გიგესის ბეჭდის იგავის გავლენა ფანტასტიკურ ლიტერატურაზე

გიგესის ბეჭედი (ინგ. Ring of Gyges, ქართული თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძის) პლატონის სახელმწიფოში მოთხრობილი პირველი იგავია და ამასთანავე ის ლიტერატურის ისტორიაში პირველად აღწერს გაუჩინარებას. ამის გამო გასაკვირი არ არის, რომ ყოველთვის, როდესაც მხატვრულ ლიტერატურაში გაუჩინარების მოტივს გამოიყენებენ, მკვლევარები საერთოს ეძებენ იგავთან და ცდილობენ გაარკვიონ, რამდენადაა იგი  დაკავშირებული იგავთან. უჩინარი კაცი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელშიც გაუჩინარება გვხვდება. უელსის ამ მოთხრობას მრავალი ინტერპრეტაცია აქვს. გავრცელებული ვერსიებით, იგი მეცნიერების ბოროტი გამოყენებისა (Sirabian 2001) და კაპიტალიზმის კრიტიკის (Cantor 2009, 293) შესახებაა. ჩემი ნაშრომის პირველი ნაწილის მთავარი მიზანი იქნება, გავარკვიო, რა აქვს საერთო უელსის ამ მოთხრობას გიგესის ბეჭდის იგავთან და რამდენად უდევს მას საფუძვლად ეს უკანასკნელი. ამ საკითხზე გამოქვეყნებულ ნაშრომებს შორის ყველაზე ცნობილია ფილიპ ჰოლტის სტატია სამეცნიერო ფანტასტიკის კვლევებისთვის. სწორედ მასზე, გიგესის ბეჭდის ორიგინალ წყაროზე – პლატონის სახელმწიფოზედა უელსის ავტობიოგრაფიაზე დაყრდნობით შევეცდები ამ საკითხის გარკვევას. პირველი ნაწილის პირველი და მეორე ქვეთავები დაეთმობა იგავისა და მოთხრობის ანალიზს, მესამე და მეოთხე კი მათ მსგავსებებსა და განსხვავებს.

 

მეორე ნაწილი დაეთმობა უჩინრობის სხვა ცნობილ შემთხვევებს ლიტერატურაში. პირველი და მეორე ქვეთავები შეეხება ბეჭდების მბრძანებლის და ჰარი პოტერის მოკლე ანალიზებს იგავთან მიმართებაში. მესამე ქვეთავი კი შეეხება პლატონის ფილოსოფიის და იგავის გავლენას ამერიკულ კომიქსებში.

  1. პლატონისუჩინარიმორალიუელსისმოთხრობაში
  2. გიგესისბეჭდისიგავიდაგანმარტება
  3. გრიფინიდასაზოგადოებაუჩინარკაცში
  4. პლატონისადაუელსისპასუხისამართლიანობისშეკითხვაზე
  5. პლატონისგავლენაუელსისშემოქმედებაზე
    1. გაუჩინარებისსხვაშემთხვევებილიტერატურაში
    2. ბეჭდებისმბრძანებელი
    3. ჰარიპოტერიდაუჩინმაჩინისმოსასხამი
    4. სუპერგმირებიდაფილოსოფია

პლატონის სახელმწიფოში, სამართლიანობის არსზე კამათისას ერთ-ერთი პერსონაჟი – გლავკონი გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებას: სამართლიანობაც და მორალიც საზოგადოების მიერაა შექმნილი, საზოგადოების სიკეთისთვის და ის არ არის ბუნებით დადგენილი და ბუნებით კარგი. ამის დასამტკიცებლად იგი მოგვითხრობს იგავს ლიდიის ისტორიული მეფის – გიგესის ტახტზე ასვლის შესახებ: მწყემსვის დროს გიგესი შემთხვევით ბეჭედს იპოვის, რომელიც მას უჩინრად აქცევს, ის კი ამ ძალას დედოფლის შესაცდენად და მეფის მოსაკლავად გამოიყენებს. გლავკონის განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ბეჭედს იპოვიდა, ძალას პირადი მიზნებისთვის გამოიყენებდა და სხვებს დააზარალებდა. მას სჯერა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა, გაუძლოს ცდუნებას, თუ შეუძლია დანაშაულს დაუსჯელად გაექცეს და უსამართლობის ხარჯზე პირადი „სიკეთე“ მოიპოვოს (პლატონი 2013, 54-56).

