საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა

01თეონა ელიაშვილი
pdf

ვლევის აქტუალობა. ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პირობები. კომპანიას მომხმარებლებისთვის საქონლის კრედიტით ან განვადებით მიწოდების შესაძლებლობა ანიჭებს დიდ კონკურენტულ უპირატესობას ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით. მართალია, კრედიტით გაყიდვები უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სარგებელს კომპანიისთვის, კომერციულ და ექსპორტულ კრედიტებს თან ახლავს არგადახდის რისკი, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნას, ერთი მხრივ კონტრაგენტის გადახდისუუნარობით ან გაკოტრებით, მეორე მხრივ, პოლიტიკური მიზეზების გამო, საექსპორტო დაკრედიტების შემთხვევაში.

კრედიტების დაზღვევაში, კატასტროფული ხარჯების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება აგრეთვე ცალკე კატეგორიები: დამზღვევის საკუთარი მონაწილეობა – თანაგადახდა, საკრედიტო ლიმიტი, მოცდის პერიოდი და ა. შ., რის საფუძველზეც იქმნება დაზღვევის სხვადასხვა სახეობები და ტექნიკა, ანდერაითინგი და სატარიფო სისტემა.

კრედიტის რისკის დაზღვევის „ინსტიტუტი“, რაც უზრუნველყოფს საკრედიტო ტრანზაქციის მონაწილეების საკუთრების უფლების დაცვას, საქართველოში განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე იმყოფება. ევროპაში კი ამ ტიპის დაზღვევა უკვე 150 წელზე მეტია არსებობს და ვითარდება.

ევროპაში, კომპანიების სავაჭრო ოპერაციების, დაახლოებით 80 %, კომერციული კრედიტის პირობით ხორციელდება. ხოლო საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში საექსპორტო კრედიტის წილი, თითქმის 80 %-ს შეადგენს.

საქართველოში საკრედიტო რისკების თეორიული და მეთოდოლოგიური ბაზების განვითარების დაბალი დონე ხაზს უსვამს კვლევის აქტუალურობას. საკრედიტო დაზღვევის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფოს. მრავალ განვითარებულ ქვეყანაში შექმნილია დაზღვევის სამთავრობო მექანიზმი ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომლებიც წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ეწევიან, რაც მნიშნელოვნად უწყობს ხელს სავაჭრო ზონის გაფართოებას. ეს კი მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

კვლევის მიზანი და ამოცანები. ნაშრომის მიზანია საკრედიტო დაზღვევის თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტების განვითარება და საქართველოში შესაბამისი ბაზრის ტენდენციების კვლევა. მიზნის შესაბამისად განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები:

საკრედიტო დაზღვევის შინაარსის და მისი სახეების გაცნობა;
საკრედიტო რისკების დაზღვევის განსაზღვრა და სტრუქტურა;
საკრედიტო დაზღვევის პრინციპების დადგენა და ფუნქციების განსაზღვრა;
ძირითადი ფაქტორების განსაზღვრა, რაც ექვემდებარება საკრედიტო დაზღვევის ანდერაითინგს;
საკრედიტო რისკების შეფასების მოდელის საფუძველზე, სადაზღვევო ტარიფის განსაზღვრა და საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების მეთოდოლოგია;
საკრედიტო დაზღვევის ხელშეკრულების ფორმების და მისი შემადგენელი ნაწილების განსაზღვრა;
საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის სტატისტიკური მონაცემების შესწავლა;
საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შესწავლა და მისთვის საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის განვითარების საჭიროების გამოვლენა;
კვლევის საგანი და ობიექტი. კვლევის ობიექტია საკრედიტო რისკები, რომლებიც წარმოიშობა კომპანიებს შორის სავაჭრო გარიგებების დადებისას კომერციული და საექსპორტო დაკრედიტების გამოყენებით. კვლევის საგანი – იმ სუბიექტების საკუთრების ინტერესების დაცვა, რომლებიც ეწევიან ისეთ ეკონომიკურ საქმიანობას, სადაც წარმოიშობა სავაჭრო გარიგებების საკრედიტო რისკი.

კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძველი.

კვლევის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს უცხოელი ავტორების ნაშრომები და სახელმძღვანელოები, რომელთა საფუძველზეც მოხდა საკრედიტო დაზღვევის შინაარსობრივი საკითხების შესწავლა. აგრეთვე, გამოყენებულია საქართველოში არსებული სტატისტიკისა (საქსტატი) და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურების (სებ) შესაბამისი მასალები, რათა მოგვეხდინა დასმული ამოცანების გადაჭრა.

კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური მათემატიკის მეთოდები და მოდელები, ჩვენს მიერ ჩატარებული ფინანსური და სტატისტიკური ანალიზი გრაფიკული მეთოდების გამოყენებით.

კვლევის მეცნიერული სიახლე. ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის შესწავლაში პირველ კომპლექსურ გამოკვლევას. ნაშრომის მეცნიერულ სიახლეთა შორის აღსანიშნავია შემდეგი:

სავაჭრო გარიგებებში საკრედიტო რისკების დაზღვევის განვითარების კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია კომერციული და ექსპორტული კრედიტების დაზღვევაზე, გამოიყო სადაზღვევო საქმიანობის ცალკე სახედ, რომელიც ცნობილია, როგორც „საკრედიტო დაზღვევა“. კომპანიის კრედიტის მართვის სისტემაში სადაზღვევო ინსტურმენტების ინტეგრაციისათვის საჭიროა: მოცემული კონცეფცია და ნაშრომში ჩამოყალიბებული კრედიტების დაზღვევის განმარტება, საკრედიტო დაზღვევის ფორმების კლასიფიკაცია და თავისებურებები, მისი პრინციპების სისტემატიზირება და ფუნქციების იდენტიფიცირება;
შემუშავდა საკრედიტო დაზღვევის ანდერაითნგის მეთოდოლოგიური ასპექტები: საკრედიტო რისკების სისტემატიზაცია (კომერციული რისკები, პოლიტიკური რისკები, გაბანკროტების რისკი, გადახდის პროლონგაციის რისკი) და გავლენის ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ საკრედიტო რისკზე და ექვემდებარებიან ანდერაითინგის პოლიტიკას;
დადგენილია საკრედიტო დაზღვევის ტარიფიკაციის მეთოდი, რომელიც ეფუძნება, როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ შეფასებას და დამოკიდებულია საკრედიტო რისკსა და კონტრაგენტის საკრედიტო ლიმიტის დონზე;
შესწავლილია საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზარი და მისი განვითარების ძირითადი ტენდენციები თანამედროვე ეტაპზე.
კვლევის შედეგები:

სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პოლისების განვითარების მატრიცა, რომელიც დაფუძნებულია საკრედიტო დაზღვევის სხვადასხვა ფორმაზე (ინდივიდუალური კონტრაქტორების და საერთო სავაჭრო ბრუნვის დაზღვევა), რაც საკრედიტო დაზღვევის სხვადასხვა კუთხით მართვის საშუალებას იძლევა;
საკრედიტო დაზღვევის დივერსიფიკაციის პრინციპებზე ხაზგასმა, როგორც მიკრო და მაკროეკონომიკურ საფეხურზე, ისე გლობალურ დონეზე;
გამოვლენილი და შესწავლილი ფაქტორები, რომლებიც ექვემდებარება საკრედიტო დაზღვევის ანდერაითინგს;
საქართველოში საკრედიტო დაზღვევის პრობლემები (მათ შორის, მარეგულირებლის მხარდაჭერა, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა ბაზარზე, მეთოდოლოგიური და ფინანსური პრობლემები, პოტენციური სადაზღვევო პოლისის ნდობა და ცნობიერება) და სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები, შემდგომი გაღრმავებისა და განვითარებისთვის, საკრედიტო დაზღვევის კერძო ბაზარზე, ექსპორტ-იმპორტის ეფექტური სახელმწიფო პროგრამების ფონზე.
კვლევის შედეგების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა.

კვლევის შედეგების თეორიული მნიშვნელობა მდგომარეობს სავაჭრო-საკრედიტო რისკების თეორიის განვითარებაში, მეთოდოლოგიასა და ორგანიზებაში. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოში საკრედიტო რისკების შემდგომი შესწავლის და განვითარებისთვის.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს, მის გამოყენებაში სადაზღვევო ორგანიზაციების და ეკონომიკური სუბიექტების მიერ, სავაჭრო გარიგებებში, საკრედიტო რისკების ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს განვითარების მიზნით.

გარდა ამისა, კვლევის მასალები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი კურსების სწავლების და განვითარებისთვის, როგორიცაა: „სადაზღვევო საქმე“, „ქონების დაზღვევა“, „სადაზღვევო კოდექსი“.

თავი I

ლიტერატურული მიმოხილვა
1.1 კრეტიდების დაზღვევის მნიშვნელობა და ამოცანები

დაზღვევა გერმანიაში ინგლისიდან შემოვიდა XIX საუკუნის ბოლოს და ფართო გავრცელება ჰპოვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დაზღვევის ამ სახეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური და კონიუნქტუძრული რყევები. 1990 წლამდე მასზე ვრცელდებოდა დაზღვევის სხვა სახეობებთან შეუთავსებლობის მოთხოვნა და ძირითადად, ცალკე ხორციელდებოდა სპეციალიზებული სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ.

