თავისუფლების გაგება ჟან-პოლ-სარტრთან

ბაქარ ბაიდაშვილი

შესავალში საჭიროა მცირე მიმოხლივა გავაკეთოთ ექსისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითადი საკითხებს შესახებ, რათა უკეთესად შევძლოთ მოცემული თემის განხილვა. სიტყვა „ექსისტენციალიზმი“ არსებობას ნიშნავს და გულისხმობს ადამიანის ინდივიდუალურ არსებობას სამყაროში. მის ფუძემდებლად დანიელი ფილოსოფოსი სორენ კირკეგორი მოიაზრება, ხოლო გამოჩენილ წარმომადგენლებად ჟან-პოლ სარტრთან ერთად, მარტინ ჰაიდეგერი, კარლ იასპერი, ალბერ კამიუ და სხვ მოიაზრებიან.

თუ დილეტანტის თვალით გადავხედავთ ფილოსოფიის განვლილ ისტორიას, შევამჩნევთ, რომ ექსისტენციალიზმის წარმოშობა, როგორ ფილოსოფიური მიმდინარეობისა, გარდაუვალი იყო. ექსისტენცალიზმის მსოფლმხედველობად ჩამოყალიბება, არა რაიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენის შედეგია, არამედ ყოფიერებაში თავისთავად გამოვლენილი პრობლემის ათვისება და გააზრება, რომელიც ადამიანის შინაგანი სისავსის გამოშლის შედეგად განხორციელდა. რასაც ხელი შეუწყო საზოგადოების – ესე იგი, „სხვების“ სიმრავლემ, რომელმაც შებოჭა და ჩვეულებრივი ანდა „რომანტიკოსი“ ადამიანის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. „სხვები ეს ჯოჯოხეთია“ – აღნიშნავს სარტრი თავის ერთ-ერთ პიესაში (ცხრაკლიტული) და ძნელია არ დაეთანხმო. მითუმეტეს მაშინც, როცა თანამედროვე სამყაროში მეთვალყურის გარეშე დარჩენილ არსებებს ყველაფრის უფლება მიეცათ. „დიდი მიძინების“ შემდეგ გამოფხიზლებული ადამიანი ვერ აცნობიერებდა უცაბედად შემოჭრილ თავისუფლებას. ვერ ხვდება, რომ ის მოზარდის როლშია, რომელიც ტრანსცენდენტურმა მამამ სახლში მარტო დატოვა. ამიტომ საზოგადოების თითოეულ წევრს ჯერ არ აქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აღებული. თავსმოხვეული ღირებულებები, მხოლოდ მაღალი საზოგადოების ფენებისთვისღა ინარჩუნებს საჭიროებას. ამას კარგად ხედავს გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, რომელიც აღწერს მეტაფიზიკის დასასრულს და ამბობს, რომ „ღმერთი მოკვდა“. შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ამ მოაზროვნეს, როცა ექსისტენციალიზმზე გვსურს საუბარი. ჰაიდეგერი ამბობს, რომ მეტაფიზიკური სამყაროს გადააზრება ამ ორ სიტყვაში გადმოიცა და ნიცშემ მხოლოდ აღნიშნა „უღმერთბა“ და წინასწარ განსჭვრიტა საზოგადოების შემდგომი ფორმირებები. შედეგად, ნიცშეს ფილოსოფიის შემდეგ მოსალოდნელიც იყო ექსისტენციალისტური მსოფლმხედველობის შემოსვლა ფილოსოფიური დისკუსის ასპარეზზე.

ცხოვრების სწრაფი ტემპი და ადამიანების სიმრავლის ერთიანობა ექსისტენციალისტური პრობლემების მთავარი მიზეზია. ამას ემატება ტექნოცენტრული ცნობიერების აღმასვლა ყოველდღიურობაში. შედეგად კაცობრიობის ყურადღებას ახალი სახიფათო „სათამოაშოები“ იპყრობენ, რომლებსაც უპასუხისმგებლოდ იყენებს ადამიანი, ხოლო ყოველი შეცდომისა, თუ სავალალო შედეგის შემთხვევაში მხრების აჩეჩვით იმართლებს თავს და ამბობს: „ვერაფერს შევცვლით, ასეთია ადამიანი და მისი ბუნება“. – ესე იგი დადგენილი, უკვე წინასწარ განსაზღვრული არსება, რომელსაც სხვა არაფერი დარჩენია არსებობის გარდა. სწორედ აღნიშნული ციტატის გარშემო იქნება თემის ძირითადი საკითხები გაერთიანებული. რადგან ექსისტენციალისტური ფილოსოფია ასეთი მიდგომის წინააღმდეგ ილაშქრებს.

სარტრი ამბობს, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი არსებაა და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე, რადგან მის არსებას წინ უსწრებს არსებობა. უფრო მეტიც ადამიანი განწირულია იყოს თავისუფალი და ამავე თავისუფლებით ყოველთვის არჩევის წინაშე იდგეს. სწორედ, ამიტომ არის ექსისტენციალისტებისთვის უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანების მიმართ. პასუხისმგებლობა ექსისტენციალისტურ ფილოსოფიაში მოიაზრებს ადამიანის ყველაფერზე მაღლა დაყენებას, განსხვავებით რელიგიური ეგზისტენციალიზმისგან, სადაც მხოლოდ უზენაესის ნებით ვლინდება თავისუფალი ნება ადამიანის სახით სამყაროში. ათეისტებისთვის და კერძოდ სარტრის მსჯელობის თანახმად, ღმერთი რომც არსებობდეს, ადამიანი მაინც ვერ გაექცევა არსებობას. ესე იგი, ერთხელ უკვე მომხდარი მოვლენის უკუგდებას, რომლის მიხედვითაც ახლანდელი მოცემულობით ადამიანი დაუდგენელი, შეუცნობელი არსებაა, რომლის ცალკეულ ყოფიერებასაც ერთი კონკრეტული ცნებით ვერ განვსაზღვრავთ. რადგან ექსისტენციალისზმის სხვადასხვა სახეობებს შევეხეთ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ეგზისტენციალიზმის ორი მიმართულება: თეისტური და ათეისტური. თავად სარტრი ათეისტური ექსისტენციალიზმის წარმომადგენელია. მიუხედავად ასეთი რადიკალური დაპირირისპირებისა, ორივე მიმდინარეობა განიხილავს ისეთი საკითხებს, როგორც არის არსებობა და არსება. ნებისმიერ შემთხვევაში ექსისტენციალისტისთვის ადამიანი წარმოდგენილია, როგორც ექსისტენსი, ყველაფერზე მაღლა მდგომი არსება, რომელიც სამყაროში მარტოა და არავის იმედი არ შეიძლება ჰქონდეს გარდა ადამიანისა.

