პერსპექტივიზმის თეორია, როგორც გზა ნიცშეიანური ტექსტის გაგებისკენ

ივანე ლომიძე

წინამდებარე სტატია წარმოადგენს მოკრძალებულ მცდელობას მიმოხილული იქნეს ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის  ქვაკუთხედი – პერსპექტივიზმის თეორია, რომელიც არის ერთგვარი შესავალი ნიცშეს აზროვნებაში. სწორედ პერსპექტივიზმის საფუძველზეა შესაძლებელი ვწვდეთ ყველა იმ კონცეპტს, რომელსაც შემდგომში ავითარებს ნიცშე და, რომელიც ფართოდ ასოცირდება მის სახელთან. ამის საფუძველზე გავიგოთ ნიცშეიანური ტექსტის ლიტერატურული თავისებურება,ვაჩვენოთ,  კავშირი იმას შორის,  თუ რას ამბობს და როგორ ამბობს ამას ნიცშე.

ფრიდრიხ ნიცშე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაგები მოაზროვნეა. ნიცშეს კითხვა ყოველთვის მოითხოვს სერიოზულ ინტელექტუალურ ძალისხმევას. სირთულეს ორი გარემოება განაპირობებს. ერთი მხრივ მკითხველს უწევს ჩასწვდეს ნიცშეიანური ტექსტის მრავალშრიან, წინააღმდეგობებით აღსავსე შინაარს და მეორე მხრივ, რაც საკუთრივ ნიცშეიანურია და შეიძლება ითქვას, სწორედ ეს ხდის მას გენიალურს, მკითხველი ტექსტის კითხვისას აღმოაჩენს მეტად სპეციფიკურ წერის სტილს – დისკურსების მონაცვლეობა და ხედვის მრავალი პერსპექტივა, რომლიც გამუდმებით იცვლება და გადადის ერთმანეთში – საოცარი ნაზავი ფორმისა და შინაარსის, რაც ინსპირირებულია ცნების ესთეთიკურ ფორმად გარდაქმნის სურვილით. ნიცშე მუდამ ფორმასა და შინაარს შორის დაძაბულობაში იმყოფება და ამით ახორცილებს წერის უმაღლეს იდეალს. ამავდროულად ართულებს და აჩენს ტექსტის გაგებისა და ინტერპრეტაციის განსხვავებულ შესაძლებლობებს და ამდენად, ზუსტად ახდენს თავისი ფუნდამენტური იდეის რეალიზებას პერსპექტივიზმის შესახებ. ნიცშესთან პერსპექტივიზმი გაგებული შეიძლება იქნას, არა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე, არამედ ტექსტის ფორმალური სტრუქტურის დონეზეც. უფრო ზუსტად, პერსპექტივიზმის საფუძველზე შიეძლება გაგებული იქნეს ტექსტის ფორმალური მხარე. შინაარსი და ფორმა ის ორი მოცემულობაა, რაც ქმნის ერთიანობას და საბოლოო ანგარიშით გვაძლევს ფრიდრიხ ნიცშეს.

