯანდაცვა ხშირად არის კატასტროფული ხარჯების და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი სწორედ წამლებზე მოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი უმეტესად საპენსიო ასაკის მოსახლეობაა, ადვილი წარმოსადგენია ჯანდაცვის სერვისებზე და განსაკუთრებით მედიკამენტებზე მათი ფინანსური ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები.
კვლევა მიზნად ისახავდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის და ზოგადად სადაზღვევო პოლისით კმაყოფილების შეფასებას.
მეთოდოლოგია
კვლევით მოცული იყო საპენსიო ასაკის მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თბილისის მოსახლეობა. გამოკითხვა ჩაუტარდა 500 კაცს, დამიზნებული შერჩევით და დახურული კითხვარით. კვლევა განხორციელდა 2013 წლის აპრილი-მაისის პერიოდში.
საპენსიო ასაკის მოსახლეობის დაზღვევა
საქართველოში საპენსიო ასაკის პირთა რაოდენობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 855,9 ათას პირს.
ცხრილი: საპენსიო ასაკის პირთა რაოდენობა (ათასი), 2003-2013 წწ. საქართველო.
წყარო: საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2013 წ.
2012 წლის 1 სექტემბრიდან 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებზე და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცებზე (საპენსიო ასაკის მოსახლეობა) ვრცელდება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა (საქართველოს მთავრობა, 2012). საპენსიო ასაკის პირთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამით თბილისში დაზღვეულია 145 455 პირი, ხოლო ქვეყანაში 485 875 პირი (სოციალური მომსახურების სააგენტო, 2013 წ.)
თბილისის მასშტაბით საპენსიო ასაკის მოსახლეობის დაზღვევას ახორციელებს სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“. ამ პროგრამით მას 300 ათასამდე დაზღვეულის მომსახურება დაევალა.
სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეების დაფინანსებას, მათ შორის სამკურნალო საშუალებათა ანაზღაურებას დამტკიცებული ნუსხის და ლიმიტის მიხედვით. მედიკამენტები მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან (სოციალური მომსახურების სააგენტო. 2013).
ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში პაციენტები მედიკამენტებზე საშუალოდ ორჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ევროპაში. კვლევის მიხედვით, 2010 წელს საქართველოში ოჯახი ჯანდაცვაზე დახარჯული თანხის 60 პროცენტს ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხარჯავდა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2011). ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 16-17%-ის ფარგლებში მერყეობს (ჯანდაცვის სამინისტრო. 2013). ამის მიზეზებია: მედიკამენტებზე მაღალი დანახაჯი ძირითადად არარაციონალური ფარმაკოთერაპიის, გენერიკული მედიკამენტების ნაკლებად გამოყენების/დანიშვნის, რეცეპტურის მექანიზმების ნაკლოვანების/არასაკმარისი გამოყენების, პაციენტთა მიერ თვითმკურნალობის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების არასაკმარისი ფინანსური ლიმიტის, აგრეთვე ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან აგრესიული მარკეტინგი (ჯანდაცვის სამინისტრო. 2013).
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა დაჯანდაცვის კატასტროფული ხარჯები
ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა სამკურნალწამლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი რაციონალურად გამოყენების პოლიტიკის დანერგვა (ჯანდაცვის სამინისტრო. 2013). უპირველესად აუცილებელია მკვეთრი ზღვარის გავლება ფინანსურად კატასტროფულ და მაღალხარჯიან სამედიცინო მომსახურებას შორის. სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯები ფინანსურად კატასტროფული ხდება როდესაც იგი საფრთხეს უქმნის ოჯახს შეინარჩუნოს ჩვეულებრივი ცხოვრების დონე (Berki. 1986) და აღემატება მის გადამხდელუნარიანობას. რადგან ხარჯვის ძირითადი ერთეული არის ოჯახი და არა ინდივიდი (თითოეული ინდივიდის კეთილდღეობა ოჯახში ურთიერთდამოკიდებულია), ანალიზის ჩასატარებლად უფრო შესაბამისია ოჯახზე ხარჯები ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე ხარჯები. ამდენად ოჯახის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება ის ბარიერი, რომლითაც ჯიბიდან დანახარჯები განაპირობებს ფინანსურად კატასტროფულ ხარჯებს (Berki. 1986). მაგალითად, ხარჯები ფინანსურად კატასტროფული შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდის ხარჯები აღემატება ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 15%-ს (Wyszewianski. 1986). ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შესაფასებლად სხვადასხვა მკვლევარები სხვადასახვა ზღვარს იყენებენ, რომელიც მერყეობს ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე (Xu K. et al, 2007).
სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისა და ჯანდაცვითი დანახარჯების 2010 წლის კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ როგორც სოფლად ისე ქალაქად მცხოვრები პირების მნიშვნელოვან რაოდენობას არ შეუძლია თავს უფლება მისცეს შეიძინოს დანიშნული მედიკამენტები (დაახლოებით13%) მათი სიძვირის გამო (HUES. 2010). ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომელთაც გააჩნიათ ქრონიკული დაავადებები, რადგან მათ მედიკამენტების მიღება ყოველდრიურად უწევთ.
საპენსიო ასაკის მოსახლეობის გამოკითხვის ანალიზი
კვლევის ფარგლებში, ქალაქ თბილისის სხვადასხვა რაიონის მაშტაბით პირდაპირი გამოკითხვის გზით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, გამოკითხულ იქნა 500 საპენსიო ასაკის მქონე პირი. გამოკითხულთა შორისაა 312 ქალი (62,4 %) და 188 (37,6 %) კაცი.
ნახ. 1. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის სქესობრივი შემადგენლობა
გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის უმეტესი რაოდენობა 71-დან 75 წლის ასაკისაა (35,2%), შემდეგ მოდის 66-70 წლის ასაკის პენსიონერები (27,2 %), 75 და ზევით – 120 (24%), 60-65 წლის პენსიონერები – 68 (13,6%).
ნახ: 2. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის სქესობრივი შემადგენლობა
კვლევის მიხედვით, პენსიონერთა დიდი ნაწილი დაზღვეულია სადაზღვევო კომპანიაში „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“ (282, 56,4%), შემდეგ მოდის საზაღვევო კომპანიები: „ირაო“ (100, 20%), „ალფა“ (94, 18,8%), „ალდაგი ბისიაი“ (20, 4%), გამოკითხულთაგან ოთხმა (0,8 %) კითხვას პასუხი არ გასცა.
ნახ. 3. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა სადაზღვევო კომპანიების მიხედვით
გამოკითხვის მიხედვით, პენსიონერთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთი, ვინც მედიკამენტს მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ ყიდულობს (14, 2,8%), პასუხი „იშვიათად“ გაგვცა 36 (7,2%) პენსიონერმა. გამოკითხულთა დიდ ნაწილს მედიკამენტების ყიდვა თვეში (276, 55,2%) ან კვირაში (174, 34,4%) ერთხელ-ორჯერ მაინც უწევთ.
ნახ. 4. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მიერ მედიკამენტების ყიდვის ჯერადობა თვის, კვირის მიხედვით
გამოკითხულთა მეტი ნაწილი (20,4 %) მიიჩნევს, რომ მათ მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხა 80 ლარს აღემატება: 10-20 (ლარი) – 22 (4,4%) ; 21-30 (ლარი) -44 (8,8%); 31-40 (ლარი) -36 (7,2%); 41-50 (ლარი) -78 (15,6%) ; 51-60 (ლარი) -90 (18%) ; 61-70 (ლარი) -56 (11,2%) ; 71-80 (ლარი) -72 (14,4%) ; 80 ლარზე მეტი -102 (20,4%).
ნახ. 5. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხის რაოდენობა
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტებს მედიკამენტების გარდა ჯიბიდან გადახდა უწევთ სამედიცინო მომსახურების გარკვეულ სახეებზე, რომელსაც ფარავს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. ამის თაობაზე აღნიშნა გამოკითხულთა 58 % (290 პირი). ამ მომსახურეობებს შორის ყველაზე მეტს შეადგენს ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის ექიმის, ან უბნის ექიმის მომსახურება – 138, 27,6%); სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები (96, 19,2%), სტომატოლოგთან ვიზიტი (56, 11,2%). გამოკითხულთა 42 %-ს სამედიცინო მომსახურებაზე დამატებით არ გადაუხდია თანხები. საყურადღებოა, რომ სამედიცინო მომსახურების ამ სახეების უმრავლესობა შედის სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში.