ამგვარად ვინდაიდან ჩვენი თემა ძირითადად სარტრის ფილოსოფიას მოიცავს, ამ შემთხვევაში საჭიროა განვიხილოთ ათეისტური ექსისტენციალიზმი. სარტრი აღნიშნავს, რომ ექსისტენციალისტები ღმერთის არარსებობას მძაფრად განიცდიან. ისინი წუხან ღმერთის არ არსებობის გამო, კარგად აქვთ გააზრებული მარტოობის შიში და ცდილობენ მის დაძლევას. სწორედ ეს შიში და მისი გადალახვაა პირველი ნაბიჯი თავისუფლებისაკენ, რის შემდეგაც იწყება სამყაროს გააზრებისა და თავისი თავის დადგენის პროცესი. ეს პროცესი გამოწვეულია ძრწოლის შედეგად გაჩენილი გააზრებული შიშისგან, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მისი არსებობა დროულია და განწირულია გარდაუალი სიკვდილისთვის. ამიტომ, როგორც ვთქვი, ექსისტენსი ხვდება, რომ მარტოა სამყაროში და ცდილობს ტრანსცენდენტური ძალის გარეშე განაგრძოს არსებობა. რის შემდეგაც მისი არსებობის მთავარი საზრისი, გადარჩენისთვის ბრძოლა ხდება. ექსისტენციალისტმა იცის, რომ ის მიტოვებული, გადაგდებული არსებაა. ასეთი განცდებში მყოფმა შესაძლოა სიცოცხლის სურვილი დაკარგოს და თავისი არსებაობა თვითმკვლელობით დაასრულოს. სარტრი ასეთ ადამიანს ვერშემდგარ არსებად მოიაზრებს, რომელმაც დანებება გადაწყვიტა და ის არაფერია გარდა საკუთარი თვითმკვლელობისა. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ასეცაა, ადამიანია ის, ვინც დაძლევს პესიმისტურ მსოფლმხედველობას და საკუთარი ნიშნების დადგენის მეშვეობით განაგრძობს არსებობას. ერთი შეხედვით ასეთი ადამიანი ნიცშესეული ზეკაცის პროტოტიპია, რომელმაც გადალახა „ადამიანური“ და ახლა ის საკუთარი თავის ბატონ-პატრონია. ასეთი მსჯელობების გამო ექსისტენციალისტებს ხშირად პესიმიზმსა და უკიდურეს ნიჰილიზმში ადანაშაულებენ. მაგრამ, როგორც ვთქვი მათი მსოფლმხედველობა შორს დგას პესიმიზმისგან. ამიტომ ძირითადად ასეთი მიდგომა რელიგიურ და ტრადიციულ ადამიანებს ახასიათებთ, ვისთვისაც დაბადებიდან დადგენილია ადამიანის არსება და მათ ცნობიერებაში ჯერ არ შეუღწევია ისეთი გამოთქმის არსს, როგორცი არის “Sapere Aude”. ხოლო მათ შორის, ვისაც კარგად აქვს კანტის (და არა მარტო კანტის) ნაშრომი შესწავლილი და გააზრებული ანდა გაუაზრებელი, მათთვის ექსისტენციალიზმი ასოცირდება „თავაშვებულობასთან“, ესე იგი თავისუფლებასთან, რაც ყოვლად დაუშვებელია მათთვის, რადგან ექსისტენციალური მსოფლმხედველობის აღიარება ხომ „წინასწარ დადგენილი“ კანონების გაუქმებას გამოიწვევს და მათსავე ძალაუფლებას საგრძნობლად შეამცირებს. ამიტომ ექსისტენციალისტების ასეთი სახით დადანაშაულება მათი ფილოსოფიის ვერ გაგების შემთხვევაში, ანდა პირადი ინტერესების გამო ხდება. აქვე დავამატებ და ვიტყვი, რომ თუ ნიჰილიზმის საფრთხე თანამედროვე სამყაროში მართლაც არსებობს, ახლა უკვე შესაძლოა ეს ისეთი ადამიანების დამსახურება იყოს, რომლებიც ადამიანის გადარჩენის ერთადერთ საყრდენად რელიგიას ხედავენ. ამას თავად სარტრიც კარგად ხვდება და ამბობს, რომ ადამიანს აქვს პესიმისტური ბუნება და ნიჰილიზმისკენ მიდრეკილება, თუმცა ზემოთხსენებული ბატონებისგან განსხვავებით, სარტრი თვლის, რომ ადამიანი უნდა იყოს ადამიანის საყრდენი ყოველდღიურობაში და არაფერი სხვა. რადგან ათეისტების თვალით დანახული ექსისტენციალიზმისთვის წინასწარ დადგენილი არსება გამორიცხულია და ამიტომ საპირისპიროს აღიარება აზრს უკარგავს, როგორც ექსისტენციალიზმს ასევე თავისუფლების ჭეშმარიტ ბუნებას, რომლის დროსაც ექსისტენციალისტი ადამიანი სრულად იღებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას და მოქმედებს რა თავისუფლება გააზრებული ადამიანის ცნობიერებით, ის გრძნობს დაკისრებულ პასუხისმგებლობას და კარგად უწყის, რომ ყოველი მისი მოქმედება სამყაროში ვიღაცისგან ინსპირირებული არ არის და დადებით თუ უარყოფით საქციელზე თავად უნდა აგოს პასუხი.

