ეპატაჟურობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში

ნინო ცაავა

წინამდებარე კვლევა ლიტერატურული ეპატაჟით ინტერესდება. კვლევის მიზანია, დაადგინოს ის სოციალური ფაქტორები, რომლებიც ლიტერატურულ ეპატაჟს განაპირობებენ. ამრიგად, კვლევას საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ლიტერატურული ეპატაჟი სოციალურად კონსტრუირებული ფენომენია. წინამდებარე ნაშრომში დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდებით გაანალიზდება ზაზა ბუჭულაძის ხსნადი კაფკა, ერეკლე დეისაძის საიდუმლო სირობა და ლაშა ბუღაძის პირველი რუსი. აღნიშნული ტექსტების შერჩევას საფუძვლად უდევს, თავად საზოგადოების რეაქცია, რომელიც აჟიოტაჟსა და ამ ტექსტების ეპატაჟურად შეფასებაში გამოვლინდა. დისკურსანალიზურ მიდგომასთან ერთად გამოყენებული იქნება კონტენტანალიზური მიდგომა. ნაშრომში რეცეფციის პროცესი გაანალიზდება კონტენტანალიზური მიდგომების გამოყენებით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართული საზოგადოება განსაკუთრებით მგრძნობიარეა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა ენა, ისტორია, რელიგია და ტრადიციები, რადგან ქართველების თვითიდენტიფიკაცია სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და მათ ნორმირებული ხასიათი გააჩნიათ. ქართული რეალობა კი მუდმივად თვითგადარჩენისკენ მებრძოლ ერთეულად ხასიათდება, შესაბამისად, ის ტექსტები, რომლებიც არაფორმალურად დადგენილ საზოგადოებრივ ნორმებს ეწინააღმდეგება, არის გაკიცხული, გარიყული,
ამორალურად შეფასებული და უგულებელყოფილი. ხოლო ის დისკურსები. რომლებიც დომინანტურ როლს ითავსებენ (მაგალითისთვის, რელიგიური, ანტილიბერალური, აპოკალიფსური, ეთნიკურ-ნაციონალისტური,
ანტიგლობალური და ა.შ.) და შესაბამისად, ფლობენ სოციალურ ძალაუფლებას, აწესებენ კონტროლს.  კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი კი არის დომინანტ ნორმებთან და დისკურსებთან შეუთავსებელი მხატვრული ტექსტების ეპატაჟურად, შესაბამისად საშიშად, მიუღებლად და ამორალურად გამოცხადება. წინამდებარე კვლევაში დადგინდა, რომ ლიტერატურული ეპატაჟი არის სოციალურად კონსტრუირებული მოვლენა.

საკვანძო სიტყვები: ლიტერატურული ეპატაჟი, სოციალური კონსტრუქტივიზმი, რეცეფცია, დისკურსი, ღირებულებები, ფრეიმები, ქართული ლიტერატურა.

კითხვის გაგრძელება