ნახ. 6. სამედიცინო მომსახურების სახეები, რომელზეც საპენსიო ასაკის მოსახლეობას უწევს ჯიბიდან გადახდა
კითხვაზე რამდენია მათი ოჯახის თვიური შემოსავალი, გამოიკვეთა, რომ უმეტეს შემთხვევაში გამოკითხულთა ოჯახის შემოსავალი 300 ლარს აღემატება – 191 (38,2%); 200-300 (ლარი) – 135 (27%) ; 100-200 (ლარი) – 163 (32,6%); 100 (ლარი) – 11 (2,2%).
ნახ. 7. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის ოჯახის თვიური შემოსავალი
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთაგან მარტო ცხოვრობს მხოლოდ პენსიონერთა 2,4%, უმეტესწილად მათი ოჯახი 3-ზე მეტი (238, 47,6%), ორი (132, 26,4%) ან სამი (118, 23,6 %) ადამიანისაგან შედგება.
ნახ. 8. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის ოჯახის წევრთა რაოდენობა
გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ოჯახში არსებულ მთავარ პრობლემად მედიკამენტების ყიდვა (183, 36,6%) დაასახელა, შემდეგ მოდის უმუშევრობა (158, 31,6%), შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების ხელმიუწვდომლობა (114, 22,8%), საკვების ყიდვა (41, 8,2%), ამ კითხვაზე პასუხისაგან თავი შეიკავა ოთხმა (0,8%) პენსიონერმა. აღსანიშნავია, რომ პენსიონერებმა დამატებით შემდეგი პრობლემები გამოყვეს: სივიწროვე, გადასახადების სიდიდე, ცუდი საცხოვრებელი პირობები.
ნახ. 9. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემები.
შესწავლილ იქნა დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების განსაზღვრული ლიმიტით დაფარვის შესახებ. პასუხებმა გვაჩვენა, რომ ამ მხრივ დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე დაბალია. გამოკითხულ პენსიონერთა უმეტესობამ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანია ანაზრაურებს სამკურნალო საშუალებათა ხარჯებს პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან. ამის შესახებ რესპოდენტთა მხოლოდ 32,8%-ს ჰქონდა ინფორმაცია.
ნახ. 10. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის ინფორმირებულობა სადაზღვევო პროგრამით მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობის შესახებ
კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა დაბალია. გამოკითხულ პენსიონერთა უმეტესი ნაწილი (38,4%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ოჯახის ექიმის ან პოლიკლინიკის ექიმთან კონსულტაციის შედეგად დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 32,8 % სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეიძინა. პენსიონერთა მხოლოდ 28 % (140 პენსიონერი) შეძლო დანიშნული მედიკამენტის სრულად შეძენა (გამოკითხულთაგან ოთხ (0,8%) პენსიონერს საერთოდ არ მიუკითხავს პოლიკლინიკის ექიმისთვის).
ნახ. 11. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მიერ ოჯახის ექიმის ან პოლიკლინიკის ექიმთან კონსულტაციის შედეგად დანიშნული მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობა
გამოკითხულთა დიდი ნაწილი ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ში ყიდულობს (174, 34,8%), ჩამოთვლილ აფთიაქებს შორის შემდეგ მოდის „ავერსი“ (134, 26,8%), „ჯი-პი-სი“ (102, 20,4%). გამოკითხულ პენსიონერთა 18 % (90 პენსიონერი) სხვა აფთიაქებიდან გამოყვეს: „ფარმადეპო“, „36.6“, „მელოდია“.
ნახ. 12. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მიერ დასახელებული აფთიაქები, სადაც უმეტესად შეიძინეს მედიკამენტები
სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურების მიმართ სრული კმაყოფილება 14-მა (2,8%) პენსიონერმა გამოთქვა, კმაყოფილია – 92 (18,4%), პენსიონერთა დიდი ნაწილი ნაწილობრივ კმაყოფილებას გამოთქვამს (306, 61,2%), სრულიად არ არის კმაყოფილი 88 (17,6%) პენსიონერი.
