ბიბლია და „მეტამორფოზა“
1915 წელს ფრანც კაფკა აქვეყნებს თავის მოთხრობას „მეტამორფოზა“. ამის შემდეგ კი გადის მხოლოდ ნახევარი საუკუნე და უკვე ათასობით ანალიზი იწერება ამ ნაწარმოების შესახებ (Shtaus 1989, 651). მკვლევრები დიდი ინტერესით დაეძებენ მასში სხვადასხვა თემას, რომლებსაც ეს მცირე მოცულობის, თუმცა მრავალი სიმბოლოთი თუ ალეგორიით დატვირთული მოთხრობა გვთავაზობს. კრიტიკოსთა ნაწილი ცდილობს, ეს ნაწარმოები თავად მწერლის ბიოგრაფიას დაუკავშიროს, რათა ასე ახსნას მასში წამოჭრილი პრობლემები (Luke 1951, 232-233; Kohzadi, Azizmohammadi, Nouri 2012, 1600-1607). ზოგი მას შოპენჰაუერის ფილოსოფიაზე დაყრდნობით განიხილავს, პარალელებს ავლებს მის ნაშრომებსა და „მეტამორფოზა“-ს შორის (Ryan 1991, 133-152). ასევე, ცდილობენ მოთხრობაში აღწერილი სოციო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური კონტექსტების განხილვას (Corngold 2002, 24-42; Shtarus 1989, 651). სხვები კი ნაწარმოებს, იმ დროისთვის ძალიან პოპულარული, ფროიდის „ფსიქოანალიზ“-ის საშუალებით განმარტავენ (Kohzadi, Azizmohammadi, Nouri 2012, 1600-1607; Sokel 1956, 203-214). მაგრამ, მიუხედავად ამ მრავალმხრივი ანალიზისა „მეტამორფოზა”-ში მაინც რჩება გარკვეული საკითხები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს.
წინამდებარე ესსეს მიზანიც „მეტმორფოზ“-ის ანალიზია, თუმცა ჩვენ ამისთვის არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ინტერპრეტაციას არ გამოვიყენებთ. ამ ნაშრომში განიხილება მოთხრობის მხოლოდ ის ფრაგმენტები, რომლის დაკავშირებაც შეიძლება ბიბლიასთან.
ნორმან ჰოლანდი იყო ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც აღმოაჩინა კავშირი ამ ნაწარმოებსა და ბიბლიას შორის. 1958 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „რეალიზმი და არარეალიზმი: კაფკას მეტამორფოზა“ ავტორმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე, რომლებიც გარკვეულწილად იმეორებდა ბიბლიურ სიუჟეტებს, კაფკას პროტაგონისტი კი ახალი აღთქმის ყველაზე ცნობილ, პერსონაჟთან, იესო ქრისტესთან იგივდებოდა (Holland 1958, 169-180). წინამდებარე ესსეც, სწორედ, ჰოლანდის ამ მიგნებებს დაეყრდნობა, თუმცა ასევე წარმოადგენს ახალ დაკვირვებებსაც, ამისთვის კი განიხილება რამდენიმე მინიშნება და ეპიზოდი, რომელიც ამ ნაწარმოებში გვხვდება.
ბიბლია და „მეტამორფოზა“
1. გრეგორ ზამზა და იესო ქრისტე
1.1 ზამზა, სამსარა და სამსონი
თავდაპირველად, უნდა განვიხილოთ თავად ნაწარმოების პროტაგონისტის გვარი. მიშელ რაიენის აზრით, ის უკავშირდება აღმოსავლური რელიგიების ერთ-ერთ მთავარ კონცეპტს „სამსარა“-ს, რაც გულისხმობს დაბადებას, ტანჯვით ცხოვრებას, სიკვდილს და ხელახლა შობას. ბუდისტურ-ინდუისტური რწმენის მიხედვით, „სამსარა“-ს ციკლს ყველა არსება გადის რეინკარნაციის მეშვეობით. „სამსარა“ დაახლოებით ითარგმნება, როგორც ხეტიალი, მოგზაურობა, რომლისგანაც თავის დაღწევის სურვილი წარმოადგენს მთავარ მიზანს ამ რელიგიის მიმდევართათვის (Ryan 1991, 133-152).