გლავკონი იმეორებს ანტიკურ საბერძნეთში გავრცელებულ სოფისტურ შეხედულებას სამართლიანობის შესახებ და აღწერს „საზოგადოებრივი კონტრაქტის“ წარმოშობას. ეს იდეები ემთხვევა თომას ჰობსისას, რომელიც ამტკიცებს, რომ სამართლიანობა არის ადამიანის მიერ უარის თქმა სხვის დაზარალების სურვილზე იმ პირობით, რომ სხვაც იტყვის უარს და არ ავნებს მას (Hobbes 1651, 80). ბეჭედი კი არის ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მფლობელს, ნებისმიერ დანაშაულს გაექცეს დაუსჯელად (Holt 1992, 236), ე.ი. თომას ჰობსის ტერმინოლოგიით, დაარღვიოს საზოგადოებრივი კონტრაქტი და დაუბრუნდეს „ბუნებრივ მდგომარეობას“. სოკრატე, წიგნის მთავარი პერსონაჟი, ამ შეხედულებას არ ემხრობა და სამართალს ბუნებრივად არსებულ სიკეთედ მიიჩნევს და არა საზოგადოებრივ კონსტრუქტად.

ჰერბერტ უელსის მოთხრობის მთავარი პერსონაჟი – გრიფინი, თავის უჩინრობის ძალას ჯერ ქურდობისთვის, შემდეგ კი მკვლელობისთვის იყენებს და მიზნად გიგესის მსგავსად, სხვისი უფლებების შელახვისა და უსამართლობის ხარჯზე, ქალაქის მბრძანებლობას, ანუ ტირანობას ისახავს. ძალაუფლების შედეგი პლატონთანაც და უელსთანაც ერთი-და-იგივეა – ძალაუფლების მოპოვების სურვილი, მაგრამ ინგლისელი მწერალი უფრო მეტად უღრმავდება საკითხს და იმ პერიოდს აღწერს, რომელიც პროტაგონისტმა გაიარა სამართლიანი მოქალაქეობიდან დამნაშავეობამდე. მისი „გაბოროტების“ მთავარი მიზეზი ის ტანჯვაა, რომელიც უჩინრობას მოაქვს. გიგესისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია ტანსაცმლიანად გაუჩინარდეს და სურვილისამებრ ხილვადი გახდეს, გრიფინი ამ ძალაუფლებისგან თავის დაღწევას ვერ ახერხებს და იძულებულია ან შიშველმა იაროს, ან ბინტებში გახვეულმა (უელსი 1973, 70-72). ამასთან, გრიფინისა და საზოგადოების ურთიერთობის აღწერით უელსი გვაძლევს შესაძლებლობას, მრავალგვარად ავხსნათ პროტაგონისტის მოტივები.

როგორც გრიფინი ამბობს, მას მუდამ აწუხებდნენ და უსამართლოდ ექცეოდნენ გარშემომყოფები. გრიფინის მამა შვილზე იყენებდა თავის ძალაუფლებას, პროფესორი – სტუდენტზე, ბინის მეპატრონე – მდგმურზე, სასტუმროს მფლობელი სტუმარზე და ბოლოს გრიფინი – ყველაზე ერთად. უელსი საზოგადოებრივ ურთიერთობებს დაუსრულებელი უსამართლობის წრედ წარმოგვიდგენს, რომელშიც ყველა ვიღაცის მსხვერპლია და ვიღაცაზე მოძალადე. თითოეული ადამიანი ცდილობს სხვასთან მიმართებაში მინიმალური უპირატესობაც კი გამოიყენოს პირადი მიზნებისთვის. უჩინრობა აქაც ძალაუფლების სიმბოლოა, მაგრამ არა ერთადერთი. ყველა ადამიანს აქვს თავისი მცირე ძალაუფლება, გავლენა სხვებზე, თუმცა გრიფინის ძალა აღემატება სხვებისას, რის გამოც ძალაუფლება ნელ-ნელა აცდუნებს მას და უფრო დიდი დანაშაულებებისკენ უბიძგებს, რითაც დისბალანსი წარმოიქმნება მეტ-ნაკლებად დარეგულირებულ „უსამართლობათა ჯაჭვში“.

