ინტერმედიალური ელემენტები ზაზა ბურჭულაძის რომანში სიმფსონები
შესავალი
დიგიტალიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროცესებმა, მედიათა ცვლამ, დაახლოებამ და შერწყმამ ხელი შეუწყო სუბმედიური სივრცის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს აბსოლუტურად ყველა მედიაზე, მათ შორის თანამედროვე ლიტერატურულ ტექსტებზე. სუბმედიალური პროდუქტის შესწავლა დღეისთვის ინტერმედიალური თეორიებისა და მიდგომების საფუძველზე ხორციელდება და თანდათანობით კომპარატისტიკის მნიშვნელოვან ქვედარგად იქცევა.
წინამდებარე ნაშრომის აქტუალობა განპირობებულია, ერთი მხრივ, ქართულ სივრცეში არსებული ინტერმედიალური ტექსტების რაოდენობის ზრდით და, მეორე მხრივ, ამ მეთოდზე დამყარებული კვლევების სიმწირით.
ინტერმედიალური ელემენტების მრავალფეროვნებითა და სიმრავლით თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აშკარად გამორჩეული ადგილი უკავია ზაზა ბურჭულაძის რომანს სიმფსონები, რომელშიც სწორედ ინტერმედიალური ელემენტების საშუალებითაა გაფართოებული ტექსტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ხელოვნების მოძველებულ დარგებთან ერთად ხდება ახალი მედიების სიმულაცია და თემატიზება (მაგ.: მითი, თქმულება, ტელესერიალი, ანიმაცია) და ჩვეულებრივი რომანი მულტიმედიურ ტექსტად იქცევა. ამგვარი მიდგომა ბევრად უფრო საინტერესოა თანამედროვე მკითხველისთვის.
ნაშრომის მიზანია რომანში სიმფსონები ჩართული ინტერმედიალური ელემენტების აღმოჩენა, მათი ფუნქციების განსაზღვრა და ურთიერთმიმართებისა და ურთიერთქმედების ჩვენება.
კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება სამიზნე ტექსტის ანალიზს, რომელიც ძირითადად წარმართულია მედიათშორის კვლევებში დამკვიდრებული კატეგორიების — სხვა მედიის იმიტაცია (პერფორმანსი), სხვა მედიაზე მინიშნება (რეფერენსი) – მიხედვით.
საკვლევი ობიექტია ზაზა ბურჭულაძის რომანი სიმფსონები და მისი მიმართება სხვადასხვა მედიურ ფორმატში წარმოდგენილ პრეტექსტებთან.