ნაწარმოების მიხედვით, გრეგორის თავგადასავალი შეიძლება დავუკავშიროთ აღმოსავლურ „სამსარა“-ს. იგი ყველა ეტაპს გადის ამ ციკლიდან. გრეგორი იბადება, იტანჯება, გადაიქცევა ხოჭოდ (რეინკარნაცია), შემდეგ კი ისევ იტანჯება და კვდება. მეორეს მხრივ, მოთხრობაშივე ვკითხულობთ, რომ ზამზას ოჯახი იყო ქრისტიანი. ამ რელიგიაში შეიძლება მოვიძიოთ ერთი პერსონაჟი, რომლის ამქვეყნიური ცხოვრებაც მიესადაგება აღმოსავლური „სამსარა“-ს ციკლს. ეს პერსონაჟი არის იესო ქრისტე. ახალ აღთქმაში მოთხრობილია მისი განკაცების, ჯვარცმის, აღდგომის და მომავალი, მეორედ მოსვლის შესახებ.
მეორე მოსაზრების მიხედვით, „სამსა“ ბიბლიის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელის, „სამსონის,“ მოდიფიცირებულ ვერსიას წარმოადგენს. სამსონი გერმანულ თეოლოგიაში ხშირად იგივდება ქრისტესთან (Holland 1958, 177; Ryan 1991, 137). ასე, რომ მიუხედავად ამ ორი ინტერპრეტაციის განსხვავებულობისა, ეს გვარი მაინც ერთსა და იმავეზე, კერძოდ, კი იესოზე მიანიშნებს.
1.2 ხოჭო (Scarab)
ნაწარმოების განილვისას დიდ მნიშვნელობას იძენს ხოჭოდ მეტამორფოზის ფაქტი. კაფკას ძალიან ფართო და მრავალმხრივი არჩევანი ჰქონდა ცხოველების სამყაროდან, მაგრამ მან მაინცდამაინც მწერის ეს სახეობა აირჩია, ეს კი ბადებს ეჭვს, რომ ხოჭო აქ უბრალოდ არ შეირჩა და ამას გარკვეული ფუნქცია აქვს.
ძველ ეგვიპტურ რელიგიაში ხოჭო მიჩნეული იყო განახლების, მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოდ. იგი იგივდებოდა დილის და ამომავალი მზის ღმერთთან ხეფრისთან. მას, სწორედ, ხოჭოს თავით გამოსახავდნენ. ეგვიპტელთა რწმენის მიხედვით, ხეფრი ყოველ დილით თავს იშობდა სიბნელეში.
ადრეულმა ქრისტიანობამ ძველი ეგვიპტიდან შეითვისა ეს სიმბოლო. იგი დაუკავშირდა ქრისტეს ორი მიზეზით: პირველი, რადგანაც ის აღნიშნავდა მკვდრეთით აღდგომას და მეორე, რადგან ეგვიპტელებისა თუ ადრეული ქრისტიანების აზრით, ხოჭო დებდა ერთადერთ კვერცხს, რომლისგანაც საკუთარ თავს იშობდა. ასეთი სიმბოლოთი კი კარგად გამოხატებოდა ის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც, იესო არის უფალი და ასევე, მხოლოდშობილი ძე ღმერთისა (იოანე 1:1-3; 3:16; 3:18 [გადამუშავებული გამოცემა]). ამის გამო, ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიებში მას, ხშირად, „კარგ ხოჭო”-დაც მოიხსენიებდნენ (Tucker 1998).
