სეკულარიზაციის შესახებ დებატები და მისი აპლიკაცია თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში

4 (1)ნინო ირემაშვილი, თამარ მოცრაძე, თეა კახაძე, მზია სილაგაძე, ზვიად ზალიკიანი
pdf

 

 

აღნიშნული ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ, თანამედროვე ქართულ ნაციონალურ იდენტობაში ტრადიციულ და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებათა ინკორპორირების ხარისხი და კორელაციის ტიპი. აღნიშნულ საკითხს, განვიხილავთ, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, წამყვან პოლიტიკურ აქტორთა მიერ ფორმირებული ეროვნული იდენტობის ტიპის ანალიზის საფუძველზე.

აღნიშნული ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ, თანამედროვე ქართულ ნაციონალურ იდენტობაში ტრადიციულ და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებათა ინკორპორირების ხარისხი და კორელაციის ტიპი. აღნიშნულ საკითხს, განვიხილავთ, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, წამყვან პოლიტიკურ აქტორთა მიერ ფორმირებული ეროვნული იდენტობის ტიპის ანალიზის საფუძველზე. რამდენადაც, ერის თვითიდენტიფიცირება ნაცoონალური იდენტობის რომელიმე ტიპთან, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პოლიტიკურ აქტორთა წარმოდგენებზე ერისა და სახელმწიფოს შესახებ, სახელმწიფოს პოლიტიკური ორიენტაციისა და ეროვნული იდენტობის შესახებ, რის საფუძველზეც, უნდა მოხდეს ერთ სახელმწიფოში მცხოვრები ინდივიდების მობილიზაცია[1], პოლიტიკურ აქტორთა მიერ ფორმირებული, საერთო ეროვნული იდენტობისადმი იდენტიფიცირების საფუძველზე.

პოლიტიკურ აქტორთა წარმოდგენებს ეროვნული იდენტობის შესახებ, განვიხილავთ, მათი წინასაარჩევნო მიმართვების მიხედვით, რამდენადაც, წინასაარჩევნო მიმართვებში ყველაზე მძაფრად ხდება პოლიტიკურ კანდიდატთა მიერ, ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად წარმოებულ კამპანიაში იმ ღირებულებების, ხედვებისა და ორიენტაციის დემონსტრირება, რისი მეშვეობითაც, უნდა მოხდეს ერის მობილიზება განსაზღვრული კურსის განსახორცილებლად.

ქართული რეალობის მიხედვით, წამყვან პოლიტიკურ აქტორებად განვიხილავთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სახელმწიფოს სათავეში მყოფი პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის„ ლიდერს – პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ზემოთ ხსენებულ არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერს – პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

უახლოესი მოვლენების ფონზე, საჭიროა, სათანადოდ იქნას განხილული წამყვან პოლიტიკურ აქტორთა მიერ ფორმირებული ეროვნული იდენტობის ტიპი, ანუ ის, რასთანაც, მათი წარმოდგენით, უნდა მოახდინოს ქართველმა ერმა თვითიდენტიფიცირება. ამ მოვლენებში იგულისხმება, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი 2 პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური დაპირისპირება, რასაც შედეგად სახელმწიფოს სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალთა ცვლილება მოჰყვა. აღნიშნული შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ ერთი პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ხედვებს სახელმწიფოსა და ქართული ეროვნული იდენტობის შესახებ და ქართველი ერის მიერ ამ ხედვებთან იდენტიფიცირების პროცესში გარკვეული დისბალანსი შეიქმნა, რისი დაბალანსების გამოწვევაც, ბუნებრივია, დაუკავშირდა მეორე წამყვან პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნების“ სახით. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ამ ორი პოლიტიკური ძალის ხედვების შეპირისპირება და შედარება იმისათვის, რომ გავაანალიზოთ რასთან შეიძლება ახდენდეს უშუალოდ ერი (ამომრჩეველი) საკუთარი თავის თვითიდენტიფიცირებას და განვიხილოთ, მოჰყვა თუ არა ეროვნული იდენტობის სახეცვლილება პოლიტიკურ ძალთა ცვლილებას?

საინტერესოა, რატომ უნდა დაეკარგა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ- ღირებულებით კურსს ქართველი ერის უმრავლესობის მხარდაჭერა? 90- იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებას იწყებს ეთნიკური ნაციონალიზმი, ანუ კოლექტიურ იდენტობად აღიქმებოდა ნათესაურ კავშირსა და სისხლზე დამყარებული ეთნიკური იდენტობა. ეთნიკური ნაციონალიზმი, როგორც მისი ისტორიული პრაქტიკიდან ჩანს, სხვადასხვა ეთნიკური კონფლიქტის საფუძველი გახდა (მაგალითად, ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით), ამიტომ მრავალეთნიკური სახელმწიფოსათვის ეროვნული იდენტობის აღნიშნული ფორმა არასასურველად შეიძლება მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანი როლი ეთნიკური ნაციონალიზმის სამოქალაქო ნაციონალიზმად გარდაქმნის მცდელობაში 2003 წლის რევოლუციის შედეგად, ხელისუფლების სათავეში მოსულ ახალ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. სამოქალაქო ნაციონალიზმის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ისეთი ეროვნული იდენტობის ფორმირება, რომელიც საერთო იქნება სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა ჯგუფისათვის და ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც აღნიშნული ჯგუფები თანაბარი სამართლებრივი უფლებებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. ჯეკ სნაიდერს (Jack Snyder) შემოაქვს ნაციონალური იდენტობის კიდევ ერთი ტიპი – რევოლუციური ნაციონალიზმის სახით, რომელიც კიდევ უფრო ახლოს დგას ქართული ეროვნული იდენტობის სპეციფიკასთან.[2]

ნაციონალიზმის რევოლუციური ფორმის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად საფრანგეთის რევოლუციური ნაციონალიზმი შეგვიძლია შევარჩიოთ (საფრანგეთი მე-18 საუკუნის ბოლოს). რევოლუციური ნაციონალიზმის მიხედვით, სახელმწიფოს მოქალაქეობა დაფუძნებულია საერთო ტერიტორიაზე ცხოვრებასა და პოლიტიკური ლოიალობის პრინციპებზე, გამორიცხავს, ეთნიკური მიკუთვნებულობის მიხედვით სამოქალაქო უფლებათა დიფერენციაციას. რევოლუციური ნაციონალიზმი ინდივიდუალურთან შედარებით კოლექტივისტურ ღირებულებაზე უფრო მეტ აქცენტს სვამს, რადგან სწორედ „კოლექტივისტური ერთობის“ (ინდივიდუალური იდენტობა ექვემდებარება კოლექტიურ იდენტობას და ყალიბდება ერთიანი კოლექტივისტური „ორგანიზმი“) მხარდაჭერა იცავს პოლიტიკური რევოლუციის გზით მოსულ რეჟიმს, რომელიც „ერის სახელით“ მართავს სახელმწიფოს და მტრად თვლის ყველას, ვისაც ცვლილების უკან დაბრუნება სურს. 2003 წლის რევოლუციით მოსული პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან გამოსასვლელად აყალიბებს სახელმწიფოს აღმშენებლობის გეგმას, აფორმირებს პოლიტიკურ იდენტობას – მომავლის საქართველოს, როგორც მოდერნიზებული და დინამიურად პროგრესირებადი ქვეყნის შესახებ. ამ იდეის განსახორციელებლად კი, აუცილებელია ახლადფორმირებული პროგრესული პოლიტიკური იდენტობისა და ამ იდენტობის მაკონსტრუირებელი პოლიტიკური რეჟიმის დაცვა, როგორც საგარეო, ასევე, საშინაო „მტრებისაგან“. როგორც ვხედავთ, როგორც რევოლუციური, ისე სამოქალაქო ნაციონალიზმი აპრიორად დაფუძნებული სამოქალაქო ერთობის პრინციპს ემყარება,მაგრამ აღნიშნული არ ქმნის ამ ორი ტიპის იგივეობრივ საფუძველს. არსებობს 2 სპეციფიურობა, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს ნაციონალიზმის ამ ფორმებს ერთმანეთისგან: 1) როგორც უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ, რევოლუციური ნაციონალიზმი აქცენტს სვამს კოლექტიური იდენტობის აპრიორულობაზე, სამოქალაქო ნაციონალიზმისაგან განსხვავებით. ამ შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს დამთხვევა არსებული პოლიტიკური რეჟიმის ხედვებსა და ერის (ამ შემთხვევაშიც, ყურადღება გამახვილებულია „კოლექტივისტური ერთობის“ აპრიორულობაზე) პოლიტიკურ იდენტობას შორის. 2) რევოლუციური ნაციონალიზმი პოლიტიკურ ოპონენტს, როგორც მისგან განსხვავებული ხედვების მქონეს წარმოადგენს, როგორც მტერს „პროგრესული“ სახელმწიფოს შენების გზაზე, რაც ხელს უშლის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ლიბერალური კონკურენციის განვითარებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განპირობებულია კონკურენტული, ლიბერალური ინსტიტუციონალური პრაქტიკის დეფიციტით.[3]

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს ნაციონალური იდენტობის ტრადიციულ-კულტურულ საფუძვლებში დეტრანსცენდირებული ინსტიტუციური რელიგიის[4] ინკორპორირების ანალიზში. აღნიშნული გულისხმობს, ეკლესიის შესაძლებლობას მოახდინოს ნაციონალური კულტურის საკუთარი ინტერპრეტაცია. ამისათვის უნდა განვიხილოთ, სახელმწიფოსა და ინსტიტუციური რელიგიის (დეტრანსცენდირებული რელიგია) მიერ ეროვნული იდენტობის კონსტრუირების საკითხი და მათ შორის კორელაცია.

უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროცესი, რომელიც მე-19 საუკუნეში სეკულარიზაციის სახელით მიმდინარეობს რეალურად დიამეტრალურად განსხვავდება ამ სიტყვის შინაარსისაგან და მას უფრო „საკრალურის ინსტიტუციონალიზაცია“ შეიძლება ვუწოდოთ, რაც რელიგიის, როგორც „საყოველთაო ინსტიტუტად ქცევის პროცესს“ გულისხმობს. „რელიგიის საყოველთაო ინსტიტუტად ჩანოყალიბებისა და ეროვნული, ნაციონალური იდენტობის ფორმირების პროცესის გავრცელება დაიწყო ერთსა და იმავე დროს ერთი და იმავე საშუალებებით – განათლება და მედია“. ორივე მათგანი საერთო ნიშნით ხასიათდება და დამყარებულია ტრადიციის გამოგონებაზე – ნაციონალიზმი წარსულის გამოგონილ ტრადიციას ეყრდნობა და ამ ძალით ცდილობს საერთო კოლექტიური იდენტობის ფორმირებას, ხოლო რელიგია მომავლის ტრადიციის შექმნაზე აკეთებს აქცენტირებას. აღნიშნული მიგვანიშნებს მათ შორის არსებულ გარკვეულ კორელაციაზე, რაც შემდეგი სახით წარმოგდგება – ყალიბდება 2 სახის ინსტიტუციური რელიგია:1) ტრანსცენდენტური, რომელიც უშუალოდ ინდივიდის სულიერ ხსნასთან არის მხოლოდ დაკავშირებული და როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე მომავლის ტრადიციის შემუშავების სტრატეგიებს სთავაზობს საზოგადოების წევრებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიზიაროთ მოსაზრება „ამერიკელი ერის, როგორც მომავლის ტრადიციის კონსტრუირების საფუძველზე შექმნის“ შესახებ; 2) დეტრანსცენდირებული, რომელიც „ეროვნულ იდენტობაშია ინკორპორირებული“ და ქმნის ეროვნული იდენტობის საკუთარ მოდელს. ჩართულია წარსულის ტრადიციის შექმნის პროცესში, ახდენს წარსულის ტრადიციათა შენარჩუნებასა და ინტერპრეტაციას, ასევე, საკუთარი როლის განსაზღვრას წარსულის ისტორიულ პრაქტიკებში. [5]

რელიგიის ტრანსცენდენტურობა გულისხმობს, რომ რელიგია არ ახდენს საზოგადოების პოლიტიკური ფორმის სტრუქტურირებას, ხდება რწმენის „რელატივიზაცია“, რომლის საბოლოო შედეგია რელიგიური რწმენის ტრანსფორმაცია სუბიექტურ იდენტობაში. რელიგია იქცევა ადამიანის პირად საქმედ და არა კოლექტიური ცხოვრების აუცილებელ პირობად.[6] აღნიშნული მოდელი სრულიად შეესაბამება დემოკრატიულ და ლიბერალურ პრინციპებს, სახელმწიფოს მოწყობის სეკულარულ მოდელს, სადაც რელიგია განიხილება ერთ-ერთ ინსტიტუტად სხვა ინსტიტუტებს შორის სოციალური კეთილდღეობისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხში (რელიგიის როლი საჯარო სივრცეში). დიფერენციაცია[7] ხელს უწყობს რელიგიის ეფექტურ ფუნქციონირებას საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში, რამდენადაც სამართლებრივად ის არ ფლობს დომინანტურ როლს ლიბერალურ კონკურენციაში ჩართულ სხვა ჯგუფებთან შედარებით.

