რომანტიკული იდეალის გააზრება ნოვალისის ზღაპარში სუმბული და ვარდკოკორი

ავტორი: აკაკი მიქაია


შესავალი

სუმბული და ვარდკოკორი პირველად გერმანიაში, 1798 წელს გამოიცა. მისი ავტორის, ნოვალისის, ნამდვილი სახელია ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგი. ნაწარმოები წარმოადგენს მცირე თხრობითი ფორმის ტექსტს, სახელდობრ, იგი ზღაპრის ჟანრს მიეკუთვნება. ტექსტის მოცულობა ორი გვერდია, მაგრამ ეს სრულებით საკმარისია განმანათლებლურიდან, რომანტიკული იდეალისკენ ავტორისეული სწრაფვის წარმოსაჩენად. ეს ტრანზაქცია გულისხმობს კანტისგან შილერის ფილოსოფიაში გადასვლას, სადაც ესთეტიკა მედიატორის როლს ასრულებს და მის მიზანს წარმოადგენს შეგრძნებებისა და მიზეზების ურთიერთშეთანხმება, რასაც შილერი აიგივებს თავისუფალ (ან თავისუფლების) მდგომარეობასთან (Habib 2005, 413). ჩვენი საკვლევი ობიექტის ესთეტიკურობა კი ავტორს რამდენადმე ანიჭებს თავისუფლებას და მისი რეფლექსიის წარმოსადგენად გამოვიყენებთ რუსი ფორმალისტის, ვლადიმერ პროპის, თეორიას ზღაპარზე, რომელიც გულისხმობს რამდენიმე აუცილებელი ელემენტის გამოყოფას და იმ ჩონჩხის დანახვას, რომელიც ზღაპარს საშუალებას აძლევს, ტექსტად ჩამოყალიბდეს.   

ჩვენი ესეს მიზანსაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ განვიხილოთ ნოვალისის რომანტიზმის იდეა პროპის ფორმალისტური თეორიის ჭრილში და წარმოვაჩინოთ რომანტიკული იდეალის ნოვალისისეული გააზრება. ნაშრომის პირველ თავში მოცემული იქნება თეორიული ჩარჩო, სადაც მხოლოდ პროპის ზღაპრის მორფოლოგიაზე იქნება საუბარი, მეორე ნაწილი დაეთმობა ტექსტის ისტორიულ და ჟანრობრივ კონტექსტს, რასაც მოყვება ანალიზური ნაწილი და ბოლოს ნაშრომს დავასრულებთ დასკვნით და იმ მიღწევებით, რომლებიც ამ ნაშრომში გამოიკვეთა.

  1. ვლადიმერ პროპი – ზღაპრის მორფოლოგია

რუსი მკვლევარი, ვლადიმერ პროპი, ფორმალისტურ მეთოდს იყენებს ზღაპრის არსის შესასწავლად. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია,რას აკეთებენ მოქმედი გმირები და არა ის, რა ვინაობისანი არიან ისინი (კიკნაძე). მის ძირითად მიზანს წარმოადგენს ზღაპრის ჩონჩხის კვლევა და იმ სტრუქტურების დადგენა, რომლებითაც ზღაპარი ყალიბდება. ზღაპრის მორფოლოგიაში პროპი გვთავაზობს ზღაპრის ოცდათერთმეტ ფუნქციას ან ელემენტს, რომლითაც ზღაპარი მცირე თხრობით ტექსტად ყალიბდება:

  1. ოჯახის ერთერთი წევრი ტოვებს საკუთარ სახლს.
  2. მოქმედების აკრძალვა მიმართულია გმირისკენ.
  3. მოქმედების აკრძალვა დარღვეულია.
  4. ბოროტი პერსონაჟი ცდილობს დაზვერვას.
  5. ბოროტი პერსონაჟი იღებს ინფორმაციას თავისი მსხვერპლის შესახებ.
  6. ბოროტი ცდილობს მსხვერპლის მოტყუებას რათა მან მოიპოვოს მსხვერპლზე ან მის საკუთრებებზე უფლებები.
  7. მსხვერპლი ტყუვდება და გაუაზრებლად ეხმარება თავის მტერს.
  8. ბოროტი ტკივილს აყენებს ოჯახის წევრს.
    1. ოჯახის ერთერთ წევრს აკლია რაღაც ან სურვილი აქვს ჰქონდეს რაიმე.
  9. უიღბლობა ან ნაკლებობა ცნობილი ხდება; გმირის წინაშე ჩნდება მოთხოვნა ან ბრძანება. გმირისთვის ნებადართული ხდება წასვლა ან მას აგზავნიან მოთხოვნის შესასრულებლად.
  10. მაძებარი გმირი თანხმდება ან გადაწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას.
  11. გმირი ტოვებს სახლს.
  12. გმირს გამოცდიან, დაკითხავენ, თავს დაესხმიან და ა.შ. , რაც რომელიც ამზადებს ნიადაგს იმისთვის რომ მან მაგიური აგენტი მიიღოს ან დამხმარე.
  13. გმირი რეაგირებს მომავალი დონორის ქმედებებზე.
  14. გმირი იძენს მაგიური აგენტის გამოყენების უნარს.
  15. გმირი გადაყვანილია, გადაცემულია, ან დამოძღვრილია იმ ნივთის ადგილსამყოფლის შესახებ რომელსაც ის ეძებს.
  16. გმირი და ბოროტი პერსონაჟი ერთმანეთთან ბრძოლას იწყებენ.
  17. გმირი აღიარებულია როგორც გმირი.
  18. ბოროტი განადგურებულია.
  19. საწყისი უიღბლობა ან ნაკლებობა აღმოფხვრილია.
  20. გმირი ბრუნდება.
  21. გმირი დევნილია.
  22. გმირის ხსნა დევნილობისგან.
  23. გმირი როგორც უცნობი ბრუნდება უკან სახლში ან ქვეყანაში.
  24. ცრუ გმირი წარმოადგენს უსაფუძვლო მონაპოვარს.
  25. გმირისთვის შეთავაზებულია რთული დავალება.
  26. დავალება შესრულებულია.
  27. გმირი ამოცნობილია.
  28. ცრუ გმირი ან ბოროტი გამოვლენლია.
  29. გმირს ახალი გარეგნობა აქვს.
  30. ბოროტი ისჯება.
  31. გმირი ქორწინდება ან მოიპოვებს ტახტს.
  32. საკვლევი ტექსტის ისტორიული და ჟანრობრივი კონტექსტი

რომანტიზმი XVIII საუკუნეში იწყებს არსებობას. რომანტიზმის სამ წინაპირობად ფრიდრიჰ შლეგელი მიიჩნევს: საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას, ფიხტეს ფილოსოფიასა და გოეთეს რომანს ვილჰელმ მაისტერის მოსწავლეობის წლები. საფრანგეთის ბურჟუაზიულმა რევოლუციამ მსოფლიოს ის იმედები გაუქრო, რომლებიც მათ განმანათლებლობაზე დაამყარეს და შესამჩნევი გახდა პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა ინდივიდების მხრიდან და ძირითად ღირებულებას ფული წარმოადგენდა. ამან კი გარკვეულწილად განაპირობა ზოგიერთი ხელოვანისა თუ მწერლის მიდრეკილება ირაციონალურისაკენ და ბუნებისკენ სწრაფვა. მწერალი რომანტიზმის პერიოდში იწყებს იმის გადააზრებას, რომ საჭიროა ადამიანური ღირებულებების აღდგენა, მაგრამ მათი პროექტი არსებულ რეალობას ვერ უთანხმდებოდა და ეს პროექტი გადაიქცა იდეალად. იდეალი კი თავის მხრივ დაუპირისპირდა სინამდვილეს (ცაგარელი 31). რომანტიზმისთვის მიუღებელმა სინამდვილემ ასევე განაპირობა ის, რომ რომანტიზმისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა თავად ხელოვნება და ხელოვანი. შესაბამისად „დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოცნებას, ფანტასტიკას, მგრძნობელობას. რომანტიკული ესთეტიკის განუყოფელი ელემენტია სიმბოლურობა და სწრაფვა უჩვეულობისკენ.“ (ცაგარელი 31) მთავარი ჟანრები კი იყო ლექსი, ზღაპარი, ფანტასტიკური მოთხრობა, ფრაგმენტი (ცაგარელი 31).

მართალია, სუმბულისა და ვარდკოკორის ზღაპარი განეკუთვნება ზღაპრის ჟანრს, მაგრამ ეს არის ლიტერატურული ზღაპარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს კონკრეტული ავტორი, რითაც იგი განსხვავდება ტრადიციული ზღაპრებისგან, რომლებიც ხალხური ზღაპრებია და ერთი კონკრეტული ავტორი არ მოეპოვებათ. რომანტიზმის პერიოდში კი „მწერალმა აღმოაჩინა ზღაპრის მხატვრული შესაძლებლობები: როგორც ონტოლოგიური ემანსიპაციის საშუალება იგი ათავისუფლებდა მწერლის წარმოსახვას სხვადასხვა შეზღუდვებისგან.“ (ცაგარელი, 4) სწორედ ამ ჟანრს ეწოდა ლიტერატურული ზღაპარი ანუ – გერ. Kunstmärchen.