კრედიტების დაზღვევის საფუძველია იმ ფაქტის გააზრება, რომ კრედიტორის მოთხოვნასაც გააჩნია მატერიალური ღირებულება, რაც განაპირობებს კონტრაგენტის გადახდისუუნარობისგან დაზღვევის საჭიროებას. შემდეგში განვითარდნენ კრედიტების დაზღვევის სხვა ფორმებიც, რომლებიც სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დავაჯგუფოთ:

დაზღვევა თავდებობის ხელშეკრულებით
ნდობის ბოროტად გამოყენების რისკის დაზღვევა
დაზღვევა Delkredereversicherung ხელშეკრულებით
1.1.1 კრედიტის დაზღვევის სახეობები

სამეურნეო საქმიანობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაზღვევას თავდებობის ხელშეკრულებით (Kautionsversicherung). დაზღვევის ამ სახეობისას, მზღვეველი დამზღვევის დავალებით, საკუთარ თავზე იღებს კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებთან დაკავშირებული გარანტიების წარდგენას. თავისი ეკონომიკური შინაარსით ასეთი დაზღვევა შეიძლება შევადაროთ ბანკების მიერ, მსესხებლის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გარანტიის გაცემას. ეს ორი მომსახურება ერთმანეთს კონკურენციას უწევს ბაზარზე.

თავდებობით დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს ხელშეკრულებას მესამე პირის სასარგებლოდ. დამზღვევი არის მოვალე, ხოლო კრედიტორი – ბენეფიციარი. გარანტია ფორმდება კრედიტორისადმი საგარანტიო წერილით ან გარანტისა და ბენეფიციარის მიერ, საგარანტიო ხელშეკრულების გაფორმებით. ამ ხელშეკრულებით მზღვეველი იღებს ვალდებულებას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, კრედიტორს გადაუხადოს ნასესხები თანხა და ამით დაიფაროს იგი ზარალისგან, რომელიც მას მოვალის გადახდისუუნარობის ან ფულის დაბრუნებაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა განეცადა.

თავდებობით დაზღვევას, პირველ რიგში, მიმართავენ სამშენებლო ორგანიზაციები, ასევე ის კომპანიები, რომლებიც ძირითად საშუალებებს აწარმოებენ. დაზღვევის ამ სახეობის მიზანია, წინასწარი გადახდების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფა, ასევე პროდუქტის ან მომსახურების ხარისხის გარანტიასთან დაკავშირებული ვალდებულებების.

ნდობის ბოროტად გამოყენების რისკის დაზღვევა (Vertrauens-schadenvericherung), აკრეფილი პრემიების რაოდენობით, ფინანსური რისკების დაზღვევის მეორე სახეობაა კომერციული კრედიტების დაზღვევის შემდეგ. იგი იცავს დამზღვევს, როგორც წესი, დამსაქმებელს, თანამშრომლების მიერ, ფინანსების ბოროტად გამოყენებით გამოწვეული ზარალისგან. დაზღვეულები არიან ან ხელშეკრულებაში სახელდებით მოხსენებული პირები, ან მომსახურეთა გარკვეული ჯგუფები. კომპიუტერთან მომუშავეთათვის შემუშავებულია დაზღვევის სპეციალური სახეობა.

ფინანსური რისკები, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიწოდებისას წარმოიშვება, იფარება Delkredereversicherung დაზღვევით.

ტერმინი “Delkredereversicherung“ (ქართ. „დელკრედერე“) სადაზღვევო საქმეში საბუღალტრო აღრიცხვიდან შემოვიდა. დელკრედერეს ზოგადი გაგება აერთიანებს ყველა იმ რისკის დაზღვევას, რომელიც კერძო კომერციული ორგანიზაციების მიერ, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს უკავშირდება. პირველ რიგში, ეს არის კონტრაგენტის გადახდისუუნარობის გამო, საკრედიტო ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის რისკი.

არსებობს დელკრედერე დაზღვევის ორი სახე – ექსპორტული კრედიტების დაზღვევა (Ausfuhrkreditversicherung) და იმ კომერციული კრედიტების დაზღვევა, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში საქონლისა თუ მომსახურების მიწოდებისას გაიცემა (Warenkredit Versicherung).

1.1.2 დელკრედერე დაზღვევის ორი სახეობის ერთიანი საფუძველი

დელკრედერე დაზღვევის ორივე სახეობა შინაარსით ერთნაირ მომსახურებას გულისხმობს. ექსპორტული კრედიტების დაზღვევის ფარგლებში ექსპორტიორი აზღვევს იმპორტიორის მიერ, მოკლევადიანი დებიტორული დავალიანების არდაფარვის რისკს (დავალიანების, რომელიც მუდმივად განახლებადი კომერციული კრედიტის პირობებში საქონლის არსებობისას წარმოიშობა). ამ დროს მხოლოდ კომერციული რისკის დაზღვევა ხდება. როგორც წესი, არ ხდება დაზღვევა ოპერაციებისა ისეთ ქვეყნებთან, სადაც პოლიტიკური ვითარება ეკონომიკურ რისკებზე დიდ ზეგავლენას ახდენს. პოლიტიკური მიზეზით კრედიტის არდაბრუნების შემთხვევების დაზღვევა წარმოებს მხოლოდ ფედერალურ დონეზე. გერმანიაში საექსპორტო კრედიტებს აზღვევს სახელმწიფოს მიერ, ამ საქმიანობისთვის უფლებამოსილი სააქციო სახოგადოება „ჰერმესი“, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს.

ქვეყნის ფარგლებში მოკლევადიანი საქონლის მყიდველთა დებიტორული დავალიანების არდაფარვის რისკის დაზღვევა ხდება კომერციული კრედიტების დაზღვევის ფარგლებში. ამ სახის დაზღვევისას გარანტიები გაიცემა ნებისმიერი საქონლის მიწოდებისას გაცემულ კრედიტებზე, რომელთა დაფარვის ვადაც, როგორც წესი, 12 თვეს არ აღემატება.

დელკრედერე დაზღვევის საგანი შეიძლება იყოს არა მარტო მეწარმის მიერ, საქონლის ან მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა, არამედ იმ მომსახურების უზრუნველყოფაც, რომელიც პროდუქტის რეალიზაციას ახლავს თან. მაგალითად, შეიძლება დაზღვეულ იქნეს ზარალი, რომელიც გამყიდველმა განიცადა საექსპედიტორო ფირმის მიერ, თავისი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ტვირთზე ყადაღის დადების გამო და ა. შ. მისთ.

დელკრედერე დაზღვევის ყოველ სახეობაში გათვალისწინებულია დამზღვევის აუცილებელი მონაწილეობა. ეს ზრდის მომწოდებლის პასუხისმგებლობის გაზრდას დებიტორული დავალიანების დაფარვის მიმართ. დელკრედერე დაზღვევის აუცილებელი გამოყენება აიძულებს დამზღვევს, მიიღოს ზომები ზარალის თავიდან ასაცილებლად და საგულდაგულოდ გადაამოწმოს კონტრაგენტის გადახდისუნარიანობა.

1.1.3 დელკრედერე დაზღვევის ხელშეკრულების ფორმები

საქონლის მომწოდებელსა (რომელიც დამზღვევის როლში გამოდის) და სადაზღვევო კომპანიას შორის, თანამშრომლობა სადაზღვევო ხელშეკრულების ბაზაზე ხორციელდება.

თავდაპირველად, ხდება დაზღვევის პირობების განხილვა, რის შემდეგაც, როდესაც მზღვეველი დამზღვევის მიერ, ოფიცალურად გაკეთებულ განაცხადს მიიღებს, ხელშეკრულება ფორმდება სადაზღვევო პოლისის სახით, რომელშიც ფიქსირდება ინდივიდუალურად შეთანხმებული პირობები. სადაზღვევო ხელშეკრულების შედგენისას ორიენტირად გამოიყენება დაზღვევის საერთო პირობები (Allgemeine Versicherungsbedmdungen tur die Warenkreditversicherung 1999 (Version 2003) (WKV -AVВ). Exportkreditegarantien der Bundesrepublik Deutschland Hermesdeckung Allgemeine Bedingungen fur Ausfuhrgarantien – AB(G)).

ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი პირობებია: სადაზღვევო პრემიის ოდენობა; ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, მზღვეველის ვალდებულებები, მყიდველის კრედიტუნარიანობის და კრედიტის გაცემის პირობების შესამოწმებლად, ასევე კრედიტის დაფარვის კონტროლისათვის საჭირო მოსაკრებლის ოდენობა; დამზღვევის ვალდებულება, დასაზღვევად გადასცეს ყველა მოთხოვნა, რაც დაკრედიტების მოცემული ლიმიტის ფარგლებში განხორციელებული საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან გამომდინარეობს; იმ კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და ამ ანაზღაურების ზედა ზღვარი.

ექსპორტული კრედიტების დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით ხდება ყველა იმ მოთხოვნის დაზღვევა, რომლებიც მოკლევადიანი კომერციული დაკრედიტების საფუძველზე ქვეყანათა გარკვეულ ჯგუფებში იმპორტიორებთან დადებული უკლებლივ ყველა სავაჭრო გარიგებიდან გამომდინარეობენ. ამასთან, ყოველი გარიგებისთვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ხელშეკრულებით დადგენილ ლიმიტს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ექსპორტული კრედიტების დაზღვევა მხოლოდ ეკონომიკურ რისკებს ფარავს.