მართლმადიდებელი ეკლესია (დეტრანსცენდირებული რელიგიის სახით) მიისწრაფვის სახელმწიფოში დომინანტური პოზიციის დასაკავებლად, რამდენადაც თვლის, რომ ლიბერალურ კონკურენციაში თანაბარი სამართლებრივი სტატუსი ვერ უზრუნველყოფს „მოქმედების თანაბარ პირობებს“, ამიტომ „განსხვავებულობის“ სამართლებრივი აღიარება და მოქმედების თანაბარი სამართლებრივი პირობები, ამ შემთხვევაში, აღიქმება, როგორც საფრთხე მართლმადიდებლობის დისკრედიტაციის სახით. აღნიშნული მიდგომა, ალბათ, „წარსულის ნეგატიური გამოცდილების ნაწილია, სადაც განსხვავებულობა ნიშნავდა დამორჩილებასა და ჩაგვრას, გადარჩენისათვის ბრძოლას მძლავრი სეკულარული და ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში“[8] (მაგალითად, 2012 წლის ზაფხულში, საქართველოში სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა) .

დეტრანსცენდირებული რელიგია ნაციონალურ იდენტობასთან ერთად ვრცელდება. დეტრანსცენდირებული ეკლესიის მსახურებაში მონაწილეობის მიღება ერის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღებას გულისხმობს. დეტრანსცენდირებულ ეკლესიაში სულის გადარჩენა ეროვნული ტრადიციების ერთგულების „წმინდა“ მოვალეობასთან არის დაკავშირებული.[9] იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულია დეტრანსცენდირებული ეკლესიის უპირობო როლი ეროვნული იდენტობისა და ეთნიკურობის შენარჩუნების საკითხში, შესაძლოა ეთნიკურობა თავისთავად გულისხმობდეს განსაზღვრულ რელიგიურ მრწამსს, მაგალითად, როდესაც ქართველობა გულისხმობს, ამავდროულად, მართლმადიდებლად ყოფნას. ხოლო, როდესაც საზოგადოების ძირითადი ნაწილის მხრიდან ხდება ეკლესიის დომინანტური როლის აღიარება ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში, სახეზე გვაქვს, ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ იდენტობათა თანხვედრა. დეტრანსცენდირებული ეკლესიისა და სახელმწიფოს „ჰარმონიული“ თანაარსებობა (სახელმწიფოს მართვის ბიზანტიური მოდელი) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მმართველი პოლიტიკური ელიტის პოლიტიკურ/ ღირებულებით კურსზე და ტრადიციული ღირებულებებისადმი მის დამოკიდებულებაზე. ეკლესიის დეტრანსცენდირების საკითხი, კი დამოკიდებულია კონკრეტული პიროვნებების -საეკლესიო იერარქთა და პოლიტიკურ აქტორთა გადაწყვეტილებებზე და კონკრეტულ გარემო პირობებზე.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ ტრადიციული ღირებულებების წინ წამოწევა არ გულისხმობს რელიგიის დეტრანსცენდირების აუცილებლობას, რაც მას ისტორიული ტრადიციული მემკვიდრეობის ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს. მე-19 საუკუნეში საქართველოში ნაციონალური იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში რელიგიური მოტივებს მხოლოდ მეტაფორული ხასიათი ჰქონდა. ეროვნული მობილიზების საფუძვლად ტერიტორიული მთლიანობისა და ქართული მონარქიის გაუქმების პრობლემები განიხილებოდა (1801წ). ილია ჭავჭავაძემ შექმნა პირველი ქართული ნაციონალური იდენტობის სეკულარული მოდელი, სადაც პოლიტიკური ერთობის პრინციპად საერთო ისტორიისა და მამულის ცნება შემოიტანა, ამ მოდელში ცენტრალური ადგილი, სუვერენის ნაცვლად უკავია ხალხს, როგორც საერთო იდენტობის მქონე კოლექტიურ „წარმოსახვით ერთობას“. ილია ჭავჭავაძის კანონიზაციის მოთხოვნა ეროვნული მოძრაობის მომავალი ლიდერების მიერ და 1987 წელს მისი კანონიზაცია ფაქტიურად ახალი ეროვნული იდენტობის ფორმირების აქტად წარმოგვიდგება, იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესიას ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში. ქართული სეკულარული ნაციონალური იდენტობის „შემქმნელის“ წმინდანად შერაცხვით, ეკლესიამ მოახდინა ტრანსფორმაცია დეტრანსცენდირების მიმართულებით. მამულის დისკურსის ლეგიტიმაციითა და საკრალიზაციით იგი ნაციონალურ ეკლესიად გარდაიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ქართული ეროვნული ცნობიერების ფორმირების, „ქართული სისხლისა და გენის“ შენარჩუნებაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის არსებითი როლის აღიარება მოხდა პოლიტიკური აქტორებისა და საზოგადოების არაფორმალური ქსელების მიერ (და არა თავად ეკლესიის მიერ), რამაც ეკლესიას მისცა ისტორიული წარსულის ინტერპრეტაციისა და ლეგიტიმაციის ფართო შესაძლებლობები. მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ სვეტიცხოველში ინაუგურაციით ისტორიული და რელიგიური ლეგიტიმაციის საფუძვლები შექმნა. ამრიგად, ეკლესიას აქვს ისტორიულ წარსულზე დაყრდნობით, ტრადიციათა ინტერპრეტირებისა და ეროვნული იდენტობის საკუთარი მოდელის შექმნის შესაძლებლობა.[10]

დეტრანსცენდირებული ეკლესიის უმაღლეს მოვალეობად ტრადიციების ერთგულება და შენარჩუნება წარმოგვიდგება,რომელიც ინკორპორირდება ეროვნულ იდენტობაში, ხოლო იმ პირობებში, სადაც მმართველი პოლიტიკური ელიტის პოლიტიკურ/ღირებულებითი კურსი შეიცავს შესაძლო საფრთხეებს ტრადიციულ ღირებულებების გარდაქმნასა ან ნიველირებასთან დაკავშირებით, შეიქმნება დისბალანსი სახელმწიფოსა და დეტრანსცენდირებულ ეკლესიის ინტერესებს შორის. 2003 წლის რევოლუციის შედეგად მოსული პოლიტიკური ძალის „ნაციონალური მოძრაობის„ პოლიტიკურ ორიენტაციას მოდერნიზაციისა და ლიბერალიზაციისაკენ სწრაფვა შეადგენს, რაც ხშირ შემთხვევაში, ვერ დაემთხვევა დეტრანსცენდირებული ეკლესიის მიერ ინტერპრეტირებულ ტრადიციულ ღირებულებებს. ამავე დროს, დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციისკენ მიმავალი სახელმწიფოს მოვალეობაა თანაბარ სამართლებრივ პირობებში ჩააყენოს სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის ჯგუფები და ჩართოს ისინი ლიბერალურ კონკურენციაში ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე. ეკლესიის მხრიდან ეს პროცესი, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის როლის, ასევე, ტრადიციული ეროვნული იდენტობის „განადგურებასთან“ არის გაიგივებული, ამიტომ, ამ კუთხით, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ქმედებები აღიქმება, როგორც მართლმადიდებლური რელიგიისა და ტრადიციული ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებად. გავიხსენოთ, მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება რელიგიური ჯგუფებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული პრივილეგიების კონსტიტუციური ხელშეუხებლობის გარანტს. აღნიშნული ფაქტიც იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიის მხრიდან ლიბერალურ კონკურენციაში ჩაბმა აღქმულია, როგორც საშიშროება, რამდენადაც იგი თვლის, რომ თანაბარი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, ლიბერალური კონკურენცია ვერ უზრუნველყოფს მოქმედების თანაბარ პირობებს (აღნიშნული საკითხი კომპლექსურია და არ ექვემდებარება ცალსახად განსჯას).

მნიშვნელოვანი ფაქტს წარმოადგენს ის, რომ რელიგიური და პოლიტიკური პრინციპის ურთიერთდამოკიდებულების მიხედვით, საქართველო წარმოგვიდგება, როგორც მართვის დასავლური მოდელი, სადაც ეს ორი პრინციპი გამოყოფილია ერთმანეთისაგან. თუმცა, ის მნიშვნელოვანი გარემოება, რაც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დეტრანსცენდირებული ეკლესიის ინსტიტუტის ნდობაში ვლიდნდება, წარმოადგენს მნიშვნელოვან სპეციფიურობას. თუკი მმართველი პოლიტიკური ელიტა აწარმოებს ისეთ პოლიტიკურ-ღირებულებით კურსს, რასაც არ აქვს მხარდაჭერა დეტრანსცენდირებული ეკლესიისგან, ეს შეიძლება გახდეს უნდობლობის მიზეზი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკურ-ღირებულებითი კურსისადმი. იმ შემთხვევაში, როდესაც რელიგიური და პოლიტიკური პრინციპი გამოყოფილია ერთმანეთისაგან და ამავე დროს, ეკლესია არის ტრანსცენდენტური, საზოგადოების მიერ ეკლესიისადმი ნდობა/არნდობის საკითხი არ იქნება ამავე საზოგადოების მხრიდან, მმართველი პოლიტიკური ელიტის კურსისადმი ნდობის განმსაზღვრელი. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, მოახდინა თუ არა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ „ქართული ოცნების“ სახით, ტრადიციული ღირებულებების წინ წამოწევა პოლიტიკურ- ღირებულებითი ორიენტაციის განსაზღვრისას[11] რომელსაც სავარაუდოდ, დეტრანსცენდირებული ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობა მოჰყვებოდა შედეგად (საინტერესო იქნება აღნიშნული საკითხის კვლევა).

ამჯერად, გადავდივართ „ქართული ოცნებისა“ და „ ნაციონალური მოძაობის“ ლიდერთა საზოგადოებისადმი წინასაარჩევნო მიმართვების ანალიზზე.