სახელმწიფოს დიდი ნაწილი, მესამედან მეცხრე წიგნამდე იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ეთმობა, რომელიც გლავკონმა, ადიმანტემ და თრისიმაქემ დასვეს იგავთან ერთად – რა არის სამართლიანობის უპირატესობა და რატომ ჯობია ის უსამართლო ცხოვრებას (პლატონი 2013, 63). სოკრატე, წიგნის მთავარი პერსონაჟი ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა. ის შედარებებითა და მეტაფორებით ცდილობს, დაამტკიცოს სამართლიანობის უპირატესობა. მერვე და მეცხრე წიგნებში იგი ტირანის ბუნებას აღწერს, ე.ი. უსამართლო ადამიანისას. პლატონი სამართლიანობის უპირატესობის დასამტკიცებლად არა მის კარგ მხარეებს, არამედ უსამართლობის ცუდ მხარეებს აღწერს.

პლატონის აზრით, ტირანი ყველაზე უბედური ადამიანია თავის სახელმწიფოში. იგი იძულებულია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას მიმართოს და არასანდო ადამიანებთან ითანამშრომლოს (Holt 1992). იგი თავისი ძალაუფლების მონა ხდება, უყალიბდება უარყოფითი თვისებები და შიშში ცხოვრობს, რადგან მან უსამართლო გარემო შექმნა, ძალადობა და მლიქვნელობა დაამკვიდრა და შეიძლება ამის მსხვერპლადაც იქცეს (პლატონი 2013, 252-253). უელსს ეს პერსონაჟი მხატვრულ ლიტერატურაში გადმოჰყავს. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი (მარველთან ურთიერთობა, ძალადობრივი სიკვდილი) თავს გადახდება უელსის „ტირანს“ – გრიფინს, რომელმაც აიპინგის საზოგადოებაში შფოთი შეიტანა.

უელსი აღწერს იმ საზოგადოებასაც, რომელმაც მოკლა გრიფინი. მიუხედავად იმისა, რომ აიპინგის საზოგადოებრივი ცხოვრება მცირე უსამართლობებითაა სავსე, ტირანიას იქ მაინც არ აქვს არსებობს საშუალება, რადგან როგორც კი ადამიანები იწყებენ თავისი მცირე პრივილეგიების დაკარგვას, ისინი მაშინვე ჯანყდებიან. ტირანმა საზოგადოებრივი კონტრაქტი დაარღვია და „ბუნებრივ მდგომარეობას“ დაუბრუნდა, მასთან საბრძოლველად კი ხალხმაც ზუსტად იგივე მოიმოქმედა – მათ ფიზიკური ძალადობით დაამარცხეს გრიფინი. იმ ხერხით, რითაც თავად გრიფინი ცდილობდა ძალაუფლების მოპოვებას და შენარჩუნებას. ფართო საზოგადოების ინტერესი არა დამნაშავის სამართლიანად დასჯა, არამედ თავისი მცირე პრივილეგიების დაბრუნება იყო, რომელიც მას გრიფინის ძლიერებამ დაათმობინა. უელსიც პლატონის მსგავსად უსამართლო ცხოვრების აღწერით პასუხობს გლავკონის კითხვას, მაგრამ მასთან საერთოდ არ იჩენს თავს სამართლიანობა როგორც ალტერნატივა.

წიგნში ექსპერიმენტი ავტობიოგრაფიაში უელსი პლატონის სახელმწიფოს იმ წიგნად ასახელებს, რომელიც დაეხმარა აზროვნების ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით მოხიბლული იყო პლატონის მიერ შემოთავაზებული სამართლის ალტერნატივით და ზოგადად იმ იდეით, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი რამის გაკეთება (Wells 1934, 107). როგორც თავად ამბობს, სახელმწიფომ შეუწყო ხელი მისი სოციალისტური იდეების განვითარებას და დაინტერესებას უტოპიით. პლატონს იგი ბევრ საკითხში არ ეთანხმება, მაგრამ აღიარებს, რომ თანამედროვე უტოპიისა და ზოგიერთი ნაშრომისთვის შთაგონების მთავარი წყარო სწორედ სახელმწიფო იყო (Wells 1934, 562).