  1. ანალიზური ნაწილი

ლიტერატურული ზღაპრის ერთ-ერთი მაგალითია სუმბული და ვარდკოკორის ზღაპარი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიტერატურულ ზღაპარს ახასიათებს გაცილებით მეტი თავისუფლება, ვიდრე ხალხურს. სწორედ ამიტომაცაა, რომ საკვლევი ტექსტი მთლიანად და თანმიმდევრობით არ თავსდება პროპის თეორიაში, რომელიც ხალხური ზღაპრების კვლევაზეა დაფუძნებული, მაგრამ ტექსტის უმეტესი ნაწილი ხასიათდება იმავე ფუნქციებით ან ელემენტებით, რომლებსაც რუსი მეცნიერი გამოყოფს თავის ფორმალისტურ ანალიზში. ჩვენს შემთხვევაში, ზღაპრის მორფოლოგიის 21-დან 27-ის ჩათვლით არსებული ელემენტები საერთოდ არ არსებობს სუმბულისა და ვარდკოკორის ზღაპარში. ასევე გადაადგილებულია რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავ უფრო დეტალურად.

ზღაპარი იწყება იმ გარემოს აღწერით, რომელშიც მთავარი მოქმედი პირი ცხოვრობს და ეს სივრცე აღწერილია ბუნების ელემენტებით. თავად გმირიც ერთ-ერთ ყვავილად არის მოხსენიებული და მას სუმბული ჰქვია, ხოლო მის მიჯნურს — ვარდკოკორი. ასევე ტექსტში მოხსენიებულნი არიან სხვა მცენარეები და მათ შვილებად მოიხსნიებენ. გარკვეული დრო გადის, რის შემდეგაც სუმბული ვინმე მოხუც კაცს შეხვდება, რომელიც წიგნს დაუტოვებს. ეს წიგნი კი განადგურებული იქნება ქალი ჯადოქრის მიერ და ამის შემდეგ სუმბული იწყებს მოგზაურობას, რათა საგანთა დედა იპოვოს. თავის მიზანს კი ის ბოლოს მაინც მიაღწევს და უკან ბრუნდება სახლში.

პირველი ელემენტი, რომელზეც მსჯელობს პროპი, არის გმირის მიერ სახლის დატოვება და, როგორც თავად დასძენს, ეს შეიძლება იყოს ყოველდღიური დაშორება ან წასვლა სახლიდან (სამუშაოდ, სათევზაოდ და ა.შ) (Propp 1968 , 12). სუმბული კი მუდმივად ტოვებს სახლს და ხან წყაროებთან ჩადის, ხან სხვა ყვავილებთან ლაპარაკობს, მაგრამ იგი არასდროს არ ტოვებს თავის სამყაროს, რომელსაც შეიძლება იდეალურიც ვუწოდოთ. ის სივრცე კი, სადაც სუმბული არსებობს, შეგვიძლია რომანტიკულ იდეალად ჩავთვალოთ, სადაც ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირშია მოქმედი პირი და მასთან მცენარეები და წყაროები ლაპარაკობენ. მისი გარემო მთლიანად ბუნებით არის განპირობებული და მასში სხვა აზრები არ არსებობს. სუმბულის მოქმედებები კი არ არის შეზღუდული (ის, რასაც ის აკეთებს, აუცილებლობით (მუშაობის აუცილებლობით, ბრძანების გამო და ა.შ) არ არის განპირობებული) და იგი სრულიად თავისუფალია, რაც თავი მხრივ ეწინააღმდეგება პროპის მეორე ელემენტს, ასევე აქვე პროპი დასძენს რომ: „მეორე ფუნქციონერი და მესამე დაწყვილებული ელემენტები არიან. ხანდახან მესამე ფუნქციონერს შეუძლია არსებობდეს პირველის გარეშე“. (Propp 1968, 13-14) ჩვენს შემთხვევაში, კი მეორე და მესამე ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან და სუმბულის თავისუფალი მოქმედების უფლება არღვევს პროპის ამ ორ ელემენტს. ნოვალისი პირდაპირ პირველი ელემენტიდან მეოთხეზე გადადის.