შეიძლება ითქვას, რომ ექსისტენციალიზმისთვის პასუხისმგებლობა მთავარი საყრდენია. ასეთ დროს ექსისტენსს, როგორც ინდივიდს კაცობრიობის წინაშე აკისრია პასუხისმგებლობა. თუმცა ასეთი კუთხით განხილვა წინააღმდეგობაში მოდის ნიცშეს უმთავრეს ცნებასთან „მე მსურს“. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ადამიანს სურს მხოლოდ ის რაც სასარგებლოა, ფუნდამენტალურად შეარყევს ამ ორი დიდი მოაზროვნის შემოქმედებას, რადგან თუ მე მხოლოდ ის მსურს, რაც სასარგებლოა, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ჩემი არსებას შესაძლოა სურდეს ისეთი რამ, რაც საზიანოა სხვებისთვის. ამაის საპასუხოდ სარტრი ამბობს, რომ ექსისტენციალისტი ყოველთვის ირჩევს იმას, რაც არა მარტო მისთვის, არამედ საერთოდ სასარგებლოა. თუმცა თუ განვავრცობთ საკითხს და არჩევნის დროს წმინდა ეგოს წარმოვიდგენთ, რომელსაც სურს და ირჩევს კიდეც, ხოლო ამის შედეგად სხვები ზიანდებიან, მაშინ ასეთი ადამიანისათვის პასუხისმგებლობა გარდაიქმნება პასუხისგებად. ამის უკეთ ასახსნელად მოვიყავნ სარტრის მიერვე ხსენებულ მაგალითს, როდესაც ის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობას განიხილავს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია დარჩეს დედასთან თუ წავიდეს ომში და შური იძიოს ძმის მკვლელობის გამო. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ამ ადამიანმა ის საკუთარ ქმედებებზე თავად აგებს პასუხს. თუ ომში წავა და დედა სასოწარკვეთილებისგან გარდაიცვლება, მან არავინ უნდა დაადანაშაულოს საკუთარი თავის გარდა, ხოლო თუ დედასთან დარჩება და მშიშარას უწოდებენ, ის ასევე მოთმინებით უნდა მოეკიდოს ხალხის რეაქციას. ერთადერთი რაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს, ეს არის ის, რომ პასუხისმგებელი იყოს საკუთარ არჩევანზე, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ის ყოველთვის მიზანისა და საშუალების გასაყარზე იქნება.

სულ ეს იყო რისი თქმაც მოკლედ მსურდა ექსისტენციალური ფილოსოფიის ზოგადი საკითხების შესახებ. ახლა კი უშუალოდ სარტრის შემოქმედებას მივუბრუნდეთ.

მოცემულ ნაშრომი შევეცდებით განვიხილოთ სარტრის ფილოსოფიის მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ ადამიანის არსების არსებობის სახესხვაობა სამყაროში. ნაშრომი ასევე შეიცავს ისეთ საკითხებს, რომელთა გააზრება და განხილვა საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ სარტრის ფილოსოფიაში თავისუფლების არსი. ამიტომ ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ისეთ საკითხებს, როგორიც არის: არსებობა, არსება, მე-იგივე სუბიექტი, შემდეგ სუბიექტის სამგანზომილებიანი ყოფნა სამყაროში, როგორც; მე-თავისთავად, მე-თავისთვის და მე-სხვისთვის. ხოლო თანმიმდევრულად, რომ გავიაროთ ზემოთხსენებული საკითხები საჭიროა ჩვენი მსჯელობა დავიწყოთ თავად ექსისტენცით, ანუ ადამიანით.

“მე” იგივე სუბიექტი – სარტრთან მოცემულია, როგორც უკვე თავისთავად მყოფი არსება, რომელიც საზოგადოების აქტივობის და ისტორიული განვითათრების შედეგად დადგენილი ან დაუდგენელი არსებაა. მის არსებობას რამდენიმე განზომილება გააჩნია: მე თავისთავად, მე თავისთვის და მე სხვისთვის. „მე“ თავისთავად არარსებულია. ის „სხვების“ არსებობის შედეგია. სარტრი განიხილავს ამ პრობლემას, მისთვის სუბიექტი მოცემულია, როგორც თავითკმარი მონადა, რომელიც თავისი თვითკმარობით ქმნის მასსა და სხვას შორის სივრცეს, რომლის არსებობაც მთავარი ხელის შემშლელია საკუთარი თავის შესაცნობად. ეს შემდეგნაირად შეგვიძლია გავიგოთ; სუბიექტი თავისი თვითკმარობით ქმნის „სხვას“, წარმოიდგენს მას, მაგრამ ეს წარმოდგენები არასრულია, რამდენადაც წარმომდგენი ვერ გახდება წარმოდგენილი არსება, მისი სხეულის ვერფლობის გამო. ხოლო, რასაც ორი სხეული ურთიერთკავშირის შედეგად ადგენს ერთმანეთზე სხვა არაფერია, თუ არა საკუთრივი წარმოდგენა თავის თავზე სხვისი ყოფიერიდან. და რაც უფრო ხანგრძლივია ეს წარმოდგენები მითუფრო იზრდება ორ სუბიექტს შორის სივრცე. შემდგომ, როდესაც სარტრი სირცხვილზე იწყებს საუბარს შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სუბიექტი, რომელიც განიცდის სირცხვილს, თავადვე გვევლინება საკუთარი თავის განმსჯელად, რამდენადაც თავისი ქმედებების ვულგარულობის შემჩნევას მიაწერს სხვებს. თუმცა შესაძლოა, რომ „სხვებს“ სულაც არ შეემჩნიათ სუბიექტის სამარცხვინო საქციელი და სუბიექტი, თავად მოიაზრებს საკუთარ სირცხვილს, რის გამო განიცდის დისკომფორტს, ასეთი ადამიანი თავისთავში მყოფია და არ არის სამყაროსთან არ განიცდის ღიაობას.

ზემოთ შევეცადეთ „მე_თავისთავადის“ მდგომარეობა გადმოგვეცა, შესაბამისად მომდევნო აბზაცი „მე_თავითვის“ განხილვას დაეთმობა.

„მე თავისთვის“ ნიშნავს, რომ ის არ აგზავნის თავისი თავისკენ სხვათა მოქმედებათა საშუალებებს და არც თავად უთითებს სხვას მოქმედებათა სისწორისაკენ. ის არსებობს დამოუკიდებლად, სხვათა ჩარევის გარეშე. იგი თავის ყოფიერებას თავადვე განსაზღვრავს. მე ასეთ დროს ირჩევს ყველაფერს რაც არჩევანს ექვემდებარება, ნებისმიერი მისი ქმედება განპირობებულია არჩევნით, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს მისი წმინდა მე_ს არჩევანი, რამდენადაც არჩევანი გულისხმობს „სხვების“ გათვალისწინებას „სხვებისთვის“ ამორჩევას.