ესაიას წინასწარმეტყველებაში კი უფლის შესახებ წერია:
რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!) … არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. (ესაია 52:14-53:3)
ქრისტეს ეს აღწერილობა შეიძლება დავუკავშიროთ გრეგორს, რომელსაც ისეთივე საშინელი სახე ჰქონდა და რომელიც ისევე გარიყული იყო სხვებისგან, როგორც ეს ესაიამ მიუთითა თავის წინასწარმეტყველებაში იესოზე (Holland 1958, 177).
1.3 ხურო
მეტამორფოზის პირველ ნაწილში ვკითხულობთ, რომ გრეგორ ზამზა საღამოობით სამსახურისგან თავისუფალ დროს, ხეზე მუშაობით ერთობოდა და ლამაზ ჩარჩოებსაც კი აკეთებდა. ამ დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა ნაწარმოების განხილვისას, თუ გავიხსენებთ, რომ ღვთიშობლის ქმარი, იოსები, სწორედ, ხუროობით ირჩენდა თავს (მათე 13:55). უფრო მეტიც, მარკოზის სახარებაში იესო პირდაპირ მოიხსენიება როგორც ხურო (მარკოზი 6:3).
1.4 ზრუნვა სხვებზე
მეტამორფოზა გრეგორისთვის იყო შანსი, მისთვის საძულველი ძველი სამსახურისა და ვალდებულებებისაგან გასათავისუფლებლად. ნაწარმოებში ვკითხულობთ, რაოდენ ბედნიერად გრძნობს იგი თავს კედელზე და ჭერზე ცოცვისას, მაგრამ მას ეს ნეტარება შხამდება დანაშაულის გრძნობის გამო. ის იტანჯება, რადგანაც ძველებურად აღარ შეუძლია თავისი ოჯახის წევრებზე ზრუნვა და მათი ფინანსური უზრუნველყოფა. გრეგორი მოთხრობაში წარმოჩენილია იმ პიროვნებად, რომელიც მუდმივად თრგუნავს საკუთარ პირად სურვილებსა და გრძნობებს. მას თითქმის არ გააჩნია პირადი ცხოვრება და იგი მუდმივად ზრუნავს სხვებზე.
გრეგორის ეს თვისებები კიდევ ერთი პარალელის გავლების საშუალებას გვაძლევს მასსა და იესოს შორის. ახალი აღთქმის მიხედვით, ქრისტეს გრეგორის მსგავსად არ ჰქონია პირადი სურვილები. მისი თითოეული ნაბიჯი მხოლოდ სხვებისთვის იყო გამიზნული. იგი ეწამა და ჯვარს ეცვა სხვათა დანაშაულის გამოსასყიდად (მათე 1:21; რომ. მიმართ 3:25; ესაია 53:4-8).
1.5 გრეგორის სიკვდილი
მეტამორფოზაში მოიპოვება ერთი სცენა, რომელშიც მამა გრეგორს „ბომბავს“ ვაშლებით, რათა იგი თავის ოთახში გააძევოს. ერთ-ერთი ვაშლი მას ზურგში მაგრად ჩაერჭობა. შემდეგ კი ვკითხულობთ: „იგი შეეცადა გაცოცებულიყო, თითქოს ეს მოულოდნელი ტკივილი ადგილის მონაცვლეობის წყალობით გაუვლიდა, მაგრამ ჩანდა, რომ ის მაგრად იყო მილურსმული იმ ადგილზე.“ სიტყვა „მილურსმვა“ შეიძლება დავაკავშიროთ ბიბლიაში მოთხრობილ სცენას იესოს ჯვარცმისა. იგი ჯვარზე სწორედ ლურსმნებით გააკრეს.
ნორმან ჰოლანდი თავის ესსეში აგრეთვე გვთავაზობს პარალელებს გრეგორისა და მაცხოვრის სიკვდილის ეპიზოდებს შორის (Holland 1958, 175).