მეოთხე ელემენტი ეს არის ბოროტის შემოსვლა, რომელიც ტექსტში აღწერილია მოხუც კაცად, რომელსაც „გრძელი წვერი ჰქონდა, ღრმა თვალები და საშინელი წარბები.“ (ნოვალისი 2008, 41) თუ გავითვალისწინებთ მოხუცი კაცის გარეგნობასა და იმას, რომ იგი წიგნს უტოვებს სუმბულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერსონაჟი განმანათლებლობას უნდა განასახიერებდეს, რომელიც ცდილობს რომანტიკულ იდეალში შეჭრას. მომდევნო, მეხუთე საფეხურზე კი ბოროტი ცდილობს გმირისგან ინფომრაციას მიღებას. სუმბულისა და ვარდკოკორის ზღაპარში ინფორმაციის მიღება მხოლოდ სავარაუდოა და ნოვალისი მხოლოდ გვეუბნება, რომ მოხუცი კაცი სამი დღე დარჩა სუმბულთან და ისინი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. დიალოგი კი შეიძლება ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ ჩაითვალოს. ტექსტი შემდეგ გადადის მეექვსე ელემენტზე, რომელშიც იგულისხმება ბოროტის მიერ მოქმედ გმირზე გავლენის მოპოვება. საკვლევ ტექსტში კი ვკითხულობთ:

ვარდკოკორს ერთი სული ჰქონდა, როდის მოშორდებოდა ეს ჯადოქართა დიდოსტატი იქაურობას, რადგან სუმბული მუდამ უცნობის საუბრებში იყო ჩართული და ამქვეყნად სხვა არაფერი ადარდებდა, საჭმელსაც კი არ ეკარებოდა. (ნოვალისი 2008, 41)

ამრიგად, სუმბული მთლიანად მოქცეულია მოხუცის გავლენის ქვეშ და მოხუცი თავისი გავლენის განსამტკიცებლად და დასადასტურებლად უტოვებს წიგნს, რომლის წაკითხვაც არავის შეეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის დატოვებითა და მოხუცის მამრობითი სქესით დასტურდება ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი განმანათლებლობისა და რაციონალობის სიმბოლოა. მეშვიდე ელემენტს კი სუმბული წიგნის გამორთმევით ადასტურებს ანუ ის მოტყუვდება, გონება მოეწამლება მოხუცის ამბებით და იგი რამდენადმე გაუაზრებლად უწყობს მტერს (მოხუცს) ხელს. გონების მოწამლვა ცვლის გმირის ბუნებას, რაც იწვევს ვარდკოკორს გაღიაზიანებას და მისთვის ტკივილის მიყენებას, რითაც ტექსტში დასტურდება მერვე ელემენტი პროპის თეორიიდან. შემდეგ რუსი მეცნიერის ტექსტი გადადის მერვე ა ელემენტზე, რომელშიც იგულისხმება, რომ ოჯახის წევრს რაღაც აკლია ან სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს. მოხუცის ამბების შედეგად სუმბული აღმოაჩენს, რომ მას რაღაც აკლია და ამ რაღაცის პოვნის სურვილი უჩნდება. ამ რაღაცის ნაკლებობა პროპთან ცნობილი ხდება მეცხრე ელემენტზე, მაგრამ ჩვენს ტექსტში IX, X და XI ელემენტები გადატანილია და ისინი გვხვდება XII, XIII, XIV და XV ელემენტების შემდეგ.

XII, XIII, XIV და XV ელემენტები დაკავშირებულია მედიუმთან ან დონორთან (როგორც მას პროპი უწოდებს) და ამ ელემენტთა ძირითად ფუნქციას შეადგენს, გმირს დახმარება გაუწიონ და მიმართულება ან მაგიური აგენტი მისცენ, რომელიც გმირს მიზნამდე მიიყვანს. დონორის როლს ტექსტში ასრულებს ტყეში მცხოვრები ქალი ჯადოქარი, რომელიც სუმბულისთვის ნაჩუქარ წიგნს წვავს და მას მიასწავლის საგანთა დედის ადგილსამყოფელს. თუ ამ ყველაფერს ალეგორიულად ავხსნით, ჯადოქარი ქალი გაიგივებული იქნება ირაციონალურობასთან და მის მიერ წიგნის დაწვა სწორედ რაციონალურის დაძლევისკენ არის მიმართული. ჯადოქართან საუბრის შემდეგ გმირის სულიერი მდგომარეობა ოდნავ ბალანსდება და თუ ადრე მოხუცის ნაამბობის შემდგომ გმირი რაციონალურობის ტყვე იყო, ახლა მის ცნობიერში ირაციონალურიც შემოდის. თუ ადრე სუმბული მხოლოდ თავის  ფიქრებში იყო ჩაძირული და გონებით ჭვრეტდა, სახლის დატოვებამდე ამბობს, რომ „გული სულ სხვაგან მიმიწევს“ (ნოვალისი 2008, 41). გონებრივი ჭვრეტიდან გულის გზისკენ გადასვლა კი ერთგვარად წააგავს შილერის იდეას გრძნობებისა და მიზეზების ურთიერთშერწყმაზე, რომელიც შილერს საუკეთესო გზად მიაჩნდა პიროვნების განსავითარებლად. ელემენტების ამ ეტაპისთვის გმირი რამდენადმე დაბალანსებულია და ტექსტში იწყება დანარჩენი ელემენტების შემოსვლა.