„მე თვისთვის“ არ არის ის, რაც მოევლინება. უფრო ზუსტი გასაგები, რომ გახდეს ვიტყვი, რომ „მე-თავისთვის“ არ არის ის, რაც თავისთავად ჩნდება, თავსთავად წარმოიქმნება. აქედან გამომდინარე, იგი არის ის, რაც არ მოევლინბა, ანუ ის, რაც შემდგომ ყალიბდება, რამდენადაც მისი ჩამოყალიბებეა დამოკიდებულია სხვათა არსებობით გამოწვეული არჩევნის შედეგად, მაგალითად როდესაც რაიმე არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ არჩევანს წარმოვიდგენთ „სხვების“ თვალით დანახული პოზიციიდან და ჩვენი არჩევანიც განპირობებულია არა წმინდა „მეს“ გადაწყვეტილებით არამედ დადგენილობებით, ხოლო ამ დადგენილებეს ქმნის მთლიანობა, რომელშიც ყველა ერთიანდება. “მე თავისთვის“ არასოდეს არ არის შესაძლებელი და არც შეუძლებელი, ის უბრალოდ არის! და ვლინდება, როგორც სამყაროსთან ურთიერთობაში, ასევე „სხვებთან“ მიმართების დროს.

განხილული ორი მდგომარეობის შემდეგ გვრჩება ბოლო, მესამე და მთავარი მდგომარეობა, რომელიც მე_სხვებისთვის მიმართებას წარმოადგენს.

ამ აბზაცის მთავარი მიზანია დავადგინოთ:

„შევძლებთ კი საკუთარი თავის შეცნობას მხოლოდ საკუთარ თავზე დაკვირვებით? რამდენად მშნიშვნელვანია საკუთარი ყოფიერების სრულად გააზრებისთვის სხვისი არსებობის გათვალისწინება“.

ადამიანური ყოფიერების სრულად შეცნობისთვის საკმარისი არ არის საკუთარი თავისთვის არსებობაზე მსჯელობით შემოვიფარგლოთ. ხშირად ვაწყდებით ჩვენი ქცევისა და აზროვნების ისეთ გამოვლინებებს, რომლებიც ამ ჩარჩოებს სცდება. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ სირცხვილი.

სირცხვილის გრძნობა, როგორც ასეთი, ყოველთვის არის ვიღაცის წინაშე და არა საკუთარ თავთან. მაგალითად, როცა რაიმე ვულგარულ ჟესტს ვაკეთებთ, ჩვენ ამის არ გვრცხვენია, მაგრამ, თუ თავს ავიღებთ და დავინახავთ, რომ ვიღაც გვიმზერდა წამიერად ვაცნობიერებთ ჩვენი ქცევის ამორალურობას და გვეუფლება სირცხვილის გრძნობა ჩვენ მიერ ჩადენილი საქციელის გამო. შესაძლოა აღნიშნულმა გრძნობამ შეგვიპყროს სხვისი ჩარევის გარეშეც. მაგალითად, ჩვენი ამა თუ იმ ჟესტის შეგვრცხვეს იმის წარმოდგენით, რომ შესაძლოა ვინმეს დავენახეთ, თუმცა რეალურად არავინ გვიმზედეს. ამ შემთხვევაშიც გვრცხვენია სხვისი და არა საკუთარი თვის. ყოველთვის სხვისი მზერა, ან წარმოდგენა იმისა, რომ შესაძლოა სხვამ დაგვინახა ჩვენი სირცხვილისს გრძნობის მთავარ წყაროდ და განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება. ანუ მე მრცხვენია თუ როგორი ვჩანვარ, ან შესაძლოა გამოვჩენილიყავი სხვის თვალში. რისი „უნდა შეგვრცხვეს“ ამას გვიდგენს სხვამორალის წესების გათვალისწინებით (მორალსაც ასევე ადგენს სხვა).

მას შემდეგ, როცა სხვა წაგვასწრებს ვულგარული საქციელის ჩადენის დროს, შესაძლოა მის მიმართ სიბრაზის ან აღშფოთების გრძნობა დაგვეუფლოს. სირცხვილი ამ დროს ერთგვარი აღიარებაა საკუთარი ვულგარულობისა – ვაღიარებ, რომ ვარ ისეთი, როგორადაც სხვა მხედავს (აღმიქვამს, მიმიჩნევს). როცა ჩვენ მოქმედებას საკუთარი თავისთვის არსებობის ფარგლებში განვიხილავთ, მისი ესა თუ ის გამოვლინება, რომელიც შესაძლოა საჯარო გაკიცხვის საგანი იყოს, ჩვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ჩვენ აღვიქვამთ საკუთარ თავს ისეთად, როგორებიც ვართ და გამოვრიცხავთ ყოველგვარ გარე ინტერპრეტაციებს. თუმცა, როცა ჩვენს ცხოვრებაში სხვა ჩნდება, ჩვენი ყოფიერება ობიექტური ჭვრეტის საგანი ხდება, როცა მანამდე მას სუბიექტურ ჭრილში განვიხილავდით. ამ დროს ჩვენს ცოდნას საკუთარი თავის შესახებ ემატება სხვისი განცდები, შეხედულებები და აზრები ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება უკიდურესად კრიტიკულიც კი იყოს. როცა ჩვენ ამ აზრებს, წარმოდგენებს, კრიტიკას ვითვალისწინებთ და ვითავისებთ, სწორედ მაშინ ხდება აღიარება იმისა, რომ ვართ ისეთები, როგორადაც სხვა გვხედავს და გვრცხვენია. პანკს საჯარო თავშეყრის ადგილზე ან სცენაზე მოშარდვა რომ არ რცხვენია იმითაა განპირობებული, რომ ის არ არ აღიარებს ამ ჟესტის ვულგარულობას, უფრო მეტიც, ის პირიქით, უტევს დამკვიდრებულ შეხედულებებს.

სხვა, რომელიც გვავიწროვებს და გვაიძულებს გვრცხვენოდეს, ჩვენში შემოდის არა ერთბაშად, არამედ თანდათან, გამოცდილებით. მაგალითად: წარმოვიდგინოთ დიდ ქალაქში მოულოდნელად გაჩენილი ველური ტომის წარმომადგენელი მისთვის მახასიათებელი აქსესუარებითა და „ჩაცმულობით“. თავიდან ის მხოლოდ შეიძლება გააკვირვოს მისი შემხედვარე რიგითი გამვლელების გამომეტყველებამ და რეაქციებმა – შეიძლება არაფრადაც კი ჩააგდოს ეს ფაქტი, თუმცა თანდათან მას გაუჩნდება დისკომფორტის განცდა, შემდეგ კი შესაძლოა შერცხვეს კიდეც და დაიწყოს ყველაფერი იმის დაფარვა, რაც ასე აღიზიანებთ პიჯაკებში გამოწყობილ რიგით გამვლელებს. ადამიანი ყოველთვის ერგება იმ სოციუმს, რომელშიც ცხოვრობს და თუ ის ამას არ აკეთებს (ან/და სხვები თუ ჯოჯოხეთად იქცევიან), მაშინ ის ან თავისით გამოეყოფა აღნიშნულ დაჯგუფებას ან ისინი გარიყავენ მას სტატუსით „უცხო“, „განსხვავებული“ ან „უცნაური“.