მეტამორფოზაში წერია: „იგი ნეტერი ფიქრებით იყო გართული, როცა ქალაქის საათმა დილის სამი დარეკა. როცა ფანჯარაზე გარიჟრაჟის სინათლე დაეცა, იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.“
მათე მოციქულთან ვკითხულობთ: „ხოლო მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა დედამიწა.“ (მათე 27:45)
მეტამორფოზა: „მისი გადაწყვეტილება, ოჯახის დატოვების შესახებ, დის გადაწყვეტილებაზე უფრო მტკიცე იყო… მერე თავი დაბლა ჩამოუვარდა და ნესტოებიდან უკანასკნელი სუსტი სუნთქვა აღმოხდა.“
მათეს სახარება: „ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ ყველაფერი აღსრულდა … და თქვა: „აღსრულდა!“ დახარა თავი და სული განუტევა.“ (იოანე 19:28 -30)
მეტამორფოზა: „როცა დილით ადრე მოახლე ქალი მოვიდა – ეს ღონემოჭარბებული ქალი ხშირი გაფრთხილების მიუხედვად ისე აჯახუნებდა ხოლმე კარებს, რომ მთელ ბინაში მშვიდი ძილი შეუძლებელი ხდებოდა.“
მათეს სახარება – „და აჰა, ტაძრის კრეტსაბმელი გაიხა ორად თავიდან ბოლომდე, და შეიძრა დედამიწა, და კლდეები დასკდა. სამარხები გაიხსნა და ბევრი განსვენებული წმიდას სხეული აღდგა“ (მათე 27: 51-52).
როგორც ამ ფრაზებიდან ჩანს, მეტამორფოზის სამი საათი იმეორებს ბიბლიიდან იმ სამ საათს, რომლის განმავლობაშიც დედამიწა ბნელმა დაფარა. მოთხრობაში აღწერილი სიკვდილის სცენა ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, ხოლო კარების ჯახუნი და ძილის დაფრთხობა ჰგავს მათეს აღწერას დედამიწის შეძვრაზე და წმინდანთა სულების გამოღვიძებაზე.
2. მოთხრობის დასასრული და ახალი აღთქმა
დასასრულ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ნაწარმოების დასასრული, რომელიც გვიჩვენებს, როგორი შედეგი ჰქონდა გრეგორის მეტამორფოზას. მოთხრობის ფინალი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობს კავშირი ბიბლიასა და მეტამოროზას შორის.
ბიბლიიდან ვიცით, რა მიზანი ჰქონდა უფლის განკაცებას. მას კაცობრიობისთვის ღმერთისკენ ახალი გზით სიარული უნდა ესწავლებინა, ექადაგა ახალ ღირებულებებზე და გაეთავისუფლებინა ადამიანები ძველი წესებისაგან. ბიბლიის მიხედვით, ეს საქმე იესოს მოციქულებმაც განაგრძეს. ამის შედეგად კი კაცობრიობამ მიიღო ახალი რელიგია, ქრისტიანობა, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა იუდაიზმისაგან და ბევრ ასპექტში სრულიად სხვაგვარ ხედვას სთავაზობდა მორწმუნეეებს.
მეტამორფოზის ფინალშიც შეგვიძლია ახალი ცხოვრების და ახალი ღირებულებების დასაწყისი ამოვიკითხოთ. ამისთვის კი რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა განვიხილოთ.