ქვეყნის შიგნით კომერციული კრედიტების დაზღვევის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს მიმწოდებლის მიერ, მოკლევადიან სასაქონლო კრედიტებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნის დაზღვევას დაკრედიტების ლიმიტის ფარგლებში. როგორც წესი, მხარეები აფორმებენ გენერალურ შეთანხმებას (Mantelvertvag), რომელშიც, დაზღვევის საერთო პირობებთან ერთად აუცილებლად დგინდება მზღვეველის ვალდებულების მაქსიმალური მოცულობა ერთი წლის განმავლობაში. როგორც წესი იგი ნეტო-პრემიის ოცჯერადი რაოდენობის ტოლია.

1.1.4 ხელშეკრულების შესრულება

ექსპორტული და კომერციული კრედიტების დაზღვევის ხელშეკრულების შესრულება ტექნიკურად ხდება შემდეგნაირად: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდანვე დამზღვევი აცნობებს მზღვეველს ყველა იმ მყიდველის ვინაობას, ვისაც მიაწოდა საქონელი მოკლევადიანი დაკრედიტების პირობით. ყოველი კონტრაგენტისათვის დამზღვევი მიუთითებს სასურველ სადაზღვევო თანხას. მზღვეველი ამოწმებს მოვალის კრედიტუნარიანობას და ამის საფუძველზე განსაზღვრავს სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლო მოცულობას. სადაზღვევო თანხის ოდენობას დამზღვევს ატყობინებს სპეციალური სადაზღვევო შეტყობინების (Kreditmitteilung) მეშვეობით. ეს დოკუმენტი სადაზღვევო ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. დაზღვევა ყოველი ცალკეული რისკისათვის მოქმედებას იწყებს ამ შეტყობინებაში მითითებული დროიდან. დაზღვეულია, საქონლისა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული, ყველა მოთხოვნა, რომელიც არ აღემატება სადაზღვევო თანხას, ზარალის ანაზღაურებაში დამზღვევის საკუთარი მონაწილეობის გათვალისწინებით.

თუ მზღვეველი გარკვეულ მიზეზთა გამო, დასაზღვევად ვერ იღებს შეთავაზებულ რისკებს, ან იღებს ნაწილობრივ, ამის შესახებაც სპეციალური შეტყობინება ეგზავნება დამზღვევს.

ანალოგიურად იქცევიან დამზღვევის ყველა ახალ კონტრაგენტთან, რომლებსაც მიეყიდება საქონელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში. სადაზღვევო ანაზღაურების მოცულობასთან და მისი მიწოდების პირობებთან დაკავშირებული ყველა ცვლილება ასევე დოკუმენტირდება შესაბამისი საკრედიტო შეტყობინებების მეშვეობით.

გავრცელებული წესით, შეთანხმებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, დაზღვევის ხელშეკრულების დასაწყისში წარმოდგენილი სადაზღვევო ანაზღაურება ვრცელდება იმ დებიტორულ დავალიანებებზეც, რომლებიც ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.

სადაზღვევო ანაზღაურების მოქმედების პერიოდი მიბმულია დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან. იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რომლებიც სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობას ყოველი თვის ბოლოს არსებული დავალიანების ნაშთის მიხედვით განსაზღვრავენ, სადაზღვევო დაცვის მოქმედება წყდება კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე. ეს ხდება იმის გამო, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, სადაზღვევო შენატანის აკრეფა აღარ ხდება. თუკი სადაზღვევო პრემია დამზღვევის საქონელბრუნვის მიხედვით გამოითვლება, მზღვეველს პასუხისმგებლობა ეკისრება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც დამზღვევის იმ დაზღვეულ მოთხოვნებზე, რომლებიც მას წარმოეშვა თავისი პარტნიორების მიმართ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
1.2 დელკრედერე დაზღვევის საგანი და მოცულობა

დელკრედერე დაზღვევის საგანია დამზღვევის (საქონლისა თუ მომსახურების გამყიდველის) დაცვა მყიდველის გადახდისუუნარობით გამოწვეული ზარალისაგან, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოიშობა.

1.2.1 დასაზღვევი მოთხოვნები

დელკრედერე დაზღვევის საგნისა და მოცულობის ზუსტი განსაზღვრისათვის საჭიროა, გამოვყოთ კრედიტორთა მოთხოვნებიდან ისინი, რომლებიც ამ სახის დაზღვევას შეესაბამება. დელკრედერე დაზღვევის საგანია მოთხოვნათა მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც განპირობებულია მათი წარმდგენის მიერ, საქონლის ან მომსახურების გაყიდვით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესენია გამყიდველის მიერ, მყიდველისადმი წარდგენილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნები ფართო გაგებით.

როგორც წესი, დელკრედერე დაზღვევის საერთო წესებში ხაზგასმულია, რომ დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ საქონლისა და მომსახურების მიწოდების საფუძველზე წარმოშობილი კრედიტორთა მოთხოვნები. ამით თავიდანვე მკვეთრი ზღვარი გაივლება ამ სახის კრედიტთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და საბანკო კრედიტის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შორის, რომლებიც დელკრედერე დაზღვევის საგანს არ წარმოადგენენ. წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ პრინციპის დაუცველობის გამო, დელკრედერე რისკების მზღვეველები მეტად რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილან და ბანკროტობის ზღვარზეც აღმოჩენილან. დღესდღეობით დელკრედერე რისკების მზღვეველებმა ფინანსური დაკრედიტების ბაზარი მთლიანად გადააბარეს ბანკებსა და შემნახველ სალაროებს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ხშირად ძალიან ძნელია ფინანსურ და სასაქონლო კრედიტს შორის მკვეთრი ზღვარის გავლება; განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო ხდება კომერციული კრედიტის ხანგრძლივი ვადით გაცემა. ამ დროს, შესაძლოა, კრედიტი უკვე მხოლოდ საქონელბრუნვის მიზანს კი არ ემსახურება, არამედ ნაწილობრივ კაპიტალდაბანდების დაფინანსებისთვისაც გამოიყენება.

დელკრედერე დაზღვევის საგანი შეიძლება გახდეს ის მოთხოვნები, რომლებიც მომსახურების გაწევის თაობაზე დადებული ხელშეკრულების შესრულებისას წარმოიშვნენ. აქ უნდა ვახსენოთ მომსახურების ისეთი სახეები, როგორიცაა სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების შექმნა, სამონტაჟო სამუშაოები, იჯარის გარკვეული სახეობები, საქონლის დამუშავება.

უნდა აღინიშნოს არგადახდის რისკის დაზღვევის კიდევ ერთი პირობა: საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რომლის საფუძველზეც წარმოიშვა მიმწოდებლის მოთხოვნა მყიდველის მიმართ, უნდა წარმოებდეს დამზღვევის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მისი სახელით და საკუთარ ანგარიშზე. არ ხდება ისეთი მოთხოვნების დაზღვევა, რომლებიც დამზღვევს სხვამ დაუთმო, თუ ამაზე მზღვეველმა არ გასცა თანხმობა საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით. კრედიტორის მოთხოვნების დასაზღვევად ასევე საჭიროა, რომ ისინი იყვენენ ანგარიშებით დამოწმებული და იურიდიულად დასაბუთებული. ქვეყნის შიგნით კომერციული კრედიტების დაზღვევისას ასევე ითხოვენ მყიდველის მიერ, საქონლისა და მომსახურების საბოლოო ჩაბარებას.

კომერციული დელკრედერე დაზღვევის საგანი, როგორც წესი, არ არის კერძო პირთა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლების მიერ, ვალის არდაბრუნების დაზღვევა. ისინი, ჩვეულებრივ, მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, კრედიტის არდაბრუნების რისკებს აზღვევენ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექსპორტული კრედიტების სახელმწიფო დაზღვევისგან განსხვავებით, არ ხდება სამთავრობო ორგანიზაციებისადმი – საჯარო სამართლის სუბიექტებისადმი გაცემული კრედიტების დაბრუნების მოთხოვნების დაზღვევა, რადგანაც ისინი არ შეიძლება გადახდისუუნარონი აღმოჩნდნენ. ასეთი დაწესებულებების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რადიოსადგურები, ენერგომომმარაგებელი და სატრანსპორტო ორგანიზაციები და ა. შ. ისინი არ უნდა აგვერიოს იმ საწარმოებში, რომლებიც კერძო სამართლის პრინციპებზე მოქმედებენ და სახელმწიფო, კომუნალური ან რეგიონული ორგანოების მთლიან ან ნაწილობრივ მფლობელობაში იმყოფებიან. ასე მაგალითად, ენერგომომარაგების საწარმო, რომელიც სააქციო საზოგადოების ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით მოქმედებს და რომლის აქციებიც ან მფლობელობის წილებიც მთლიანად კომუნის, ფედერალური მიწის ან ფედერაციის მფლობელობაშია, კომერციული დაზღვევის საერთო წესების მიხედვით, კომერციულ სამრეწველო საწარმოდ ითვლება. ასეთი საწარმოები შეიძლება გაკოტრდნენ, ამიტომ მათდამი წაყენებული ფინანსური მოთხოვნები შეიძლება დაზღვეული იქნან დელკრედერე დაზღვევის მეშვეობით.