საკუთარი არსებობის, ქმედებების, თვით ცნობიერების ჩამოყალიბებაშიც კი ადამიანს სჭირდება სხვა, ვინაიდან ის სხვისი ყოფიერებითა და არსებობით შეიგრძნობს თავის ყოფიერებასა და არსებობას. ადამიანი არასოდეს არის მარტო და თუ ის მარტოა არასდროს არის ადამიანი. ამის ცოცხალ მაგალითად გვევლინება უკრაინელი გოგონა სახელად აქსანა, რომელიც მცირეწლოვანი ასაკიდან მშობლებმა ტყეში მიატოვეს, ის იზრდებოდა ველური ძაღლების გარემოცვაში. აქსანა გაიზარდა, შეიძლება ითქვას „ადამიან-ძაღლად“, ის ვერ ლაპარაკობდა ისე როგორც ადამიანი თუმცა ყეფდა და დარბოდა ოთხზე, მსგავსად ძაღლისა. ჩვენ ჩვენი იდენტობის დადგენა გაგვიჭირდება, რომ არ გვყავდეს მეორე ადამიანი, ვინაიდან, როგორც სარტრი ამბობს – „მე მჭირდება სხვა, რათა სრულად ჩავწვდე ჩემი ყოფიერების ყველა სტრუქტურას“.

სარტრის თქმით, როცა ადამიანები სხვისი მზერის საგნები ხდებიან ჩნდება სირცხვილი და შიშის შეგრძნება. ჩემი გამოცდილება მოდიფიკაციას ახდენს, როცა მასში ჩნდება სხვა, მე უეცრად ვპოულობ ჩემს თავს როგორც პროექტის ელემენტი, რომელიც უკვე მე არ მეკუთვნის, სხვისი მზერა ჩემს პარალიზებას ახდენს და ეს ქმნის ერთგვარ კონფლიქტს.

სარტრი ერთ-ერთ პიესაში (,,ცხრაკლიტული’’) წერს: ,,ჯოჯოხეთი ეს სხვებია“. სხვისი მზერა აქაფებულ კბილთა ღრჭენის სამფლობელოა, იძირები და განისჯები მასში, სხვის მზერას ყოველთვის უდიდესი ძალა ჰქონდა და აქვს კიდეც, სხვის თვალში არეკლილია შენი თვითობა..

სირცხვილის გრძნობის გაანალიზებისას სარტრი ამბობს, რომ ის არ ჩნდება მაშინ როცა ადამიანი მარტოა. სხვისი გამოჩენა გარდაქმნის ინდივიდს ობიექტად, საგნად თავისთავში, ამ აზრით, სირცხვილი არის დაცემა მატერიალურ სამყაროში, საიდანაც არ არის გასასვლელი. ადამიანი ეცემა სხვისი მზერის გავლენით. ინდივიდები მიისწრაფვიან იქითკენ, რომ დაიქვემდებარონ სხვები, რომ თვითონ არ გახდნენ დაქვემდებარებულები. სარტრის აზრით, სხვისი მზერა მიზეზია ადამიანში საფრთხის გაჩენის და მას ართმევს თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სოციალური არსებაა და არ შეუძლია იარსებოს მარტომ,სხვები ხშირად უხეშ გავლენას ახდენენ ჩვენზე, ობიექტებად გვაქცევენ. ისინი ხშირად ივიწყებენ რომ ადამიანი ეს არა მხოლოდ მისი ფიზიონომიაა, არამედ ცნობიერება, ისინი კი ხშირად ავადმყოფურად გვახსენებენ,რომ ჩვენ თითქოს მხოლოდ ფიზიკური არსებები ვართ, მიუთითებენ რა ჩვენს წონაზე, სახის ფერსა თუ სიმაღლეზე. გვიმზერენ და აღნიშნავენ რა გვაცვია, როგორ გამოვიყურებით. ასეთი ობიექტივაცია ადამიანების მიერ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ სხვებისთვის ძნელია შეიცნონ ჩვენი სული და ამიტომ მათთვის უფრო მოსახერხებელი და ადვილია ჩვენ აღგვიქვან როგორც ობიქეტები.

როგორც ვნახეთ მეს სამი მდგომარეობის დროს იქმნება ურთიერთმიმართული მზერითი დამოკიდებულება რომელიც მთლიანობაში ერთიანობის უწყვეტ წრეს კრავს. რაც შეგვიძლია „მზერის“ მიმართებით წარმოვიდგინოთ.

სარ­ტრი, „ყოფიერება და არარა­ში” ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან თვალ­თვა­ლის ფაქტს აღ­წერს და თან სა­კუ­თარ შეგ­რძნე­ბებს აკ­ვირ­დე­ბა. თვალ­თვა­ლის მო­მენ­ტში სარ­ტრი სა­კუ­თარ „მე”-ს გა­ნიც­დის მი­სი ქმე­დე­ბის, ანუ თვალ­თვა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი მას მე­რე იც­ვლე­ბა, რო­დე­საც ის აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მა­საც უყუ­რე­ბენ, სხვი­სი მზე­რის ობი­ექ­ტია – „და უეც­რად დე­რე­ფან­ში ნა­ბი­ჯის ხმე­ბი მეს­მის. ვი­ღაც მი­ყუ­რებს!”. სწო­რედ ესაა მის­თვის, სა­კუ­თა­რი „მე”-ს აღ­ქმის და­კარ­გვის მო­მენ­ტი. „მე”-ს და­კარ­გვას კი თან სდევს სირ­ცხვი­ლი იმი­სა, რომ „მე”, რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბა, აღარ არ­სე­ბობს, „მე” მის­თვის მხო­ლოდ სხვი­სი ყუ­რე­ბის პა­სი­უ­რი და და­უც­ვე­ლი ობი­ექ­ტი ხდე­ბა. სარტრს უსუ­სუ­რო­ბის შეგ­რძნე­ბა ეუფ­ლე­ბა, რად­გან ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მას უყუ­რებს, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით დი­დი ძა­ლა – მზე­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. სარ­ტრის იდეა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის მო­ძა­ლა­დეა, ხო­ლო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყუ­რე­ბენ – მსხვერ­პლი, შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი.