ნაშრომი, სადაც პირველად გამოითქმის აზრი სამყაროს აღქმისა და გააზრების პოტენციური პლურალობის შესახებ არის 1873 წელს დაწერილი „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ, მორალის გარეშე აზრით“. აქ ინგრევა დასავლურ ტრადიციაში  პლატონი-დეკარტი-კანტის ტრიადის მიერ შემუშავებული ჭეშმარიტების პარადიგმა, რომელიც სამყაროში მიმდინარე ნებისემირ მოვლენას გონების პრიმატს უქვემდებარებს. ინტელექტის, არა, როგორც ადამიანის სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განმასხვავებელი, სპეციალური დანიშნულების მქონე ზედანამატის, არამედ დამხმარე და თვითშენარჩუნების საშუალებად გააზრებით, ნიცშე ერთი მხრივ, უპირისპირდება მეტაფიზიკურ დისკურს და მეორე მხრივ, თავის თანამედროვე ევროპაში აღზევებულ პოზიტივიზმს. თუ იმდროინდელ ეპოქალურ კონტექსტს გავითვალისწინებთ, რომელშიც მას მოღვაწეობა უწევს, ძირითადი დარტყმა მოდის პოზიტივზმზე. ამ უკანასკნელის მიერ, დებულებების საზრისიან და უსაზრისოდ კლასიფიკაცია, ხოლო მათ საზომად ემპირული ვერიფიკაციის მიჩნევა, მთლიანად ახდენს მეტაფიზიკის ნივილირებას. ამავდროულად ანალიტიკურ აზროვნებას უქვემდებარებს სამყაროს და ცდილობს ის აღიქვას, როგორც ფაქტების ერთობლიობა, რომელიც შემეცნებადი და გამოთვალადია. მაშინ როდესაც სამყაროში არ არსებობს ისეთი საგანი თუ ფენომენი, რაც გონების მიერ „გაგებას“ და „ახსნას“ ექვემდებარება:  „პოზიტივიზმის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩერდება ფენომენთან – „არსებობს მხოლოდ ფაქტები“ – მე ვიტყვი: სწორედაც რომ არსებობს არა ფაქტები, არამედ მხოლოდ ინტერპრეტაციები. ჩვენ არ შეგვიძლია დავაფუძვნოთ რაიმე ფაქტი „თავისთავად“: შესაძლოა ასეთი რამის მოქმედება არის ყველაზე სულელური სურვილი.“ (Nietzsche, Will to Power 1967, 267)

ალეგორიული თხზულება, რითიც იწყება „ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით“ სამყაროს გრანდიოზულობის ფონზე აუბრალოებს შემეცნებისკენ ადამიანის სწრაფვას და მას იაზრებს, როგორც მექანიზმს, რომლსაც სუსტი ინდივიდები ძლიერებზე დომინირებისთვის იყენებენ. „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“ – ეს ის მოცემულობაა, რომლის გაუსაძლისობაც ადამიანს აიძულებს მყარი კონვენციების მიღებას, სწორედ ამ დროს ფიქსირდება ჭეშმარიტების განსაზღვრება – ის რაც ეხმარება ადამიანს ჯოგური პრინციპით იცხოვროს და არსებობისთვის ყველა საჭირო გარანტია მიიღოს. ნიცშე შემთხვევით არ ახდენს ჰობსის ციტირებას, ამით ის ეხება სამოქალაქო ხელშეკრულების თეორიას და „შეთანხმების მომენტს“ აზოგადებს, არამხოლოდ პოლიტიკური რეალობის, არამედ მთლიანად ადამიანთა ცხოვრების ორგანიზებაზე, სამყაროსადმი მათი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე.

იარაღი, რითიც საერთო ღირებულებათა სისტემის კონსტრუირება ხორციელდება არის ენა. ნიცშე ტექსტში საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს ენის რაობის განსაზღვრას, ის სვამს კითხვას არის თუ არა ენა რეალობის ადეკვატური გამოხატულება და პასუხობს, რომ მიმართება სამყაროსა და ენას შორის არ არსებობს. სხვა შემთხვევაში სხვადასხვა ენაში ერთიდაიგივე საგნის აღმნიშნველი განსხვავებული ცნებები არ იარსებებდა.  ნიცშე ასკვნის, რომ „ყოველი ცნება წარმოიქმნება არაიგივეობრივის გაიგივებით“(ნიცშე 2007, 90), შემდეგი სქემის სახით: ნერვული აღგზნება – ხატი – ბგერა – სიტყვა. ამის საპირისპიროდ, ნერვული აღგზნებას ცალკეული განცდები განაპირობებენ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან და არასდროს არიან იდენტურნი. ცნების შექმნით პლურალსტური სამყარო, რომელიც თავისთავად არის მრავალფეროვანი, გარდაიქმნება ერთგვაროვნად – „ინდივიდუალურისა და ცხადის გამოტოვება გვაძლევს ცნებას, ისევე როგორც ფორმას“(ნიცშე 2007, 90).