ჰერბერტ უელსს უჩინარი კაცის შესახებ თავის ავტობიოგრაფიასა და ინტერვიუებში თითქმის არ უმსჯელია, მაგრამ შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც მისი შთაგონების წყარო პლატონი და მის მიერ სახელმწიფოში დასმული კითხვები ყოფილიყო. უელსი გლავკონის კითხვაზე გაცემულ პასუხს თანამედროვეობას უკავშირებს. იგი ცვლის პლატონის სამართლიანობის განმარტებას, მაგრამ ეთანხმება იმაში, რომ უსამართლო ცხოვრება უკეთესი არ არის. უელსის ნაწარმოებშიც უსამართლობა დაუსჯელი არ რჩება, რადგან მისი შეხედულებით, ინდივიდის შესაძლებლობები ყოველთვის ლიმიტირებულია, ორგანიზებული საზოგადოების ძალა კი – არა (Holt 1992).

გიგესის ბეჭდის იგავის გავლენა შესამჩნევია სხვა ნაწარმოებებშიც, რომლებიც გაუჩინარების ხერხს იყენებენ. გაუჩინარების ბეჭდის ყველაზე ცნობილი ვერსია არა პლატონის, არამედ ტოლკინის შემოქმედებიდანაა. საურონის ბეჭედი გიგესის ბეჭდის თითქმის პირდაპირი გადმოტანაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბნელი ლორდის ბეჭედი გაკეთებისთანავე აქრობს მფლობელს, გიგესის ბეჭედს კი გადატრიალება სჭირდება.

ტოლკინი არასდროს მალავდა თავის ანტიპატიას ალეგორიებისa და ქვეტექსტების მიმართ (ტოლკინი 2016, 9) და, ამრიგად, მის წიგნებში მათ ძიებას აზრი არ აქვს. თუ ტოლკინმა მართლაც აიღო ბეჭდის იდეა რომელიმე ნაწარმოებიდან, მას პირდაპირ გადმოიტანდა და არა პარაბოლებით. გავრცელებული ვერსიით ასეც მოიქცა, მაგრამ მკვლევრების აზრი ორად იყოფა – ნაწილი შთაგონების წყაროდ რიხარდ ვაგნერის მაგიურ ჩაფხუტს მიიჩნევს მუსიკალური დრამიდან ნიბელუნგთა ბეჭედი, რომელსაც სავარაუდოდ ასევე პლატონის იგავი უდევს საფუძვლად(Eaglestone 2006, 61).მეორე ვერსიით კი იდეა სწორედ გიგესის ბეჭდის იგავიდანაა აღებული.

პლატონთან ბეჭედი ძალაუფლების სიმბოლოა, ტოლკინთან კი ბეჭედი თავად არის ძალაუფლება. გიგესის ბეჭედი აცდუნებს მფლობელს და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს მას ისევე, როგორც წყვდიადის ბატონის ბეჭედი, მაგრამ პლატონის იგავში ამას ის ძალა განაპირობებს, რაც ბეჭედს გააჩნია, ტოლკინის ეპიკაში კი – თავად ბეჭედი. ტოლკინის დაუსრულებელ და გამოუქვეყნებელ ნაშრომში The Notion Club Papers, რომელიც 2012 წელს აღმოაჩინეს, მწერალი ნუმერონის, საურონის დამარცხების ამბის ერთ-ერთ წყაროდ ასახელებს პლატონის მიერ ჩაწერილ იგავს ატლანტიდის. გამორიცხული არ არის, ბეჭდის იდეაც პლატონის ნაწერებიდან იყოს აღებული. ამ ინტერპრეტაციით ტოლკინმა პლატონის ალეგორიები გააცოცხლა და გადმოიტანა თავის შემოქმედებაში, მაგრამ იგავური მნიშვნელობა დაუკარგა მათ, რადგან როგორც თავად განაცხადა ბეჭდების მბრძანებელი არავითარ შეტყობინებას არ ატარებს (ტოლკინი 2016, 8).

როულინგის ფენტეზი რომანების სერიაშიც გვხვდება გაუჩინარება. ბეჭდის ნაცვლად ავტორი მოსასხამს იყენებს, რომელსაც მრავალი მფლობელი ჰყავს გამოცვლილი. სიკვდილის შემდეგ ბეჭდის პირველი მფლობელი – იგნოტუს პევერელი ამ ძალას იმისთვის გამოიყენებს, რათა შეუმჩნევლად გაეპაროს სიკვდილს (Rowling 2007, 367), რაც სასჯელისგან გაქცევის ალეგორიადაც შეიძლება მივიჩნიოთ. მთავარი პერსონაჟი – ჰარი პოტერი კი მას იგივე მიზნებისთვის იყენებს, როგორისთვისაც გიგესი – დანაშაულის ჩასადენადაც და სასჯელის თავიდან ასაცილებლადაც, მაგრამ გიგესისგან და გრიფინისგან განსხვავებით ჰარი პოტერი ძალაუფლების გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და მისი ბოროტად გამოყენება არ დაუწყია. სასჯელისგან გაქცევის მისი ყველა ცდა თავდაცვას ემსახურებოდა, ან ბოროტების დამარცხებას.