დელკრედერე დაზღვევით არ იფარება მოთხოვნები ისეთი საწარმოების მიმართ, რომელთა მმართველობაზეც დამზღვევს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია მის ხელთ არსებული იურიდიული ან პრაქტიკული ბერკეტების მეშვეობით.

კომერციული კრედიტების დაბრუნების გარდა, ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დაეზღვიოს სპეციალური პროდუქციის (მაგ. ნაბეჭდი პროდუქციის) წარმოებისათვის მიმწოდებლის მიერ, გაწეული დანახარჯები. ასეთი დანახარჯების გაწევა შეიძლება საჭირო გახდეს არსებული შეკვეთების მოთხოვნებით ან გარკვეული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი სასაქონლო მარაგების შენახვის პირობებით. თუ შემდგომში მყიდველისთვის საქონლის მიწოდება შეუძლებელი გახდება, სადაზღვევო შემთხვევის დადგენის გამო, ან გაუქმდება სადაზღვევო კომპანიის განკარგულებით რისკის გაზრდის გამო, დამზღვევს აუნაზღაურდება გაწეული სპეციალური ხარჯების თვითღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზის გამოკლებით.

1.2.2 გადახდისუნარიანობა

როგორც ითქვა, დელკრედერე დაზღვევა დამზღვევს იცავს მყიდველის გადახდისუნარიანობით გამოწვეული გაცემული კომერციული კრედიტის არდაბრუნების რისკისგან.

მყიდველის გადახდისუნარიანობის შესახებ საუბარი შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

თუ მყიდველის მიმართ დაწყებულია სამართალწარმოება გახდადისუუნარობის თაობაზე აღძრული საქმის მიხედვით ან თუ სასამართლომ უარი თქვა ბანკროტობის პროცედურის დაწყებაზე არასაკმარისი საკონკურსო მასის გამო;
თუ დაწყებულია სამართალწარმოება სავაჭრო გადახდისუუნარობის დადგენობის თავიდან ასაცილებლად;
თუ მოვალესა და ყველა კრედიტორს შორის სასამართლოს გარეშე მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ვალის გადახდას მოვალის ქონების გაყიდვის და აღებული თანხის კრედიტორებს შორის დავალიანების პროპორციულად გადანაწილების საშუალებით;
თუ მოვალის ქონების მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით განხორციელების შემდეგ, დამზღვევის მოთხოვნების სრულიად დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველ და მეორე შემთხვევებში მოვალის ფორმალური გადახდისუუნარობა დგება არა მის მიერ, ბანკროტობის გამოცხადების მომენტიდან, არამედ სასამართლოს მიერ, საკონკურსო სამართალწარმოების დაწყების ან არასაკმარისი საკონკურსო მასის გამო, ბანკროტობის პროცედურის დაწყებაზე უარის თქმის თარიღიდან. მოვალის გადახდისუუნარობის ცნობის მომენტის ზუსტად დადგენას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის მიხედვით დგინდება, კრედიტორს ზარალი სადაზღვევო ხელშეკრულების პერიოდში მიადგა თუ არა. მესამე შემთხვევაში მოვალის ბანკროტობა დგინდება იმ მომენტიდან, როდესაც ყველა კრედიტორი თანხმობას განაცხადებს სასამართლოს გარეშე ვალის გადახდის თაობაზე შეთანხმებაზე, ხოლო მეოთხე შემთხვევაში – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან.

1.2.3 გადახდის ვადის გადაცილება

დელკრედერე დაზღვევაში სადაზღვევო შემთხვევად გაცემული კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობა ითვლება. მხარეთა განსაკუთრებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც, შესაბამისად, გაზრდილ სადაზღვევო პრემიასაც ითვალისწინებს, სადაზღვევო შემთხვევად უკვე ითვლება სადაზღვევო ხელშეკრულებაში ჩამოთვლილ ქვეყნებში მყოფი მყიდველის მიერ, დაზღვეული დავალიანების არდაფარვა ამისთვის სპეციალურად დადგენილ საშეღავათო პერიოდში. საშეღავათო პერიოდები ყოველი ქვეყნისათვის ცალკე დგინდება. პრაქტიკაში მზღვეველები სარგებლობენ კომერციული კრედიტების დაფარვის საშეღავათო პერიოდების სპეციალური სიით (ინგლ. – protracted default hst). მასში ჩამოთვილილი საშეღავათო პერიოდები ვრცელდება მოცემულ ქვეყანაში მყოფ ყველა იმპორტიორზე, თუ საკრედიტო ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

დასაზღვევი მოთხოვნების არსი განისაზღვრება საკრედიტო ხელშეკრულებით. დაზღვევას ექვემდებარება იურიდიულად დასაბუთებული, ეჭვმიუტანელი, ფაქტურირებული (ანგარიშებით დამოწმებული) მოთხოვნები. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, დამზღვევი მზღვეველს უგზავნის ფორმალურ შეტყობინებას ზარალის შესახებ. კრედიტების დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, მთლიანად ანაზღაურდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის დაზღვეული ყველა მოთხოვნა ფრანშიზის გამოკლებით, მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტის ფარგლებში.

დამზღვევი ვალდებულია კრედიტის დაფარვის ვადის გასვლისთანავე მზღვეველს შეატყობინოს გადახდის ვადის გადაცილების შესახებ (Meldung einer Kreditzielüberschreitung), ხოლო სამი თვის შემდეგ – გადაუხდელობის შესახებ (Nichtzahlungsmeldung). დამზღვევის მიერ, არგადახდის შესახებ შეტყობინებების ვადების გადაცილებას დიდი მნიშვნელობა აქვს მხარეებისათვის. კერძოდ, მზღვეველი თავისუფლდება ვალდებულებისაგან, მოცემულ სადაზღვევო შემთხვევაში დამზღვევს აუნაზღაუროს დაზღვეული მოთხოვნები საშეღავათო პერიოდის გასვლისას. ამას გარდა, იმ მომენტიდან, როცა მზღვეველს დამზღვევისაგან უნდა მიეღო შეტყობინება, ვალის არგადახდის შესახებ, ავტომატურად წყვეტს მოქმედებას იმავე მყიდველისათვის მიწოდებული საქონლისა და მომსახურების დაზღვევა. ამისთვის დამზღვევის სპეციალური შეტყობინება აღარაა საჭირო.

უნდა აღინიშნოს, რომ გადახდის ვადის გადაცილებიდან სამი თვის განმავლობაში დამზღვევი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს თავისი ვალის დასაბრუნებლად. თუ ვალი სამი თვის შემდეგაც არ დაბრუნდება, საქმე დაუყოვნებლივ გადაეცეს სპეციალურ საინკასაციო ბიუროს. მოთხოვნების ინკასაციისათვის გადაცემის ვადების დაზღვევისა და დავალიანების ამოღების ყველა საშუალების (მათ შორის სასამართლო წესით იძულების) გამოუყენებლობის შემთხვევაში დამზღვევი კარგავს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებას.

დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში დამზღვევი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს კრედიტის არდაბრუნების რისკის შესამცირებლად. ეს ნიშნავს, რომ იგი ვალდებულია:

შეასრულოს მზღვეველის ყველა მითითება დაუკმაყოფილებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით;
მზღვეველის მოთხოვნისას მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალეზე და მის ფულად ვალდებულებებზე, ასევე გადასცეს ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი;
დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს მოვალის ან სხვა პირების მიერ დავალიანების დასაფარად განხორციელებული ყველა გადახდის შესახებ.
1.2.4 გამონაკლისები სადაზღვევო ანაზღაურებიდან

კერძო სადაზღვევო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ექსპორტული კრედიტების დაზღვევით არიან დაკავებული, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ამ სახის დაზღვევის საგანია მხოლოდ სავაჭრო ოპერაციებისას უცხოელი კონტრაგენტის გადახდისუნარიანობის კომერციული რისკების დაზღვევა. არ ხდება წმინდა პოლიტიკური რისკების დაზღვევა. ასე მაგალითად, დაზღვევას არ ექვემდებარება:

სავაჭრო პარტნიორის მიერ, ფულის გადმოურიცხველობა, რომლის მიზეზიც გახდა უცხო სახელმწიფოს მიერ, ეკონომიკური მიზეზებით საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვის ან სხვა ვალუტაში კონვერტაციის შეზღუდვა;
გადაუხდელობის რისკი, რომელიც წარმოიქმნება სახელმწიფოს მიერ, საზღვარგარეთ განხორციელებული გადახდების აკრძალვის შედეგად;
ოფიციალურად გამოცხადებული მორატორიუმის გამო, სავაჭრო ოპერაციის შეჩერების რისკი;
ვალუტის კურსების ცვლილების რისკი და ა. შ.
წმინდა პოლიტიკური მიზეზებით ან ფორსმაჟორული გარემოებებით გამოწვეული გამყიდველ-ექსპორტიორის ზარალი ყოველთვის გამოირიციხება სადაზღვევო ანაზღაურებიდან. პოლიტიკურ რისკებს ვერ დააზღვევს კომერციულ საწყისებზე მოქმედი კერძო სადაზღვევო ორგანიზაცია, რადგანაც დაზღვევაში არ არსებობს ასეთი რისკების გამოთვლის მეთოდები. რეალიზაციის შემთხვევაში კი საერთო ზარალი ხშირად ისეთ სიდიდეს აღწევს, რომ მისი ანაზღაურება კერძო სადაზღვევო კომპანიების ძალებს აღემატება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კერძო სადაზღვევო კომპანია პასუხს არ აგებს, თუ უცხოელი მყიდველის გადახდისუუნარობა გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

ომი, სამხედრო მოქმედებები;
გაფიცვები, შიდა არეულობები;
მიწოდებული საქონლის ოფიციალური კონფისკაცია;
უცხო სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოებთან საქონელბრუნვაზე და საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვაზე დაწესებული შეზღუდვები;
სტიქიური უბედურებები;
ატომური ენერგიის ზემოქმედება.