2. წინასაარჩევნო მიმართვების კონტენტ-ანალიზი
2.1.მისალმება

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მისასალმებელ სიტყვებში დომინირებს ფრაზა – „საყვარელო ხალხნო“. ის ყურადღებას ამახვილებს გეოგრაფიულ ფოკუსზე, იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონის წარმომადგენლებისთვის უწევს მიმართვა:

„მივესალმები ჩემს ზუგდიდს, ფოთს, აბაშას, სენაკს, მარტვილს, წალენჯიხას, ჩხოროწყუს, ხობს. ზუგდიდიდან მივესალმები აფხაზეთსა და მთელ საქართველოს!“ („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში, 22.09.2012)

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო იმერლებო, მიხარია, რომ დიდებული იმერეთის მიწაზე ვდგავარ, მიხარია, რომ მთელი ქუთაისი, იმერეთი ფეხზე დგას“; („ქართული ოცნების“ შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან. 10.06.12)

„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო! დღეს ჩვენ საქართველოს კარიბჭედ ქცეულ მიწაზე ვდგავართ“ („ქართული ოცნების“ შეხვედრა ბათუმის მოსახლეობასთან 05.08.12)

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო სიტყვის დაწყებამდე რამდენიმე რეგიონში ყურადღება გაამახვილა ისეთ სამწუხარო ფაქტებზე, როგორიცაა – 2011 წლის, 26 მაისის მოვლენები თბილისში, დედა-შვილის ტრაგედია ქუთაისში და პატიმართა უფლებების დისკრიმინაციის ფაქტები.

„სამძიმრით მინდა დავიწყო შეხვედრა ქუთაისში, როგორც თბილისში 27მაისს წუთიერი დუმილით. ძეგლის აფეთქებას აქ მოჰყვა დედა-შვილის სიკვდილი. მოდით წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ სულებს“; („ქართული ოცნების“ შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან. 10.06.12)

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებში შეიმჩნევა საზოგადოებისადმი მიმართვის უშუალო, სენსიტიური ფორმები, როგორიცაა: – „მეგობრებო“, „დებო“, „ძმებო“, „ჩემო ძვირფასებო“, „ჩემო თანამემამულენო“. ერთ-ერთ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას მიესალმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რაც ცალსახად, მის პარტიულ მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს.

„ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ჩემო შვილებო, ჩემო დედებო და მამებო, ჩემო ბებიებო და ბაბუებო! მე არასოდეს გამოვსულვარ ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე…“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 29.09.12)

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულენო, ჩვენო სისხლო და ხორცო, ჩვენო ყველაზე სათაყვანებელო, ყველაზე საყვარელო, ყველაზე განსაკუთრებულო ადამიანებო“ (შეხვედრა ზუგდიდელ ამომრჩევლებთან, 23.09.12)

„დღეს მე მივესალმები „ნაციონალურრ მოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მივესალმები მთელ საქართველოს“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 29.09.12)

მსგავსება:

ორივე ლიდერი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს აუდიტორიის მასშტაბურობას, აქტიურობასა და ერთობას. ასევე, ორივე მათგანი აქცენტს აკეთებს არსებული რეალობის უნიკალურობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე.
„ქართული ოცნების“ ლიდერი მოსახლეობასთან გამოსვლის პირველივე წუთებში, მუდმივად, ხაზს უსვამს ერის გამოფხიზლებასა და ერთად დგომას. მაგალითად:
„რა ხდება ხალხო, ფეხზეა მთელი საქართველო, მივესალმები საქართველოს, მოგესალმები თბილისო, მოგესალმებით თბილისელებო,მივესალმები ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ზეიმობს ამ დღეს“ („ქართული ოცნების“ თბილისის აქცია. 29.09.12)

მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლაშიც:
„…ეს იყო ყველაზე მასშტაბური გამოსვლა საქართველოს ისტორიაში!“ (მიხეილ სააკაშვილი. თბილისი. 8.09.12)

სხვაობა:

მიხეილ საკაშვილის გამოსვლებში შეიმჩნევა საზოგადოებისადმი მიმართვის გაცილებით უშუალო ფორმები – „მეგობრებო“, „დებო“, „ძმებო“ და ა.შ . ხოლო ბიძინას მიმართვებში დომინირებს კოლექტიურობის აღმნიშვნელი სიტყვები, როგორიცაა – „ხალხნო“, „იმერლებო“, „თბილისელებო“ და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყურადღებას ამახვილებს ხალხის გააქტიურებასა და არსებული რეალობის უნიკალურობაზე, აბსოლუტურად განსხვავებულ მიზეზებს ასახელებს, თუ რამ მიიყვანა ხალხი ამ კონდიციამდე. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ხალხის უპრეცედენტო გააქტიურება გამოიწვია სოციალურმა და ეკონომიკურმა სიდუხჭირემ. ხოლო მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს ქართველი ხალხის გონიერებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში გააკეთონ სწორი არჩევანი და აირჩიონ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული, თავისუფლებისთვის მებრძოლი და პროგრესული ძალა.
„მიხარია, რომ დიდი-პატარა ესეთი მომართული ხართ. ეს თქვენი განწყობაა და მასში იგრძნობა ის გაჭირვება, რომელიც დღეს ზესტაფონშია. იცოდეთ მთელი საქართველო ესეა“.(ბიძინა ივანიშვილი. ზესტაფონი. 20.09.2012.)

„ხვალ თითოეული ოჯახისთვის, მართლაც რომ სიმართლის მომენტი დგება. საქართველოს მრავალი თაობა იბრძოდა თავისუფლებისათვის. ხვალ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მარტო ჩვენი შვილებისა და შთამომავლებისადმი, არამედ ჩვენი წინაპრების წინაშე, ვინაიდან ხვალ გადაწყდება შევინარჩუნებთ თუ არა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ და წირავდნენ თავს და გადავცემთ თუ არა მომავალ თაობას ამ თავისუფლებას“.(მიხეილ სააკაშვილი. წინასაარჩევნო მიმართვა. 30.09.12)

2.2. ერის შეფასება და კონტექსტი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს მოიხსენიებს ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა – დინჯი, მომთმენი, ემფატიური და ნიჭიერი.

„ხალხი დინჯია. ჩვენ ძალიან დიდი და ხანგრძლივი კულტურა გაგვაჩნია. ყველაფერს ვიტანდით მოთმინებით და ასეთი სიდინჯით მივალთ არჩევნებზე“ (მაესტრო -„კვირის არგუმენტები“ 27.0912.)

ბიძინა ივანიშვილი ქართველი საზოგადოების პრობლემას ხედავს პოლიტიკური კულტურის არ არსებობაში, რაც გამოიხატება მთავრობის არჩევანსა და მათი კონტროლის მექანიზმების უფუნქციობაში. მისი აზრით, პრობლემის მიზეზი არა უნიჭობა, არამედ გამოუცდელობაა.

„ეს არ არის უნიჭობის შედეგი. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ. ქართველებში არის უძველესი გენი, ოცდაათ საუკუნოვანი უწყვეტი გენი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მოქმედებს ნიჭიერებაზე. ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი!“ („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

ბიძინა ივანიშვილის აზრით, მოქალაქეებს შორის გავრცელებულია ტოტალური შიში და სირცხვილი. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს ერთმანეთისადმი კეთილგანწყობითა და სოლიდარობით.

„შიში არის საჯარო მოხელეებში, მაგრამ შიში არამატერიალურია. ეს არის ძალადობის, შეურაცხყოფისა და ახლობლებზე ზიანის მიყენების შიში“ (კოალიცია„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენა, ”კვირის არგუმენტები” მაესტროზე, 27.09.2012)

ის მიმართავს მასწავლებლებს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებსა და სამხედროებს დაძლიონ შიში და საკუთარი ღირსების კარნახით გაემიჯნონ ძალადობას: „მივმართავ ყველას ვისგანაც სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულში თანამონაწილეობას მოითხოვს….ყველა თქვენი სინდისის კარნახს მიჰყევით და აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ თავისუფლება და ღირსება არის უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში“

საზოგადოების არსებული აქტივობა, ბიძინას აზრით, გულისხმობს შიშის დაძლევას ტერორის მიუხედავად და საკუთარი თავისუფლების გამოხატვას, რომელიც ებრძვის უსამართლობას, სიცრუესა და ძალადობას, ამიტომ:

„დემოკრატია ქართველებისთვის არ არის მოგონილი და ხალხი იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებას“ (ბიძინა ივანიშვილი, თბილისი 29.09.2012)

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ხელისუფლების მიერ ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებას უკავშირებს ხალხის ჩაგვრასა და ღირსების აყრას, რომელიც მიუთითებს მოსახლეობის ფაქტობრივ მდგომარეობაზე არსებული რეჟიმის პირობებში.

„მარტო სააკაშვილს და მის ხელისუფლებას არ უნდა ამის გაგონება, არ უნდა დაიჯეროს ეს, რადგან კარგავს შეურაცხყოფილი, დაჩაგრული და პატივაყრილი მოქალაქეების ხარჯზე მოპოვებულ განუზომელ ძალაუფლებას“.

ხელისუფლებას მიეწერება, ასევე, ადამიანის, როგორც თავისთავადი ღირებულების დათრგუნვის და ხალხის „უსახურ მასად“ ქცევის მცდელობა, ტოტალური ტყუილის პროპაგანდისა და ძალადობის ბერკეტებით.

„სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების სახელით სააკაშვილი შეეხო უმთავრეს ღირებულებას – ადამიანს. ამ ხელისუფლებას სურდა საზოგადოება უსახურ მასად ექცია და თავისი იდეოლოგიის ჭკუაზე ძალადობითა და ტოტალურ ტყუილის პროპაგანდით გადაეგვარებინა ჩვენი ხალხი“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

ბიძინა ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს ადამიანის ბედზე საკუთარ სამშობლოში, რომელშიც ღირსეულად და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და საკუთარ გულში ატარებდეს სამშობლოს.

ემიგრანტების თემა, ასევე, არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ ლიდერის ყურადღების მიღმა. ის მათ აღწერს, როგორც სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწოფომ არჩევანი არ დაუტოვა და მათ მოუწიათ გასვლა ქვეყნიდან. მათ მთავარ დამსახურებად თვლის, რომ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში ყველანაირად ცდილობენ მშობლიური ენა შეუნარჩუნონ შვილებს.

„ყველა ქართველი ცდილობს ენა შეუნარჩუნოს შვილებს. მეც ემიგრანტი ვიყავი ცხოვრების დიდი ნაწილი და მე და ჩემი მეუღლე „წელებზე ფეხებს ვიდგამდით“, რათა ჩვენ შვილებს ქართული არ დაევიწყებინათ“ („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართველ ერს ახასიათებს, როგორც ბრძენს. დარწმუნებულია მათ შორსმჭვრეტელობასა და რეალობის სწორად განსჯაში.

„ჩვენი ხალხი წარმოუდგენელად ბრძენია და მან ეს დღეს საქართველოსაც, საქართველოს მტრებსაც და საქართველოს მოყვარეებსაც კარგად დაუმტკიცა“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.12)

„ხალხი ხედავს, რომ საქართველო უკეთესია, ვიდრე რვა წლის წინ და ეს არის მიზეზი, რომ ვიაროთ წინ.“

საქართველოს პრეზიდენტი აღტაცებით საუბრობს ქართველი ერის სიძლიერეზე, „მტრის ჯინაზე“ მის ურყეობასა და ერთიანობაზე.

„გათვლა იყო ძალიან მარტივი… ბევრი უცხოური პრესა უნდა მოისყიდო… ქართველი ხალხი აჩვენო, როგორც გაყოფილი და დაქსაქსული… და შემდეგ როცა რუსეთმა სამხედრო მანევრები გადაიტანა ჩვენი არჩევნებისთვის, მისცე მათ საბაბი ჩვენი შიდა არეულობა და გათიშულობა გამოეყენებინათ მათი მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. დღეს ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ის დაქსაქსული კი არა ერთიანია, როგორც არასდროს და ჩვენი მტრის გეგმა ჩავარდა“ (წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.2012

„ეს არის ქართველი ერი, მრავალსაუკუნოვანი, მრავალეთნიკური, ძალიან მაგარი ერთობა“ (მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისი, 27.09.2012)

„ნახეთ რამდენი ვართ, ნახეთ როგორი ერთიანები ვართ, ნახეთ რა ლამაზები ვართ“ (ბათუმი, 12.09.2012)

მიხეილ სააკაშვილი თავისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და აღმშენებლობას თვლის ქართველი ერის დამსახურებად. მისთვის,ზოგადად, აღმშენებლობა დაკავშირებულია ქართველების ბუნებრივ იერსახესთან.

„საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. ქართველი ერი ესაა აღმშენებელი, შემოქმედი, გენიალური ერი და ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ღირსებას“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრა ზუგდიდელ ამომრჩევლებთან, 23.09.2012)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს შიშისგან განთავისუფლების ინსტინქტზე საზოგადოებაში, რომელიც საშუალებას არ მისცემს მას დაბრუნდეს უკან ძალადობისა და კრიმინალის გარემოში. იგი, ასევე, ხშირად ხაზს უსვამს ქართველი ერის მრავალეთნიკურობას.

„მთავარი ინსტიქტი ადამიანის არის, რომ განთავისუფლდეს შიშისგან და განთავისუფლდეს ძალადობისგან. ადამიანები არ მიიღებენ ძალადობას, არ მიიღებენ სისასტიკეს, არ მიიღებენ არავის მხრიდან ჩაგვრას. ადამიანებმა, ჩვენ ყველამ ერთად მოქალაქეებმა უარვყავით ძალადობა, უარვყავით კრიმინალი. ჩვენ დავამარცხეთ კრიმინალი და ბოლომდე დავამარცხებთ ძალადობას“. („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრა ზუგდიდელ ამომრჩევლებთან, 23.09.2012)

მსგავსება

ორივე ლიდერი თავის განცხადებებში ხაზს უსვამს ქართველი ერის ნიჭიერებას, ჭკუასა და სიბრძნეს. მიუხედავად კონტექსტუალური განსხვავებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მათგანი ქართულ საზოგადოებას, როგორც ნიჭიერსა და ბრძენს, ისე მოიხსენიებს:
„ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ…“ („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

„ჩვენი ხალხი წარმოუდგენელად ბრძენია…“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.12)

როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ბიძინა ივანიშვილიც საუბრობს შიშის სინდრომზე. ამ შემთხვევაშიც, თემის სიღრმისეული განხილვისას ჩანს,რომ შიშის წარმომშობი მიზეზები თითოეული ლიდერის მოსაზრებაში რადიკალურად განსხვავებულია, თუმცა, ორივე ყურადღებას ამახვილებს შიშის დაძლევის აუცილებლობაზე:
„მთავარი ინსტიქტი ადამიანის არის, რომ განთავისუფლდეს შიშისგან და განთავისუფლდეს ძალადობისგან.“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.12)

ორივე მათგანის მიმართვებში გაკეთებელია აქცენტი ქართველების უნიკალურობაზე, ერთიანობასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე:
„ეს არის ქართველი ერი, მრავალსაუკუნოვანი, მრავალეთნიკური, ძალიან მაგარი ერთობა“ (მიხეილ სააკაშვილი, ქუთაისი, 27.09.2012)

„ქართველებში არის უძველესი გენი, ოცდაათ საუკუნოვანი უწყვეტი გენი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს მოქმედებს ნიჭიერებაზე. ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი!“ („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

„ძალა ერთობაშია!“ („ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა ოზურგეთში, 17.06.12)

„ნახეთ რამდენი ვართ, ნახეთ როგორი ერთიანები ვართ…“ (მიხეილ სააკაშვილი,ბათუმი, 12.09.2012)

სხვაობა

ლიდერები რადიკალურად განსხვავებული შეხედულებებით გამოირჩევიან არსებული რეალობის შეფასებისას. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით – უსამართლობა,საყოველთაო ტერორი, საზოგადოების ღირსების შელახვა და ა.შ. ხოლო მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, რასაც ხალხი აშკარად გრძნობს და რის გამოც გვერდში უდგას მის პროგრესულ პოლიტიკას:
„ხალხი ხედავს, რომ საქართველო უკეთესია, ვიდრე რვა წლის წინ და ეს არის მიზეზი, რომ ვიაროთ წინ“.(„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.12)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე ლიდერი საუბრობს შიშის დაძლევაზე, თუმცა, განსხვავება მდგომარეობს იმაში,რომ ბიძინა ივანიშვილი არსებული სახელმწიფო რეჟიმისადმი შიშის დაძლევაზე საუბრობს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი წარსულში დაბრუნებისა და სახელმწიფო თავისუფლების შეზღუდვის შიშზე:
„მთავარი ინსტიქტი ადამიანის არის, რომ განთავისუფლდეს შიშისგან და განთავისუფლდეს ძალადობისგან. ადამიანები არ მიიღებენ ძალადობას, არ მიიღებენ სისასტიკეს, არ მიიღებენ არავის მხრიდან ჩაგვრას. ადამიანებმა, ჩვენ ყველამ ერთად მოქალაქეებმა უარვყავით ძალადობა, უარვყავით კრიმინალი. ჩვენ დავამარცხეთ კრიმინალი და ბოლომდე დავამარცხებთ ძალადობას“. („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეხვედრა ზუგდიდელ ამომრჩევლებთან, 23.09.2012)

„შიში არის საჯარო მოხელეებში, მაგრამ შიში არამატერიალურია. ეს არის ძალადობის, შეურაცხყოფისა და ახლობლებზე ზიანის მიყენების შიში“ (კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენა, ”კვირის არგუმენტები” მაესტროზე, 27.09.2012)

2.3 განათლების პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ბრალს სდებს ხელისუფლებას, რომ მან გაანადგურა განათლების სისტემა, ხოლო განათლებული ერი, მისი სიტყვებით, არის აუცილებელი პირობა ნათელი მომავლისა და პროგრესული სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის. მისი პოლიტიკური პარტიის პროგრამაში განათლების სისტემის დახვეწა/განვითარება პრიორიტეტულია. ლიდერი აქცენტს აკეთებს განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რომლის მოგვარების გზას ხედავს მოსახლეობის შემოსავლებისა და სწავლის გადასახადების დაბალანსებაში.

”უნდა მივხედოთ განათლებას. ქვეყნის რეალურ პერსპექტივას, კარგ მომავალს მხოლოდ განათლებული ერი აშენებს. მათ გაანადგურეს მეცნიერება…თუ ერი არ იქნება განათლებული, ვერ შევქმნით ღირსეულ მომავალს და ვერ ჩავდგებით განვითარებული სახელმწიფოების რიგში. ამისათვის ყველა სოფელს ექნება სკოლა, ბაგა-ბაღი და ღირსეული მასწავლებლები, ღირსეული ხელფასით. ჩვენი მასწავლებლები დიდი ხნის განმავლობაში უხელფასობის პერიოდშიც ახერხებდნენ ჩვენი შვილების აღზრდას“.

„შემოსავლები იქნება ბალანსში გადასახადებთან. სწავლის გადასახადი, ხარისხი იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის“. („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

მიხეილ სააკაშვილი

უშუალოდ განათლების სისტემის თემას პრეზიდენტი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში იშვიათად ეხება. ძირითად აქცენტს კი სტუდენტებსა და უმაღლეს განათლებაზე აკეთებს:

„სახელმწიფოს ინტერესია, რომ გაგიჩინოთ სტიმული ისწავლოთ ძალიან მაგრად“(მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 4.05.2012)

ხაზს უსვამს ეროვნულ გამოცდებს, როგორ წარმატებულ რეფორმას:

„ჩაწყობა აღარ არის. ჩვენ გამოცდებს ვაბარებთ ჩაწყობის გარეშე.“ (მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 4.05.2012)

თუმცა, ამავდროულად, აკრიტიკებს განათლების ხელმისაწვდომობას და აღნიშნავს, რომ ეს ამ რეფორმის საკმაოდ დიდი ნაკლია:

„ადამიანმა, ვთქვათ, პირველ წელს ვერ ჩააბარა,მთელი ოთხი წელი იხდის გადასახადს, იმის გამო, რომ შანსი არ აქვს ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორზე გადავიდეს, სრული გრანტი აიღოს“(მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 4.05.2012)

პრეზიდენტი ხშირად საუბრობს სტუდენტურ დასაქმებაზე, როგორც ერთ-ერთ ინოვაციაზე განათლების სისტემაში.

მსგავსება

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი მსგავსება შეიძლება აღმოვაჩინოთ ამ ორი ლიდერის გამოსვლაში. ორივე მათგანი აკრიტიკებს განათლების მიუწვდომლობას და მიიჩნევს, რომ, უპირველესად, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს განათლების სისტემაში:

„ადამიანმა ვთქვათ, პირველ წელს ვერ ჩააბარა,მთელი ოთხი წელი იხდის გადასახადს, იმის გამო, რომ შანსი არ აქვს ფასიანი სექტორიდან უფასო სექტორზე გადავიდეს, სრული გრანტი აიღოს“(მიხეილ სააკაშვილი, ბათუმი, 4.05.2012)

„…სწავლის გადასახადი, ხარისხი იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის“. („ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზესტაფონში, 20.09.2012)

2.4 ტრადიციები

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ქართველი ერის აღმშენებლობითსა და შემოქმედებით ტრადიციებზე და მიიჩნევს, რომ მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ერი თანდათან უბრუნდება ამ ტრადიციულ ფესვებს:

„საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას. ქართველი ერი ესაა აღმშენებელი, შემოქმედი, გენიალური ერი და ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენ ღირსებას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტრადიციად მიიჩნევს თავისუფლებისთვის ბრძოლას,რომლის ღირსეული გაგრძელებისა და შენარჩუნებისკენაც მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას:

„საქართველოს მრავალი თაობა იბრძოდა თავისუფლებისათვის. ხვალ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მარტო ჩვენი შვილებისა და შთამომავლებისადმი, არამედ ჩვენი წინაპრების წინაშე, ვინაიდან ხვალ გადაწყდება შევინარჩუნებთ თუ არა იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ და წირავდენ თავს და გადავცემთ თუ არა მომავალ თაობას ამ თავისუფლებას“

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, ასევე, რომ საქართველო მისი ისტორიის განმავლობაში სწორედ ევროპისკენ იყო მუდმივად მიმართული და თვლის, რომ ქვეყნის ევროპულ გზაზე დადგომა სწორედ ეხლა უნდა მოხდეს:

„… დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ხვალ, ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერი გადადგამს საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს დამპყრობლის მარწუხებისგან განთავისუფლებისკენ და ევროპულ სახლში გაწევრიანებისკენ.“

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ტრადიციებისადმი უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას. თავის გამოსვლებში აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნის მშენებლობა სწორედ ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი და არა ტრადიციების მივიწყებით, აქედან გამომდინარე, ბრალს სდებს ხელისუფლებას ტრადიციების მივიწყებასა და უპატივცემულობაში. იგი დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ფესვებს ქრისტიანულ ცივილიზაციაში ხედავს, რომელიც შესისხლხორცებულია ქართულ ცნობიერებასა და ტრადიციებთან.

„აქ, ამ ქალაქში 326 წელს მეფე მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ იგი სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სწორედ მაშინ, გადაწყდა საქართველოს მომავალი განვითარების ბედი, სწორედ მაშინ, ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის არჩევანს გამხდარიყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“ („ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01.07.12)

”ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული, თანამედროვე ევროპული ქვეყნის აშენება უნდა მოვახერხოთ. ტრადიციები არ დავივიწყოთ, თანამედროვეობას პატივი ვცეთ!”