თავდაპირველად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, სად და რატომ მუშაობდა გრეგორი. იგი დასაქმებული იყო კომპანიაში იმ კაცისა, ვისი ფულიც ემართა მამამისს. მოთხრობაში ეს ადამიანი საინტერესოდაა დახასიათებული. იქ წერია, რომ ის მცირე შეცდომასაც არავის აპატიებდა და მუდმივად აკონტროლებდა ყველას. იგი თავის თანამშრომლებს მაღლიდან ესაუბრებოდა, ეს უკანასკნელნი კი, მისი სუსტი სმენის გამო, იძულებულნი იყვნენ რაც შეიძლება ახლოს მისულიყვნენ, რათა უფროსს მათი ხმა გაეგონა. ჰოლანდი ამ აღწერას უკავშირებს ესაიას ფრაზას ძველი აღთქმიდან: „მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას“ (ესაია 59:2). ამ ნაწილის მისადაგება შეიძლება ასევე 137 და 138 ფსალმუნის მე-6 სტროფებთან: „რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს“, „უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას.“
როგორც ვხედავთ, კომპანიის უფროსი შეიძლება შევადაროთ ძველ აღთქმაში დახასიათებულ ღმერთს. ასეთი მიდგომით იმის ახსნასაც შევძლებთ, რა ვალი აქვს ბატონ ზამზას. ეს ვალი პირველი ცოდვაა, რომელიც მამიდან გრეგორს გადაეცა და მხოლოდ მისი მონანიების შემდეგ მოიპოვებს იგი თავისუფლებას (Holland 1958, 172-173). ეს ახსნა კიდევ უფრო განმტკიცდება, თუ გავიხსენებთ ვაშლებით „დაბომბვის“ სცენას. ვაშლი პირველ ცოდვასთან ასოცირდება და მამის მიერ მისი სროლა უნდა ნიშნავდეს გრეგორის დასჯას, რომელიც ცდილობს გაექცეს თავის ხვედრს.
ნაწარმოების ბოლოში კი ყველაფერი იცვლება. თავიდან კომპანიის მფლობელის მიერ გამოგზავნილი ზედამხედველი გარბის მათი ოჯახიდან, ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ ზამზას ოჯახი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებას ელის და სავარაუდოდ, გადაიხდიან იმ ვალსაც, რომელიც გრეგორის უფროსისაგან მართებთ, ანუ ალეგორიულად განთავისუფლდებიან ძველი ცოდვებისა და წესებისაგან, რომლებიც ახალი აღთქმის მიხედვით შეიცვალა იესოს მეშვეობით (შდრ. რომ. მიმართ 5:8-11; 6: 4-8).
ცალკე უნდა განვიხილოთ მეტამორფოზის ბოლო აბზაცებიც. ნაწარმოების პერსონაჟები, მათ ოჯახში მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, თავს მაინც ბედნიერად, იმედიანად გრძნობენ. დიდი ხნის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ, ქალაქგარეთ გაემგზავრონ და ერთი დღით განთავისუფლდნენ ყველაფრისგან. ბატონი ზამზა, რომელიც სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ ფორმასაც კი არ იხდიდა, რითაც მუდმივ მზადყოფნას გამოხატავდა მუშაობისთვის, აცდენს სამსახურს (Holland 1958, 172). ქალბატონი ზამზა, რომელსაც ოთახში სიარულიც კი უძნელდებოდა, ბედნიერად მგზვრობს ტრამვაითი, ხოლო გრეტა კი მშობლების თვალში ისე გაიზარდა და დამშვენდდა, რომ მათ ახლა კარგი სასიძოს მოძიებაღა დარჩენიათ. ნაწარმოების დასასრულში კარგად ჩანს, რომ გრეგორის სიკვდილის შემდეგ ამ ოჯახისთვის იწყება რაღაც ახალი, ის, რაც აქამდე არ ყოფილა. ისევე, როგორც იესო ქრისტეს განკაცების შემდეგ კაცობრიობისთვის იცვლება ღირებულებები, ხედვა რწმენაზე და ღმერთზე.