1.2.5 დამატებითი მოთხოვნები და სამართლებრივი დევნის ხარჯები

როგორც წესი, დელკრედერე დაზღვევის ხელშეკრულებით იზღვევა ძირითადი მოთხოვნები და ხარჯები, რომლებიც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების სათნადო შესრულებას უკავშირდება და პირიქით, არ იზღვევა რომელიმე პარტნიორის მიერ, ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან ან არასათანადო შესრულებასთან დაკავშირებული და ამის გამო, ანგარიშფაქტურაში დაუფიქსირებელი მოთხოვნები და ხარჯები. ასეთი მოთხოვნების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:

გადახდის გადაცილების გამო დარიცხული პროცენტები, პირგასამტეხლოები;
ზარალის ანაზღაურების მოთხოვნები, მაგალითად, ხელიდან გაშვებული მოგების ანაზღაურების მოთხოვნა;
სასამართლო დევნის ხარჯები და ყველა ის ხარჯი, რომელიც დავალიანების ამოღებას უკავშირდება.
1.2.6 დებიტორული დავალიანების ანაზღაურება / დამზღვევის მონაწილეობა

კრედიტის დაზღვევის ფარგლებში, მზღვეველი გამყიდვლისათვის მიყენებული ზარალის მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილ გარკვეულ ნაწილს აანაზღაურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი, ე. ი. დაზღვეული გამყიდველი, ყოველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ზარალის დარჩენილ ნაწილს თვითონ ფარავს. მხოლოდ დამზღვევისა და მზღვეველის ერთობლივი მონაწილეობისას არის შესაძლებელი კომერციული კრედიტების დაზღვევა შედარებით დაბალი ტარიფებით.

სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა რისკის მთლიანად მზღვეველისთვის გადაცემამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გამყიდველი იზრუნებს მხოლოდ თავისი საქონელბრუნვის გაზრდაზე, საკრედიტო რისკებს კი უყურადღებოდ დატოვებს. ეს მას დაუკარგავს სტიმულს, მიიღოს ყველა ზომა კონტრაგენტის მიერ, დავალიანების არგადახდის თავიდან ასაცილებლად. რაც მეტია დამზღვევის მონაწილეობა ზარალის ანაზღაურებაში, მით მეტია მისი სურვილი გადაუხდელობის რისკის შემცირებისა. დამზღვევთათვის მისაღები ზომიერი სატარიფო პოლიტიკის გასატარებლად საჭიროა, რომ ზარალის ანაზღაურებაში, დამზღვევის წილი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მის მიერ მიღებულ მოგებას.

ზარალის ანაზღაურებაში დამზღვევის საკუთარ მონაწილეობას მნიშვნელობა აქვს ასევე დავალიანების სასამართლოს გზით ამოღებისას. რაც მეტია დამზღვევის წილი, მით უფრო მეტად ეცდება იგი დავალიანების დაზღვევის გარეშე ამოღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორც წესი, მზღვეველის წილი მთლიან ზარალში შეადგენს შიდა კომერციული კრედიტების დაზღვევისას 30%-ს, ხოლო ექსპორტული კრედიტების დაზღვევისას 25%-ს.

ამავე მოსაზრებებიდან გამომდინარე, კრედიტის დაზღვევის ხელშეკრულებით დამზღვევს ეკრძალება სხვა დაზღვევის ქონა ან ზარალში საკუთარი მონაწილეობის გადასაფარი სხვა რაიმე უზრუნველყოფა.

კრედიტების დაზღვევაში გვხვდება ე. წ. პარტნიორული ხელშეკრულებები (Partnerschaftsvertrag), რომლებიც ითვალისწინებენ დამზღვევისა და მზღვეველის მიერ, ზარალის თანაბარი წილით დაფარვას (50%-50%). ბუნებრივია, ასეთ პირობებში დაზღვევა გაცილებით ნაკლები ტარიფებით ხორციელდება. ამ სახის დაზღვევა საინტერესოა ისეთი სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ზარალის თავიდან აცილებასა და შემცირებას თავიანთ პირველად ამოცანად განიხილავენ, ხოლო მის ანაზღაურებას – მეორად ამოცანად. როგორც წესი, ესენი არიან ფინანსურად ძლიერი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით, „უმწიკვლო“ დამზღვევებთან მუშაობაზე. ამ შემთხვევაში მზღვეველის ამოცანაა დროულად გააფრთხილოს დამზღვევი მყიდველის გადახდისუნარიანობის შემცირების შესახებ, რათა ეს უკანასკნელი დროულად მოემზადოს ვითარების ცვლილებისათვის და შესაბამი ნაბიჯები გადადგას. მაგალითად, მან შეიძლება მოითხოვოს კრედიტის დაბრუნების დამატებითი გარანტიები ან შეცვალოს გადახდის პირობები (მოითხოვოს წინასწარი გადახდა და სხვა).

დამზღვევის მიერ, ზარალის 50%-ით დაფარვა მხოლოდ პარტნიორულ ხელშეკრულებებში არ გვხვდება. მზღვეველს შეუძლია ფრანშიზის გაზრდა მოითხოვოს ძალიან მაღალი რისკის შემთხვევაში. ამასთან, მას შეუძლია ეს გააკეთოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ან მთლიანი სადაზღვევო პორტფელისათვის, ან კიდევ მოითხოვოს დამზღვევის მიერ, ზარალის ნახევრის წინასწარ ანაზღაურება. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მზღვეველი, დამზღვევის სურვილით, გამონაკლისის სახით, დასაზღვევად იღებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვეულებრივ საკრედიტო რისკებს არ წარმოადგენენ მოვალის ფინანსური მდგომარეობის არასაკმარისი გამჭვირვალობის ან მისი დაბალი გადახდისუნარიანობის გამო. ამით დამზღვევი მზღვეველს აძლევს საშუალებას, გაზარდოს საქონელბრუნვა და ამავდროულად თავიდან იცილებს ზედმეტ რისკს.

და ბოლოს, მზღვეველს შეუძლია ზარალის დაფარვაში დამზღვევის წილი გაზარდოს უკვე დადგენილი სადაზღვევო ანაზღაურების მოქმედების ვადის ფარგლებში, თუ მოხდა მყიდველის გადახდისუნარიანობის შემცირება. ასეთ შემთხვევაში ახალი ფრანშიზა მოქმედებს მხოლოდ საქონლისა და მომსახურების შემდგომ მიწოდებასთან მიმართებაში.

1.3 კრედიტების დაზღვევის ხელშეკრულების დადება და მისი არსი

ისევე როგორც დაზღვევის სხვა სახეობებში, საქონლის მიმწოდებელი სადაზღვევო ანაზღაურებას იძენს დაზღვევის მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე. ქვემოთ განხილული იქნება, თუ როგორ ხდება ხელშეკრულების დადება კრედიტების დაზღვევის სფეროში და რა თავისებურებები ახასიათებს მას.

1.3.1 დაზღვევის ხელშეკრულების ფორმები და შემადგენელი ნაწილები

დელკრედერე დაზღვევაში გვხვდება შემდეგი სახის ხელშეკრულებები: ერთჯერადი ანაზღაურების (არასაინვესტიციო საქონლის მიწოდების დაზღვევაში), რევოლვერული ერთჯერადი ანაზღაურების და რევოლვერული ანაზღაურების ჩარჩო ხელშეკრულებით.

1.3.2 ხელშეკრულების ფორმები

ერთჯერადი დაფარვის ხელშეკრულებით (Einzeldeckung) იზღვევა ერთ კონკრეტულ სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რისკები. დამზღვევის მიერ, მოწოდებული ყოველი კონტრაქტი ცალკე განიხილება და თითოეული მათგანისთვის (თუ მზღვეველი დათანხმდა რისკის თავზე აღებას) ცალკე ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება.

ასეთი ტიპის დაზღვევა ყველაზე მეტად ისეთი ორგანიზაციებისთვის არის ხელსაყრელი, რომლებიც მხოლოდ ეპიზოდურად აწარმოებენ თავიანთი პროდუქტის მიწოდებას ქვეყნის ფარგლებში თუ საზღვარგარეთ (მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ საწარმოო საშუალებების ერთჯერადი ექსპორტი). დღესდღეობით სადაზღვევო კომპანიებმა უკვე უარი თქვეს ცალკეული კონტრაქტების დაზღვევაზე, რადგან კომერციული კრედიტების დაზღვევის ეს ფორმა მზღვეველისათვის რისკების ნეგატიური სელექციის საფრთხეს უკავშირდება.