”ბოლო 8 წელია გვესმის, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაიწყო, თითქოს სააკაშვილმა ნულიდან დაიწყო ქვეყნის მშენებლობა და თუ აქამდე რამე იყო, ყველაფერი იყო ცუდი, ჩამორჩენილი და დრომოჭმული. ისეთი სურათი იხატება თითქოს ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს წარსულის ან საერთოდ უარი უნდა ვთქვათ მასზე. ამას ჩაგვაგონებენ. წარსულის გადახაზვით განდიდება არ შეიძლება. საკუთარი წარსულის არ მცოდნე ხალხი თავისი გვარ-სახელის არ მცოდნე ადამიანს ჰგავს. თუ არ იცი ვინ იყავი ვერც იმას გაიგებ ვინ ხარ და ვინ იქნები.”

ტრადიციების მნიშვნელობის უფრო მძაფრად აღსაქმელად, მოჰყავს კონკრეტული მაგალითები ისტორიიდან:

”საქართველოს გაერთიანება დაიწყო სწორედ ქუთაისიდან. აქ ააშენა ერთიანი საქართველოს სიმბოლო- ბაგრატი- ჩვენი ქვეყნის გამაერთიანებელმა მეფემ ბაგრატIII-მ. ამ ქალაქში იკურთხა მეფედ და განისვენებს ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი დავით აღმაშნებელი – დიდი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი.”

და ბოლოს, ძირითადი აქცენტი მაინც იმ ტრადიციაზე აქვს დასმული, რომელმაც, თვლის, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს გადარჩენაში. ბიძინა ივანიშვილი ასეთ ტრადიციად სოფლის მეურნეობის კულტურას მიიჩნევს. იგი ახსენებს მილიარდიან ფონდს, რომლის შექმნითაც ამომრჩეველს ჰპირდება სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და განვითარებას,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული აქვს მაღალმთიან რეგიონებზე:

”ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის აღორძინება. სააკაშვილს არ სჭირდება ძლიერი ოჯახი, გლეხი. მას უნდა ერთჯერადი დახმარებით მოისყიდოს გაჭივრებული ადამიანი.”

”ჩვენ მოვაგროვეთ 400-ზე მეტი გადაშენებული ვაზის ჯიში”

2.5 რეგრესის პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის რეგრესად განიხილავს არსებული რეჟიმის დარჩენას მართვის სადავეებთან. იგი ხელისუფალთ მრავალი სახის ბრალს მიაწერს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ადამიანის ღირსების შელახვა და ადამიანის, როგორც ფასეულობის დაკნინება, რისი მეშვეობითაც, ხელისუფლება ცდილობს უსამართლობის, სიცრუის, ძალადობის და ტერორის ბერკეტების გამოყენებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. მისი აზრით, ხელისუფლების მიზანია საზოგადოება აქციოს „უსახურ“, ზნეობრივად დეგრადირებულ, იდეალებისგან დაცლილ “ სამომხმარებლო“ საზოგადოებად (განსაკუთრებული აქცენტი გადატანილი აქვს ახალგაზრდობაზე), შექმნას სახელმწიფო, რომელიც ვერასდროს იქნება ადამიანის ღირსების შენარჩუნებისა და თავისუფლების გარანტი. ბიძინა ივანიშვილი წუხილს გამოთქვამს, ასევე, არსებული რეჟიმის პირობებში პატიმრების უმძიმესი მდგომარეობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა და ემიგრანტთა პრობლემების შესახებ და ჰპირდება მათ სახელმწიფოში ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობას.

„ქვეყანაში დარღვეულია წონასწორობა, ცხოვრების ყველა სფეროში დარღვეულია წონასწორობა, წონასწორობის დარღვევის ყველაზე მძიმე შედეგი კი ღირებულებების გაუფასურება და ზნეობრივი დეგრადაციაა“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„საქართველო იქნება იმ ქვეყნების გვერდით, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს შიშითა და სირცხვილით კი არ უყურებენ, არამედ ამაყად უდგანან ერთმანეთს გვერდში… არავინ შეშინდა, არავინ დაიხია უკან, არავინ გამოაკლდა თავისუფლების ზეიმს…წამების, ტერორის მიუხედავად, ჩვენ ვერ გაგვტეხეს… მთელმა საქართველომ ხმამაღლა უთხრა ხელისუფლებას – არა უსამართლობას, არა სიცრუეს, არა ძალადობას“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და ქვეყნის უსაფრთხოების სახელით სააკაშვილი შეეხო უმთავრეს ღირებულებას – ადამიანს. ამ ხელისუფლებას სურდა საზოგადოება უსახურ მასად ექცია და თავისი იდეოლოგიის ჭკუაზე ძალადობითა და ტოტალურ ტყუილის პროპაგანდით გადაეგვარებინა ჩვენი ხალხი“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებებისაგან დაცლილ და მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია პირადი წარმატების გარდა“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ცხოვრება შეძლოთ, აღარ იყოთ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული… ყველას დავუკანონებთ იმ ფართობებს, რომლებშიც ისინი ეხლა ცხოვრობენ“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„ გაჭირვება,უსამართლობა და უპერსპექტივობა გაიძულებდათ უცხოეთში გადახვეწას. თქვენ უცხოეთში იმას ეძებთ, რაც სამშობლომ დაგაკლოთ…მაგრამ საქართველო სულ მალე თქვენი ოცნებების ასრულების გზას დაადგება“ („ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29.09.12)

„ეხლა კი მინდა თქვენთან ერთად სიმართლეს გავუსწორო თვალი. სიმართლე კი არის ჩვენი ხალხის სიღარიბე და გაჭირვება, უამრავი უდანაშაულო პატიმარი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ დღეს გაგვაჩნია ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, დღეს აქ ჩვენს შორის წეროვანის ახალი მოსახლეებიც დგანან“ („ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01. 07. 12 )

სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის საკითხებიდან ბიძინა გამოარჩევს სოფლის მეურნეობის სისტემის მოშლით გამოწვეულ სიღატაკესა და შიმშილს და სოფლების სკოლებით, ბაღებითა და სასურსათო მაღაზიებით უზრუნველყოფის პრობლემას, რასაც სოფლების მოსახლეობისაგან დაცლა მოჰყვება შედეგად, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში.

„ქართული ოცნების“ ლიდერი მნიშვნელოვან პრობლემად სახავს ერთპიროვნული მმართველობის საკითხს, რომელიც საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს და თვითმმართველობების აღორძინებასა და განვითარებას არ უწყობს ხელს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი კი, ხელს უშლის დემოკრატიის მშენებლობასა და ევროპული ცივილიზაციისკენ საქართველოს სწრაფვას, სადაც, მისი აზრით, რეალურად არის ჩვენი ქვეყნის ადგილი.

„ერთპიროვნული მმართველობის შედეგია ის მდგომარეობა, რომელშიც ქართული სოფელი ჩავარდა. სოფლის დაკნინებასთან ერთად მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღატაკეში აღმოჩნდა, რადგან მათი უმრავლესობა მიწაზე შრომით ირჩენდა თავს. ქვეყნის დიდი სირცხვილია, რომ დღევანდელი ქართული სოფელი რეალურად შიმშილობს . მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის შენახვას და ოჯახის სარჩენად უცხოეთში არის გადახვეწილი… საქართველოს მთიანეთის სოფლები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა დღეს იცლება იმის გამო, რომ აღარ არსებობს სკოლები, ბაგა ბაღები და ხშირ შემთხვევაში, სასურსათო მაღაზიებიც კი. ამ სოფლებში ეკლესია-სალოცავებიც კი ინგრევა და კაცი არ არის მათი მიმხედავი“ („ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01. 07. 12 )

„ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების თანხმობით უნდა იდგმებოდეს და მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფება, რომელიც ამას შეძლებს, გპირდებით“(„ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01. 07. 12 )

„თვითმმართველობის სიკეთეს ყველანი იგრძნობთ და და ძალიან ჩქარა იგრძნობთ“ („ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01. 07. 12 )

„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ვერავინ შეძლებს მოწყვიტოს საქართველო ევროპულ ცივილიზაციასა და კულტურას…. ჩვენ არ დავუშვებთ ჩამოგვაშორონ ცივილიზაციას, ჩამოგვაშორონ თანამედროვეობასა და დემოკრატიას. დავაბრუნებთ ჩვენს ქვეყანას იქ, სადაც მისი ადგილია „(„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში, 29. 09. 12 )

„ქართული ოცნების“ ლიდერი ხელისუფლებას ადანაშაულებს, ასევე, ტრადიციების ხელყოფაში, რასაც , მისი აზრით, ვერ მიაღწევს ქართველ ერთან მიმართებაში. იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთ ტრადიციებსა და ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს ქართული სახელმწიფო:

„საზოგადოება, რომელიც თუნდაც ერთი კაცის ღირსებას დაუპირისპირდება, ასეთი საზოგადოება თვითკმაყოფილ ჯოგად გადაიქცევა და შესაბამისად, კაპიკია მისი ფასი…ამ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს ქართული სახელმწიფო და ჩვენ სწორედ ასეთ სახელმწიფოს ავაშენებთ“ („ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01.07.12)

„აი, ამ ღირებულებების, კულტურისა და ტრადიციის ხალხს დაუპირისპირდა ეს ხელისუფლება და მისი დამარცხება მოინდომა, მაგრამ ამ ბრძოლაში თავად მარცხდება“(„ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში, 01.07.12)

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის რეგრესისა და ნგრევის საწყისად მიიჩნევს კონკურენტი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელთანაც დაკავშირებულია ყველა ის ნეგატიური გამოცდილება, რის გადალახვასაც ცდლილობდა სახელმწიფო უახლოესი 9 წლის განმავლობაში. ასეთ პრობლემებად განიხილება: კრიმინალური ავტორიტეტების დაბრუნება, ფინანსური და სოციალური სახის კრიზისები, შელახული საერთაშორისო იმიჯი, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანაში დემოკრატიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და შეაჩერებს ევროპისკენ სვლას. პრეზიდენტი ყველაზე მწვავედ სახავს ქვეყნის თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის საკითხს, რასაც საფრთხეს უქმნის კონკურენტი პარტიის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა:

„არიან ძალები, რომლებიც აპირებენ ქართული დემოკრატიის დისკრედიტაციას, ისინი ამისათვის არ იშურებენ ასობით მილიონ დოლარს… მათი მიზანია არ აღიარონ არჩევნების შედეგები, არ დაეთანხმონ საზოგადოების დემოკრატიულ ნებას“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ აქცია თბილისში, 8.09.12.)

„დღეს არის კვირა დღე, აქედან 8 დღეში იმ ხალხს, ვისაც იმედი ჰქონდა უკანა კარებიდან საქართველოში შემოიყვანდა,უკან დააბრუნებდა ქურდულ წესრიგს, ორგანიზებულ დანაშაულს,დააბრუნებდა რუსულ პუტინურ წესებს და საქართველოს საბოლოოდ ,ხელახლა დააბრუნებდა წარსულში, 8 დღეში ამ ხალხს ელის ძალიან დიდი იმედგაცრუება, რადგან მთელი საქრთველო აქ დგას“ („ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ზუგდიდში, 23.09.12.)

„ ხვალ ძალიან მნიშლოვანი, ეპოქალური საკითხი წყდება: როგორი ქვეყანა გვინდა, რომ გვქონდეს და ისიც კი გვინდა თუ არა, რომ ქვეყანა გვქონდეს… გააგრძელოს თუ არა ჩვენმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა, თუ უკან ჩავათრევინებთ ჩვენს ისტორიაში უკვე ათასგზის გადავლილ ბედუკუღმართობის წისქვილის ქვას. არასდროს ჩვენს ისტორიაში არ ვყოფილვართ ასე ახლოს ევროპასთან. ჩვენს მტერს აქვს ბოლო შანსი მოგვაბრუნნოს ამ დამოუკიდებლობის გზიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ხვალ, ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერი გადადგამს საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს დამპყრობლის მარწუხებისგან განთავისუფლებისკენ და ევროპულ სახლში გაწევრიანებისკენ.“ („ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ზუგდიდში, 23.09.12.)