ცნების საშუალებით ადამიანი ორიენტირებს გარემოში. ქმნის თავისთვის სასარგებლო და გამოსაყენებელ სამყაროს მოდელს, რომელიც სტაბილურია და არანაირ ცვლილებას არ ექვემდებარება. რეალურად კი, ნებისმიერი ცოდნა, განაზრება, რაც უკავშირდება სამყაროს ახსნის სურვილს, ნაწარმოებია იმ პერსპექტივიდან, რომელსაც ინდივიდები იკავებენ, თავიაანთი ძალაუფლება რომ გაზარდონ გარშემომყოფნზე. აქ შემოდის მეორე მნიშვნელოვანი კონცეპტი, რომელიც აუცილებელია პერსპექტივიზმის თეორიის გასაგებად – „ნება ძალაუფლებისკენ“, რომლის საფუძველზეც ცოცხალი ორგანიზმები, ყველაზე მარტივით დაწყებული და ყელაზე კომპლექსურით დამთავრებული, ინტერპრეტირებენ სამყაროს. ინტერპრეტაცია ექსკლუზიურად ადამიანის მიერ არაა გამოგონილი. ის ყველა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი აქტივობაა. შეიძლება ითქვას, სიცოცხლის ძირეული მექანიზმია, რომლის საშალებითაც, ხორციელდება საკუთარი ძალაუფლების გაზრდა სხვისი ძალაუფლების შემცირების ხარჯზე. ნიცშეს სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ნაშრომში „ნება ძალაუფლებისკენ“ მოყვანილია ფსევდოპოდიის პროცესის მაგალითი, რომელსაც ამება ახორციელებს, რათა მოახდინოს გარემოს ინტერპრეტაცია და სტრუქტრუირება. ამებისთვის სამყარო იყოფა ორი ტიპის მოცემულობად –  საჭმელად ვარგის და უვარგისად. მისთვის არ არსებობს, ფერი, ხმა ან ბგერა. ერთადერთი ინტერესის სფერო, შესაბამისად ერთადერთი ჭეშმარიტება არის საკვები. ორგანიზმის გართულების პროპორციულად ვითარდება მის მიერ სამყაროს გააზრების სქემაც.  ნიცშესთვის ორგანო იქმნება, არა იმისთვის, რომ ორგანიზმი უკეთ ადაპტირდეს გარემო პირობებთან, არამედ იმისთვის, რომ ორგანიზმა უკეთესად შეძლოს გარემოს ინტერპრირება, ასე ვთქვათ მოირგოს გარემო, ისე რომ მისი სასურველი ინტერპრეტაცია მოახდინოს. ამიტომ, მთელი ორგანული პროცესი, გარკვეული აზრით, ინტეპრეტაციის პროცესია, წარმართული ნების ძალაუფლებისკენ მიმართვით. „სამყაროს ინტერპრირებს ჩვენი საჭიროებები. ჩვენი სწრაფვა მათთვის და მათ საწინააღმდეგოდ. თითოეული სურვილი არის კანონის ჟინი.  ყველა მათგანს აქვს თავისი პერსპექტივა, რომელითაც უნდა, რომ აიძულოს დანარჩენები თავისი სურვილი მიიღოს, როგორც ნორმა.“ (Nietzsche, Will to Power 1967, 267)

თუკი  სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას კავშირი არ აქვს რეალობასთან და ის მხოლოდ კონკრეტული პერსპექტივიდან განხორციელებული ინტერპრეტაციაა, რომელიც ინდივიდის ძალაუფლების ზრდას ემსახურება, რამდენადაა შესაძლებელი დავუშვათ სამყაროს განსხვავებული ინტერპრეტაციები? სხვანაირად რომ ვთქვათ, არის თუ არა პერსპექტივიზმი რელატივიზმის სახე? ნიცშეს პასუხი ამ კითხვაზე ცალსახად უარყოფითია. რელატივიზმი გულისხმობს განსხვავებული პოზიციების თანაარსებობას, რადგან არ არსებობს ინდიკატორი, რომლითაც ერთი აზრი მეორეზე უპირატესად მიიჩნევა. ნიცშესთვის რელატივიზმის დაშვება ქრისტიანობის და დასავლური მეტაფიზიკური ტრადიციის გევრდით პერსპექტივიზმის თეორიის არსებობის დაშვების ტოლფასია. ამ მიმართულებით ყველაზე შორს დელეზი წავიდა. დელეზი ნიცშეს პლურალისტად იაზრებს, არა იმის გამო, რომ ნიცშე შემწყნარებელია სხვა ფილოსოფიური აზრის მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ის სამყაროს ხედავს, როგორც არასტაბილური ძალების ქსელს. არ არსებობს „მოვლენა, ფენომენი, სიტყვა ან აზრი, რომლსაც არ აქვს ბევრი მნიშნველობა. საგანს აქვს იმდენად ბევრი მნიშნველობა, რამდენადაც არსებობს ძალები რომელთაც აქვთ უნარი მოიხელთონ ის.“ ძალა არის არა ის, რისგანაც შედგება საგანი, არამედ თვითონ ძალაა საგანი. თავად საგანია ძალის გამოხატულება. „ფენომენი არც ხილვადია და არც მოჩვენება, ისაა ნიშანი, სიმპტომი, რომელიც თავის მნიშვნელობას პოულობს მიმდინარე ძალის არსებობაში. ფილოსოფია თავის სისრულეში არის სიმპტოლოგია და სემიოლოგია.“ (Winchester 1994, 74)