რომანებში მრავალი პასაჟი მიანიშნებდა – უმეტესად სრულიად დაფარულად – იმაზე, რომ პოტერი არ არის ეგოისტი და მასში ბოროტება არ სუფევს. იგი უფრო მეტად პლატონის მიერ აღწერილი სამართლიანი ადამიანის მსგავსია, ვიდრე უსამართლოსი და ტირანისა. ამის გამო, გავრცელებული მოსაზრებით, იგი უჩინარი კაცის საპირისპირო აზრს ატარებს და სამართლიანობის გაგების უფრო მეტად პლატონისეულ განმარტებას მოიცავს თავში, ვიდრე გლავკონისას (William and Kellner 2010, 138-139). ამით ავტორს ეჭვი შეაქვს იმ მოსაზრებაში, რომ სამართლიანობა და მორალი სოციალური კონსტრუქციებია და ბუნებრივად კეთილი ადამიანების არსებობას ამტკიცებს.

დასავლურ ფილოსოფიაში ბოლო ორ საუკუნეში აქტუალური გახდა ტრანსჰუმანიზმის საკითხი. კლასიკოსი ფილოსოფოსების მიერ ნაწინასწარმეტველები ურთიერთობები „სუპერ-ადამიანსა“, ან სუპერ-შესაძლებლობების მქონე ადამიანს და საზოგადოებას შორის კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი, იქნება ეს ნიცშეს ზეკაცი თუ პლატონის გიგესი (Brenzel 2005, 229). ამ თემამ ყველაზე დიდი პოპულარობა ჰპოვა კომიქსებში. ერთ დროს არსებული, კარიკატურულად კეთილი სუპერგმირები და ბოროტი ანტიგმირები თანამედროვე კომიქსებში განსხვავებული ფილოსოფიების მქონე პერსონაჟებმა ჩაანაცვლეს. ავტორები ცდილობენ, წინ წამოსწიონ სუპერგმირების მორალურობის (Watchmen) და სამართლიანობის (Civil War) საკითხები. მრავალი კითხვა, რომელიც სახელმწიფოში პლატონის ან მისი თანამოსაუბრეების მიერაა დასმული, პასუხგაცემულია კომიქსებში სხვადასხვა ავტორების მიერ. ალან მურის Watchmen-ში დევიდ ჰიუმის მოსაზრებაა განვრცობილი და მორალურობა სენტიმენტების ნაყოფადა წარმოდგენილი, რომელიც უმალ ქრება, როგორც კი ინდივიდი აცნობიერებს, რომ სამყარო და ადამიანები საკრალურობისგან არიან დაცლილნი. მრავალი ავტორის მიერ შექმნილი ადამიანი-ობობას სერიები კი ეთიკის უტილიტარისტულ გაგებას ემხრობა და პლატონის გამქვაბულის იგავის თავისეულ ვერსიას ქმნის (Kohut 2014, 44-49).

გიგესის ბეჭდის იგავის არაერთ ინტერპრეტაციას ვხვდებით კომიქსებში. უჩინრობა, ძალაუფლების სიმბოლო კომიქსებში მრავალი სხვა შესაძლებლობითაა ჩანაცვლებული და მთავარი საკითხი მუდმივად ამ ძალაუფლების კარგი ან ცუდი გამოყენებაა. კომიქსების და გრაფიკული ნოველების სიმრავლე საშუალებას აძლევს მკითხველს, გაეცნოს უამრავი ავტორის ინტერპრეტაციასა და მოსაზრებებს, რის გამოც კომიქსებში გვხვდებიან პერსონაჟები, რომლებიც პლატონის სამართლიანობის გაგებას იზიარებენ და ისეთებიც, რომელიც გლავკონს ემხრობიან.