სუმბულის მიერ საგანთა დედის არსებობის გაგება პროპის მეცხრე ელემენტს შესაბამება, რასაც ლოგიკურად მოყვება მის მიერ თავისი მიზნის ძებნის წყურვილი და სახლის დატოვება, რითაც IX, X და XI ელემენტების არსებობა დასტურდება.

სუმბულის მოგზაურობის დასაწყისში ვხვდებით XVI ელემენტს, რომლის თანახმად გმირი და ბოროტი ერთმანეთს უნდა შეებრძოლონ, მაგრამ საკვლევ ტექსტში ეს კონფლიქტი გადატანილია თვითონ სუმბულის პიროვნებაში და ეს ბრძოლა არა ფიზიკურ, არამედ სულიერ და გონებრივ დონეზე მიმდინარეობს. სუმბულის მდგომარეობის ევოლუციას ავტორი მიგვანიშნებს იმ გარემოს აღწერით, რომელსაც გმირი გადის. თავდაპირველად მას უწევდა ხრიოკ და უდაბურ ადგილებში სიარული, ცუდი ამინდის გადატანა და ა.შ. შემდეგ კი გმირის სულის ძვრები იწყება და „ბუნებაც ნელ-ნელა გამდიდრდა, ჰაერი საამოდ თბილი და ლურჯი გახდა, გზამაც გაივაკა. ამწვანებული ბუჩქები თავიანთ საამურ ჩრდილქვეშ იწვევდნენ ჭაბუკს.“ (ნოვალისი 2008, 41)  ამავე ციტატიდან ჩანს, რომ სუმბული ისევ უკავშირდება ბუნებას, რაც მის სულიერ ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს და იგი რაციონალურიდან ისევ თავისი რომანტიკული იდეალისკენ იწყებს სვლას, სადაც ის ისევ სუმბულად უნდა იქნას აღიარებული. პროპთან ეს XVII საფეხურია და გმირის ბედნიერებას ანუ მის გმირად აღქმას გულისხმობს, ამის არგუმენტად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ წყარო და ყვავილები სუმბულს მიასწავლიან საგანთა დედის სამყოფელს, რითაც გმირის ლეგიტიმურობა და მისი „სუმბულად“ დაბრუნება საბოლოოდ დასტურდება. ამ დროს კი გმირი გადადის XVIII საფეხურზე, სადაც მან ბოროტება საბოლოოდ უნდა დაამარცხოს. ბოროტების ანუ განმანათლებლობის ან ცოდნის დამარცხებას კი იგი ახერხებს ძილით. ძილში ნანახი სიზმარი ხდება ის, რაც მას საშუალებას აძლევს საგანთა დედა, ანუ რეალური ცოდნა, იპოვოს. ეს კი სიმბოლო ხდება რომანტიზმის ერთერთი მთავარი იდეისა, სადაც ცოდნა არის სულიერი გამოცდილება და ეს ცოდნა არსებობს ინდივიდში და მასთან წვდომა მხოლოდ რაიმე არარაციონალური გზით არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში კი ეს სიზმარია, სადაც სუმბული იმ ნაკლებობას აღმოფხვრის, რომელიც ტექსტის დასაწყისში ჰქონდა. ნაკლებობის აღმოფხვრით კი გავდივართ XIX ელემენტს და გადავდივართ XX ელემენტთან, რომელშიც გმირის სახლში დაბრუნება იგულისხმება, რადგან საგანთა დედა, რომელსაც ასე გამწარებით ეძებდა, ვარდკოკორი აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ სუმბულს უკვე ჰქონდა და იცოდა, რა იყო საგანთა დედა, მაგრამ მასში ცოდნის შემოსვლამ განაპირობა ის, რომ სუმბულმა დაკარგა მასთან წვდომა და მოუხდა გზის გავლა, რათა თავიდან ეპოვნა ის, რაც მას უკვე ჰქონდა.