დასკვნა
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ამტკიცებს, რომ კაფკა თავის პერსონაჟს რამდენიმე ისეთ ისტორიას და თვისებას მიაწერს, რომლებიც შეიძლება ამოვიკითხოთ ბიბლიაში იესო ქრისტეზე: გრეგორი გადაიქცევა ხოჭოდ, რაც ქრისტეს სიმბოლოა, მისი გვარი ზამზა უკავშირდება იესოს. ეს ორი პროტაგონისტი გარკვეულწილად მსგავს ბედს იზიარებს, მათი სიკვდილის სცენები ერთმანეთის მსგავსია. ნაწარმოების ბოლოს კი პერსონაჟები ახალ ცხოვრებას იწყებენ, როგორც ის ადამიანები, რომლებმაც იესოს ქადაგების შედეგად ახალი რწმენა მიიღეს. ეს ყველაფერი ააშკარავებს, რომ ავტორის მიერ მართლაც არის გამოყენებული ბიბლიური მოტივები და, რომ მეტამორფოზის განხილვისას მათ აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ მხოლოდ ამ პარალელების საშუალებით ბოლომდე ვერ მოხერხდება ნაწარმოების ახსნა. ტექსტში წამოჭრილია მრავალი ისეთი თემაც, რომლებიც სცილდება ბიბლიას და ტექსტის სრულყოფილი ინტერპრეტაციისთვის საჭიროა ყველა მათგანის გათვალისწინება. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა ამ ესსეს მიზანი, მხოლოდ, განხილვა იყო იმ კავშირებისა, რომლებიც ამ ორ ნაწარმოებს აკავშირებდა ერთმანეთთან.
გამოყენებული ლიტერატურა:
გამოყენებული ლიტერატურა ქართულად:
1. კაფკა, ფრანც. „მეტამორფოზა.“ მნათობი, №9 (1964): 64-94.
გამოყენებული ლიტერატურა ინგლისურად:
1. Corngold, Stanley. „Adorno’s ‘Note on Kafka: A Critical.“ Monatshepte vol 94, № 1 (Spring, 2002): 24-42. http://www.jstor.org/stable/30161948. ( 04/05/2013 07:11)
2. Holland, Norman N. 2009. „Realism and Unrealism: Kafka’s Metamorphosis.“ in Rebirth and Renewal, Bloom’s Literary Themes. ed. Harold bloom, 169-180. New York: Infobase publishing.
http://chhs.croton-harmonschools.org/download.axd?file=4b7f1e49-5a38-43fc-a640-c02e495717fb&dnldType=Resource. (04/07/2013. 15:34).
3. Kafka, Franz. 2002. Metamorphosis. Trans. David Wyllie.
http://www.gutenberg.org/cache/epub/5200/pg5200.txt (05/05/2013. 16:20)
4. Kohzaldi, Hamedreza, Fatemeh Azizmohammadi and Mahboubeh Nauri. „A Study of Franz Kafka’s ‘the Metamorphosis.“ Journan of Basic and Applyed Scientifical Research № 2 1600-1607.
http://www.textroad.com/pdf/JBASR/J.%20Basic.%20Appl.%20Sci.%20Res.,%202(2)1600-1607,%202012.pdf. (05/05/ 2013. 16:00).
5. Luke, D. F. „Kafka’s ‘Die Verwandlung.“ The Modern Language Review vol 46, №2 (April, 1951): 231-245.
http://www.jstor.org/stable/3718565. ( 21/05/2013 09:00)
6. Ryan, Michael P. „Samsa and Samsara: Suffering, Death and Rebirth In ‘The Metamorphosis.“ The German Quarterly vol 72, № 2 (Spring, 1999): 133-152.
http://www.jstor.org/stable/408369. ( 04/05/2013 07:13)
7. Sokel, Walter H. „Kafka’s ‘Metamorphosis’: Rebellion and Punishment.“ Monatshepte vol 48, № 4 (April-May, 1956): 203-214. http://www.jstor.org/stable/30166165. ( 04/05/2013 07:11)
8. Straus, Nina Peligan. „Transforming Franz Kafka’s ‘Metamorphosis.“ Sings vol 14, №3 (Spring 1989): 651-667. http://www.jstor.org/stable/3174406. ( 04/05/2013 07:10)
9. Tucker, Suzetta. 1998. „Scarab or dung beetle.“ ChristStory christian legends and simbols. http://ww2.netnitco.net/~legend01/scarab.htm (06/07/2013 17:11)