გენდერული დისკურსის თავისებურებები თანამედროვე ქართულ მოთხრობაში

ავტორი: ბარბარე ჯალიაშვილი

შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს გენდერული როლებისა და მათი ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებების რეპრეზენტაციის კვლევას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ლიტერატურაში გენდერული პრობლემატიკის ანალიზის მცდელობები თანამედროვე ქართულ აკადემიურ სივრცეში არცთუ ბევრი მოიპოვება. ეს მწირი, რამდენადმე ფრაგმენტული მცდელობები ყურადღებას ამახვილებენ უმეტესწილად ე.წ. „ქალთა სახეებზე“ ან ქალ ავტორებზე – მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ „ქალური ტრადიცია ქართულ ლიტერატურაში: ახალი სახეები და მემკვიდრეობითობა“ და „ომი, ფემინიზმი და თანამედროვე ლიტერატურა“. თუმცა არ არსებობს კვლევა, რომელიც ეხება ტექსტში გენდერული პრობლემატიკის იმ ჭრილში განხილვას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ქალთა სახეების თანამედროვე ლიტერატურული რეპრეზენტაციის ტიპური თუ ატიპური მაგალითების განხილვით ტექსტებში გაბნეული ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართებები აღმოგვეჩინა და მათზე რეფლექსიის მეშვეობით მოგვეხელთებინა ის კულტურული კოდები, რომლებიც თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ კორპუსს გამსჭვალავს. სხვა სიტყვებით, აღნიშნული კვლევები ქალთა სახეების უბრალო აღწერით კმაყოფილდებიან.  იხილეთ სრულად