პიესა ,,ცხრაკლიტულში ნათლად ჩანს, რომ ადამიანები ურთიერთდამოკიდებულები არიან ერთმანეთზე, ამასთანავე ჩანს ერთგვარი სადომაზოხისტური დამოკიდებულებები, რაც სარტრის აზრით, ყველა ჩვენგანს ახასიათებს გარკვეულწილად. ისტორია იწყება გარსენის ჯოჯოხეთში გამოჩენით, რომელიც აღმოაჩენს, რომ ჯოჯოხეთი არა დაუმთავრებელი ტანჯვა, ცეცხლი და მახვილია, არამედ უგემოვნოდ მოწყობილი ერთი ოთახია. ჯოჯოხეთის მთავარი გმირი ხდება ორი ქალი, ესტელი და ინესი. ცხრაკლიტულში’’ ერთგვარი ირონიაა იმაზე, რომ საზოგადოება შედგება ჯალათებისა და მსხვერპლებისგან, ხოლო ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და ამიტომ ჯოჯოხეთში ყველაზე დიდი სასჯელი მათთვის არის ერთმანეთთან ურთიერთობაა. ადამიანები აქ ერთმანეთის მეშვეობით ახდენენ თვითიდენტიფიკაციას.,,მე ვარსებობ იმდენად რამდენადაც არსებობს სხვა . როგორც პიესიდან ჩანს, ცხოვრება ეს არის ჯოჯოხეთი და ასეთად მას აქცევს ის რომ ჩვენ სხვებისთვის გვიწევს რაღაცის განაწილება. ისეთი დეტალები როგორიცაა კედლები ფანჯრების გარეშე, სარკის არარსებობა, გარედან ჩაკეტილი კარები , ზარის უქონლობა და სინათლის ნაკლებობა მიუთითებენ იმაზე, რომ მათი ერთად ყოფნა გარდაუვალია, პერსონაჟებს არ შეუძლიათ ერთმანეთისგან დაისვენონ, მათ არ შეუძლიათ გაიხედონ ფანჯარაში და არც ძილის საშუალება აქვთ. ( ,, არც სარკეებია და არც ფანჯრები, არაფერი ისეთი რაც ტყდება’’, ,,ჩვენ ადამიანები წამწამებს ვახამხამებთ. ამას თვალის მოხუჭვა ქვია. იცით, შავ ლავას წააგავს. ერთი წამით ფარდა ეშვება და მერე ისევ ზევით იწევს.აი შესვენებაც ეს არის.თვალი დაიხუჭა, სამყარო გაქრა.’’) პიესაში მთავარი ატრიბუტია სარკე. ერთ-ერთი დიალოგის დროს ესტელი ყვება:,,საწოლ ოთახში ექვსი დიდი სარკე მიდგას. მე მათ ვუცქერ.ისინი კი ვერ მხედავენ.სარკეები ტახტს, ნოხსა და დივანს ირეკლავს.რა ცარიელი მეჩვენება სარკე,როცა მასში მე არ ვჩანვარ.ლაპარაკს ვიწყებ თუ არა,ვცდილობ ისე მოვთავსდე.რომ სარკეში გამოვჩნდე.ვლაპარაკობ და თან სარკეში ჩემ თავს ვაკვირდები.იმასაც ვხედავ,რომ სხვებიც მაკვირდებიან, ამიტომ ყოველთვის ფხიზლად ვარ’’) შემდეგ ინესი იტყვის ასეთ ფრაზას, რომელიც განამტკიცებს სარტრის მსჯელობას მზერის შესახებ:- ,, ჩემს ჯოჯოხეთს მე თვითონ ვირჩევ და ამიტომაც მსურს ღია თვალებით გიყუროთ და პირისპირ გებრძოლოთ.

მზერის შესახებ სარტრის ერთი მოთხრობის კერძოდ ,,ჰეროსტრატეს’’ მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ მოთხრობაში სარტრმა დაგვანახა თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე გაუცხოება. მთავარ გმირს სოციუმში ყოფნა სხვების მიერ დადგენილი წესებითა და კანონებით აღარ უნდა. ის მეშვიდე სართულზე ცხოვრობს და ყოველ დღე ადამიანებს ზემოდან უყურებს.მას არ ანაღვლებს გარშემომყოფები და საერთოდ ადამიანები, როგორც ადამიანებს ის. ოთახის მიტოვების ეშინია, რადგან გარეთ მოუწევს გასვლა, სადაც შეიძლება ვინმემ მხარი წაჰკრას, შეაშინოს ან ცემოს და ამიტომ დაუცველობისა და შიშის გამო ყიდულობს იარაღს, რითიც კლავს ერთ-ერთ შემხვედრს.მას უჩნდება სამყაროს მიმართ ზიზღი რასაც გამოხატავს მკვლელობით.მას აღიზიანებს სხვისი მზერა და ამიტომ ვიდრე სხვისი მზერის საგანი გახდება უნდა რომ თვითონ დაიქვემდებაროს სხვა როგორც მზერის საგანი. ,,ვუყურებდი ადამიანთა ზურგებს და მათი სიარულის მიხედვით წარმოვიდგენდი როგორ წაიქცეოდნენ თუ ზემოდან ვესროდი.’’ ,,როცა ადამიანებს ეჩვევი ძალიან ძნელია მათზე დაკვირვება, ისინი ჭიანჭველებივით გარს გეხვევიან’’. მთავარი ბოროტმოქმედი პერსონაჟი საკუთარ თავს სარკის მეშვეობით უმზერს: ,,დანაშაულზე ვფიქრობდი.სარკეში ვიხედებოდი და სიამოვნებიტ ვაკვირდებოდი სახის ცვლილებებს.’’ ,,თეთრეულის მაღაზიის სარკის წინ შევჩერდი და როცა ჩემი სახე დავინახე, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე: ,,ამ საღამოს’’.