დღეისათვის ერთჯერადმა ანაზღაურებამ თავისი მნიშვნელობა მხოლოდ ექსპორტული კრედიტების სახელმწიფო დაზღვევაში შეინარჩუნა. ეს ეხება, ძირითადად, მესამე სამყაროს ქვეყნებში მსხვილი საწარმოო დანადგარების მიწოდების შემთხვევებს.

რევოლვერული ერთჯერადი ანაზღაურება (revolvierende Einzeldeckung) გულისხმობს ერთი და იმავე კლიენტისთვის მიმდინარე მიწოდების ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების ანაზღაურებას. დაზღვევის ეს ფორმა ირჩევა იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი პროდუქტს აწვდის ძირითადად ერთ მუდმივ პარტნიორს და მასთან საქონელბრუნვა მნიშვნელოვან სიდიდეს აღწევს. რადგან დაზღვევის ამ სახეობის დროსაც შესაძლოა მზღვევლს რისკების უარყოფით სელექციასთან მოუწიოს შეჯახება, მასაც ძირითადად არაკომერციული სადაზღვევო ორგანიზაციები იყენებენ.

რევოლვერული ანაზღაურება ჩარჩო ხელშეკრულებით (revolvierende Deckung innerhalb eines Mantelvertrages) კომერციული კრედიტების დაზღვევის ჩვეულებრივი ფორმაა, რომელსაც კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმართავენ. იგი ითვალისწინებს დამზღვევის მიერ, დიდი რაოდენობით კლიენტებთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებების დასაზღვევად მუდმივად განახლებადი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას.

სახელდებითი დაზღვევის ხელშეკრულებით (benannte Versicherung) დამზღვევი ვალდებულებას იღებს, დასაზღვევად გადასცეს ყველა მოთხოვნა თავისი მომსახურებისა და საქონლის სახელდებით ჩამოთვლილ მყიდველებთან, რომელთა დავალიანებაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარკვეულ თანხას (Anbietungsgrenze) აღემატება. როგორც წესი, ეს თანხა 10 000 ევროს შეადგენს. მზღვეველი ამოწმებს დამზღვევის მიერ, დასახელებული ყოველი კლიენტის გადახდისუნარიანობას და თითოეული მათგანისათვის ადგენს სადაზღვევო თანხას, რომელიც წარმოადგენს მზღვეველის პასუხისმგებლობის ლიმიტს მოცემული მოვალის გადახდისუუნარობის დადგომის შემთხვევაში. ხელშეკრულების ეს ფორმა დიდი რაოდენობის კლიენტებისთვის პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების საკმაოდ ფართო სპექტრის დაფარვის საშუალებას იძლევა.

ჩარჩო ხელშეკრულებები გამოიყენება ქვეყნის შეიგნით და საზღვარგარეთ პროდუქციის მიწოდების თაობაზე დადებული რევოლვერული სავაჭრო კონტრაქტების დასაზღვევად. მათზე ანაზღაურება გაიცემა გარკვეული ლიმიტების ფარგლებში. ამას გარდა, ჩარჩო ხელშეკრულებები ფორმდება ხელსაწყო-დანადგარების და წარმოების საშუალებების დაზღვევის დროსაც, რადგანაც ისინი საშუალებას იძლევიან მათში ცალკეული კონტრაქტების ჩართვისა და შესაბამისად, დაზღვევის ცალკეულ გაყიდვებზე გავრცელებისა.

მიმწოდებლები, რომლებსაც დიდი რაოდენობით წვრილი კლიენტები ჰყავთ, გარდა სახელდებითი დაზღვევისა, იყენებენ ე. წ. უსახელო დავალიანების დაზღვევას (unbenannte Versicherung). ამ ხელშეკრულებით დამზღვევი და მზღვეველი ათანხმებენ თანხის მაქსიმალურ რაოდენობას, რომლის ფარგლებშიც ხდება წვრილი კლიენტებისათვის პროდუქციის მიწოდების დაზღვევა. ამ დროს კლიენტების ცალ-ცალკე დასახელება არ ხდება. ეს თანხა, ჩვეულებრივ, 5 000-დან
10 000-მდე ევროს შეადგენს. სადაზღვევო უზრუნველყოფა არ გაიცემა, თუ პროდუქციის მიწოდების მომენტში დამზღვევი ნეგატიურ ინფორმაციას ფლობდა დაზღვეული მყიდველის შესახებ, ან იგი მზღვეველის მიერ, უკვე ამორიცხულია ერთიანი (Pauschaldeckung – ქართ. „პაუშალური“) ანაზღაურების სიიდან, ან დამზღვევს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც სასაქონლო კრედიტის გასაცემადაა საჭირო.

პაუშალური სადაზღვევო ანაზღაურება ე. ი. ერთიანი გადახდა ყველა წვრილი კლიენტის დავალიანებისათვის, შეიძლება გაიცეს მხოლოდ მოკლევადიან რევოლვერულ სავაჭრო კონტრაქტებზე. ვინაიდან, დაზღვევის ამ ფორმისას, დამზღვევი რისკების შეფასებას საკუთარ თავზე იღებს, მასსა და მზღვეველს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უნდა არსებობდეს. ამავე მიზეზით სადაზღვევო ანაზღაურებაში მისი საკუთარი მონაწილეობის წილი მაღალია სახელდებით დაზღვევასთან შედარებით (როგორც წესი 40%).
1.3.3 ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილები

დაზღვევის ხელშეკრულება შედგება საკუთრივ სადაზღვევო პოლისისგან, დაზღვევის საერთო წესებისგან და სხვა პირობებისა თუ შეთანხმებებისგან. სადაზღვევო პოლისში ძირითადი ადგილი უკავია პრინციპულ დებულებას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ მანამდე არსებული დასაზღვევად გადაცემული ყველა რისკისათვის, რომლებიც დამზღვევის წინასწარ დეკლარაციაშია მოცემული. ამას გარდა, მას თან ერთვის ხელშეკრულების პირობების მოკლე ჩამონათვალი, რაც დამზღვევს საშუალებას აძლევს, სწრაფად გაეცნოს ძირითად პირობებს. მასში ასევე შეიძლება ჩართული იქნას მხარეების დამატებითი შეთანხმებები.

სასაქონლო და საექსპორტო კრედიტების დაზღვევის საერთო წესებში მოყვანილია ის ფუნდამენტური დებულებები, რომლებსაც ეფუძნება კრედიტების დაზღვევის ყველა ხელშეკრულება. კერძოდ, მათში განსაზღვულია სადაზღვევო ანაზღაურების საგანი და მოცულობა, გადმოცემულია ხელშეკრულების შესრულების თანმიმდევრობა, მხარეთა უფლება-მოვალეობები, სდაზღვევო შემთხვევების დარეგულირების პროცესი და მხარეთა მიერ, მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის საკითხები.

და ბოლოს, დამზღვევის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებას შეიძლება დაერთოს ამ სახის დაზღვევაში მიღებული ესა თუ ის დამატებითი შენიშვნა. ასეთი სტანდარტული დამატებითი პირობები უმნიშვნელო ცვლილებებით სასაქონლო და საექსპორტო კრედიტების ყველა გერმანული მზღვეველის მიერ გამოიყენება.

1.3.4 დამზღვევის წინასწარი დეკლარაცია და სადაზღვევო პრემიის გამოთვლა

დელკრედერე დაზღვევაში არ არსებობს სტანდარტული ტარიფები. ყოველი ხელშეკრულებისათვის ცალკე ხდება სადაზღვევო პრემიის გამოთვლა. ამის გამო, ხელშეკრულების თავისი ვარიანტის წარდგენამდე მზღვეველმა დაახლოებით მაინც უნდა შეაფასოს მის მიერ დასაზღვევი რისკები.

ზემოქმულის გამო, საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია მის პარტნიორზე და სავაჭრო ოპერაციებზე. ე. წ. წინასწარ დეკლარაციაში (Vordeklaration) დამზღვევი გადმოსცემს ინფორმაციას დასაზღვევი სავაჭრო გარიგების ხასიათის, კლიენტის საქმიანობის სფეროს, მასთან საქონელბრუნვის წლიური მოცულობის, კლიენტების რაოდენობის, თავისი მოთხოვნების პორტფელის სტრუქტურის, გაცემული კრედიტების დაბრუნების პირობების, ბოლო წლებში გადაუხდელობის შემთხვევების შესახებ. ვინაიდან მზღვევლი ამ ფაქტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების და მისი პირობების შესახებ, დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია მაქსიმალურად ზუსტი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს. მზღვეველისათვის განზრახ ან უნებურად არასწორი ინფორმაციის მიწოდება დამზღვევისთვის მეტად უარყოფითი შედეგების მატარებელია. ამის გამო მას შეიძლება სადაზღვევო ანაზღაურებაზეც ეთქვას უარი.

დელკრედერე დაზღვევაში სადაზღვევო პრემიის ოდენობა გამოიანგარიშება ყოველი თვის ბოლოს მყიდველის დაუფარავი დავალიანების ოდენობის მიხედვით. სადაზღვევო ტარიფი შედგება ორი ნაწილისგან: თანხა, რომელიც რისკის დაფარვას სჭირდება და მზღვეველის ხარჯების დასაფარავად საჭირო თანხა.

