ქალური წერის მახასიათებლები ნაირა გელაშვილის ნაწარმოებებში ამბრნი, უმბრნი და არაბნი და დედის ოთახი

გვანცა ცუცქირიძე

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ცდას, ქართველი ავტორის – ნაირა გელაშვილის ორი რომანში – ამბრნი, უმბრნი და არაბნი და დედის ოთახი შესწავლილ იქნას ქალური წერის (Écriture féminine) ნიშნები სხვადასხვა ტიპის/სქესის მთხრობლის დონეზე.

ნაშრომის მიზანია, ახლო კითხვის პრინციპზე დაყრდნობით, მთხრობლის სხვადასხვა ტიპის შემთხვევაში იკვლიოს, როგორ, რა სიხშირით და ქალური წერის რომელი მახასიათებლები ვლინდება მთხრობლის დონეზე ზემოთაღნიშნული რომანებში.

მთხრობელთა რაგვარობის კვლევა ტექსტებში ეყრდნობა როგორც კლასიკური ნარატოლოგიის თეორიას, კერძოდ, ჟერარ ჟენეტს, ასევე, ფემინისტურ ნარატოლოგიას – სუზენ ლანსერის ნაშრომს. კლასიკური ნარატოლოგიისგან განსხვავებით, ფემინისტური ნარატოლოგია კვლევაში მეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და ორი მეთოდოლოგიური ჩარჩოს ერთად გამოყენების საძუალებას გვაძლევს. კერძოდ, წინამდებარე ნაშრომში, მთხრობელთა დონეზე ქალური წერის ნიშნების კვლევა ხორციელდება ფემინისტური თეორიის მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ნაწილის, ფრანგი ფემინისტების – იულია კრისტევას, ჰელენ სიქსუს და ლუსი ირიგარეის მიდგომების და ნაშრომების საფუძველზე.

რომანების კვლევისას გამოვლინდა, რომ ქალური წერის სხვადასხვა ნიშნები ვლინდება მთხრობელთა ყველა ტიპის შემთხვევაში. ტექსტების ანალიზისას გაირკვა, რომ ამბები ყოველთვის ქალური ენით არის გადმოცემული, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ან სქესის მთხრობელთან გვაქვს საქმე. კვლევა ადასტურებს, რომ რომანებს ფემინურობას ანიჭებს არა მთხრობლის სქესი ან უსქესობა, არამედ ნარატიული ეფექტი – მთხრობლის დონეზე ამბის გადმოცემა ქალური წერის მანერით.

კითხვის გაგრძელება