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ხვალინდელ არჩევანს საქართველოს თავისუფლების იდეის ერთგულებით გააკეთებთ, რადგან ხვალინდელი არჩევანი არის არჩევანი თავისუფლებასა და უუფლებობას შორის“ („ნაციონალური მოძრაობის“ აქცია ზუგდიდში, 23.09.12.)

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს წინასაარჩევნოდ გავრცელებული ციხის კადრების ნახვის შედეგად აღელვებულ საზოგადოებას გააკეთონ არა ემოციური, არამედ რაციონალურ ანალიზზე დაფუძნებული არჩევანი, რის საფუძველსაც იძლევა დღევანდელი პროგრესისა და ევროპისკენ მიმართული სახელმწიფოსა და 9 წლის წინ სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას შორის შედარებითი ანალიზი. იგი დასავლეთისაკენ მიმავალ ერთადერთ ალტერნატივად სახავს საკუთარ პარტიას:

„განვლილმა საარჩევნო კამპანიამ და პოლიტიკური ბრძოლის არცთუ სუფთა მეთოდებმა ძალიან დაძაბა ემოციური ფონი საზოგადოებაში. მე გთხოვთ , ხვალინდელი არჩევანი გააკეთოთ არა ემოციით, არამედ მშვიდი ანალიზით, არა ცხელი გულით, არამედ ცივი გონებით… იფიქროთ ,თუ სად იყო ჩვენი საზოგადოება 9 წლის წინ, სად ვართ დღეს და სად გვინდა ვიყოვიყოთ მომავალი 4-5 წლის შემდეგ?“(პრეზიდენტის წინასაარჩევნო მიმართვა, 30.09.12.)

პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის რეგრესისა და ნგრევის საწყისად ერთმანეთის ხელისუფლების სათავეში მოქცევას უკავშირებენ. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ქვეყნის პროგრესის ხელისშემშლელი არსებული რეჟიმის დარჩენაა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი, რეგრესის საწყისი პოლიტიკური ოპონენტის ხელისუფლებაში მოსვლაა, რომელსაც უკავშირდება „წარსულის სიბნელესთან“ დაბრუნება, რის გადასალახავადაც 9 წლის განმავლობაში იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“. აღსანიშნავია, რომ არსებულ ვითარებაში, ორივე ევროპისა და პროგრესისაკენ მიმავალ ერთადერთ ალტერნატივად სახავს საკუთარ თავს.

2.6 მომავლის ხედვა

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ყურადღებას ამახვილებს მომავლის ისეთ სურათზე, სადაც სოფლის მეურნეობის აღორძინებით დაიძლევა სოციალური სიდუხჭირე, ხელი შეეწყობა დასაქმებას და შრომა პრესტიჟული გახდება.

„ქართული ოცნების“ ლიდერს მომავალი სახელმწიფოს იდეალური მმართველობის ფორმად ესახება შემდეგი: ის თვლის, რომ სახელმწიფოს მართვის ბერკეტები რეალურად ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და ამ ყოველივეს უზრუნველსაყოფად საჭიროდ მიიჩნევს თვითმმართველობის სისტემის განვითარებას.

ლიდერი ერთ-ერთ მწვავე საკითხად, რომელიც ქართულ საზოგადოებას აწუხებს, ასახელებს უწესრიგობის საფუძველზე არსებულ უსამართლობასა და ადამიანის ღირსების შელახვას.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ უწესრიგობა არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ უწესრიგობას სისტემური სახე მისცა…თავისუფლებას მხოლოდ სამართლიანი კანონებისა და წესრიგის მყარ ნიადაგზე შეუძლია არსებობა, უწესრიგობასა და ქაოსში თავისუფლებას უბრალოდ არ დაედგომება. მე თქვენ გპირდებით, რომ ქართული ოცნება მოიპოვებს და დაამკვიდრებს სამართლიანობას, წესრიგს და თავისულებას… „

„ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც საკუთარი წარსულის მიჩქმალვას კი არ ცდილობენ, არამედ პატივს მიაგებენ წინაპართა ღვაწლს, ჩვენ ისეთ ქვეყანაზე ვოცნებობთ, სადაც ადამიანის ღირსებას პატივს სცემენ, სადაც ნიჭი და შრომა დაფასებული იქნება“

(„ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ზუგდიდში, 22.09.2012)

ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო აღარ მიუბრუნდება ქურდულ სამყაროს და არც სხვა ჩაანაცვლებს მათ, საქართველოში ვერავინ იბატონებს კრიმინალის სახელით და საბოლოოდ დამკვიდრდება სამართლიანობასა და თავისუფლებაზე დამყარებული წესრიგი.

”ქურდული მენტალიტეტი არ დაბრუნდება, მაგრამ კანონიერ ქურდს ქურდად ჩამჯდარი ხელისუფლება არ ჩაანაცვლებს. როდესაც სახელმწიფოა კრიმინალი ეს გაცლებით დამანგრეველია ქვეყნისათვის, პატიოსან მოქალაქეს სახელმწიფოს იმედი აქვს. ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დამყარებული წესრიგი.”(„ქართული ოცნების“ წინაასაარჩევნო შეხვედრა ქუთაისში, 10.06.2012)

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ხშირად ახსენებს ევროპულ ქვეყნებს, მსოფლიოს. ის ჰპირდება ხალხს, რომ ერის ამოძრავებით, ახალი შემართებითა და მიღწევებით საქართველო გააკვირვებს ევროპულ თანამეგობრობასა და მსოფლიოს. მას წარმოუდგენლად არ მიაჩნია ქართული ფუძის შენარჩუნება და ამავდროულად, ევროპული ქვეყნის აშენება.

”ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული თანამედროვე ევროპული ქვეყნის აშენება უნდა მოვახერხოთ. ტრადიციები არ დავივიწყოთ, თანამედროობას პატივი ვცეთ!” (ბიძინა ივანიშვილი, ”კვირის არგუმენტები” მაესტროზე, 27.09.2012)

„ჩვენ გვაქვს ხალხის ნდობა და ჩვენ შევქმნით ისეთ ჭეშმარიტ სახელმწიფოს, რომ ევროპასაც გავაკვირვებთ.” (ბიძინა ივანიშვილი, მე-9 არხიგადაცემა ”ხაზზეა საქართველო”, 16.09.2012)

დღეს ჩვენ ყველანი თანამებრძოლნი ვართ! ამ ბრძოლაში მე ბოლომდე ვიდგები თქვენს გვერდით, გამარჯვებამდე. ჩვენ უნდა დავანახოთ ამ ხელისუფლებასა და მსოფლიოს, რომ საქართველო მსოფლიო ცივილიზაციის ქვეყანაა”. (ქუთაისი, 10.06.2012)

პოლიტიკური ლიდერების სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მომავლის ხედვებში არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ მათი დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობასთან მიმართებაში. ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ სოცილურ-პოლიტიკურ თოქ-შოუში არსებულ ხელისუფლებას ადანაშაულებს ახალგაზრდების სახელმწიფოს განვითარების პროცესისგან ჩამოშორებაში. მისთვის ეს წარმოუდგენელი ფაქტია, რამეთუ, მისი აზრით, ახალგაზრდებშია ახალი ენერგია და მომავალი.

”ხელისუფლების დანაშაულია, რომ გამოთიშა ახალგაზრდები სახელმწოფოს ყოვედღიურობისაგან. სტუდენტებშია ძალა და მომავალი”.(”კვირის არგუმენტები” მაესტროზე, 27.09.2012)

მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მოსახლეობას ჰპირდება, რომ თითოეული ოჯახი სარგებელს მიიღებს სახელმწიფოსგან: ეს არის საყოველთაო ჯანდაცვა, 1000 ლარიანი ვაუჩერი და სოფლის მეურნეობის ახალი ტექნოლოგიები. ყურადღებას ამახვილებს ახლადშექმნილ დასაქმების სამინისტროზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების საჭიროების შესწავლასა და შემდგომ მათ დასაქმებას. მას სწამს აღებული გეზის მართებულობის და სჯერა ამ გზაზე ქართველი ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის.

„არავის არ მიეცემა სიტუაციის არევის და წინსვლის შეჩერების უფლება იმიტომ, რომ ამ არჩევნებში საქართველოს ხალხი აირჩევს მომავალს წარსულის ნაცვლად, თავისუფლებას მონობის ნაცვლად, პროგრესს ვადაგასული რეგრესის ნაცვლად… იმიტომ, რომ აიჩევს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ერთადერთ ბოლომდე ევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ ძალას… ერთადერთი სწორი არჩევანი დამოუკიდებელი, თავისუფალი, წელში გამართული, ერთიანი და დაცული საქართველოს ასაშენებლად, ჩვენ გავიმარჯვებთ“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.2012)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ქუთაისის აქციაზე გამოსვლისას ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული მმართველობის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე, რომ ქვეყნის მმართველობა ხალხის ხელშია. ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფი პრეზიდენტისა და მთავრობის სახით, არამედ ხალხია რეალური მმართველი და მაკონტროლებელი.

„დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბედს წყვეტს არა 200 კაცი, თბილისის ერთი ქუჩა, მას წყვეტს თითოეული თქვენთაგანი! ქვეყნის ბედი არის არა მთვარობის ხელში, არა ჩემს ხელში, არა უცხოელების ხელში, თქვენს ხელშია, ჩემო მეგობრებო!“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან, 27.09.2012)

მიხეილ სააკაშვილი ამშვიდებს ხალხს, რომ საქართველოში საბოლოოდ დამთავრდა გაყალბებისა და ერთეული პირების ქურდული ბატონობის ერა. მას სჯერა, რომ ქართველ ხალხს ვერავინ დააჩოქებს და ის თავაწეული ივლის წინ.

”ქუთაისში არასოდეს დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები, გამყალბებლები. მათთან ერთად ამ ქალაქს დატოვებს უმუშევრობა და სიღარიბე. ჩვენ ვივლით წინ, ჩვენ განვვითარდებით, დავდგებით ფეხზე, ბოლომდე გავიმართებით წელში”. (მიხეილ სააკაშვილი მიმართავს ქუთაისის მოსახლეობასთან, 27.09.2012)

პრეზიდენტი ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან მომენტსა და პერიოდს, რომ არასდროს საქართველო ასე ახლოს არ ყოფილა ევროპასთან. ის ახსენებს წარსულში, მსოფლიოს თვალში ჩვენი სამშობლოს შელახულ იმიჯს და რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა მოახერხა ქვეყნისათვის საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ მისცემს მტერს უფლებას უკან მოაბრუნოს პროცესი და რომ ევროპის სახლამდე მისასვლელ გზაზე ბოლომდე დაუდგება ხელისუფლებას გვერდში.