თავდაპირველად, მზღვეველი ანგარიშობს საბაზო ტარიფებს ეკონომიკის ცალკეული დარგებისათვის. ასეთი დიფერენცია იმითაა განპირობებული, რომ დარგების მიხედვით გადახდისუუნარობის რისკი მეტად ცვალებადობს. ამასთან, სადაზღვევო პრემიის სტრუქტურაში გათვალისწინებულია არა მარტო დროებითი ძვრები, არამედ გრძელვადიანი ტენდენციებიც. შემდგომში დარგობრივი სპეციფიკის მიხედვით, გათვლილი საბაზო ტარიფების მიმართ, დასაზღვევი სავაჭრო გარიგებასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, გამოიყენება ფასდაკლებების და ფასნამატების სისტემა. ასეთი გარემოებები შეიძლება იყოს:

დასაზღვევი საქონელბრუნვის მოცულობა გადაუხდელობის გამო ადრე დამდგარი ზარალის შემთხვევების გათვალისწინებით;
გაყიდულ საქონელზე საკუთრების უფლების გამყიდველიდან მყიდველზე გადასვლის შესაძლებლობა;
კრედიტში გაყიდული საქონლის მყიდველთა კრედიტუნარიანობა, რაოდენობა და დივერსიფიკაციის ხარისხი;
გადახდის საშუალო ვადები;
ექსპორტული კრედტების დაზღვევაში – სადაზღვევო რისკები და მათი განაწილება, ხელშეკრულების შესრულებისას მზღვეველის მოსალოდნელი ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები, ცალკეული უცხოელი მომხმარებლის დავალიანების საშუალო მოცულობა.
ამგვარად გამოთვლილი სადაზღვევო ტარიფი შემდგომში შესწორდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ინდივიუალიზირებული იქნება დაზღვევის ხელშეკრულება ე. ი. რამდენად განსხვავებული იქნება ის სტანდარტულისგან და ამის გამო, რამდენად გაიზრდება ან შემცირდება რისკები და მზღვეველის ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები. სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე მოქმედი დაზღვევის ინდივიდუალური პირობების მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ:

მხარეების შეთანხმება ზარალის ანაზღაურებაში დამზღვევის მონაწილეობის მეტი პროცენტის შესახებ;
წინასწარი შეთანხმება გარკვეული ფიქსირებული თანხის შესახებ, რომელსაც ზარალის დადგომის შემთხვევაში ყოველწლიურად იხდის თავად მზღვეველი (Entschüdigiingsvorrisiko);
შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ზარალის დაფარვა მოხდება მოვალის ანგარიშის დებედირების ხარჯზე (ამ შემთხვევაში მზღვეველის პასუხისმგებლობა არ წყდება ზემოთნახსენები თანხის გაუქმების ვადის გასვლამდე).
ეკონომიკის ზოგიერთ დარგში განხორციელებული სავაჭრო ოპერაციებისათვის (მაგ. ნავთობით ვაჭრობა, ხორცით საბითუმო ვაჭრობა, რძით ვაჭრობა) გადახდის ვადები ჩვეულებრივ 30 დღეზე ნაკლებია. ასეთ შემთხვევაში თვის ბოლოსთვის ღია მოთხოვნების საფუძველზე სადაზღვევო პრემიის გამოთვლა არ ხერხდება, რადგან მათი სიდიდე ხშირად მნიშვნელოვან დროებით რყევებს ექვემდებარება. ამ დროს სადაზღვევო პრემიას ითვლიან დამზღვევსა და კონტრაგენტებს შორის საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით. პრემიის გამოთვლის ასეთივე პრინციპია მიღებული ექსპორტული კრედიტების დაზღვევაშიც. აქ ტარიფები ჩვეულებრივ დგინდება მიმწოდებლის მიერ დადგენილი პერიოდული გადახდის ვადების შესაბამისად.

1.3.5 დელკრედერე დაზღვევის ღირებულება

კრედიტის დაზღვევის ღირებულება შედგება ინდივიდუალურად დაანგარიშებული სადაზღვევო პრემიისა და ცალკეული რისკების მონიტორინგისათვის გაწეული ხარჯების დასაფარად წელიწადში ერთხელ გადახდილი მოსაკრებლისაგან. ამათგან პირველს ერიცხება სადაზღვევო ოპერაციებისთვის დაწესებული გადასახადი, ხოლო მეორეს – დამატებული ღირებულების გადასახადი.

დამზღვევის მიერ, სადაზღვევო პრემიის გადახდის მოვალეობა იწყება სადაზღვევო ანაზღაურების ძალაში შესვლის მომენტიდან. ეს ნიშნავს, რომ დამზღვევის მიერ, პრემიის გადახდის მოვალეობის წარმოშობისთვის მნიშვნელობა აქვს ერთი მხრივ, სადაზღვევო ანაზღაურების ძალაში შესვლას და მეორე მხრივ, დამზღვევის მიერ, საერთო წესების შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნების ქონას.

სადაზღვევო პრემია გამოითვლება თვის ბოლოს არსებული ყველა დაზღვეული მოთხოვნის გათვალისწინებით. აქ იგულისხმება ყველა დაუხურავი გადახდის მოთხოვნა, თამასუქი, დამატებული ღირებულების გადასახადი, თუ ისინიც დაზღვეულნი არიან. მზღვეველს პრემიის გაანგარიშება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დამზღვევი ამისათვის საჭირო ყველანაირი ინფორმაციით მოამარაგებს. ამიტომ დამზღვევს ევალება პოლისით გათვალისწინებულ ვადებში წარადგინოს ცნობა მისი მოთხოვნების მოცულობის შესახებ. ეს დამზღვევის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რომლის შესრულებაზეცაა დამოკიდებული მთლიანად დაზღვევის მუშაობა. თუ პრემიის გამოთვლა დამზღვევსა და მის პარტნიორებს შორის საქონელბრუნვის სიდიდის მიხედვით ხდება, იგი ვალდებულია მზღვეველს ყოველთვიურად მიაწოდოს ცნობები ამის შესახებ. ტექნიკურად ეს პროცესი ხორციელდება სპეციალური ბლანკების შევსებითა და გაგზავნით, ან მაგნიტური პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო პრემიის გარდა, დამზღვევი მოვალეა დაფაროს მზღვეველის ან მისი დავალებით მოქმედი საზოგადოების ხარჯები, რომლებსაც ისინი ეწევიან დაზღვეული კლიენტების გადახდისუნარიანობის მონიტორინგისას დაზღვევის გაფორმებამდე და შემდეგ ყოველწლიურად. ჩვეულებრივ ეს თანხა ქვეყნის შიგნით მოქმედი კრედიტების დაზღვევის შემთხვევაში შეადგენს წელიწადში 35 ევროს, ხოლო ექსპორტული კრედიტებისათვის – 65 ევროს.

დაზღვევის ოპერაციებზე დარიცხული გადასახადი სადაზღვევო პრემიის საფუძველზე იანგარიშება. თუ კრედიტუნარიანობის მონიტორინგის მოსაკრებლის ამოღება სპეციალური საზოგადოების მეშვეობით ხორციელდება, დამზღვევი ვალდებულია დამატებითი ღირებულების გადასახადიც გადაიხადოს.

თავი II

საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის ანალიზი და მისი განვითარების საჭიროება საქართველოში
2.1 საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა საქართველოში 2008 წლიდან იწყება. პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც განახორციელა საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა იყო შპს დაზღვევის კომპანია „ქართუ“.

დღესათვის საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა მე-14 პოზიციაზეა დაზღვევის 18 სახეობას შორის 0,10 %-იანი წილით1:

ცხრილი 1: საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის სტრუქტურა (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

2008 წელს „ქართუ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ახორციელებს საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით.

2009 წლიდან საკრედიტო ვალდებულებების მზღვეველი ორი კომპანია არის წარმოდგენილი – „ქართუ“ და „იმედი L International”. თუმცა, ამის მიუხედავად, მცირდება მოზიდული და გადაზღვევის პრემიის ჯამური ოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი 2 და ცხრილი 3).

2010 წლიდან ბაზარზე ისევ მხოლოდ ერთი კომპანია – „იმედი L International” წარმოადგენს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას, მაგრამ იზრდება მოზიდული პრემიის ოდენობა (იხ. ცხრილი 2).

2011 წელსაც ბაზარზე მხოლოდ „იმედი L International” სთავაზობს მომხმარებლებს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ, 2010 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოზიდული პრემიის ოდენობა (იხ. ცხრილი 2) და შესაბამისად, პოლისების რაოდენობაც (იხ. ნახ. 1 და
ნახ. 2) და 2011 წლიდან საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა უკვე იკავებს ბაზარზე ადგილს, რომლის წილიც შეადგენს 0.28 %-ს (იხ. ცხრილი 1).

2012 წლიდან საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, რადგან პროდუქტს უკვე სამი სადაზღვევო კომპანია, „იმედი L International”, „ტაო“ და „არდი ჯგუფი“, წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, შემცირებულია მოზიდული პრემიის ჯამური ოდენობა (იხ. ცხრილი 2) და შესაბამისად, ბაზრის წილიც, რომელიც 0.10 %-ს შეადგენს (64 %-იანი კლება 2011 წელთან შედარებით).