პერსპექტივიზმის, როგორც არარელატივისტური კონცეპტის გაგებით, ნიცშე ვარდება ლოგიკურ წინააღმდეგობაში. აქტიურდება არგუმენტი, რომელიც ჯერ კიდევ სოკრატეს მიერ იქნა გამოთქმული სოფისტების წინააღდეგ – ჭეშმარიტების უარყოფა თავადაა ჭეშმარიტების მტკიცება, რადგან უარმყოფელს თავისი დებულება, სახელდობრ ის, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, მიაჩნია ჭეშმარიტებად. ამდენად ჭეშმარიტების უარყოფა ლ ო გ ი კ უ რ ა დ შეუძლებელია. მაგრამ რამდენად შეიძლება არგუმენტმა, რომელმაც „იმუშავა“ სოფისტების რელატივიზმის წინააღმდეგ, იგივენაირი დარტყმის ქვეშ დააყენოს ნიცშეს პერსპექტივიზმის თოერია?

„სიკეთისა და ბოროტების მიღმაში“ ნიცშე ფილოსოფიას, და აქ შეგვიძლია ფილოსოფიაში ადამიანის მთლიანი გონითი აქტივობა მოვიაზროთ, უწოდებს ყველაზე ტირანულ იმპულსს და შინაგან ნებას ძალაუფლებისკენ, ესაა „ნება შეიქმნას სამყარო“. (Nietzsche, Beyond Good and Evil 2002, 11) სამყაროს ყველა ტრადიციული სურათი წარმოადგენს ფილოსოფოსის მიერ სხვებზე თავისი ძალაუფლების განხორციელების მცდელობას – მოიხაზოს კონტურები, რომლის მიხედვითაც ადამიანთა დიდი მასები იაზროვნებენ, განსჯიან და განახორციელებენ საკუთარ თავს, საკუთარ ნებას ძალაუფლებისკენ. ასეთი კონტურების მაგალითებია ლოგიკა, მოვლენებს შორის კაუზალური კავშირის დადგენა და  ობიექტ სუბიექტის დიხოტომია, გონების მიერ შექმნილი აზროვნების სქემები, რომელთა მიხედვითაც ადამიანი ორინტირებს ცოდნის დაგროვების პროცესში. დავიკაოთ ლოგიკოსის პოზიცია და იქედან გავზომოთ პერსპექტივიზმის თეორიის ვალიდურობა იქნებოდა ნიცშეს წაკითხვის ყველაზე გულუბრყვილო მცდელობა.