„ქვეყნის შელახული საერთაშორისო იმიჯის გამოსწორება და ჩვენი ქვეყნისთვის პატივისცემისა და ღირსების განცდის დაბრუნება და ჩვენ ეს დავალება შევესრულეთ ისე, როგორც არასდროს ეს ჩვენ ისტორიაში არავის არ შეუსრულებია“ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.2012)

„არასდროს ჩვენს ისტორიაში არ ვყოფილვართ ასე ახლოს ევროპასთან. ჩვენს მტერს აქვს ბოლო შანსი მოგვაბრუნნოს ამ დამოუკიდებლობის გზიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ხვალ, ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერი გადადგამს საბოლოო და გადამწყვეტ ნაბიჯს დამპყრობლის მარწუხებისგან განთავისუფლებისკენ და ევროპულ სახლში გაწევრიანებისკენ. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ბოლო დღეებში ამას ხმამაღლა იმეორებს ბევრი ევროპელი მოქმედი და ყოფილი ლიდერი“. (პრეზიდენტის წინასაარჩევნო მიმართვა, 30.09.2012)

რაც შეეხება ახალ თაობას, პრეზიდენტისთვის ეს მომავლის წყაროა. ის სთავაზობს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მართვაში, გამოიყენონ აწმყო ცოდნის დაგროვებისთვის, რათა ახალი ენერგიით, ხედვებითა და გამოცდილებით გადაიბარონ მომავალში ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ამ თაობამ იცის თავისუფლების მნიშვნელობა და გააჩნიათ საკუთარი აზრი ამის შესახებ, რადგან ისინი დაიბადნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ქვეყნის ლიდერი მოუწოდებს მათ შრომისკენ, დაუზარებლობისკენ და სიამაყით მოიხსენიებს ახალგაზრდობას.

„ჩვენი პარტია არის მომავლის პარტია, ჩვენ საარჩევნო სიაშიც გვყავს ახალგაზრდები. ეს არის სიმბოლური იმიტომ, რომ ეს არის ის ხალხი, რომლებიც დაიბადა დამოუკიდებლობის შემდეგ, მათ გამოცდილება აკლიათ, მაგრამ პარლამენტი წარმომადგენლობით ორგანოა და თქვენ , ახალგაზრდებს გჭირდებათ ეს ხალხიც პარლამენტში, რომელიც თქვენც გაგიკაფავთ გზას, რომელთაც ესმით თქვენი პრობლემები და ყველა თქვენგანს უნდა გაგიკაფოთ გზა. ჩვენ ხელისუფლება, მე და ყველა დანარჩენმა, მუმიებს კი არ უნდა გადავაბაროთ, თქვენ უნდა გადმოგაბაროთ ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო, ჩემო შვილებო“. („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო გამოსვლა თბილისში, სპორტის სასახლე, 08.09.2012)

„მინდა მივმართო კახეთის ახალგაზრდობას, ძალიან ვამაყობთ თქვენით, რა მაგარი ახალგაზრდობაა კახეთში, იმიტომ რომ თქვენ გაიზარდეთ მშრომელ ოჯახებში. არაფერი ტყუილად არ მოდის, ყველაფერს უნდა ხელის განძრევა. მაგარი ახალგაზრდები ხართ! ჩვენ მხოლოდ წინ ვივლით. მაგარი ხალხი ვართ, სასწაულებს ვაკეთებთ, ვამაყობ თითოეული თქვენგანით!“ (მიხეილ სააკაშვილი ქ. თელავში, 12.09.2012)

მსგავსება:

ორივე პოლიტიკური ლიდერი ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო პროგრამის ისეთ ელემენტებზე როგორიცაა სოფლის აღორძინება, საყოველთაო ჯანდაცვა, დასაქმება. ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში არსებობს სოციალურ – ეკონომიკური სახის პრობლემები, რაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოგვარებადია ორივე პარტიის წარმომადგენლისთვის, შრომის პრესტიჟისა და დასაქმების ზრდის ხარჯზე;
დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების მნიშვნელობის აღიარება და პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე, გამაერთიანებელი ელემენტია. ორივე მათგანი მოსახლეობას ახსენებს და აქეზებს მათ, რომ ქვეყნის რეალური მართვისა და კონტროლის ბერკეტები მათ ხელშია;
საქართველოს გათავისუფლება ქურდული სამყაროსგან და სწორი არჩევანის შემდეგ ამ ფაქტთან მიუბრუნებლობა ის თემაა, რომელიც ხაზგასმულია ორივე გამომსვლელის მიმართვაში. თუმცა, სხვაობა არის საფრთხეების ინტერპრეტაციაში. სააკაშვილი საშიშროებას უკავშირებს არასწორი პოლიტიკური არჩევანის შედეგად, ქურდული მენტალიტეტის პრობლემის დაბრუნებას, ხოლო ივანიშვილი, საქართველოს დღევანდელ მმართველთა მიერ გაღვივებულ კრიმინალში უფრო მეტ საფრთხეებს ხედავს.
”ქურდული მენტალიტეტი არ დაბრუნდება, მაგრამ კანონიერ ქურდს ქურდად ჩამჯდარი ხელისუფლება არ ჩაანაცვლებს. როდესაც სახელმწიფოა კრიმინალი ეს გაცლებით დამანგრეველია ქვეყნისათვის“ (ბიძინა ივანიშვილი)

განსხვავება:

ორივე პილიტიკური პარტიის ლიდერი საუბრობს საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე. თუმცა, მათი შედარების დროს განხსვავებულ დამოკიდებულებას შევხვდებით. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ევროპასთან ურთიერთობის უფრო სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მომავალში განხორციელებული პროექტებითა და ქვეყნის მშენებლობის ტემპებით ქართველი ერი გააკვირვებს ევროპასა და მსოფლიოს. მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველო რამდენიმე ნაბიჯით წინაა, ვიდრე ის ბიძინა ივანიშვილის წარმოდგენებშია. საქართველომ უკვე გააოცა და მოიპოვა ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა და სულ ცოტა დრო დარჩა მისთვის ევროპის კარის გაღებამდე;
ახალგაზრდა თაობის გააქტიურებასა და სახელმწიფო მმართველობის ყოველდღიურ რიტმში მათ ჩართულობას, მომავალი ხედვების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად ასახელებს როგორც ერთი, ასევე, მეორე პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ორივე მათგანი ამაყობს ახალი თაობის შემართებითა და ენერგიით. ბიძინა ივანიშვილი არსებულ მთავრობას ადანაშაულებს ქართული პოლიტიკიდან ახალგაზრდების გარიყვაში. თუმცა, ამ ბრალდებებს არ გაიზიარებდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, რომელმაც პარლამეტნში, როგორც წარმომადგნლობით ორგანოში, დაუთმო ახალგაზრდებს ადგილები ცოდნისა და გამოცდილების დასაგაროვებლად, რათა სამომავლოდ მათ გადაიბარონ ქვეყნის მართვის სადავეები.

2.7 წინასაარჩევნო გამოსვლების ვიზუალური მხარე

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გამოსვლებში, განსაკუთრებით, თბილისის 29 სექტემბრის აქციაზე კადრში ხშირად აჩვენებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს „ქართული ოცნების“ ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად. აღნიშნულის ინტერპრეტაცია შეიძლება მოვახდინოთ, როგორც ეკლესიის მხრიდან ახალი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ/ღირებულებითი კურსის ლეგიტიმაცია.

მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო მიმართვა სვეტიცხოვლის ფონზე მიმდინარეობს და მიმართვის განმავლობაში კადრში ხშირად ჩნდება ჯვრის მონასტერი და განახლებული მცხეთის ხედები. სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრის კადრები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, საქართველოს წარსულისა და ამ წარსულში მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის აღიარებად შეიძლება აღვიქვათ, ხოლო განახლებული მცხეთის კადრები, კი წარმოგვიდგენს სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე, აღნიშნული პოლიტიკური ძალის უკვე მიღწეულ შედეგებსა და მომავლის ხედვებს, ადასტურებს სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედითობას.

ასევე, ვიზუალიზაციის კუთხით, ალბათ, აღნიშვნის ღირსია დათვლის პროცესში, არჩევნების წინასწარი შედეგების დასაფიქსირებლად პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოებისადმი. მიმართვის ადგილის ვიზუალური მხარე – პრეზიდენტის მარჯვნივ დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი, მის მარცხნივ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის – რონალდ რეიგანის მცირე ზომის ბიუსტი, ხოლო შუაში მოჩანს საქართველოს გერბი სიტყვებით -„ძალა ერთობაშია“, კადრში,ასევე, გვხვდება საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აღსანიშნავია, რომ ეს იყო დათვლის პროცესში არჩევნების წინასწარი შედეგების დასაფიქსირებლად პრეზიდენტის მე-2 გამოსვლა, 1-ლ[12] გამოსვლაში კადრში მიმართვის ვიზუალურ გაფორმებად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და გერბის მხოლოდ მცირედი ნაწილი ჩანს. პრეზიდენტის მე-2 გამოსვლაში, სადაც ის აცხადებს ხმების დათვლის პროცესში, არჩევნების წინასწარი შედეგების საფუძველზე, ოპონენტი პარტიის გამარჯვებას, მიმართვის ადგილის ვიზუალური მხარის მეშვეობით, როგორც დამარცხებული მხარე, გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ/ ღირებულებით მრწამსს სიმბოლური ნიშნების მეშვეობით, მრწამსს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა არ გამოუცხადა. ღვთისმშობლის ხატი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის„ პოლიტიკურ/ღირებულებითი კურსის საკრალური ლეგიტიმატორი; რეიგანის ბიუსტი , როგორც ამერიკელი ერის სათაყვანებელი პრეზიდენტის ხატი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ერის მხრიდან საკუთარი თავის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ანალოგი – ძლიერი, ხალხის ერთგული მმართველის სახით, რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებისაგან; გერბი სიტყვებით – „ძალა ერთობაშია“ ერის ეროვნული იდენტობის ფორმირებისა და მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსის განხორციელებისათვის, ხალხის საერთო ეროვნული იდენტობის ქვეშ გაერთიანებისა და მობილიზების გამომხატველია; საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ქვეყნის პრო-დასავლური კურსის მაჩვენებელია.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ორივე პოლიტიკური ძალა იყენებს რელიგიურ ლეგიტიმაციას, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, რელიგიურ ლეგიტიმაციას თანამედროვე ეკლესიასთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სახე აქვს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, კი რელიგიური ლეგიტიმაცია ისტორიული წარსულის კულტურულ ფესვებთან არის დაკავშირებული (ამ პარაგრაფში დასკვნები, მხოლოდ ვიზუალური მხარის განხილვის საფუძველზე არის გაკეთებული).

3. შემაჯამებელი დასკვნები

ნაშრომის შემაჯამებელი დასკვნები მიმართული იქნება 2 კუთხით : 1) პოლიტიკურ ოპონენტებს შორის არსებული კონკურენციის გამოხატვის ფორმები, რომელიც აისახება პოლიტიკურ აქტორთა მიერ ერთმანეთის პოლიტიკურ/ღირებულებითი კურსის ინტერპრეტაციაში; 2) ტრადიციული და სეკულარულ-რაციონალური ღირებულებების ასახვა პოლიტიკურ აქტორთა მიერ შემუშავებულ ეროვნულ იდენტობაში და რელიგიური დისკურსის როლი პოლიტიკურ ოპონენტთა მიერ ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში.

პოლიტიკურ ოპონენტთა მიერ ერთმანეთის პოლიტიკურ-ღირებულებითი კურსის ინტერპრეტაციასა და შეფასებას მკვეთრად მტრული ხასიათი აქვს, რაც რევოლუციური ნაციონალიზმის გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ , ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთმანეთისგან „ მტრის ხატებს“ ქმნიან და სახელმწიფოს პროგრესისკენ სვლის გზაზე ამომრჩეველს ერთადერთ ალტერნატივად სთავაზობენ საკუთარ თავს. „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ოპონენტის სახელმწიფოს სათავეში მოსვლას კრიმინალურ წარსულთან დაბრუნებად და საქართველოს სახელმწიფოებრიობის[13] დაკარგვად წარმოგვიჩენს. ის ხშირად ამახვილებს ყურადღებას ეგზისტენციალური უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც უკავშირდება კრიმინალურ, არასტაბილურ გარემოს წარსულში. „ქართული ოცნების“ მიერ ოპონენტის მტრად იდენტიფიცირება წარმოდგენილია მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ ისეთი პოლიტიკის წარმოებაში, რომელმაც ღირსება აჰყარა ინდივიდსა და ერს და ტერორის მექანიზმებით ახორციელებს ძალაუფლების შენარჩუნებას.