ფინანსური ინფორმაცია:

ცხრილი 2: მოზიდული პრემია (ლარი)

02

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

2008 წელს „ქართუ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ახორციელებს საკრედიტო ვალდებულებების დაზღვევას პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით.

2009 წლიდან საკრედიტო ვალდებულებების მზღვეველი ორი კომპანია არის წარმოდგენილი – „ქართუ“ და „იმედი L International”. თუმცა, ამის მიუხედავად, მცირდება მოზიდული და გადაზღვევის პრემიის ჯამური ოდენობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი 2 და ცხრილი 3).

2010 წლიდან ბაზარზე ისევ მხოლოდ ერთი კომპანია – „იმედი L International” წარმოადგენს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას, მაგრამ იზრდება მოზიდული პრემიის ოდენობა (იხ. ცხრილი 2).

2011 წელსაც ბაზარზე მხოლოდ „იმედი L International” სთავაზობს მომხმარებლებს საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ, 2010 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოზიდული პრემიის ოდენობა (იხ. ცხრილი 2) და შესაბამისად, პოლისების რაოდენობაც (იხ. ნახ. 1 და
ნახ. 2) და 2011 წლიდან საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა უკვე იკავებს ბაზარზე ადგილს, რომლის წილიც შეადგენს 0.28 %-ს (იხ. ცხრილი 1).

2012 წლიდან საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, რადგან პროდუქტს უკვე სამი სადაზღვევო კომპანია, „იმედი L International”, „ტაო“ და „არდი ჯგუფი“, წარმოადგენს. თუმცა, ამის მიუხედავად, შემცირებულია მოზიდული პრემიის ჯამური ოდენობა (იხ. ცხრილი 2) და შესაბამისად, ბაზრის წილიც, რომელიც 0.10 %-ს შეადგენს (64 %-იანი კლება 2011 წელთან შედარებით).

ფინანსური ინფორმაცია:

ცხრილი 2: მოზიდული პრემია (ლარი)

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

ცხრილი 3: გადაზღვევის პრემია (ლარი)
03

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

ცხრილი 4: ანაზღაურებული ზარალები (ლარი)
005

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

ბაზრის განვითარების დინამიკა პოლისების რაოდენობის მიხედვით მიხედვით:

ნახ. 1
06

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

ნახ. 2
07

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვებ. გვერდი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489

 

2.2  ქართული ექსპორტი და საკრედიტო დაზღვევის განვითარების მნიშვნელობა

ექსპორტ-იმპორტი და ზოგადად, ქვეყანაში განხორციელებული სავაჭრო ოპერაციები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. მიმდინარე გლობალური ეკონომიკური ძვრების პირობებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, სავაჭრო გარიგებებს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან, სწორედ, ვაჭრობაზეა აგებული ქვეყნების წარმატებული ეკონომიკური ფუნქციონირება და თითქმის, მთელი სისტემა, რაც მთლიანობაში, ხელს უწყობს მათ განვითარებას და მაქსიმალური სარგებლის მიღებას ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან.

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში ექსპორტის წილის ზრდაზე ორიენტირება შესაძლოა გახდეს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის, წარმოების განვითარების, სპეციალიზაციის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ამის შესაბამისად, ქართული ეკონომიკის ზრდის განმსაზღვრელი უდიდესი ფაქტორი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, საგარეო ვაჭრობის არასასურველი სტატისტიკა გვაქვს ეროვნული ეკონომიკისთვის:

ცხრილი 5: საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2007-2012 წ. (მლნ. აშშ დოლარი)
08

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). ვებ. გვერდი.http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ქართული ექსპორტის მაჩვენებელი იზრდება (იხ. ნახ. 3), გვაქვს სავაჭრო ბალანსის უარყოფითი ტენდენცია და ყოველწლიურად უფრო და უფრო მზარდი სავაჭრო დეფიციტი (იხ. ნახ. 4).

ნახ. 3
09

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). ვებ. გვერდი.http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

ნახ. 4
010

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). ვებ. გვერდი.http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo

საქართველოსთვის მეტად აქტუალურია საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და სავაჭრო ზონის გაფართოება, რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. ეკონომიკის რეფორმების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ შეიქმნას სრულყოფილი საკრედიტო სადაზღვევო სისტემა, რაც დაიცავს ქართულ კომპანიებს, ქვეყნის შიგნით წარმოებული სავაჭრო ოპერაციების დროს და გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. საკრედიტო ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც კერძო, კომერციული, ისე საექსპორტო კრედიტების მხარდაჭერა. განვითარებული ქვეყნების საგარეო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა სახელმწიფო დაზღვევის მექანიზმის შექმნა ნაციონალური ექსპორტიორებისთვის, სადაც კერძო კაპიტალი, საგარეო-სავაჭრო ოპერაციებში, ვერ ვითარდება ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მათ შორის, კომპანიების განვითარებად ბაზრებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის დაზღვევის ზედამხედველობის სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, გამოვლინდა, რომ საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის ბაზრის განვითარების საკმაოდ არასახარბიელო ტენდენცია გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა მოიცავს ექსპორტული კრედიტების დაზღვევასაც, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ სადაზღვევო ბაზრის აღნიშნული სექტორის განვითარებამ, დადებითი გავლენა იქონიოს ქვეყნის ექსპორტის ზრდის ტემპზე, სადაც დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ სავალალო მდგომარეობაა ეროვნული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

დასკვნა და რეკომენდაციები

კვლევაში გამოვლენილი და შესწავლილია საკრედიტო დაზღვევის ფუნდამენტური პრინციპები, რომლის ეკონომიკური საფუძველი საზღვრავს მას დაზღვევის სხვა სახეებისგან. პრინციპები განსაზღვრავს ფუნქციებს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საკრედიტო დაზღვევა.

კვლევის საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საკრედიტო დაზღვევის მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მისი ყველა ფუნქციის კომპლექსურად განხორციელების შემთხვევაში. ამდენად, საკრედიტო დაზღვევა, ეს არ არის მხოლოდ რისკის ტრანსფერის ინსტრუმენტი მზღვეველზე და საჭიროა საკრედიტო მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის არსებობა კომპანიაში.

ინეგრირებული სერვისი გულისხმობს, როგორც დამზღვევის, ისე თვით კომპანიის რისკ-მენეჯმენტს. შემოთავაზებული კონცეფცია საშუალებას იძლევა, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტურობას საკრედიტო დაზღვევაში. მათ შორის, მოზიდული საკრედიტო რესურსების ღირებულების შემცირებას.

კვლევის შედეგად, შევიმუშავეთ და წარმოვადგინეთ საკრედიტო დაზღვევის მიდგომები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საქართველოში. ნაშრომში განისაზღვრა საკრედიტო რისკის გამოვლენის სფერო – სავაჭრო ურთიერთობები, სადაც გამოიყენება საკრედიტო დაზღვევის ინსტრუმენტები.

დღეისათვის საქართველოში საკრედიტო დაზღვევის ბაზარი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ანდერაითინგის სპეციალური კონცეპტუალური აპარატის და მეთოდოლოგიის განვითარება სადაზღვევო ინდუსტრიის სპეციფიკის შესაბამისად. მეცნიერული მიდგომა, რომელიც ეფუძნება უცხოელი მკვლევარების და პრაქტიკოსების ნაშრომების შესწავლას, საკრედიტო დაზღვევის სფეროში, ადგილობრივ მზღვეველებს საშუალებას მისცემს, რაციონალურად გამოიყენონ უცხოური გამოცდილება საკრედიტო დაზღვევის სექტორში საქართველოს ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით.

ყოველივე ზემოთთქმულის საფუძველზე, საქართველოში საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევის განვითარებისთვის, შესაძლებელია გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი მზღვეველებისთვის:

ü    საკრედიტო დაზღვევის ფარგლების დაკონკრეტება;

ü    საკერდიტო დაზღვევის ტარიფიკაციის მეთოდის ჩამოყალიბება – სადაზღვევო პრემიის განაკვეთის ცვლილების განვითარების მოდელი დამოკიდებულია საკრედიტო რისკზე, რაც შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიების ანდერაითინგის პოლიტიკის განვითარების საფუძველი;

ü    გადაზღვევის ურთიერთობის დამკვიდრება საქართველოსა და საერთაშორისო საკრედიტო დაზღვევის ლიდერებს შორის.

 

გამოყნებული ლიტერატურა და წყაროები:

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი. სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები.http://nbg.gov.ge/index.php?m=489
  2. George E. Rejda. Principles of Risk Management and Insurance (11th Edition). Prentice Hall. 2010.
  3. Страховое дело: Учебник. В 2 т. (пер. с нем. О.И. Крюгер и Т.А. Федоровой). – т.1: Основы страхования / под ред. О.И. Крюгер. – М.: Экономистъ, 2004.
  4. Страховое дело: Учебник. В 2 т. (пер. с нем. О.И. Крюгер и Т.А. Федоровой). – т.2: Виды страхования / под ред. Т.А. Федоровой. – М.: Экономистъ, 2004.

ინტერნეტ-რესურსები:

  1. http://www.znay.ru/guide/gdv/02-07-1.shtml
  2. http://www.dissercat.com/content/strakhovanie-kreditnykh-riskov-torgovykh-operatsii
  3. http://nbg.gov.ge/index.php?m=489
  4. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo
  5. http://www.24saati.ge/