აქედან გამომდინარე შეგვიძვლია დავასკვნათ, რომ შეუძლებელია ადამიანმა იპოვოს თავისი თავი საზოგადოებისაგან, სოციუმიასაგან მოწყვეტით. მას ყოველთვის სჭირდება მიეკუთვნებოდეს გარკვეულ ჯფუფს. ის საკუთარი განსჯის უნარის გამოყენებით ადარებს თავის კრიტერიუმებსა და მსოფლმხედველობას იმ გარემოცვის შეხედულებებს რომელშიც იმყოფება, რომლის მიხედვითაც ჩნდება პიროვნული კუთვნილება და იკვრება სოციალური ჯგუფი. ჩვენ არ ვართ ჩენი ცხოვრების ბატონ-პატრონები, ჩვენი არსებობა ყოველთვის უკავშირდება სხვას. როგორც სარტრი ამბობდა ადამიანი „თავის ყოფიერებაში შეიცავს სხვის ყოფიერებასაც“ – სწორედ ამიტომ საკუთარი ყოფიერების განხილვისას ჩვენ ვერ შემოვიფარგლებით მხოლოდ საკუთარი თავისთვის ან თავისთავად არსებობის გააზრებით – ამისათვის აუცილებელია გავიზაროთ სხვისი არსებობაც და მისი როლი ჩვენი ყოფიერების სისრულეში.

ახლა რაც შეეხება არსებასა და არსებობას. მათ თანმიმდევრულობას, სახეცვლილებას და ჭეშმარიტი ფორმულირების აუცილებლობა უნდა განვიხილოთ რათა უკეთესად დავინახოთ იმ არსების მოდელის აუცილებლობა რომელიც სარტრმა შემოგვთავაზა.

სარტრი მიიჩნევს, რომ წარსულში ადამიანის არსება წინ უსწრებდა არსებობას. ანუ არსება, რომელიც იბადებოდა უკვე წინასწარი დადგენილებებით განაგრძობდა არსებობას. ხოლო სარტრმა ეს წარმოდგენა ფუნდამენტალურად შეარყია და თქვა, რომ – „არსებობა წინ უსწრებს არსებას“. შეიძლება ითქვას, რომ მან ამ მოსაზრებით მეოცე საუკუნის ფილოსოფიური ცნობიერება მთლიანად შეცვალა. ვინაიდან თითოეულ არსებას მიანიჭა თავისუფლება და საშუალება მისცა თავად დაედგინა საკუთარი არსება. ეს განპირობებული იყო იმით, რომ სარტრისთვის ადამიანი თავიდან და თავისთავად არაფერს წარმოადგენს. მაგალითად, არსება რომელიც არსებობს, შესაძლოა სულაც არ ექსისტირებდეს. უკეთესად რომ ვთქვა, ის წინასწარ დადგენილი ცნებებით განსაზღვრავს საკუთარ არსებობას. ასეთი ადამიანის მდგომარეობა მიძინებულისას ჰგავს, რომელიც კმაყოფილია მოცემული ვითარებით და არ ეწინააღმდეგება ოდესღაც მიღებულ წესებს; არ ეძებს რაღაცას, არ ქმნის ახალს, რადგან მისი ყოველდღიურობა წარსულში უკვე განსაზღვრეს. ძალიან მარტივი მაგალითისთვის, პლატონთან თუ გავავლებთ პარალელს ასეთი ადამიანის ხატი სახელმწიფოში კეფალეს სახით ჰყავს წარმოდგენილი. ასეთი ტიპის ადამიანს ავტომატურად მიეწერებოდა ის თვისებები და ღირებულებები, რომლის მატარებლებიც იყვნენ იმ საზოგადოების წევრები, რომელშიც განაგრძობდა არსებობას და შეისისხლხორცებდა იგივე წეს-ჩვეულებებს, რასაც მისი თანატომელები. ჩვენს ყოველდღიურობაშიც ნათლად ჩანს მსგავსი ფაქტები, როცა ახალშობილს მივაწერთ ქართველობას, მამრს „კაცობას“ და ქართველს ქრისტიანობას. შედეგად ჩვილი თავისთავად ხდება ყველა იმ თვისების მატარებელი, რომლის წარმომადგენლებიც არიან მისი თანატომელები. ამის შემდგომ ადამიანს უდგინდება წინასწარ განსაზღვრული ცნობიერება და ყოფიერებითი არსებობა, რომლისგანაც თავის დახსნა წარმოადგენს სწორედ, რომ წმინდა ექსისტირება. ექსისტენციალისტად გახდომა გულისხმობს არსებობის საზრისის აბსურდულობის გააზრებას, რაც ჩდება მას შემდეგ, როცა ადამიანი პირველყოფილი შიშის გადალახვას მოახერხებს. რის შემდგომაც იწყებს საკუთარი რეალობის მკვეთრ აღქმას და საკუთარი თავის ხელში აყვანით, ესე იგი სასოწარკვეთის დაძლევით ცდილობს არსებობის გაგრძელებას საკუთარი არსების დასადგენად, ასეთი ადამიანი ყოფიერების საწყისებთან იმყოფება და მარადიულად გარდაქმნის სამყაროს მოცემულობებს, ასეთი ადამიანი განახლებადია და სიფრთხილით ეკიდება არსებობას, რამდენადაც მას ამის გარდა არაფერი აქვს.

შესაძლოა ვიღაცამ ჩათვალოს, რომ შეუძლებელია ნაწილობრივ მაინც არ დავეთანხომოთ ძველ ფილოსოფოსებს. და ასეთი განწყობა არა თუ მცდარი იყოს პირიქით უფრო მეტად წარმოაჩენდეს არსებობის არსებისათვის წინსწრების აუცილებლობას. მაგალითად, ადამიანი არის არსება, იმ შემთხვევაში, როცა მას აქვს ეროვნება ანუ თემი სადაც ის დაიბადა. ასეთ დროს ის არჩევანს ვერ აკეთებს, რადგან არ შეუძლია. შესაბამისად, ის ვერ ირჩევს ეროვნებას, კულტურას და მისი შემდგომი განვითარებაც დამოკიდებულია მისი ერის ღირებულებებზე. თუ გავიხსენებთ ჰაიდეგერის გამოთქმას, რომ „ენა ყოფიერების სახლია“, უკეთესად დავინახავთ ამ საკითხის ფუნდამენტალურ პრობლემას, რომლის დროსაც ადამიანი აბსოლუტურ შეზღუდულობაშია და მისი არსების წინასწარ დადგენილი არსისგან გათავისუფლება შეუძლებელია. ნებისმიერ არსებას დაბადებიდან სამი უცვლელი განსაზღვრება: „ენა, მამული, სარწმუნოება“ ზღუდავს. რომლებიც პირველი ცნებებია მის არსების ცნობიერების კედელზე. მას ყოველთვის ამ სამი ცნების საშუალებით მოუწევს არსებობა და სამყაროში ორიენტირება, რომელზეც იქნება აგებული მისი მსოფლმხედველობა და ეცდება გაახანგრძლივოს ის ტრადიციების სახით, თუ ის ვერ მოახერხებს მათ გააზრებასა და საკთუარი არსების დადგენას. ამიტომ ადამიანი არის „რაღაც“ არსება, რომელიც შემდგომში ცდილობს საკუთარი თავის დადგენას. ესე იგი, როცა ადამიანი იწყებს ეგზისტირებას და ნელ-ნელა იწყება მისი გაუცხოება იმ საზოგადოებასთან, რომელშიც ის იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსება ყოველთვის იმ თვისებებით იქნება განსაზღვრული, რომელსაც მისი კულტურა სთავაზობს. თუმცა, ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ მისი არსების დადგენას ხელს უშლიდეს იმ საზოგადოების ღირებულებები, რომლიშიც უწევს ცხოვრება. მნიშვნელოვანია ის, რომ იმ მოცემულობებიდან, რასაც მას ცხოვრება სთავაზობს, თავად გააკეთოს არჩევანი და დაადგინოს საკუთარი არსება ანუ გახდეს ის, რაც მას სურს რომ იყოს. ეს კი აუცილებელია რათა მარად განახლებადი გახდეს ის სამი თვისება რაც ჩვენ იდენტობას წარმოაჩენს, რაც ჩვენი მთავარი განმსაზღვრელია როგორც ერთმანეთის ასევე მსოფლიოს წინაშე. სწორედ რომ განახლება შესძლებს ეროვნულობის შენარჩუნებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ დროის საკითხი იქნება „შენარჩუნებულის“ გაარარავება. ეს ჩვენს დღევანდელ რიალობაში ყველაზე კარგად ჩანს.