ნახ. 13. გამოკითხული საპენსიო ასაკის დაზღვეული მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებაზე კმაყოფილება
დასკვნა
ჩატარებული კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ დაზღვეულ პენსიონერთათვის მედიკამენტები სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. პენსიონერთა 55,2 % მედიკამენტების ყიდვა თვეში ერთხელ მაინც უწევთ, ხოლო 34,4 %-ს კვირაში ერთხელ-ორჯერ მაინც. დაზღვეულები ოჯახის უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას (36,6%), ასევე შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების დაბალ ფინანსურ ხელმისაწვდომობას (22,8%).
დაბალია სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებზე განსაზღვრული წლიური ლიმიტი (100 ლარი, 50 %-იანი თანაგადახდით). მაშინ როდესაც გამოკითხულთა მეტი ნაწილი (64 %) მიიჩნევს, რომ მათ მიერ მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხა 50 ლარს აღემატება (მათგან ასევე მეტი ნაწილი – 20,4 % – თვლის რომ მედიკამენტებზე ხარჯები 80 ლარს აღემატება). მედიკამენტების დაბალ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დაზღვეულთა ნაწილი (32,8 %) ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტს სიძვირის გამო ვერ ყიდულობს.
მთავრობის პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს. იგი ყველაზე მეტად ეხება მაღალი რისკის მქონე, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და საპენსიო ასაკის მოსახლეობას, აგრეთვე ქრონიკულ ავადმყოფებს. ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება მიიღწევა მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ფინანსური დაცვის გაზრდით. ამ თვალსაზრისით უნდა გაფართოვდეს პენსიონერთა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობების მოცულობა, კერძოდ ასანაზღაურებელი მედიკამენტების სია და ანაზღაურების ლიმიტი (შესაძლებელია თანაგადახდის პირობის შემოღება).
დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე სადაზღვევო პაკეტში მედიკამენტების განსაზღვრული ლიმიტით დაფარვის შესახებ. დაზღვეულთა უმეტესობამ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს სამკურნალო საშუალებათა ხარჯებს პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან. რესპოდენტების უმეტესი ნაწილი (58,8 %) მედიკამენტების გარდა ჯიბიდან გადახდა უწევთ სამედიცინო მომსახურების გარკვეულ სახეებზე, რომელსაც ფარავს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პენსიონერთა ინფორმირებულობის ამაღლება.
უნივერსალური დაზღვევა საჭიროებს დიდ ფინანსურ რესურსებს, რაც დაბალშემოსავლიანი ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია. საქართველოს არ შეუძლია ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების სრული პაკეტის დაფინანსების უზურნველყოფა. სახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს მაღალრისკიანი (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, პენსიონერები) ბენეფიციარებზე, რომელთაც ამ დახმარების გარეშე სიღარიბე ემუქრებათ. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის გაფართოება და უპირველესად იმ სერვისების ჩართვა, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს (მედიკამენტები).
გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს მთავრობა. 2012.საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ.
ჯანდაცვის სამინისტრო. 2013. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2013.საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით.http://www.geostat.ge/?action=page&p_id=472&lang=geo
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2011.საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის 2011-2015 წწ. სახელმწიფო სტრატეგია: ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა.მე–11 სქოლიო
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. 2012.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი.
სოციალური მომსახურების სააგენტო. 2013 წ. სტატისტიკური მონაცემები ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=771
სოციალური მომსახურების სააგენტო. 2013.ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა.http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=36
Berki SE.A Look at Catastrophic Medical Expenses and the Poor. Health Affairs 1986, 5(4):138-145.http://content.healthaffairs.org/content/5/4/138.full.pdf
Gotsadze George, Zoidze Akaki, Rukhadze Natia. 2009.Household catastrophic health expenditure: evidence from Georgia and its policy implications.BMC Health Services Research Volume 9http://www.biomedcentral.com/1472-6963/9/69
MoLHSA, Geostat, Oxford Policy Management, Curatio International Foundation.Georgia HealthUtilization and Expenditure Survey (HUES).Final report, December, 2010.
Xu K, Evans DB, Carrin G, Aguilar_Rivera AM, Musgrove P, Evans T:Protecting household from catastrophic health spending.Health Affairs 2007, 26(4):972-83.
Wyszewianski L.Financially catastrophic and high-cost cases: definitions, distinctions, and their implications for policy formulation. Inquiry 1986, 23(4):382-394.