ბოლო ოთხი ელემენტის: XXVIII, XXIX, XXX და XXXI ელემენტებს კი ავტორი უკანასკნელ აბზაცში ატევს

მას შემდეგ კი, კიდევ დიდხანს იცხოვრეს ერთად სუმბულმა და ვარდკოკორმა თავიანთ მშობლებთან და მეგობრებთან ერთად. ურიცხვი შვილიშვილები მადლობას სწირავდნენ იმ ჯადოქარ ქალს მისი რჩევისა და ცეცხლისათვის. მთელი სამყარო ბავშვებს აევსო… (ნოვალისი 2008, 42)

ბოლო აბზაცში აშკარად ჩანს, რომ ბოროტება (ცოდნა ან განმანათლებლობა) გამოვლენილია (XVIII ელემენტი), რაც ჯადოქარი ქალისთვის მადლობის გადახდაში მდგომარეობს. ასევე ბოროტი დასჯილია (XXX ელემენტი) და მთლინად მოდგმამ იცის ამ ბოროტების შესახებ. გმირის ახალი გარეგნობა (XXIX ელემენტი)  და გმირის ქორწილი (XXXI ელემენტი) ტექსტში ახალი არ არის, მაგრამ მოგზაურობისა და სულიერი აღმოჩენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი მიზანი მას უკვე აღმოჩენილი ჰქონდა და ისევ თავიდან აღმოაჩინა, რითაც  ეს ორი ძველი ელემენტი განახლდა გმირის ევოლუციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

დასკვნა

ვლადიმერ პროპის თეორიამ რამდენადმე მარტივი გახადა ნოვალისისეული რომანტიკული იდეალის წარმოჩენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეს იდეალური მდგომაროება ადამიანს ბუნებით მდოგმარეობაში აქვს, რომელსაც არღვევს ცოდნის შემოსვლა ადამიანის ცხოვრებაში და ამ მდგომარეობაში დაბრუნების გზად ნოვალისი ისახავს ირაციონალურობას, რაიმე მეტაფიზიკურობას ან რაიმე ისეთს, რომელიც ამ სამყაროს გარეთ არსებობს. ჩვენს შემთხვევაში ეს სიზმარი იყო და ტექსტში ძილი გვევლინება გარეგანი ცოდნის დამმარცხებლად, ე.ი. იმ ცოდნისა, რომელსაც ინდივიდები გარეთ ეძებენ. აქვე გულისხმობს ნოვალისი, რომ რეალური ცოდნის მიწვდომა მხოლოდ ირაციონალური გზით არის შესაძლებელი. მართალია, ტექსტი საფრანგეთის რევოლუციამდეა დაწერილი, მაგრამ უკვე იგრძნობა განმანათლებლობის მიმართ იმედგაცრუება და მწერლის მიერ რომანტიკულ იდეალზე ფიქრი.

გამოყენებული ლიტერატურა

ქართულად

  1. კიკნაძე, ზურაბ. ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია. http://www.georoyal.ge/?m=1000&id=3392 . 16/07/2017/. 13:52.
  2. ნოვალისი. 2008. სუმბულისა და ვარდკოკორის ზღაპარი, (ლიტერატურა და ხელოვნება), გვ.: 40-42. მთარგმნ. კონსტანტინე ბრეგაძე. თბილისი: ეროვნული მწერლობის სტამბა.
  3. ცაგარელი, ლევან. ლიტერატურული გვარები და ჟანრები. https://argus.iliauni.edu.ge/ge/student/me/course/files/110688/26 . 16/07/2017/. 14:46.

ინგლისურად

  1. Habib, Rafey. 2005. A History of Literary Criticism: From Plato to the Present. UK: Blackwell Publishing Ltd.
  2. Propp, Vladimir. 1968. Morphology of The Folk Tale. Translation: The American Folklore Society and Indiana University. https://ru.scribd.com/doc/146825827/Vladimir-Propp-The-Morphology-of-Fairytale-pdf . 16/07/2017/. 13:55
  3. Ross, Elinor. Language Arts, Vol. 56, No. 4 (April 1979), pp. 422-426: Comparison of Folk Tale Variants. : http://www.jstor.org/stable/41404821 . 17/07/2017/. 15:39.