დასასრულს გვინდა გავლილი და დამუშავებული მასალა დავაკავშიროთ ისეთ საკითხთან, როგორიცაა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის ყოველდღიურობა, რომელშიც ვლინდება, როგორც მისი მიმართება საზოგადოებასთან და თითოეულ ინდივიდთან, ასევე განსაზღვრავს მისი ყოფიერების სახეს, რაც ფორმირდება მის მომავალში, რამდენადაც მისი ნებისმიერი ქმედება წარმოქმნის არარსებული მომავლის სახეს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ პოლიტიკურ ანგაჟირობაში არ უნდა წარმოვიდგინოთ „პოლიტიკოსობა“ არამედ ადამიანი როგორც სამყაროს გამომშლელი და მისი ყოფიერების მთავარი „ხელსაწყო“ რომლის ექსისტირება უზრუნველყობს მისი ყოფიერების ხანგრძლივობასა და განახლებას. ამის თქმის საფუძველს ზემოთხსენებული ფაქტების ერთობლიობა გვაძლევს. თანამედროვე სამყაროში მოხვედრილმა ადამიანებმა საკუთარი ძალისხმევით შექმნეს საზოგადოების ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანისგან მოითხოვდა გარკვეულ წესებს, რათა საკუთარი თავი სრულეყო. დღეს ადამიანების სიმრავლე ქმნის საზოგადოებრივი სისტემის ახლებურ ხედვას, რომლის თანახმადაც ადამიანი თავისი ინდივიდუალიზმის მიუხედავად აღარ მოიაზრება, როგორც უნიკალურობა და სისტემის შესანარჩუნებლად ადვილად განახლებადი გახდა. შედეგად სოციმში ჩაკარგული არსებებისთვის მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი ძალების მაქსიმალურად წარმოჩენა, რათა არ მოხდეს მისი ჩანაცვლება. ამას ისიც ერთვის, რომ ადამიანის სათუთი ცნობიერება ადვილად ხელმისაწვდომია რაიმე იდეეის ჩამოყალიბებისთვის, მაგალითად ძალიან ადვილია სამყაროში მოვლენილი ადამიანისათვის შეთავაზებული მსოფლმხედველობა მისი ცნობიერების ამოსავალ წერტილად აქციო და დასაწყისიდან დასასრულამდე მიიჩნევდეს საკუთარი მსოფლმხედველობის ჭეშმარიტებას. შესაბამისად ვინაიდან, როგორც ვთქვი ადამიანმა საზოგადოებრივ ცხოვრებას მიჰყო ხელი თავი იჩნიეს ისეთმა პორბლემებმა, რომლებიც სამყაროში თავისთავად არსებულები არ არიან და მხოლოდ ერთი მდგომარეობის მოცემულობაში ვლინდებიან. სწორედ ასეთ პრობლემებზე ამახვილებს სარტრი ყურადღებას თავისი ფილოსოფიის ნაწილად ხდის ისეთ ცნებებს როგორიცაა მზერა, არსებობა, არსება, შიში და ყოველივე ეს როგორც საკუთარ თავთან ასევე სხვებთან მიმართებაშია აქტუალური. ყოველდღიურობაში ჩართულ არსებებს უწევთ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები რომლებიც ერთი შეხედვით მათი არჩევნის შედეგია ხოლო მეორეს მხრივ სრული შეზღუდულობა მოქმედებს და სწორად ამ შეზღუდულობის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების სახიფათო ფორმირებები. მაგალითად, როდესაც ადამიანი საზოგადოების მიმართ არ მოქმედებს პასუხისმგებლობით და მიიჩნევს, რომ ყველაფერი ნებადართულია მისი შემაფერხებელი ძალა მხოლოდ უბრალო შემთხვევითობა შეიძლება გახდეს. შეგვიძლია ბოლო დროინდელი ნებისმიერი თემა დავუკავშიროთ საზოგადოებაში ჩართული არსების თავისუფლებას. იქნება ეს ბრეივიკის ტერაქტი, თუ თერთმეტი სექტემბრის მოვლენები, ერთი მათგანი რასისტული აზროვნების შედეგია, მეორე ფუნდამენტალიზმის და შურიძიებისა, ასეთი უპასუხისმგებლობა გამოწვეულია ერთის მხრივ „ტრადიციონალიზმის“ მეორეს მხრივ „მესამე ძალის“ სახელელის სადიდებლად. ასეთი უპასუხისმგებლობა და ადამიანის სიცოცხლისადმი აგდებულად მოპყრობა ზღუდავს, როგორც საკუთარ თავისუფლებას ასევე საერთოდ თავისუფლების იდეას. რამდენადაც თავისუფლება თავისი სრული სახით მაშინ ჰპოვებს სწორ გამოვლინებას, როდესაც დაპირისპირებულთა მიერ თანაბრად იქნება აღიარებული