რევოლუციური ნაციონალიზმის ეს ფორმა მიუხედავად იმისა, რომ აპრიორად დაფუძნებული სამოქალაქო ერთობის პრინციპს ეყრდნობა, განურჩევლად ეთნიკური, თუ რელიგიური მიკუთვნებულობისა ხელს უშლის ლიბერალური კონკურენციის ჩამოყალიბებას, რასაც უნდა ემყარებოდეს სამოქალაქო ნაციონალიზმი.[14]

საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით, ორივე პოლიტიკური ძალა თანხმდება პროდასავლურ კურსსა და ევროინტეგრაციაზე. ორივე მათგანი დასავლური ორიენტაციის ისტორიულ საფუძვლებზე ამახვილებს ყურადღებას. მიხეილ სააკაშვილისთვის აღნიშნული არჩევნები წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს ევროინტეგრაციისაკენ და „დამპყრობლისაგან“ საბოლოოდ თავის დასაღწევად, რისი საშუალებაც აქამდე არ მისცემიათ ჩვენს წინაპრებს. ბიძინა ივანიშვილი, კი აქცენტს აკეთებს დასავლურ ცივილიზაციასთან დამაკავშირებელ ქრისტიანულ საფუძვლებზე. იგი უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ტრადიციებზე. თავის გამოსვლებში აღნიშნავს, რომ ევროპული ქვეყნის მშენებლობა სწორედ ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი და არა ტრადიციების მივიწყებით. ბრალს სდებს ხელისუფლებას ტრადიციების მივიწყებასა და უპატივცემულობაში. იგი დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების ფესვებს ქრისტიანულ ცივილიზაციაში ხედავს, რომელიც შესისხლხორცებულია ქართულ ცნობიერებასა და ტრადიციებთან. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოსთვის ტრადიციულად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის სოფლის მეურნეობის კრიზისულ მდგომარეობამდე მიყვანაში. სოფლის მეურნეობის პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებშიც იკვეთება.

მიხეილ სააკაშვილი ქართველი ერის ტრადიციად და ბუნებრივ მდგომარეობად აღმშენებლობის პროცესს წარმოგვიდგენს. იგი მთელს თავის ძალისხმევას მომავლის კონსტრუირებისკენ მიმართავს და წარსულს ძირითადად, ნეგატიური მაგალითების საილუსტრაციოდ მოიხმობს. ბიძინა ივანიშვილი კი პირიქით, წარსულის ტრადიციების „გამოცოცხლებაში“ ხედავს მომავლის კონსტრუირების საფუძვლებს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტს ყველაზე მეტად ინდივიდის ღირსების შელახვასა და ღირებულებათა გაუფასურებაში ადანაშაულებს, „ტერორისა და ტოტალური ტყუილის პროპაგანდის მეშვეობით“. მისი აზრით, ხელისუფლებას სურს ქართველი ერი ღირებულებებისაგან დაცლილ, „მომხმარებელ, უსახურ“ საზოგადოებად აქციოს (აქცენტს აკეთებს ახალგაზრდებზე), რასაც, მისი აზრით, ხელისუფლება ვერ მიაღწევს. სააკაშვილიც განსაკუთრებულ აქცენტს სვამს ახალგაზრდებზე, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და ხელისუფლების მომავალი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილისთვის მომავლის საქართველო წარმოგვიდგება, როგორც სახელმწიფო, სადაც ადამიანის და მთლიანად საზოგადოების ღირსება იქნება დაცული, რაც დააბრუნებს ადამიანების გულში საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულს.

როგორც ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფორმირებული პოლიტიკური იდენტობა უფრო მეტად არის ორიენტირებული წარსულის ტრადიციის აღორძინებაზე, რის გაგრძელებადაც გვევლინება მომავალი, მისი ხედვით. მიხეილ სააკაშვილი კი , როგორც უკვე ვთქვით, წარსულს ნეგატიური მაგალითების საილუსტრაციოდ მოიხმობს და მთელ აქცენტს მომავლის კონსტრუირებაზე აკეთებს.

რაც შეეხება რელიგიურ დისკურსს, იგი პირდაპირკავშირშია ტრადიციულ დისკურსთან, ვინაიდან დეტრანსცენდირებული ნაციონალური ეკლესია სწორედ, რომ „წარსული ტრადიციების ინტერპრეტაციით საზრდოობს“. ამიტომ, ეკლესიის უფრო მეტ ნდობას იმსახურებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის „სანდო“ ტრადიციებზე ამახვილებს ყურადღებას,[15] ვიდრე ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც მთელს თავის ძალისხმევას მხოლოდ მომავლის კონსტრუირებაზე მიმართავს, რადგან მომავალი დემოკრატიულ / ლიბერალურ გზაზე დამდგარ ქვეყანაში შესაძლოა გვთავაზობდეს ისეთ ღირებულებებს, რომელიც ტრადიციულ ღირებულებათა შესაბამისი არ იქნება. ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც ადგილი აქვს დეტრანსცენდირებული ეკლესიისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის „გადაფარვას“, მხოლოდ მომავლის კონსტრუირებაზე მიმართულმა პოლიტიკურმა რეჟიმებმა შესაძლოა, არც თუ ისე დიდი ნდობა მოიპოვონ საზოგადოების მხრიდან. პოლიტიკურ ძალთა ცვლილება საქართველოში, შესაძლებელია, ზემოთ ჩამოყალიბებული ლოგიკითაც ავხსნათ. ამ შემთხვევაში, პოლიტიკური რეჟიმისადმი ნდობა საზოგადოების მხრიდან, დამოკიდებულია ეკლესიის მიერ პოლიტიკური რეჟიმისადმი ნდობის გამოცხადებასთან ან რელიგიის ტრანსცენდენტურობა/დეტრანსცენდირების ფორმაზე.

გამოყენებული წყაროები:

Zedania Giga, “The Rise of Religious Nationalism in Georgia”, in: „Identity studies” #3, Ilia State University, 2011;
Tevzadze Gigi,“The Birth of the Georgian Nation. Identity and Ideology. Politetal and Societal Identities. Nationality and Religiosity”, in: „Identity studies” #1, Ilia State University, 2009;
პროდრომუ ელიზაბეტ, “ამბივალენტური მართლმადიდებლობა“, ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაკურაძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელ. რესურსის უკანასკნელად გამოყენების თარიღი, 23.03.2013;
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–11-ka-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL4.8&d=HASH017d1e9317432a91b00c0134.8&x=1

სტეფანი ალფრედ, „რელიგიისა და დემოკრატიის ურთიერთშეთავსებადობის შესახებ“, ინგილისურიდან თარგმნა დავით თინიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელ. რესურსის უკანასკნელად გამოყენების თარიღი, 23.03.2013;
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–11-en-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL4.9&d=HASH991156a2c974706250dc30.7&x=1

ზედანია გიგა, „სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“ კრებულში: „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009;
თევზაძე გიგი, „სეკულარიზაცია და ერის დაბადება“, კრებულში: „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009;
ანდრონიკაშვილი ზაალ, მაისურაძე გიორგი, „სეკულარიზაცია და სეკულარიზაციის ბედი საქართველოში“, კრებულში: „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009.

 

ლექტორი: გიგი თევზაძე

სალექციო ფორმატი: RESULT

2012-2013 შემოდგომის სემესტრი.

 

გამოყენებული ვიდეო მასალა:

1. “ქართული ოცნების” აქცია | 29.09.12 ; თბილისი/ქუთაისი;
http://www.youtube.com/watch?v=JdmuTMvWh6o

2. “ქართული ოცნების” აქცია | 22.09.12 ; ზუგდიდი;
http://www.youtube.com/watch?v=TR3DGpisplg

3. “ქართული ოცნების” აქცია | 01.07.12 ; მცხეთა;

4. პრეზიდენტის წინასაარჩევნო მიმართვა;

5. პრეზიდენტის გამოსვლა არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ;

6. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია; 08.09.12; თბილისი

7. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია; 29.09.12; თბილისი

8. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია; 23.09.12; ზუგდიდი

9. „ქართული ოცნების“ აქცია; 05.08.2012; ბათუმი
http://www.youtube.com/watch?v=B5B6sxPkh3I

10. „ქართული ოცნების“ აქცია; 15.07.2012; გორი

11. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია; 08.09.2012; გორი

12. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია; 04.05.2012, ბათუმი

13. “ქართული ოცნების” აქცია | 10.06.12 ; ქუთაისი;

14. “ქართული ოცნების” აქცია | 20.09.12 ; ზესტაფონი;

http://www.youtube.com/watch?v=u- 3cUK3cb1g&playnext=1&list=PL11298A801BDA4B65&feature=results_video

15. „ქართული ოცნება“/20.09.12. „ხაზზეა საქართველო“

16. „ქართული ოცნება“ /“კვირის არგუმენტები“

https://www.youtube.com/watch?v=2qkh4LRv2Ak

17. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია /27.09.12. ზესტაფონი

(ჩამოთვლილი ლინკების გამოყენების მიახლოებითი დრო 2012.12-2013.01)

[1] მობილიზაცია გულისხმობს, პოლიტიკურ პარტიათა პოლიტიკური და ზოგადად, ეროვნულ-ღირებულებითი ორიენტაციის მხარდაჭერას ამომრჩეველთა მიერ

[2] Zedania Giga, „The Rise of Religious Nationalism in Georgia”, in: „Identity studies” #3, [Ilia State University, 2011], 120-127

[3] Zedania Giga, „The Rise of Religious Nationalism in Georgia”, 120-127

[4] გულისხმობს, ეროვნულ იდენტობაში ინკორპორირებულ ინსტიტუციურ რელიგიას. თევზაძე გიგი, „სეკულარიზაცია და ერის დაბადება“, კრებულში: „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“ [თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009] 120-154

[5] თევზაძე გიგი, „სეკულარიზაცია და ერის დაბადება“, 120-154

[6] ზედანია გიგა, „სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“ კრებულში: „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“, [ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2009] 7-17

[7] პროცესი, რომლის შედეგად რელიგია კარგავს გავლენას სხვა საზოგადოებრივ სფეროებზე. ზედანია გიგა, „სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია?“ 7-17

[8] პროდრომუ ელიზაბეტ, “ამბივალენტური მართლმადიდებლობა“, ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაკურაძემ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ელ. რესურსის უკანასკნელად გამოყენების თარიღი, 23.03.2013

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–11-ka-50—20-help—00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&cl=CL4.8&d=HASH017d1e9317432a91b00c0134.8&x=1

[9] თევზაძე გიგი, „სეკულარიზაცია და ერის დაბადება“, 120-154

[10] Zedania Giga, „The Rise of Religious Nationalism in Georgia”, 120-127

[11] სახელმწიფოს მიერ ფორმირებული პოლიტიკური იდენტობის დაახლოება ეკლესიის მიერ კონსტრუირებულ ეროვნულ იდენტობასთან

[12] პრეზიდენტის გამოსვლები არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ

[13] სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და ქვეყნის საგარეო მტრის მიერ, იგულისხმება რუსეთი, სახელმწიფოებრივი თავისუფლების შელახვა

[14] მიხეილ სააკაშვილი ქართველ საზოგადოებას ხშირად მოიხსენიებს, როგორც მრავალეთნიკურს, ბიძინა ივანიშვილიც ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნიკურ კონფლიქტებზე

[15] კადრები, რომელშიც ჩანან მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად. “ქართული ოცნების” აქცია | 29.09.12; თბილისი/ქუთაისი

http://www.youtube.com/watch?v=JdmuTMvWh6o