ნიცშე ჩამოთვლილი სქემების საპირისპიროდ გვთავაზობს აზროვნების ახლებურ მოდელს, სისტემას, რომელიც თავის სისტემურობას ასისტემურობით აღწევს. ესაა, არა ერთი კონკრეტული ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს აქტივობა, არამედ გამუდმებული დაპირისპირება და ცვალებადობა. ეს გამოწვევაა ნიცშესთვის, როგორც მწერლისთვის, რადგან მისი თანამედროვე ევროპული ინტელექტუალური წრეები ტექსტს იაზრებენ დასრულებულ მოცემულობად, რომელიც მართალია, გარკვეული თვალსაზრითი ექვემდებარება ინტერპრეტაციას, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, კრიტიკა მაინც გამოკვეთს „ტექსტის სათქმელს“, „ავტორის ფსიქოლოგიურ პორტრეტს“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მანამ სანამ არ მოხდება ტექსტის კლასიფიკაცია, მიკუთვნება რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობასა და ჟანრთან, მოკლედ რომ ვთქვათ, ტექსტი „გაიგება“ „აიხსნება“ და თაროზე შემოიდება. ეს ნიცშეს, როგორც პერსპექტივიზმის თეორიის ავტორს, კურიოზულ მდგომარეობაში აყენებს. ამავდროულად  გამოიწვევს მას შექმნას ტექსტი, რომელიც მსგავსად სამყაროსი, როგორც ძალთა მუდმივი დაპისიპირების დაუსრულებელი მოდელისა, იქნება მუდამ ცვალებადი, წინააღმდეგობით აღსავსე და არ დაემორჩილება არანაირ კლასიფიკაციას. ამიტომაც წაუმძღვარებს ნიცშე თავის მაგნუმ ოპუსს წინ „წიგნი ყველასათვის და არავისთვის“, რადგან „ზარატუსტრას“ გაგება, როგორც ასეთი, არ ხდება.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ნიცშეს სტილი ამოუწურავი თემაა. ნიცშესთან იმდენი სტილია, რამდენი წინადადებაცაა. ამიტომაც ამ დრომდე არ არსებობს სერიოზული კვლევა, რომელიც ზუსტად ახსნიდა ნიცშეიანური სტილის ლიტერატურულ თავისებურებებს და იმ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ზემოთ ითქვა ასეთი „ახსნა“ არც არასდროს იარსებებს და არც უნდა იარსებოს. თუმცა სტილისა და პერსპექტივიზმის თეორიასთან ურთიერთმიმართების პოვნა, უნდა ითქვას, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ როგორ უნდა წავიკითხოთ ნიცშე.

რომ შევაჯამოთ, ნიცშე პერსპექტივიზმის თეორიით გვთავაზობს ტრადიციული ეპოსტომოლოგიის ერთგვარ ალტერნატივას, სადაც ცოდნა გაგებულია, როგორც ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა. ყველა გონითი აქტივობა სამყაროს ფალსიფიკაციისა და გატრივიალურებისკენაა მიმართული, რათა მასში ცხოვრება უფრო ადვილი და ასატანი გახდეს. ამის საპირისპიროდ, სამყარო არ ცნობს სტატიკურ მოცემულობებს. ის მუდმივად იქმნება ერთმანეთს დაპირისპირებული ძალთა კონფლიქტის და ერთმანეთზე დომინირების სურვილის საფუძველზე. ამიტომაც, ყველა მცდელობა შეიქმნას სამყაროს ერთი საერთო სურათი, საბოლოო ანგარიშით ბრბოს თვითშენარჩუნების ინსტიქტია, რომელსაც კავშირი არ აქვს ჭეშმარიტებასთან. ნიცშე ცდილობს მსგავსად სამყაროს პლურალისტური სურათისა  შექმნას პლურალისტური ტექსტი – მუდამ ურთიერთ წინააღმდეგობასა და ინტერპრეტაციას დაქვემდებარებული წინადადებათა ნაკრები,  ცვლის როგორც აზროვნების ისე წერის პარადიგმას და ამდენად პრაქტიკაში ახორციელებს პერსპექტივიზმის თეორიას.

გამოყენებული ლიტერატურა

ნიცშე, ფრიდრიხ. “ჭეშმარიტებისადასიცრუისშესახებმორალისგარეშეაზრით.” შესავალითანამედროვეაზროვნებაშიIII, 87-97. თბილისი: ილიაჭავჭავაძისსახელმწიფოუნივერსტეტი, 2007.

Nietzsche, Friedrich. Will to Power. New York: Random House, Inc. , 1967.

Deleuze, Gilles. Nietzsche and Philosophy. The Athlone Press, 1983 .

Nehamas, Alexander. Nietzsche: Life as Literature. Eleventh printing, 1999.

Winchester, James. Nietzsche’s Aesthetic Turn. State University of New York, 1994.