დასკვნა

ნაშრომის პირველ ნაწილში მოყვანილი არგუმენტები საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათაუჩინარი კაცისლიტერატურულ წინარეტექსტად სწორედ გიგესის ბეჭდის იგავი და სახელმწიფო მივიჩნიოდ. უელსის ცნობილი მოთხრობის ამ ინტერპრეტაციით, უჩინარი კაცი ერთგვარი პასუხია კითხვაზე, რომელიც ანტიკური საბერძნეთიდან, სოფისტებიდან და პლატონიდან დაწყებული, თომას ჰობსით გაგრძელებული და უელსის თანამედროვეებით დამთავრებული – ყველას აინტერესებდა. უელსის პასუხი მსგავსია პლატონის პასუხისა, მაგრამ ამასთან, ეწინააღმდეგება მას. ინგლისელი მწერალი აერთიანებს გლავკონის, ანუ სოფისტების სამართლის განმარტებასა და პლატონის არგუმენტებს უსამართლობის წინააღმდეგ და მიღებულ შედეგს აიპინგის საზოგადოებაში გვაჩვენებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უელსი იგავის თანამედროვე ვარიანტს გვთავაზობს და დასმულ კითხვასაც თავისი ეპოქის გადმოსახედიდან პასუხობს.

ბეჭდების მბრძანებელი და ჰარი პოტერი კიდევ უფრო გვიანაა დაწერილი და დღეს ისინი, ისევე, როგორც კომიქსები, უფრო პოპულარულია, ვიდრე პლატონისა და უელსის შემოქმედება. ფილოსოფიამ მოდერნიზაცია განიცადა და დღეს იგი მხოლოდ დოკუმენტურ ჩანაწერებში და ნააზრევებში აღარ არსებობს. ფილოსოფიამ პოპულარობა ჰპოვა ჯერ მხატვრულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მასობრივ კულტურაში, რაც მას კიდევ უფრო მასშტაბურს და სახალხოს ხდის და უფრო მეტ ფილოსოფოსს და ხელოვანს აძლევს თავისი აზრის გამოთქმის საშუალებას.

გამოყენებულილიტერატურა:

გამოყენებული ლიტერატურა ქართულად:

  1. პლატონი, 2013. სახელმწიფო. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  2. უელსი, ჰერბერტ. 1973. უჩინარი კაცი. თბილისი: ნაკადული
  3. ტოლკინი, ჯონ რონალდ რუელ. 2016. ბეჭდების მბრძანებელი: წიგნი 1 (ნაწილი 1). თბილისი: პალიტრა L.

გამოყენებული ლიტერატურა ინგლისურად:

  1. Holt, Philip. 1992. H.G. Wells and the Ring of Gyges. Science Fiction Studies vol. 19, no. 57. http://www.depauw.edu/sfs/backissues/57/holt57art.htm
  2. Wells, H.G. 1934. Experiment in Autobiography. London: Victor Gollancz Ltd.
  3. Sirabian, Robert. 2001. The Conception of Science in Wells’s the Invisible Man. Papers on Language & Literature vol. 37, no. 4

https://www.questia.com/library/journal/1G1-80516887/the-conception-of-science-in-wells-s-the-invisible

  1. Cantor, Paul A. and Cox, Stephen. 2009. Literature and the Economics of Liberty: Spontaneous Order in Culture. Auburn: Ludwig von Mises Institute.

https://mises.org/sites/default/files/Literature%20and%20the%20Economics%20of%20Liberty%20Spontaneous%20Order%20in%20Culture_2.pdf

  1. Hobbes, Thomas. 1651. Leviathan or the Matter, Forme, & Power of a Common-wealth Ecclesiasticall and Civill. London: St. Pauls Church-yard
  2. Eaglestone, Robert. 2006. Reading The Lord of the Rings: New Writings on Tolkien’s Classic. London: Bloomsbury Academic
  3. Williams, David Lay and Kellner, Allan J. 2010.Dumbledore, Plato and the Lust of Power. The Ultimate Harry Potter and Philosophy: Hogwarts for Muggles. New Jersey: John Willey & Sons, Inc.
  4. Brenzel, Jeff. 2005. Why Are Superheroes Good? Comics and the Ring of Gyges. Superheroes and Philosophy: Truth, Justice and the Socratic Way. Chicago: Carus Publishing Company
  5. Kohut, Miroslav. 2014. Superheroes: The Philosophy Behind the Modern Myth. Czech Republic: Masaryk University, Faculty of Arts.            https://is.muni.cz/th/215249/ff_m/Kohut_thesis.pdf